ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2017


ვალის ჩამსესხებელი

ნინო დარბაისელი

ვალების ჩამსესხებელი
- - - - - -

რა ძნელია,  ვიღაცის გამოწვდილი ხელიდან ლუკმას რომ შეჭამ,  ცოტა სულს მოითქვამ და მერე აღმოჩნდება, რომ გამომწვდელს რაღაც ისეთი უნდა შეუსრულო ან აპატიო, რაც არ შეგიძლია.
ნუ, არაფრით არ შეგიძლია! 
ან არ გამოგდის!
არ მოიქცევი ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ?! - უმადური ხარ.
არადა, რა გინდა, რომ ქნა!
დაუბრუნო?! - რა დაუბრუნო!
გადაუხადო?! - როგორ გადაუხადო!

ნუ იცით თქვენ ეგეთი ფუჭი წინასწარგამოცნობები!
ამას საკუთარ თავზე ვწერ.

  სტუდენტობამდე ერთი ბიჭი მომწონდასავით, ანუ მოწონებულთაგან ერთი - ისიც იყო. იმას, როგორც მერე გაირკვა -  ჩემიანი წარმოსახვები ცოტა მეტი ჰქონდა.
რუსთაველზე, რეპეტიტორიდან გამოსულები, ლაპარაკ-ლაპარაკით, ფეხით ჩამოვისეირნებდით და გზაში ხან - ლაღიძის წყალზე მეპატიჟებოდა, ხან - ნაყინზე, ერთხელ - კაფე ,, ნარგიზში” ნამცხვრებზეც ვიყავით.
.    მერე დაბადების დღე გადაიხადა. ყველა მივიდა, ჩემს მეტი.
(თქვენ რაღა დაგიმალოთ და უფროსებმა დააგვიანეს შინ მოსვლა, მე კი საჩუქარი არ მქონდა, სახლშიც, ვათვალიერე, ვათვალიერე და ისეთი ვერაფერი ვიპოვე, დაუკითხავად რომ ამეღო, ხელცარიელად კიდევ, მისვლა შემრცხვა).
  ცოტა შეჭიკჭიკებულზე საერთო მეგობრებმა რომ მახსენეს, მაგან:
    - როგორ  არ მოვიდა! ეს როგორ გამიკეთა, რაც მე მაგას  დავახარჯეო!
.  საერთო მეგობრები რისი საერთო მეგობრები არიან, ავის მთქმელს იმ დროს თუ არ გაუჩუმდნენ და მერე ერთმანეთს არ დაასწრეს შენთან ამბის მოტანა.
.  მეც, დავჯექი, წვრილად გავიხსენე ყველა კაპიკი, მთელი წლის თარიღების მითითებით... 8 მანეთი და 65 კაპიკი გამომივიდა.
  გავტეხე ყულაბა, შევახვიე სიაში ეს ფული ხურდებიანად, შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელს ბოდიში მოვუხადე და ეს ყველაფერი გადავეცი, თან უხმოდ კი არა, (მე მაგის ზრდილობა ვინ მომცა!)  ხუთი კაცის თანდასწრებით, ცივი ხმით ეს დავთარი ბოლომდე ჩავუკითხე.
  მაშინ პირველად, საკუთარი თვალით დავინახე, გაფითრებიდან რამდენ სხვადასხვა ფერად შეიძლება იცვალოს ადამიანის სახე, ვიდრე ყურებამდე ავარვარდება.
გაკვეთილის ბოლომდე არც თვითონ ამოუღია ხმა, არც მასწავლებელს უკითხავს რამე.
ბოლოს, სადარბაზოდან გამოსულები პირველად წავედით სხვადასხვა მხარეს...
არადა, ისეთი გაზაფხული იყო!
იმის მერე გაკვეთილზე აღარც მოსულა... მასწავლებელი ჩიოდა, წლის მეორე ნახევარი გადასახდელი ჰქონდა და მისაღებამდე ერთი თვე რომ დარჩა, ახლა დაიკარგაო.
მერე, როგორც ყური მოვკარი, დედამისს ის ფული მიუტანია.
და მაინც, ყმაწვილობისდროინდელი შეცდომებით  არ ღირს მოწიფული ადამიანის განსჯა.
დღეს იგი ერთ-ერთი, მართლაც კარგი ადამიანია, საქართველოში ჩემს ცოცხლადდარჩენილ მეგობრებს შორის.
.  თუ შემთხვევით შემოიხედა და ეს წაიკითხა, მინდა იცოდეს, იმ სიაში ერთხელ მუშტაიდში, კვირას
ნაჭამი ნაყინი გამომრჩა და თუ ცოცხლები დავრჩით და ის სანაყინეც ისევ იქაა, რომ/თუ ჩამოვალ, ერთ მშვენიერ დღეს უნდა ჩავასესხო!
  განა არ ეხსომება, მუშტაიდში რომ არასოდეს ვყოფილვართ ერთად!
უბრალოდ, გული დამწყდა,  რომ ვერც მასთან და ვერც სხვა შეყვარებულთან ერთად ვერასოდეს მოვახერხე ,,ეშმაკის ბორბლის' ქვეშ მეგემა წონის ნაყინი, რომელსაც, პატარობისას ჩემი სუსტი ყელის გამო მიკრძალავდნენ.
მე ხომ , როცა ცოტა წამოვიზარდე და ფითქინა იახჩინიანი მენაყინის ფორმაზე ოცნება მოვილიე, სულ იმას ვნატრობდი, როცა გავიზრდებოდი და შეყვარებული მეყოლებოდა, მივიდოდით იქ  და იმდენ ნაყინს შევჭამდით, ვიდრე ერთმანეთს სამუდამოდ არ მივეყინებოდით.

წლები რომ გადის და ადამიანები გაკლდებიან, ძველი წყენები ან გავიწყდება, ან ასე, სევდანარევი ღიმილით-ღა გახსენდება.
უკვე სხვანაირად უყურებ ყველას და ყველაფერს,  ბევრ რამეში საკუთარ თავს მიიჩნევ დამნაშავედ თუ არა,  ბრიყვად და გამოუცდელად მაინც.
უკვე წასულებიც ძალიან გეძვირფასება და ცოცხლებიც.
ეტყობა, ესაა სიბერე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები