ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2017


,,სტარბაქსული”

(დათო ჩიხლაძეს)

ყელში ამოსული გზები - დაქსაქსული,
ყოფა - დათარსული,
ყავა - ,, სტარბაქსული”.

- ბროდვეიზე ღამე გაგიტარებია?
რა ხმებია, იცი, რა გიტარებია?

მსოფლიოა მთელი, გალაკტიკებია!
ყველა, ვინც სიმღერას გადაჰკიდებია,

იმედებით მოდის, მოსდევს თავის ვარსკვლავს,
ვარსკვლავივით წყდება, თავს ამ ქუჩას აკლავს,

იმღერებს და თვალებს ცრემლით დაგიოსებს.
რა გამოლევს ღამით ქუჩის გენიოსებს!

არ სჭირდება ბევრი, მიეც, თუ გაქვს  ,,ქეში",
წავა სამოთხეში, ვიდრე დასცხებს თქეში,

შენც ეძიე  სადმე თავის შესაფარი,
თორემ, ხედავ,  უკვე აღარ ხუმრობს ქარი.

ესეც ამერიკა, შენი საოცნებო!
ლამის არის, ბრძოლას თავი მიანებო...

დაგაქვს გულით ისევ ლექსის პწკარედები,
უცხო სიტყვებს რითმავ, მიედ-მოედები,

იქ- სამშობლოს ბაგას გულმწუხარედ ები,
აქ - უცხოეთს  - ისეც ჰყოფნის პოეტები.

ნეტავ შენთან ერთად ღამე მეც მეთია!
პოეტი ხომ ყველგან მუდამ ზედმეტია.

ყელში ამოსული სული - დაქსაქსული,
ყავა - ,,სტარბაქსული”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები