ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2017


კნაჭო



...

-დღეიდან შენს გულში ვიცხოვრებ , დედას კნაჭო, უტკბესო, უსაყვ...

შეუმჩნევლად გადახარა თავი საწოლზე დასვენებულმა მართამ. შავი, ბულულივით მსუბუქი დალალები ზღვის მოქცევასავით შექანდა და კნაჭოს ხელში ჩატეული მართას ხელის მტევანი მოწყვეტით დაეშვა საწოლის კიდესთან. კნაჭომ კარგად ვერ გაიგო რა მოუვიდა დედას, მაგრამ იგრძნო , რომ დედა ისე ვეღარასდროს ჩაეხუტებოდა, როგორც მაშინ, როცა სკოლიდან დაბრუნებული კარგი ნიშნებით გულს უხარებდა; როცა, თამაშის დროს ნატკენი ხელ-ფეხის ტკივილს უამებდა; როცა ძილის წინ მოყოლილი ზღაპრების შემდეგ გულში ჩაიკრავდა და უამრავი ასეთი როცა...

კნაჭოს დიდრონი, ულამაზესი,ისედაც წყლიანი თვალები მთლად ცრემლით გაევსო , ჩიორასავით გააღო პირი და გულისდამაფლეთელი ხმა ამოუშვა.

-დედიკოოო, დედაა, მიყურე, მიყურე, მიყუურეეეეეეეე......

მართა ცვილის თოჯინას დაემსგავსა, სახეზე სანთლის ფერი დაედო, ტუჩის კიდე თითქოს ღიმილით გახსნოდა, თვალებზე წყვილი, ჯერ კიდევ თბილი ცრემლის წვეთი შერჩენოდა.

...

კნაჭოს სუფთა , გაკრიალებული სამოსი ეცვა. შავი დალალები ჩამოშლოდა, წყლიანი თვალები კედლის ერთი წერტილისთვის ჰგონდა მიბჯენილი, თითქოს უნდოდა გაეხვრიტა კედელი და ენახა სხვა სამყარო. იმ კედლის იქით გალავანშემორტყმული ბაღი იყო, რომელიც პანსიონატის დაწესებულობას ეკუთვნოდა.

ფილოსოფიის მასწავლებელი მერხებს შუა დადიოდა. დროდადრო ალმაცერად დახედავდა წერით დაკავებულ მოსწავლეებს და უკმაყოფილო იერით უბრუნდებოდა თავისთვის განკუთვნილ კათედრას, სადაც იხდიდა მარცხენა ფეხსაცმელს და ბებერამტკივანე ფეხს ანიავებდა.ოცდათვრამმეტი წლის სანდომიანი ქალბატონი იყო, კარგ მოაზროვნედ აღიარებული და პატივსაცემი. ის კარგა ხანია ამჩნევდა კნაჭას გახევებულ მზერას, მაგრამ არ ცდილობდა მის გამოფხიზლებას. კარგად იცოდა, რომ არ ღირდა კნაჭასთვის ხელის შეშლა.

კნაჭო მოწესრიგებული გოგონა იყო. მუდამ კოხტად და ფაქიზად ჩაცმული დადიოდა. იგი კარგი მოსწავლის სტატუსით სარგებლობდა, ხელს არასდროს უშლიდა მასწავლებელს და შენიშნვაც არასდროს დაუმსახურებია.

კნაჭოს კლასში თავისუფალ თემას წერდნენ სათაურით „რა არის სიცოცხლე“. მალე გაკვეთილის დასრულების მანიშნებელი ზარის ხმა გაისმა. მასწავლებელმა ნაწერების შეგროვება დაიწყო.

ერთადერთი ფურცელი იყო ცარიელი, მეორე გვერდზე კი მხოლოდ ეს ეწერა- სიცოცხლე გარდაცვალებაა.

...

კნაჭოს უყვარდა ფიქრი და წიგნების კითხვა. ჩამოჯდებოდა პანსიონატის ბაღში ძელსკამზე და საათობით იჯდა თავისი თვალებით ცასთან შეზავებული. ულამაზესი იყო კნაჭა. მასწავლებლებს უყვარდათ, თანაკლასელებსაც და ყველას, ვინც კი იცნობდა მას. კნაჭოს შემეცნებითი თამაშები იზიდავდა, რომლებსაც მისი თანაკლასელები იშვიათად თამაშობდნენ. ამიტომ მასთან თამაშს ერიდებოდნენ და კნაჭოსაც ხშირად უწევდა მარტო ყოფნა.

...

უნივერსიტეტის კედელს მიეყრდო, უსუსურად დაეშვა მუხლებზე და იმავე ხმით შესძახა თავის გულს, როგორც მართას გარდაცვალებისას.

-მიყურე დედა, მიყურეე....

კნაჭოს ცრემლები აღარ უჩერდებოდა, წასასვლელი არსად ჰქონდა, არადა ის უკვე ამ შენობის, ფილოსოფიური ფაკულტეტის სტუდენტთა სიაში ირიცხებოდა. რა უნდა ექნა არ იცოდა.

იქვე , კედლის განაპირას ძონძებში გახვეული მოხუცი წამოდგა და გოგონას მიუჯდა გვერდით.

-ტირი? ტირილი კარგია. ე.ი. ჯერ კიდევ გაქვს სიცოცხლის უნარი.

-სიცოცხლის, რომელიც სიკვდილის ტოლფასია?- სლუკუნით მიუგო კნაჭომ.

-და ვინ გითხრა რომ სიცოცხლე სიკვდილის ტოლფასია?! -მკაცრად დაუბრუნა კითხვა მოხუცმა.

-ცხოვრებამ, ჩემმა სიცოცხლემ მითხრა...

-არაფერი გიცხოვრია და ამიტომ!

- ობოლი ვარ, ჩვენი ქოხი მთავრობამ მიისაკუთრა და პანსიონატში გავიზარდე, ახლა სტუდენტი ვარ , მაგრამ სტუდენტობა არ შემიძლია, უფლებაშეზღუდული მკვდარი ვარ , გესმით მკვდარი.

-მაგრამ არა უუნარო. სიცოცხლე სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი და ღირებული, რომ საკუთარ უსუსურობებს მოერიო; ამიტომაა ტკბილი, რომ ამ სიმწარეს აგემოვნებ; ამიტომაა გაუსაძლისი, რომ იმდენად გვიჭირს , რამდენის გაძლებაც შეგვიძლია.

...

უნივერსიტეტის ქუჩაზე თითქმის ყოველ დღე ხედავენ გამვლელები მოპირდაპირე, ღარიბული, მაგრამ უკვე სუფთა სახლიდან , სუფთა ძველმანში გახვეულ მოხუცს, რომელიც ფრთხილად მოჰყავს ულამაზეს, ლურჯწყლიანთვალება გოგონას. ის ღიმილით უხსნის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებს, სვამს თავის ძელსკამზე, დამჭკნარ ლოყაზე სწრაფად კოცნის და ხალისით არბის უნივერსიტეტის მოაჯირიან საფეხურებზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები