ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2017


პატარა კახი

ნინო დარბაისელი

პატარა კახი
- - - -
(ეტიუდებიდან)

წკიპზე შემდგარი გველის ჩახმახი,
ჭირი მრავალი - ჩვენზეა ახი!
ოციათასი კაცი, ჩარდახი
იდგა, ესვენა პატარა კახი...

სასახლეს - თავი ჰქონდა ახდილი,
გმინავდა ერი ომგადახდილი,
გვემა და ზარი იდგა ნამდვილი
და ცახცახებდა თალხი მანდილი.

კრწანისის ჯავრმა ბერი დაღარა,
ჭაღარა მიწყივ ბრძოლამ დაღალა,
ვეღარ გაუწვდა დავლა და ღალა,
არც მეომარი ჰყავდა აღარა.
ხუთიათასიც რომ ვერ შეყარა!
დახოცილები - ველად ეყარა.

რარიგად ბრუნავს ცხოვრების ჩარხი!
ერთად მეფობდნენ თოვლი და თალხი,
თვემდე ესვენა ის დასამარხი
და ოთხჯერ მეტი გლოვობდა ხალხი.

რით მივაყუჩო ახლა რაციო!
(რაციო, გული არ გააციო!)
- რომ დაეძახათ,,ქუდზე კაციო!”
გინდათ, დამიდეთ სანაძლეო და
ოცი ათასი გაიბნეოდა.
,, მხდალი არა ღირს  დასაბადადო?!”
გაგვიგონია. გვაქვს გამოცდილი:
სხვაა - სიკვდილად თავი გადადო,
სხვა -  სხვისი, თუნდაც მეფის სიკვდილი.

გულში ცრემლები რაღად გროვდება,
თუ ცოდნა ესე, გულგასაგმირი
სამარადისოდ გვამახსოვრდება,
როგორღა ჩნდება ამქვეყნად გმირი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები