ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2017


დილისპირული ანუ მანამ გაგეღვიძებოდა

(ეტიუდი)

მანამ გაგეღვიძებოდა, საწოლიდან გაგეპარე,
ფეხშიშველა გარეთ გაველ, მხრებზეც არა მოვიფარე,
ხელთ სანთელი ჩამელია, დილა-ბნელში მოპარპალე,
ზემო-ზემო მიიწევდა  ფიქრეული - მომთაბარე,
ერთდროულად იდგა ცაზე მარჯვნივ - მზე და მარცხნივ - მთვარე.
იმათ შუა ვარსკვლავები ვთვალე, ვთვალე, ვერ დავთვალე.

ავირიე ალიონზე, მხეცსა ვისმე შევეყარე,
გამოვეხსენ, გამოვექეც, გამოვიგენ შენი მხარე...
შენ - შინ მყავდი. რა მინდოდა, რას ვეხეტე გარე-გარე!
როგორ თბილა ამ საფარქვეშ, მოვიკუნტე, მოვიხარე...
ცივი ვარ და სველი ვარ და შემიწყნარე, შემიფარე!

მანამ გაგეღვიძებოდა, საწოლიდან გაგეპარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები