ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2017


ეტიუდი ერთადერთს

ეტიუდი ერთადერთს
- - - - - - - - -

მობღვერილო, ბრაზიანო, უკმეხო,
მერამდენედ გაპატიე სიცივე!
დღე -  სადაგი, ყველა კვირა-უქმე ხომ
შენთან მინდა! ხედავ? - ვერ მომიცილე.

ჰო, მერევა მუდამ, ნუ გამიწყრები,
შენთან ყოფნის სურვილი თუ წადილი.
მე თუ მიყვარს - მიყვარს თავდავიწყებით.
მე არ ვიცი სიყვარული - ადვილი.

რამდენჯერაც ვცადე, ხელი ჩამევლო,
დავისერე, სერი  აღარ მირჩება.
კრონოსივით პირმშოების მჭამელო,
ერთხელ მაინც ვინმე  გადაგირჩება?

ძალას ვიკრებ, მოვეჭიდო მინდა ხავსს,
ვერას მშველის ჩემი ნაცოდვილევი.
რა  დავმალო, შენზე კარგიც მინახავს,
მაგრამ შენი უნახავი - ვილევი.

უშენობით ლუკმა ჩემი - მწარეა,
შენ გამო მდის ცრემლი შეუშრობელი,
გაძლოს, შენთვის ვინაც გულმღვიძარეა,
სხვა რა გითხრა, სამშობლო ხარ, მშობელი!

ნინო დარბაისელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები