ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 მარტი, 2017


უზურგო ვარდი


(,ფეისბუქური” დიალოგი)

ნინო დარბაისელი სტრონი:

-ჯემშიდ...
ჯემშიდ...
ხომ არის ხანდახან, დილაადრიან გაგეღვიძება და რაღაც სიტყვა აგეკვიატება.
ახლაც ასეა, გონება იმეორებს, იმეორებს და თვალწინ კი ოდნავ კოკორშეხსნილი, ხავერდის ვარდი მიდგას.
.  იყო ერთი ასეთი ადამიანი, ჯემშიდ გიუნაშვილი,  წარმოსადეგი რასაც ჰქვია, ზუსტად ისეთი, ტკბილმოსაუბრე.
მეცნიერი იყო, ირანისტი, ელჩიც ირანში.
სად - კაცი და სად- კოკორშეხსნილი ვარდი, არა?!
მაგრამ მეხსიერებამ ასე იცის, თავის საგანძურში ადამიანთა, საგანთა და    მოვლენათა დახარისხებისა და შენახვის თავისებური წესი აქვს.
.  ახალგაზრდობაში, როცა რედაქტორად ვმუშაობდი გამომცემლობა ,, მეცნიერებაში” და რაღაც დედანს ჩავკირკიტებდი, თან ცალი ყურით მის საუბარს ვუსმენდი, მოვუბოდიშე:
. - მაპატიეთ, ბატონო ჯემშიდ, ზურგით გიზივართ-მეთქი.
.  აღმოსავლეთში ამბობენ, ვარდს ზურგი არა აქვსო- ღიმილით, დინჯად მომიგო.
როგორი ნათქვამია  - უხერხულობის გასაფანტი, თან კომპლიმენტი!
. ნეტა ასეთი უცნაური სახელი რატომ ერქვა? გენეტიკურადაც რამე აკავშირებდა აღმოსავლეთთან?
გიორგი ლობჟანიძეს ეცოდინება.
ბატონ ჯემშიდს კი ნათელი Giorgi Lobzhanidzebzhanidze

გიორგი ლობჟანიძე:
,,-ნინო, დიდი მადლობა ამ გახსენებისთვის. ბატონ ჯემშიდს ირანთან გენეტიკურად არაფერი აკავშირებდა. დედიტაც და მამითაც ქართველი იყო. მისი მშობლები აქედან საბჭოთა რევოლუციას გაექცნენ და ინდოეთში მიმავლები, გზად ირანში გაჩერდნენ. იქვე დარჩნენ. ირანში შეეძინათ ორი ვაჟი, რომელთაც ირანელების ნაციონალური ეპოსისი ,,შაჰ-ნამეს” გმირების საპატივცემულოდ, ჯემშიდი და გოდერძი დაარქვეს. ბატონი ჯემშიდი ირანში იზრდებოდა 15 წლამდე, საუკეთესო პირობებში, რადგან მამამისი - შალვა გიუნაშვილი - სარკინიგზო გზების მშენებელი იყო და ეს მაშინდელ ირანში ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან პროფესიად ითვლებოდა. საუკეთესო განათლება მისცეს შვილებსაც: ბატონი ჯემშიდი სწავლობდა თეირანის ალბორზის ლიცეუმში, რომელიც მისი თაობის არაერთმა ირანელმა მწერლმა და საზოგადო მოღვაწემ დაამთავრა. აქვე, ცხადია, საუცხოოდ შეისწავლა სპარსული. უზრუნველი ყოფის მიუხედავად, ოჯახს ძალიან უჭირდა ემიგრაციაში ცხოვრება და გამუდმებით შინ, საქართველოში, დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. გასული საუკუნის 50-იან წლებში სტალინმა ემიგრანტების ერთგვარი ამნისტია გამოაცხადა და შესთავაზა, ვისაც სურდა, შეეძლო სამშობლოში დაბრუნებულიყო. გიუნაშვილების ოჯახმა დაუჯერა ამ პროპაგანდას და საქართველოში დაბრუნდა. თუმცა სულ რაღაც ორ წელიწადში ისინი ერთ ღამეში გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც დიდი ხანი უმძიმეს პირობებში გაატარეს. გადასახლებისათვის ჯემშიდ გიუნაშვილი უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპარსული ფილოლოგიის განყოფილების სტუდენტი იყო. გადასახლებაში კი მოახერხა და თუ არ ვცდები, დაუსწრებლად დაამთავრა იქაური უნივერსიტეტის სპარსული ფილოლოგიის ფაკულტეტი.
დიდი ბოდიში, რამდენი ვწერე, მაგრამ არ შემიძლია, ჯემშიდ გიუნაშვილი უბრალოდ, ჰაიჰარად, უცრემლოდ გავიხსენო! <3
-------

P.S
ასე მოიტანა ცხოვრებამ.
ბატონი ჯემშიდის გარდაცვალების ამბავმა ოკეანის გაღმა ,, ფეისბუქის” წყალობით, უსწრაფესად მოაღწია...
  დაე, ჩემი და გიორგის შეხმიანებისთვის დართული, ,, გუგლში” ნაპოვნი ეს ნამიანი , ხავერდის ვარდის ვირტუალური კოკორი მის საფლავზე მიტანილად ჩამეთვალოს, ნამი კი იქ დაღვრილ ცრემლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები