ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2017


სხვა ლექსი


მე სკოლაში მასწავლეს ლექსები სამშობლოზე
და რადგან -
ლექსების გარდა  სხვას ვერაფერს ვსწავლობდი,
ერთ დღესაც,
მივატოვე სკოლა და
გავთხოვდი.

ხუთი  შვილი გავაჩინე.
(აკი -
ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა.)
აქედან:
ოთხი ჩვეულებრივი ბავშვი იყო.
მეხუთე  მზის.

მერე მოვიდა ომი.
ომზეც  ვიცოდი ლექსები,
მაგრამ ალბათ,  ის სხვა ომებზე იქნებოდა.

ჩემი ქმარი ომში დაიკარგა.
ან რა უნდოდა ომში?
მე მითხრა სიგარეტზე გავდივარო.

ჩემმა ქმარმა ლექსები არ იცოდა.
ჩემს ქმარს ფილმები უყვარდა - თავგადასავლები.
მაგრამ ალბათ,  ის სხვა თავგადასავლები იქნებოდა.

ძალიან გამიჭირდა.
ძალიან.
გავასხვისე სახლი.

უსახლობიდან
ჯერ უფროსი შვილი წავიდა,
მერე მომდევნო ორი წაიყვანა.
დეიდებთან, ბიძიებთან.

მეოთხე შვილმა საქმე იშოვა.
სულ ცარიელ საფულეებს მჩუქნიდა.
რად მინდოდა იმდენი საფულე?
მეზობლებს ვუცვლიდი მადლში.
მადლზეც  ვიცოდი ლექსები,
მაგრამ ალბათ, ის  სხვა მადლი იქნებოდა.

ხდება.
სამშობლომ ვერც კი გაიგო ჩემი შვილების ამბავი,
არამც თუ სჭირდებოდა.

ჩემი მზის შვილი პირველი მოკვდა.
დილით მაღალი სიცხე ჰქონდა,
ვარვარებდა.
საღამოს ჩაქრა.
მზეზე ბევრი ლექსი ვიცი,
მაგრამ ის - ნამდვილად სხვა მზეებზე იქნებოდა.

მერე მიყოლებით დაიხოცნენ
ჯერ უფროსი
მერე ორი მომდევნო.
ჩემს ბავშვობაშიც იყო  წებო,
მაგრამ ალბათ, ის სხვა წებოები იქნებოდა.

ბოლო შვილმა
( გაცლილ საფულეებს რომ მჩუქნიდა)
სიმთვრალეში მცემა
და მისმა  დედამ  ჩემში - თავი მოიკლა.
ჰო, ღვინოზეც ვიცოდი ლექსები,
მაგრამ ალბათ,  ის  სხვა ღვინოებზე იქნებოდა.

აი,
ჩემო  სამშობლოვ,
მე დაგიწერე სხვა ლექსი -
შვილებზე, ომზე,
ჩემს შენზე- საბოლოო ჯამში.

თუმცა ეს რა ლექსია?!
ამას -
შენს მეტი, ვინც ახლა კითხულობ,
ვინ წაიკითხავს?

შენ კი, ჰო, შენ,
ვიცი, რომ  მოგწონდა ლექსები,
მაგრამ ალბათ, ის სხვა ლექსები იქნებოდა.

2017 თებერვალი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები