ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამატერასუ
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2017


× × [× × × & × × ×]


-მოდი-მეთქი.
ვერ მოისვენა.
მოსულა.
ცათამბჯენზე ვიდექი.
უმოაჯირო სიცოცხლესავით იყო სიმაღლე.
რაფა მუხლამდე არ მწვდებოდა.
ქარი ქროდა. ვირხეოდი.
დაბლა იდგა. მეძებდა.
ამომხედა. არ ვიცი რა იგრძნო. ხმა არ ამოუღია.
გადავხედე.
ისეთი შეგრძნება იყო -
რომ გადახტები და დანარცხებამდე მოკვდები.
არ მოვკვდი.
გადავეფარე.
უნდა გადამერჩინა.
×
საპირისპირო მხრიდან მოვდიოდით.
საპირისპირო ტროტუარებზე.
პარალელურებს ვგავდით.
ვერ გადავკვეთეთ. გავცდით.
მობრუნდა.
დამეწია.
გავჩერდი.
კანი ვიგრძენი და აღმართს გავუყევი. გული უკან მრჩებოდა.
ამედევნა. მძიმედ სუნთქავდა.
-დავიღალეო-.
-მეშინია-მეთქი.
გაჩუმდა.
ჩავხედე. ღრმა იყო.
ისეთი, რომ დამახრჩობდა.
მეამა.
ისეთი იყო, მოვუხდებოდი.
ღიმილი ჩავყლაპე და თვალებით შევისრუტე.
სუნთქვა ამეწვა.
-დავიღალეო-.
-მეშინია-მეთქი.
ხმა არ ამოუღია.                         
შეგრძნება იყო -
მაგისტრალზე რომ დგახარ და სატვირთოს დაჯახებამდე მოკვდები.
არ მოვკვდი.
ხესთან იდგა და ტროტუარიდან მოვეხურე.
უნდა გადამერჩინა.
×
პირველივე სამარშრუტოს გავყევი.
მკვდრები მოძრაობდნენ.
სიცოცხლის სუნი ვიგრძენი მხართან.
სახე ჩავრგე და მოვკვდი.
შეგრძნება იყო -
რომ დაიბადები,
ჰაერის პირველი ნაკადი ფილტვებს აგიწვავს და
სიხარულამოსკვნილი ატირდები.

-უნდა წავიდეო-.                       
-მეშინია-მეთქი.
-წამოდიო-.
თითები დავიტოვე და თვალები გავაყოლე.
ღიმილმა გაირბინა და მიიმალა.
×
-მოდიო-.
ვერ მოვისვენე.
ათასერთიღამე გადავიარე.
მზისამოსვლამდე მივაგენი.
სიძველე და ქაღალდიანი  სუნთქვა დუმდა.
იდგა.
მე მოკუნტულს ვხედავდი კუთხეში მძინარეს.

-ავად ვარო-.
-მეშინია-მეთქი.
ამღერდა.
ჩავხედე. ღრმა იყო,
ისეთი, რომ დამახრჩობდა.
მეამა.
ისეთი იყო, მომიხდებოდა.
შემილოცა. ხალები ამეწვა.
სარკემ ჩაიხედა ჩვენში და გავიბზარეთ.
მუხლებზე მომეხვია. სიცოცხლის სუნი ვიგრძენი.
სახე ჩავრგე და მოვკვდი.
×
წამოვედი.
უნდა გადამერჩინა.
-მობრუნდიო-.
ვერ გავიგონე.
მეორე მზისამოსვლამდე აღარ დამხვდა.
ხიდზე დავდექი.
მტკვარმა დაიხრჩო ჩემში თავი.
შეგრძნება იყო -
ნარკოზიდან რომ გამოხვალ და ჰაერი მოგკლავს.
თვალებში დავმარხე და წამწამები მივაყარე.

გვერდით მივუწექი.
უნდა გადამერჩინა.
არ ვიცი რა იგრძნო.
ხმა არ ამოუღია.

მარტი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები