ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2017


ანტიგონეური

ნინო დარბაისელი

ანტიგონური
- - - - - - - -

როცა ერთი ძმა - გამცემია, მეორე - გმირი,
რა გეშველება?  აი კითხვა, გულგასაგმირი.
როცა მზრუნველი მამის ხელებს სისხლი აცხია,
დედა- აღარ გყავს, ან ხალხს შეშლილად შეურაცხია.
როცა და შენი, ანგელოზი - არის მეძავი,
სულში არ შეგრჩა რამ ნაგლეჯი, დაუძენძავი.
პირმშო - პირმწარე - დაბოლილი გაქრება ღამით,
თითქოს რძის ნაცვლად მოაწოვე მწვანე ბალღამი.
შენ - მიწას ფხოჭნი და მალულად ყლაპავ ნიაღვარს
ცრემლისას, მაგრამ დაგინახა უკვე ვინ აღარ!

- ამ რია-რიას ბირკასავით რას ეკიდები!
ერთას, ნებიერს, არც გყოლია ძმები და დები,
მშობლებს რას ერჩი, პირჯვრისწერით გალიეს ყოფა.
პირმშო რომ გყავდეს, მათი მადლი საგზლად ეყოფა,
ან ეს სამშობლოს სიყვარული რა მოიგონე,
გამომიხვედი სხვისთვის მკვდარი, რა, ანტიგონე!

ვისი ხმა არის, რომ მესმის თუ მომეგონება?
რად ცდილობს მუდამ, გამინათოა ზანტი გონება?
ისმინოს ხმამან იდუმალმან,  თუ გამგონეა.
საქართველოში ყველა ქალი - ანტიგონეა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები