ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: საბავშვო
27 აპრილი, 2017


ზაფხულის ამბავი

- დამეხმარები არქელაოგიურ გათხრებში?
- როგორ გათხრებში? - სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ჩაწერა დავიწყე.
- ა რ ქ ე ლ ა ო გ ი უ რ შ ი.
- რა უნდა მოძებნო?
- მოვძებნე უკვე სამაჯური და დაჟანგული არ იყო, ე. ი. ძვირფასია და ჩვენ ეზოში ღირს დაწყება. ფუნჯები უკვე მაქ, - ერთი შვიდი სხვადასხვა ზომის და ფორმის ფუნჯი მაჩვენა, ძირითადად კოსმეტიკური საშუალებებისთვის და სხვა დანიშნულებისაც - რამდენიმე.
- რად გინდა ფუნჯები?
- რო გავასუფთაო ნამარხი.
- კი მაგრამ, მაგ საქმეს ფუნჯის გარდა, რამდენი რამე სჭირდება: ჯერ მიწის თხრა უნდა დაიწყო, რისთვისაც სპეციალური იარაღები უნდა გქონდეს და... ცოდნა.
- მე ვიცი, რაც უნდა ვქნა: ძალა არ უნდა ვიხმარო, ფრთხილად უნდა ვთხარო, რომ ძველი რაღაც არ გატყდეს, - ჩამოარაკრაკა ცოდნა, - კიდევ ნიჩაბიც მაქ და კავიც და... გახსნა სანტექნიკოსის პატარა ჩემოდანი და წარმოადგინა იარაღები.
- ოქროს შეიძლება ცხოველების ძვლებიც ამოყვეს და ცხოველების მუზეუმიც შეიძლება გავხსნათ.
- რომელ ცხოველებს გულისხმობ?
- სინდიოფალა და ვირთხა... - თან მიყურებს გამჭოლი მზერით, იცის, ვირთხებზე ჩემი აზრი.
- ვირთხის და სინდიოფალას მუზეუმი ვის რა ჯანდაბად უნდა???!!! მაგათ ხო ყველა ნაბიჯზე შეხვდები!! ვინ ივლის მაგ მუზუმში? - პირში მომჩერებია, რომ თავისი არგუმენტები დროზე დაუხვედროს ჩემსას.
- ეგენი გადაშენების გზაზე არიან. რაც ბუნკერები დადგეს, ვირთხები გაქრენ. აი, მე ხო... მე... ვირთხა თვალით არ მინახავს, - მარტო წიგნში, მარტო! - ისეთი დანანებით თქვა, გული მომიკვდა.
- უხ, ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ახლა ცხელა და გათხრების დასაწყებად მოსაღამოებას დაველოდოთ, კარგი?
- არა, კაკლის ძირში ჩრდილია და იქ მივიდეთ.
- გავყევი, სკამი დავიდგი, მოვეწყვე. რას არ იზამს ნორჩი მეცნიერის მხარდასაჭერად კაცი, მით უფრო, თუ ეს „კაცი" ბებიაა.
დაიწყო თხრა. გვალვიანი, გაქვავებული მიწა დახვდა.
- ძალიან „პროჩნი" მიწა არის... ძალიან მაგარი, ესე იგი, გაიგე? - მითარგმნა,- წვიმას დაველოდოთ, - იმედგაცრუებით მითხრა და წამში დაყარა ფარ-ხმალი, რასაც თავისი იარაღებიც მიაყოლა, თუმცა, ფარ-ხმალისგან განსხვავებით, ესენი ხელოსნის პატარა ჩანთაში ჩააბრუნა.
- მე წავალ, შენ იყავი ხაერზე. - ხაერით მოტივაცია შემიქმნა და წავიდა. დამტოვა კაკლის ძირში არშემდგარი ექსპედიციის არქელაოგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები