სამსახურეობრივი მდგომარეობისა და შემდგომში შექმნილი პირობების გამო, ლიას მშობლები დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობდნენ. ლია მათი ნებიერა შვილი იყო. მართალია, იგი ფუფუნებაში არ იზრდებოდა, მაგრამ მხიარული და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. ქართული სული მათ ოჯახში შესვლისთანავე იგრძნობოდა. ლიამ საშუალო სკოლა წარმატებით დაამთავრა და ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, პირველსავე წელს, მაღალი ქულებით მოეწყო ფიზიკის ფაკულტეტზე. მშობლების სტუმართმოყვარეობისა და კეთილი გულის წყალობით, ლიას ოჯახი სტუდენტების თავშეყრის ადგილად იქცა. მშობლები სახლში შემოსულ ყველა ამხანაგს გულდასმით აკვირდებოდნენ. 10-დან მხოლოდ ორი ვაჟი იყო ქართველი, დანარჩენი გოგო-ბიჭები – რუსები იყვნენ. დედა ხშირად ჩამოუგდებდა შვილს საუბარს მომავალი საბედოს შერჩევის თაობაზე. ყურადღებას უმახვილებდა იმაზე, რომ სულ სხვაა საკუთარი მოდგმის ადამიანი, თუმცა კონკრეტულად არაფერს ეუბნებოდა, ისე კი ყველაზე მეტად – მამუკა მოსწონდა და აკვირდებოდა მის ქცევებს.
ლიას მშობლები ერთ ქართულ ოჯახთან მეგობრობდნენ და ხშირი ურთიერთმიმოსვლა ჰქონდათ. ლია მათ ისე უყურებდა, როგორც მკვიდრ ნათესავებს. ესენი იყვნენ დეიდა ნინო, ძია გიორგი და მათი ერთადერთი ვაჟიშვილი, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული თორნიკე. ლია ამ ოჯახის ხშირი და სასურველი სტუმარი იყო. თორნიკე მრავალმხრივ განვითარებული, ინტელექტუალური ახალგაზრდა იყო. იგი დაუსწრებლად ეუფლებოდა მეცნიერებას. მისი დიდი მეგობარი იყო სხვადასხვა განხრის წიგნები, რომლებიც მის მშობლებს ბიბლიოთეკიდან მოჰქონდათ.
ლიას ლაღი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. IV კურსის სტუდენტი იყო, როცა 6 თვეში განუკურნებელი სენით ორივე მშობელი დაკარგა. საქართველოში მათ გადასვენებაზე არ უფიქრია, რადგან არც ეკონომიკური პირობები ჰქონდა და არც ღვიძლი ნათესავები ეგულებოდა იქ. შეეგუა ლია თავის მდგომარეობას, წიგნების კითხვით ირთობდა თავს. უნივერსიტეტში ლექციებს არ აცდენდა და გაათკეცებულადაც მუშაობდა. მას მეგობრებიც არ აძლევდნენ სასოწარკვეთის საშუალებას. განსაკუთრებით მამუკა იყო სულ მის გვერდით. მამუკასა და ლიას მეგობრობა მალე დიდ სიყვარულში გადაიზარდა.
მამუკას მშობლები და და თბილისში ცხოვრობდნენ. მამუკა ემუდარებოდა ლიას, რომ შეუღლებულიყვნენ უნივერსიტეტის დამთავრებამდე. მამუკამ მისი გადაწყვეტილება მშობლებსაც შეატყობინა, მაგრამ მათგან სასტიკი უარი მიიღო; რუსეთში გაზრდილი და თანაც უპატრონო გოგო ჩვენ არ გამოგვადგებაო. მამუკა თბილისშიც ჩავიდა მშობლებთან მოსალაპარაკებლად... არაფერი გამოუვიდა, მკაცრ მშობლებს აზრი ვერ შეაცვლევინა. ამის შესახებ სიტყვის გაგონებაც კი არ უნდოდათ. რა ექნა, სიყვარულმა მისთვის უჩვეულო საქციელი ჩაადენინა; დედის შენახული, საგვარეულო უძვირფასესი ბეჭედი და საყურე ზარდახშიდან ჩუმად ამოიღო, საგულდგულოდ კოსტუმის ჯიბეში ჩაიდო და განაწყენებული მოსკოვში დაბრუნდა. თვითფრინავში იჯდა და ფიქრი არ ასვენებდა: ქურდობა იყო თავისი საქციელი თუ?...
მოსკოვში ღამის 12 საათზე ჩამოვიდა. პირველი, რისი სურვილიც გაუჩნდა, – ლიას ხმის გაგონება იყო. სასწრაფოდ აკრიფა ლიას ტელეფონის ნომერი. - ასე გვიან? - ლიკა, ჩემო სიცოცხლევ, თბილისში ვიყავი, ჩემს მშობლებს ყველაფერი ვუამბე, ჩემი გადაწყვეტილებით გახარებულები არიან, მაგრამ ახლა ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, დედაჩემმა შენთვის ნიშნობის საჩუქრები გამომატანა. - რა საჩქაროა, მამუკა, შენ ჩემში ეჭვი ხომ არ გეპარება!? - რა თქმა უნდა, არა, ეს რამ გაფიქრებია. მაგრამ მეტის მოთმენა მე არ შემიძლია. ხვალ საღამოს 7 საათზე მოვალთ შენთან მე, ჩემი ბიძაშვილი კახა და სამი მეგობარი. ეს იქნება ჩვენი ნიშნობაც და ქორწილიც. - რას ამბობ, მამუკა, ამდენ მეგობარს დახვედრა არ უნდა? გარდა ამისა, ჩემსას არავის ეპატიჟები? - მე ხვალ დილით, 8 საათზე შენთან გავჩნდები. შენ ვინც გინდა, ის დაპატიჟე, დეიდა ნინოსა და ძია გიორგის კარგად აუხსენი, რომ ჩვენი ნიშნობაა და მოიწვიე საღამოსთვის.
დილის 8 საათზე მამუკა უკვე ლიასთან იყო. ბევრი ითათბირეს საზეიმო ვახშმის მოწყობის თაობაზე. ფურცელზე ჩამოწერეს, რაც იყო საჭირო: რა უნდა ეყიდათ მაღაზიაში და რაც უნდა წამოეღოთ რესტორნიდან. ყველაფერი ეს მამუკამ ითავა. ლიას სახლის სამზადისი ევალებოდა მხოლოდ.
უცბათ, ლიას გული აუჩქროლდა, ფერი დაკარგა და მამუკას დაბნეულად შეხედა. - მამუკა, ამ საქმეს ასე ვერ მოვაწყობთ! ჩემი მშობლები ცოცხლები რომ იყვნენ, ასეთ სწრაფ გადაწყვეტილებას არ მომიწონებდნენ, ოფიციალური არაფერი გვინდა? - ლიკა, შენ კიდევ არ გცნობია მამუკა, ბოლომდე არ ყოფილხარ დარწმუნებული ჩემს სიყვარულში. კარგი, შენს სიტყვაზე იყოს: ხვალ შაბათია, ქართულ ეკლესიაში დავიწეროთ ჯვარი, შეარჩიე მეჯვარეები შენი მეგობრებიდან. ჩემი მეჯვარეები იქნებიან კახა და ჩვენი საერთო მეგობარი ვოვა. ეკლესიიდან პირდაპირ სახლში დავბრუნდებით და აღვნიშნავთ ჩვენს ბედნიერებას.
ლიკას საწინააღმდეგდეგო აღარაფერი ჰქონდა. მამუკას ალერსმა ყოველგვარი შიში დაავიწყა და მთელი არსებით მიენდო გულისწორს.
ლიასთვის არაჩვეულებრივი შაბათი გათენდა. მამუკამ ყველაფერი დიდი მონდომებით მოაგვარა. ეკლესიაში უნდა მისულიყვნენ დღის სამი საათისათვის, აქედან, წესისამებრ, გაივლიდნენ სარიტუალო ადგილებში და დაბრუნდებოდნენ სახლში (რატომღაც, მამუკამ რესტორანს - სახლში ქეიფი ამჯობინა).
დეიდა ნინო და ძია გიორგი დილიდანვე ლიკასთან მივიდნენ, მიულოცეს ძვირფასი საჩუქრით და საღამოსათვის მზადებას შეუდგნენ. მაგიდა ქართული წესით და ქართული პურმარილით უნდა გაწყობილიყო. დეიდა ნინომ საბედნიერო გასატეხი თეფში და შარბათიც მოამზადა. ლია საგულდაგულოდ გამოეწყო თეთრ კაბაში. ასევე ლამაზად მორთული მოვიდა მამუკაც. ყველას თვალი ამ შესანიშნავ წყვილს მისჩერებოდა. ჯვრისწერის რიტუალი მაღალ დონეზე ჩატარდა. შემდეგ მოსკოვის ქუჩებშიც გაისეირნეს... საღამოს 7 საათზე მაყრიონი მოადგა ლიკას კარებს. სტუმრებს დეიდა ნინო შეეგება. თეფშიც გატყდა, შარბათიც დაილია, ლამაზად მორთული სუფრა საზეიმო სადღეგრძელოებითა და სიმღერებით შეიმკო. მხიარულობდა ყველა: ლიკა, მამუკა, მეგობრები, დეიდა ნინო და ძია გიორგი. დეიდა ნინომ ამ საზეიმო მხიარულების ჟამს ნეფე-დედოფალს პატარა პაკეტი გადასცა და ცრემლმორეულმა უთხრა: - ჩემო შვილებო, სიხარულის ცრემლები მცვივა თქვენი ბედნიერებით გალაღებულ სახეებს რომ ვუყურებ, ამასთან მინდა გადმოგცეთ ჩემი შვილისგან გამოგზავნილი პაკეტი. ლიამ ფრთხილად გახსნა პაკეტი, რომელშიც იდო ოქროს ძეწკვი და მოსალოცი ბარათი: “ჩემო კარგო ლია, გილოცავ გაბედნიერებას, იხარე მამუკასთან ერთად, ბედნიერი იყავი, ქართველი ერის გამრავლებაზეც იზრუნეთ. გული მწყდება, რომ არ ვარ შენს გვერდით ასეთი მხიარულების ჟამს! თორნიკე” დეიდა ნინომ ლიას აკოცა და ძეწკვი ყელზე ჩამოაბა. ღამის 2 საათზე სუფრა აიშალა. სტუმრები მხიარულად ემშვიდობებოდნენ მასპინძლებს. ოჯახში დარჩა ლია და მამუკა.
თავი II
ლიასა და მამუკას შეუღლების ამბავი მთელ უნივერსიტეტს უცბად მოედო. მეგობრებისთვის ეს მოულოდნელი არც იყო. ლია და მამუკა ერთად დადიოდნენ ლექციებზე, მეგობრების წრეში. თეატრში და სხვა ადგილებში. ერთად ამზადებდნენ ლექცია - სემინარებს. ლიას ერთი ეჭვი არ ასვენებდა: ნუთუ მამუკამ მათი შეუღლების ამბავი თავის მშობლებს არ შეატყობინა. რატომ არ რეკავენ?... არც მამუკა რეკავს სახლში. იქნებ, რეკავს კიდეც, მაგრამ ჩუმად ... თითქმის ორი თვეა, რაც ისინი ერთად არიან, რა ხდება?!
ერთ დილით ლიას სხვანაირ გუნებაზე გაეღვიძა, თავბრუ ეხვეოდა, გულიც უფრიალებდა. მამუკას არაფერი უთხრა. მოიმიზეზა. რომ ლექციებზე წასვლა დღეს არ უნდოდა. მამუკა მარტო წავიდა უნივერსიტეტში. სახლში დარჩენილი ლია კი ფიქრობდა, როგორ გაახარებს მამუკას იმით, რომ ლია მალე დედა გახდება! უსაშველოდ გაიჭიმა დრო მამუკას ლექციებიდან დაბრუნებამდე. თითქოს მამუკასაც გულმა უგრძნო და დაუგვიანებლად დაბრუნდა სახლში.
ზარის დარეკვისთანავე გააღო კარი მშვენიერმა ლიამ. ცისფერი კოფთა მისი თვალების ცისფერობას ხაზს უსვამდა, ქერა თმის ერთი კულული ჩამოშლოდა და ანგელოზს გავდა. მამუკამ ლია ხელში აიყვანა, თვალები დაუკოცნა. ლიას სილამაზე თითქოს კიდევ უფრო მომატებოდა. ქმარი დააკვირდა ლიას გაბრწყინებულ სახეს და რაღაც სასიხარულო ამბის მოსასმენად მოემზადა, თითქოს გუმანით მიხვდა ლიას სათქმელს და გულში კიდევ უფრო მაგრად ჩაიკრა. - რა მოხდა? - რაც ორივეს ძალიან გაგვეხარდება: შენ მამა გახდები, მე - დედა!
მამუკამ კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელი ლიას და ორივენი სიყვარულის მორევში ჩაიძირნენ. მთელი ღამე სიყვარულში და სასიამოვნო ოცნებებში გაატარეს. მეორე დილა კიდევ უფრო ბედნიერი გათენდა: სხვანაირი, იმედიანი... ლექციებზე ისე ისხდნენ, რომ არავის შეუმჩნევია მათი ესოდენ დიდი მღელვარება და სიხარული. მამუკამ რაღაც მოიმიზეზა და ლექციებიდან ლია სახლში მარტო გაუშვა. ლია მიხვდა, რომ მამუკა მშობლებთან დასალაპარაკებლად მიიჩქაროდა. -ალო, დედა! - სად ხარ, მამუკა, რამდენი ხანია არ დაგირეკავს! - რომ დავრეკე, რა მითხარით გასახარი? - რით უნდა გაგახარო, იმ კახპასთან რომ გდიხარ და ჩვენ დაგვივიწყე? - როგორ მიბედავ, ის კახპა არ არის, დედა! ის ჩემი კანონიერი ცოლია, წესიერი, ჩვენი ოჯახის შესაფერი! - შეიგნე, ჩვენ ტრადიციული ოჯახი გვაქვს, ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, კარგად ვიცნობდე ჩემი მომავალი რძლის ოჯახს, მათ ზნე-ჩვეულებებს, ქარაფშუტა, უპატრონო გოგოს სახლში ვერ შემოვიყვან, ამ აზრს შენც უნდა შეეგუო! - შენ ხომ არ იცნობ, დედა! ჩემი აზრი არ გაინტერესებს? - მამუკა, შენ ვერ ერკვევი ცხოვრებისეულ საკითხებში, ამიტომ მშობლების აზრის უგულვებელყოფას ნუ შეეცდები. - ამის შემდეგ რა უნდა გელაპარაკო, გულიდან ამომიგლიჯე და ეს არის, მამასთან დამალაპარაკე! - მამაშენი არ არის სახლში. რაც კახამ მოუტანა შენი გმირობის ამბავი, გაგიჟებულია კაცი: "ერთადერთი ვაჟიშვილი ნორმალურად როგორ ვერ უნდა დავაბინავოო". ჩამობრძანდი, თუ ვაჟკაცი ხარ და შენ თვითონ ელაპარაკე! ზარდახშიდან რაც აგიღია, ისიც ჩამოიტანე, ის საგვარეულო ნივთებია, შენ დას ეკუთვნის, შენ არაფრის ღირსი არა ხარ, იცოდე კარგად! ქურდობაც იკადრე იმ ბოზისათვის! - კარგი, დედა, ყველაფერი გასაგებია, მადლობთ! მე მაინც ჩამოვალ!
მამუკა ფოსტიდან პირდაპირ სახლში წავიდა. გზაში სულ სხვადასხვაგვარ გეგმებს აწყობდა: რა უნდა ეთქვა ლიასთვის, რით უნდა გამოეყვანა თავი, რომ ყველაფერი ლამაზად დამთავრებულიყო. გამოსავალიც, თითქოს, იპოვა... ლიაც მოუთმენლად ელოდა მამუკას ჩამოსვლას. კარებზე ზარი დაირეკა. ლიამ გულისფანცქალით გააღო კარი. მის წინ 10-15 წლით დაბერებული მამუკა იდგა. მამუკამ ლიას შეკითხვის დასმაც კი არ აცალა, თავი მოიმხიარულა და დაიწყო: - ჩემო ლიკა, გურულების კუდაბზიკობის ამბავი ხომ იცი, დაუჩემებიათ, რძალი ყველა წესის დაცვით უნდა შემოვიდეს ჩვენს ოჯახში, დიდი ქორწილი უნდა გადაგიხადოთო. - მამუკა, მერე ამ სიტყვებმა ასე რატომ აგაღელვა, როდის უნდა წავიდეთ? - ეს არც ისე ადვილია, ისინი ადრიანად შეუდგებიან მზადებას, მარტო ქორწილში დასაპატიჟებელ სტუმართა სიის შედგენას ერთი კვირა დასჭირდება და სხვა კიდევ რამდენი საქმეა! - შენ რას ფიქრობ? - ჩემი აზრით, ერთი სამი დღით ჯერ მე უნდა წავიდე, შემდეგ დავბრუნდები, ქორწილის დღეს დავნიშნავთ და ორი დღით ადრე ჩავალთ. ლიამ მამუკას სიტყვები ჩვეულებრივად მიიღო და აუღელვებლად შეუდგა ვახშმის მომზადებას.
ლიას დანახვამ, მასთან ალერსმა და საუბარმა მამუკას დარდი გაფანტა და დედისაგან მიყენებული საშინელი შეურაცხყოფაც გადაავიწყდა. მეორე დღეს მამუკა თვითფრინავით გაემგზავრა თბილისში, ლიას დაუბარა, რომ ორ დღეში დაბრუნდებოდა. ლია ტელეფონის ზარს ელოდებოდა. მაგრამ ამაოდ ... გავიდა ორი დღე, სამი... ერთი კვირა, თითქმის ერთი თვე. ლიას მოუთმენლობამ და ნერვიულობამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. მიიღო გადაწყვეტილება, რომ კახასთან მისულიყო და გაეგო ყველაფერი, ლიამ შიშით დარეკა კახას კარებზე, ღია კარებში გამოჩნდა კახას უზომოდ შეწუხებული სახე. - ლია! - აღმოხდა კახას, მაგრამ მეტი სიტყვის თქმა ვერ მოახერხა. ლია თითქოს გაქვავდა და რაღაც საშინელების მოსასმენად მოემზადა. - რა მოხდა, კახა?! კახა ისევ დუმდა, ყბა უკანკალებდა და ყელში მობჯენილი ცრემლები ახრჩობდა. - ლია, ჩემო კარგო დაიკო, მამუკა…,,,, მამუკა ... - თქვი ჩქარა! - მამუკა ავტოავარიაში დაიღუპა ჩამოსვლის მეორე დღესვე, სამი კვირაა რაც დავასაფლავეთ! ლია იქვე ჩაიკეცა. გულწასული ლია კახამ დივანზე დააწვინა, ნიშადურის სპირტი იპოვა, წყალიც მოაპკურა და ყველა ღონე იხმარა მის გრძნობაზე მოსაყვანად. - კახა, სახლში წამიყვანე! - ჩაილუღლუღა ლიამ. კახამ სასწრაფოდ გამოიცვალა ტანსაცმელი, ლიას ხელკავი გაუყარა და მაგრად დაიჭირა, რომ არ წაქცეულიყო. - კახა, სიმართლე მითხარი, მე რატომ არ შემატყობინეთ? - ყველაფერი ჩემი დამპალი ბიცოლას ბრალია! დაღუპა ბიჭი, მანვე სასტიკი უარი განაცხადა შენს ჩამოყვანაზე! კახას წასვლის შემდეგ ლიას ტირილით გული ამოუჯდა, ერთდროულად მამუკასაც ტიროდა და თავის თავსაც. მამუკას წასვლის და დაგვიანების ამბავი რომ გაიგო, დეიდა ნინო ყოველდღე ურეკავდა ლიას, იმ დღესაც დარეკა.
- ალო, როგორა ხარ, ლიკა, მამუკასგან რა ისმის? ნინო დეიდას პასუხად ლიას ღრიალი მოესმა. - დაღუპულა, ნინო დეიდა, ჩემი მამუკა! - და კიდევ უფრო აღრიალდა. - მოიცა, შვილო, მოვდივარ, გამაგრდი, შენ შემოგევლოს ნინო დეიდა. ნინო დეიდა და ძია გიორგი 10 წუთში ლიასთან გაჩნდნენ. მათ დანახვაზე ლიამ ისევ გონება დაკარგა; მოასულიერეს, დაამშვიდეს და დაწვრილებით გამოკითხეს ყველაფერი. - ლია, შენ კახასი გჯერა? იქნებ არ მომკვდარა, მაგრამ მშობლები თქვენი ქორწინების წინააღმდეგნი არიან და არ უშვებენ! ლია თითქოს ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა და აღმოხდა: - ნეტავ ასე იყოს, ნინო დეიდა, მაგრამ მე კახა ტყუილს არ მეტყოდა, თანაც თვითონ ძალიან განიცდიდა! - ლია, მითხარი თბილისში მათი ტელეფონის ნომერი, მე დავრეკავ ახლავე და გავიგებ სიმართლეს! ლიამ აკანკალებული ხელით ტელეფონის ნომერი ქაღალდის ფურცელზე დაწერა და იქვე ჩამოჯდა. დეიდა ნინო დაუკავშირდა თბილისს. - ალო, ვის ველაპარაკები? - თქვენ ვინ გნებავთ? - დამალაპარაკეთ მამუკას დედა ან მამა, მამუკას შესახებ მინდა ყველაფერი გავიგო! - მე მამუკას და ვარ, მამუკა დაიღუპა ავარიაში, ჩემს დედასა და მამას თქვენთან საუბარი არ შეუძლიათ, თავი დაანებეთ ამ საცოდავ ხალხს, მათ ყოფნით თავიანთი გაჭირვება, თქვენ ვინა ხართ, საინტერესოა! - მე ლიას ახლობელი ვარ, ნინო, ამიტომ მინდა ვიცოდე ყველაფერი ლიას ქმრის შესახებ. - მე თქვენ არ გიცნობთ და თქვენი ლიას სახელის ხსენებაც არ მინდა, ის მამუკას საყვარელი იყო და არა ცოლი, თავზე ხელაღებული ქალი, გამოიჭირა ჩემი ძმა და დაცანცლა ყველაფერი. იმ ქალბატონს გადაეცით, რომ დააბრუნოს ჩემი ნივთები, ვიდრე სასამართლოში აღმიძრავს საქმე! - თქვენს ძმას ძალიან უყვარდა ლია და კარგი მეუღლეც იყო, თქვენ კი არ ყოფილხართ ლიას ღირსნი. თქვენს მშობლებს გადაეცით, რომ ლია შვილს ელოდება მამუკასაგან, იქნებ ამან მოგილბოთ გული. თუმცა ჩვენ არ გვჭირდება თქვენი თანაგრძნობა, იმ ბავშვს უთქვენოდაც გავზრდით, მხოლოდ თქვენი მშობლების აზრი მინდა მოვისმინო, გთხოვთ დამალაპარაკოთ დედა ან მამა! - არ არის საჭირო, თავი დაანებეთ ჩემს გამწარებულ მშობლებს და რაც გითხარით იმ ქალბატონს კარგად გადაეცით. მეორედ ჩვენთან აღარ დარეკოთ! - თქვენ ხომ ქალი ხართ? ნუთუ არ უნდა შეხვიდეთ ლიას მდგომარეობაში, ჯვრისწერა მოასწრეს მხოლოდ. მმაჩის ბიუროში ხელის მოწერას ქორწილის დღისთვის ინახავდნენ, ყურმილი არ დამიკიდოთ, თქვენს მშობლებს გადაეცით, რომ ველოდები. - ტყუილად ელოდებით, ქალბატონო! მე მაინც გადავცემ თქვენს ნათქვამს!..... ქალბატონო, დედაჩემს თქვენთან საუბარი არ სურს, მამა კი სახლში არ არის, კარგად ბრძანდებოდეთ! ნინო დეიდა გაქვავებულივით იდგა, შემდეგ მივიდა ლიასთან და გულში ჩაიკრა. - ჩემო შვილო, რა ოჯახთან გქონია საქმე! ერთადერთი ვაჟიშვილის დამკარგავი ოჯახი ბეჭდის დაბრუნებაზე ფიქრობს! - ნინო დეიდა, ამ დაწყევლილ ნივთებს ხვალვე გავუგზავნი კახას ხელით, მე ის არ მჭირდება. - არც იფიქრო, ის შენს შვილს ეკუთვნის, ძია გიორგი გაქვავებული იჯდა ერთ ადგილას. ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, სიგარეტს სიგარეტზე ექაჩებოდა,შემდეგ მივიდა ლიასთან და უთხრა: გამაგრდი, შვილო! მე სადღაც ეჭვი მღრღნიდა, მამუკას ხომ არ გადააფიქრებინეს ცოლის შერთვა, მეთქი. ახლა მდგომარეობა სულ სხვა დამხვდა. მამუკა, ალბათ, ჩასვლისთანავე ესაუბრა მშობლებს, ემუდარა კიდეც, მაგრამ ვერაფერი შეასმინა, გაბოროტებული ბიჭი დაჯდა მამის მანქანაზე და ავარია მოუვიდა. მამუკა არ ყოფილა დამნაშავე შენს წინაშე! მე წავალ, ნინო დარჩეს ამაღამ შენთან.
თავი III ლიას ცხოვრება უღიმღამოდ მიდიოდა. ამხანაგები თავს ევლებოდნენ, დეიდა ნინო და ძია გიორგი ყურადღებას არ აკლებდნენ, მაგრამ საშინელი სიცარიელის შევსება მაინც არავის შეეძლო. დღე დღეს მისდევდა. ერთ ასეთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ლია ლექციებზე წასასვლელად ემზადებოდა, მუცლის ფარქვეშ რაღაც კუნთების მსგავსი მოძრაობა შეიგრძნო... ეს სიცოცხლე იყო, ჩუმად დაბანაკებული ლიას სხეულში. არა, ლიას არა აქვს უფლება, გახარებული არ შეხვდეს ამ უდიდეს ბედნიერებას! უნივერსიტეტის ნაცვლად იგი ქალთა კონსულტაციაში წავიდა, ექიმ-გინეკოლოგთან რიგში ჩაეწერა. ანკეტა შეუვსეს. ეს არ იყო ავადმყოფობის ანკეტა, იგი ახალი სიცოცხლის ჩასახვის ანკეტა იყო! ლიას კიდევ უფრო აუჩქრქოლდა გული, როცა ექიმმა ტყუპების ჩასახვა ახარა. - ორივე ბიჭია! უთხრა სახეგაბრწყინებულმა ექიმმა, - როგორ გაეხარდება თქვენს მეუღლეს! ამ სიტყვებზე ლიას გული კიდევ უფრო შეეკუმშა, ცრემლები გადმოღვარა და ექიმს ყველაფერი უამბო. ექიმმა ანუგეშა ლია და ყოველგვარი დახმარება აღუთქვა, თანაც გააფრთხილა, რომ ცუდი მოგონებებისა და ემოციებისაგან შეეკავებინა თავი, რადგან იგი ბავშვების ნერვულ სისტემაზე იმოქმედებდა. ლია ექიმის ყველა დარიგებას უყოყმანოდ ასრულებდა, ამავე დროს გაათკეცებულად მუშაობდა ბიბლიოთეკაში, ლაბორატორიებსა თუ სახლში. მუყაითმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო. სახელმწიფო საგამოცდო კომისიამ ლიას სადიპლომო ნაშრომს მაღალი შეფასება მისცა. პირველი, ვისაც თავისი წარმატება ახარა დეიდა ნინოს ოჯახი იყო. თორნიკემ, რომელიც განსაკუთრებით განიცდიდა ლიას ცხოვრებისეულ მომენტებს, მშობლებს ამ დღის აღნიშვნა სთხოვა. * * * ლიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეც დადგა. სამშობიაროში ლიას ნინო დეიდა და ძია გიორგი გაჰყვნენ. ყველაფერი ნორმალურად და მშვიდობიანად დამთავრდა. ბიჭები განურჩევლად ერთნაირები იყვნენ. პირველი, რაც შვილების დანახვისას ლიას აღმოხდა, იყო: მადლობა ღმერთს, როგორ გვანან მამას! დეიდა ნინო მთელ დღეებს ლიასთან ატარებდა და ეხმარებოდა ბავშვების მოვლაში, გვიან ღამით ბრუნდებოდა სახლში. ლიამ ბავშვებს მამუკა და ლევანი დაარქვა, მაგრამ თავის გვარზე გაატარა, როგორც მარტოხელა დედამ. საარსებოდ ყოფნიდა მამუკას მიერ შემნახველ სალაროში შეტანილი თანხის დადგენილი პროცენტი.
* * * გადიოდა დრო. ბავშვები იზრდებოდნენ, ჯერ ბავშვთა ბაგაში, შემდეგ საბავშვო ბაღში დაჰყავდა. ლიამ მუშაობა დაიწყო მოსკოვის კოსმოსურ ცენტრში, ხელფასიც კარგი ჰქონდა. ლია მარტოობას ვერ გრძნობდა, რადგან მზრუნველი ოჯახი ედგა გვერდით. თორნიკესთვის ყველაზე დიდი გასართობი და საინტერესო საქმე ბავშვებთან ურთიერთობა იყო. უკითხავდა მათ საინტერესო ზღაპრებს. ასწავლიდა ხატვას, ლექსებს, სიმღერასაც კი. ბავშვებს განსაკუთრებით უყვარდათ ძია თორნიკე და ყოველთვის აწუხებდათ ფიქრი, თუ რატომ არ იყო თორნიკე ძია მათი მამა.
თორნიკესათვის ლია სანუკვარი და მიუწვდომელი ოცნება იყო. ლიას დანახვისას სახეზე ალმური ასდიოდა, რაღაც ტკბილი და ამაღელვებელი გრძნობა ეუფებოდა, სიგიჟემდე უყვარდა ლიკა, მისი მრავლისმეტყველი ღრმა თვალები,ქცევის მანერები, ადამიანებთან ურთიერამ თავის გრძნობებს ხმამაღლა ვერ გამოხატავდა. ამას მისი მშობლებიც კარგად გრძნობდნენ, მაგრამ ვერც ისინი ამბობდნენ თავიანთ სათქმელს. ვერ ბედავდნენ, რადგან 30 წლის შვილი 10 წელზე მეტია წელსქვევით მოწყვეტილი იჯდა სავარძელში. თორნიკეს მდგომარეობას ექიმები ძლიერი ნერვული სტრესით ხსნიდნენ, საზღვარგარეთიდან სპეციალისტებიც კი მოიწვიეს. ზოგმა დამაიმედებელი შედეგიც კი იწინასწარმეტყველა, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა. ლიაც კარგად წვდებოდა თორნიკეს გრძნობებს, მასაც სიამოვნებდა თორნიკესთან სიახლოვე, მაგრამ გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. ერთ დღეს კი, როცა ორივეს თვალები ერთმანეთს წააწყდა, მათი გრძნობები გამოაშკარავდა: - ჩემო ლია, მე ჩემს გრძნობებს შენ თავზე ვერ მოგახვევ, არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ იცოდე, ძალიან მიყვარხარ, ყოველი უშენოდ გატარებული წუთი კოშმარია ჩემთვის. შენც მეცოდები, დიდი სიყვარულის დაკარგვის სიმწარე შენ უკვე იგრძენი და აუტანელი ტკივილი მიიღე. საუბედუროდ, მეც არ შემიძლია მოგცე ის, რისი ღირსიც ხარ. ზოგჯერ ვფიქრობ: ხომ შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო და ფეხზე დადგომა შევძლო, მაშინ შემეძლება გითხრა, რომ მიყვარხარ სიგიჟემდე, მეტი მოთმენა რომ არ შემიძლია, ჩვენ ბედნიერ ოჯახს შევქმნით, შენი შვილები ჩემი შვილებიც იქნებიან, ჩემი გვარის... დაფიქრდი, ჩემო ნატვრის თვალო, მე არ გაჩქარებ! - ჩემო თორნიკე, შენ ყოველთვის მიყვარდი, ერთად გავიზარდეთ, ჩემს უფროს ძმად გთვლიდი, მამუკამაც ასე იცოდა და შენი ოჯახის იმედი და სიყვარული ყოველთვის გვქონდა. გამოგიტყდები, რომ შენს მიმართ არც მე ვარ გულგრილი, მიყვარხარ ძლიერ, ჩემს შვილებსაც არ შეუძლიათ უშენოდ ყოფნა, მაგრამ... - რა მაგრამ?... მე დაძალების კი არა, თხოვნის უფლებაც არ მაქვს, შენდამი უსაზღვრო სიყვარულმა გამაბედინა ყველაფერი! - ჩემო თორნიკე, ჩემო კარგო მეგობარო, მართალია, დღეს ჩემი შვილები ჩემს გვარს ატარებენ, მაგრამ შენს გვარზე ვერ გადმოვიყვან, ვიდრე... - რა ვიდრე? - ვიდრე არ ვნახავ მამუკას მამას და ჩემს შვილებს რ ვაჩვენებ. ჩემი შვილების დანახვა მათ შვილს გაუცოცხლებს, რადგან მამას ძალიან გვანან. ამით მე მოვიხსნი იმ საშინელ შეურაცხყოფას, რაც მათ მომაყენეს და რომელიც ამდენი ხანია მაწვალებს. - შენი ნებაა! - თქვა აღელვებულმა თორნიკემ.
* * *
ლიამ საგულდაგულოდ მოამზადა ბავშვები, სპეციალურად შეუძინა ტანსაცმელიც. გემოვნებით შერჩეული სამოსი ბიჭების სილამაზეს განსაკუთრებით უსვამდა ხაზს. ლიამ კახასგან გაიგო მამუკას მამის სამსახურის მისამართი და თანამდებობა. თვითფრინავის ბილეთები წინასწარ აიღო და თბილისში გაემგზავრა. ლიასა და ბავშვების თბილისში გამგზავრებამ თორნიკე და მისი მშობლები დიდი პრობლემის წინაშე დააყენა. სამივეს ერთი აზრი უტრიალებდა თავში: რა მიზანი ამოძრავებს ლიას? თუ ასეთი გაზრდილი ბიჭების ნახვის შემდეგ მამუკას მშობლებმა ლიას თხოვეს პატიება, ათას რამეს შეპირდნენ, ათასნაირად იმართლეს თავი, ბავშვები შვილიშვილებად აღიარეს, გვარიც მისცეს და მთელი თავიანთი ქონება მათ დაუმტკიცეს?! ეს და მრავალი ასეთი ვერსია ჰქონდა თორნიკეს. "ნუთუ დათანხმდება"? - ეს კითხვა ტვინს უღრღნიდა, თავი უზომოდ ტკიოდა, საჭმელიც არ უჭამია. რა უნდა ქნას?!
თავი IV
ლიას და ბავშვებს თბილისის აეროპორტში არავინ არ დახვედრია, თუმცა არც არავის ელოდებოდნენ. ბავშვები მთელი გზა კითხულობდნენ, თუ ვისთან მიდიოდნენ და ვინც შეხვდებოდათ, რა იყო მათი. ბავშვების შეკითხვებზე პასუხს ლია თავს არიდებდა. იგი მთელი გზა აწყობდა აზრებს, თუ როგორ უნდა გაცნობოდა მამუკას მამას. " მოდი, ჯერ მარტო ბავშვებს შევუშვებ, თუ იცნობს ბაბუა!... არა, ჯერ მე შევალ და შემდეგ დავუძახებ ბავშვებს... ან სამივე ერთად შევალთ ოთახში... ან ჯერ..."
არცერთი გადაწყვეტილება არ მოსწონდა. "შევცდი, არ უნდა წამოვსულიყავი, თორნიკეს გული ვატკინე!..."
ტაქსმა პირდაპირ იმ დაწესებულებასთან გააჩერა, რომლის დირექტორიც მამუკას მამა იყო. ლია დაწესებულების ვესტიბიულში შვილებთან ერთად დადგა. ლამაზი ახალგაზრდა ქალისა და ულამაზესი ბიჭების დანახვამ თანამშრომელთა ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც დირექტორის მოადგილე აღმოჩნდა, მივიდა ლიასთან და ჰკითხა, თუ ვისთან იყვნენ მოსულნი. ლია დაბნეული იდგა. - შევცდი, შევცდი, სად მოვდიოდი? - გაუთავებლად ბუტბუტებდა თავს. - შეიძლება ეს ბავშვები 5 წუთით თქვენთან დავტოვო? - რა თქმა უნდა, მოდით შვილებო! ბავშვები ქალმა თავის კაბინეტში შეიყვანა. ლია ერთ ხანს გაქვავებული იდგა, შემდეგ პირდაპირ დირექტორის კარი შეაღო. - შეიძლება? - მობრძანდით, გისმენთ. - მე ლია ვარ, თქვენი შვილის მეუღლე!... - ჩემს შვილს არავითარი მეუღლე არ ჰყოლია!... რისთვის ჩამოხვედით? ახლა რა აზრი გიტრიალებთ თავში?!
ლია თითქოს გამოფხიზლდაო, ძალა მოიკრიფა, შურისძიების გრძნობით აივსო და მამუკას დედის გაცნობაც მოინდომა, შვილების გამოჩენას არ ჩქარობდა. - თუ შეიძლება, შემახვედრეთ მამუკას დედასთან! - ეს რას მოგცემს?... ჩვენ აქვე ვცხოვრობთ, შეგისრულებთ თხოვნას.
მამუკას მამამ ტელეფონის ყურმილი აიღო და მეუღლესა და ქალიშვილს სასწრაფოდ მოსვლა თხოვა. ლიას სკამი შესთავაზა... არც ერთი დამატებითი შეკითხვა. რამდენიმე წუთში კაბინეტში ორი, სხვადასხვა ასაკის, ლამაზად მორთული ქალი შემოვიდა. ლია მიხვდა, რომ ისინი მამუკას დედა და და იქნებოდნენ. - გაიცანით, ეს ის გოგოა, ჩვენი შვილი ჭკუიდან რომ გადაიყვანა და მისი დაღუპვის მიზეზი გახდა! - აქ როგორ ჩამოეთრა, რას ითხოვს ახლა? - რაც წაიღო არ კმარა? ჩემი ბეჭედი და საყურე დააბრუნოს! - საუბარში ჩაერია მამუკას დაც. - თქვენ ჩემთვის არაფერი მოგიციათ. საჩუქარი მე მამუკამ მომცა, ახლა მინდოდა თქვენთვის გადმომეცა, მაგრამ გადავიფიქრე: იგი ჩემს შვილებს ეკუთვნით. ლია გაფითრებული გავარდა გარეთ და კაბინეტში შვილები შემოიყვანა. კაბინეტში შემოვიდა... ორი პატარა მამუკა, მისი ალი და კვალი. სახეშეშლილ მშობლებს ერთად აღმოხდათ: - მამუკა!... უცბათ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა... იატაკზე ორი გულწასული მშობელი ეგდო. ქალიშვილი ხან ერთს მივარდებოდა და ხან მეორეს. ლიამ ბავშვებს ხელი ჩასჭიდა, შენობა სწრაფად დატოვა და ტაქსი გააჩერა. - აეროპორტში.... ახლა ლია ამაყიც იყო და გამარჯვებულიც. ისიც იცოდა, სად უნდა წასულიყო და ვისთან. მოსკოვში ჩაფრინდნენ. ტაქსში ჩასხდნენ. ლიამ მძღოლს დაუფიქრებლად მისცა თორნიკეს მისამართი... სადარბაზოში შესულმა ლიამ მობილური ტელეფონი ამოიღო და თორნიკეს ნომერი აკრიფა: - თორნიკე! - ისე უთხრა ლიამ, რომ ამ სიტყვით გამოხატა ყველაფერი, - მოვდივართ შენთან, ჩემო თორნიკე, უკვე მოვედით! თორნიკე თითქოს დენთან შეაერთეს, უცბათ იგრძნო მოზღვავებული ენერგია, რომელიც ინვალიდის სავარძელმა ვერ დაიჭირა, ფეხზე წამოიჭრა. გადადგა ერთი ნაბიჯი, მეორე, მესამეც... და.. ამ დროს კარებზე ზარიც დაირეკა.
24.05.05.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. საინტერესო პროზა!ფინალი მომეწონა. საინტერესო პროზა!ფინალი მომეწონა.
14. მესიამოვნა ამის წაკითხვა. :) მესიამოვნა ამის წაკითხვა. :)
13. როგორ მახსოვს, ეს რომ დაწერე... :) როგორ მახსოვს, ეს რომ დაწერე... :)
11. ნაწერით ვისიამოვნე ნაწერით ვისიამოვნე
10. სულმოუთქმელად წავიკითხე,ძალიან მომეწონა.. თან ლამაზად დამთავრდა... სულმოუთქმელად წავიკითხე,ძალიან მომეწონა.. თან ლამაზად დამთავრდა...
9. მომწონს.......... მომწონს..........
8. მომეწონა!!! მომეწონა!!!
7. სევდიანი და საყვარელია. კარგად წერთ! 2 :) სევდიანი და საყვარელია. კარგად წერთ! 2 :)
6. ნამდვილი ამბავია?
თხრობა არ მომეწონა, გაწელილივითაა. დასასრულის ხათრით ბოლომდე წავიკითხე. თუმცა ზუსტად ისე დამტავრდა როგორც ველოდი. სერიალისთვის აკრგი სცენარი იქნება. :) ნამდვილი ამბავია?
თხრობა არ მომეწონა, გაწელილივითაა. დასასრულის ხათრით ბოლომდე წავიკითხე. თუმცა ზუსტად ისე დამტავრდა როგორც ველოდი. სერიალისთვის აკრგი სცენარი იქნება. :)
5. ..... დასასრული მართლა ცოტა დაუჯერებელი იყო,მაგრამ...:) 5...... მომეწონა. ..... დასასრული მართლა ცოტა დაუჯერებელი იყო,მაგრამ...:) 5...... მომეწონა.
4. საერთო ჯამში მომეწონა.კარგად იკითხება.სევდიანი ისტორიაა.5 შეცდომებია გაპარული.ცოტა ფინალი დაუჯერებლად მოსჩანს,რადგან ამდენ წელს ინვალიდს ,უცებ წამოდგომა და ნაბიჯების გადადგმა არა მგონია შეეძლოს. ველი ახალ მოთხრობას:) საერთო ჯამში მომეწონა.კარგად იკითხება.სევდიანი ისტორიაა.5 შეცდომებია გაპარული.ცოტა ფინალი დაუჯერებლად მოსჩანს,რადგან ამდენ წელს ინვალიდს ,უცებ წამოდგომა და ნაბიჯების გადადგმა არა მგონია შეეძლოს. ველი ახალ მოთხრობას:)
3. რომლებიც თავის მშობლებს ბიბლიოთეკიდან მოჰქონდათ.<-- მის მშობლებს აჯობებდა მეორე პირში თინა მთელ სტუდენტობას უცბად მოედო. <--ინსტიტუტს სწრაფად მოედო არ აჯობებდა? მამუკა წავიდა ყნივერსიტეტში<-- უნივერსიტეტში. დასაპატიჟებელ სტუმა რთა სიის შედგენას <-- სტუმართა იქნებ ამან მოულბოთ გული.<-- მოგილბოთ აჯობებდა ამ ადგილზე რადგან არანაკლებ გაკაპასებული იყო მამუკას დაც ხელის მოწერას მმაჩის ბიუროში ქორწილის დღისთვის ინახავდნენ, <-- აი აქ უფრო წინ გიწერია რომ ყელა სარიყუალო ადგილი გამოარესო და ერთადერთი სარიტუალო ადგილი ჯვრისწერის მერე ქორწინების სახლია და იქაც თუ არ ყოფილან საინტერესოა რომელ სარიტუალო ადგილებზე იყო ზემოთ საუბარი?? ადამიანებთან ურთიერამ თავის გრძნობებს ხმამაღლა ვერ გამოხატავდა. <-- ურთიერამ რას ნიშნავს? ვიდრე არ ვნახავ მამუკას მამას და ჩემს შვილებს რ ვაჩვენებ.<-- არ ვაჩვენებ.
ეს იყო ის პატარა მექანიკური შეცდომები რას ვნახე (ჩემი აზრით რა თქმა უნდა) რომ ვკითხულობდი ამ ყველაფერს რაღაც ადგილებში ძალიან ზედაპირული მომეჩვენა, რაღაც ადგილებში კი რამოდენიმე სიტყვა ისე იყო შემოგდებული კარგია კეთილი დასასრული მაგრამ... ინდურ ფილმებში:) საბოლოო ჯამში გამართული ქართულით საუბრობთ, ლამაზად წერთ ოღონდ ინტრიგას არ ტოვებთ, ანუ გკითხულობთ და ვიცით რა მოხდება შემდეგ. ეს მე მგონი მაქვს ადრეც წაკითხული ძალიან მეცნობა ძალიან ან ჩემთან აქვს ბევრი საერთო უდედმამობა მოსკოვი ტყუპები სიყვარული და რა ვიცი კიდევ რა ერთი სიტყვით ძალია კარგია ოღონდ ცოტა ზედაპირული და სწრაფი და ბავშვური დასასრულით დიდი პატივისცემით და უმაღლესი შეფასებით-ანი
რომლებიც თავის მშობლებს ბიბლიოთეკიდან მოჰქონდათ.<-- მის მშობლებს აჯობებდა მეორე პირში თინა მთელ სტუდენტობას უცბად მოედო. <--ინსტიტუტს სწრაფად მოედო არ აჯობებდა? მამუკა წავიდა ყნივერსიტეტში<-- უნივერსიტეტში. დასაპატიჟებელ სტუმა რთა სიის შედგენას <-- სტუმართა იქნებ ამან მოულბოთ გული.<-- მოგილბოთ აჯობებდა ამ ადგილზე რადგან არანაკლებ გაკაპასებული იყო მამუკას დაც ხელის მოწერას მმაჩის ბიუროში ქორწილის დღისთვის ინახავდნენ, <-- აი აქ უფრო წინ გიწერია რომ ყელა სარიყუალო ადგილი გამოარესო და ერთადერთი სარიტუალო ადგილი ჯვრისწერის მერე ქორწინების სახლია და იქაც თუ არ ყოფილან საინტერესოა რომელ სარიტუალო ადგილებზე იყო ზემოთ საუბარი?? ადამიანებთან ურთიერამ თავის გრძნობებს ხმამაღლა ვერ გამოხატავდა. <-- ურთიერამ რას ნიშნავს? ვიდრე არ ვნახავ მამუკას მამას და ჩემს შვილებს რ ვაჩვენებ.<-- არ ვაჩვენებ.
ეს იყო ის პატარა მექანიკური შეცდომები რას ვნახე (ჩემი აზრით რა თქმა უნდა) რომ ვკითხულობდი ამ ყველაფერს რაღაც ადგილებში ძალიან ზედაპირული მომეჩვენა, რაღაც ადგილებში კი რამოდენიმე სიტყვა ისე იყო შემოგდებული კარგია კეთილი დასასრული მაგრამ... ინდურ ფილმებში:) საბოლოო ჯამში გამართული ქართულით საუბრობთ, ლამაზად წერთ ოღონდ ინტრიგას არ ტოვებთ, ანუ გკითხულობთ და ვიცით რა მოხდება შემდეგ. ეს მე მგონი მაქვს ადრეც წაკითხული ძალიან მეცნობა ძალიან ან ჩემთან აქვს ბევრი საერთო უდედმამობა მოსკოვი ტყუპები სიყვარული და რა ვიცი კიდევ რა ერთი სიტყვით ძალია კარგია ოღონდ ცოტა ზედაპირული და სწრაფი და ბავშვური დასასრულით დიდი პატივისცემით და უმაღლესი შეფასებით-ანი
2. წავიკითხე და მომეწონა! ასეთი რაღაცეეები ხდება სამწუხაროდ,თქვენ კარგად წერთ ძალიან ვისიამოვნე.:)-5 წავიკითხე და მომეწონა! ასეთი რაღაცეეები ხდება სამწუხაროდ,თქვენ კარგად წერთ ძალიან ვისიამოვნე.:)-5
1. 5. :) მიყვარხარ! 5. :) მიყვარხარ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|