ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2017


ლოკოკინობა

ნინო დარბაისელი

ლოკოკინობა
- - - - - -
(ეტიუდი)

ერთხელ საკუთარ ნიჟარაში გამოვიკეტე.
მსურდა, გამეგო, ვის ვახსოვდი და ვის- აღარა,
ვინ -  მიბევრა და მიზედმეტა  და ვინ -  მართლა მომისაკლისა.

ვიჯექი ასე,
სარჩოდ საკუთარ თავს ვიზოგებდი,
დრო გადიოდა და არათუ რამე, კაკუნი,
გარედან ჩქამიც არ გამიგია.
არ გამიგია,
წვიმდა თუ თოვდა,
ყინავდა თუ მზე აცხუნებდა.

ერთ მშვენიერ დღეს,  როცა ვიგრძნი, უკვე თავიც გამომელია,
ხოლო სიცოცხლე  - ძვლებურად, არ მეთმობოდა,
მე გამოვზმორდი იმ ნიჟარიდან,
გამოვნიავდი,
რომ მომეძია მტერ-მოყვარეთა
სადგომები,
საწოლები,
საბრძანისები...

ირგვლივ, აქა-იქ ნიჟარები ეყარა მხოლოდ,
ზოგი  გულაღმა,
ზოგი ნახევრად  მიწა-ნეშოში დამარხული,
სავალზეც ჩანდნენ
განურჩეველი ნაბიჯებით დამსხვრეულები.

სადაც კი მთელი დავინახე, მივეხახუნე,
მივეკაკუნე, ვებრახუნე...
ხმისარგამცემში  შევიხედე -
დამხვდა ფუღურო.

გამქრალან ასე, ნიჟარაში შეკეტილები.
სარჩოდ საკუთარ თავს იზოგებდნენ,
დრო გადიოდა და არათუ რამე, კაკუნი,
გარედან ჩქამიც არ გაუგიათ.
არ გაუგიათ,
წვიმდა თუ თოვდა,
ყინავდა თუ მზე აცხუნებდა.

დავალ სავალზე,
ალბათ მელის დიდი ნაბიჯი.

ჩვენ ერთმანეთის ლოდინში მოვცდით
და თამაშიდან გამოძრომა დავაგვიანეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები