ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“. ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 ივნისი, 2017


დასაქმება ქართულად

  დაწყება ყოველთვის ჭირს.
  ყველაფრის დაწყება ჭირს. მაგრამ რომ დაიწყებ და მიყვები მერე ადვილდება.
  ახლა რომ ვაკვირდები საქართველოში ყველაზე მეტად სამსახურის დაწყება ჭირს. ერთი შეხედვით ადვილია, კომპანიების ზღვა რაოდენობაა, ვაკანსიებიც ულევია, მაგრამ... მაგრამ სულ მცირე ბუღალტრის დამხმარეს და ნებისმიერი სფერის მუშაკის ასისტენტს უნდა ჰქონდეს 2 წლიანი გამოცდილება და დამლაგებელმა უნდა იცოდეს ინგლისური აუცილებლად.
    ერთი ეს მითხარით, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ბუღალტერი დამხმარედ იმუშავებს? ან, დამლაგებელმა თუ იცის ინგლისური გამართულად ის დამლაგებლად იმუშავებს?! (არ ვგულისხმობ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს, სადაც უცხოელი სტუმრები ბინავდებიან) ასეა ყველა სფეროში.
კომპანიების ნაწილს საერთოდ არ სჭირდება რომ მისმა ყველა თანამშრომელმა იცოდეს ინგლისური, მაგრამ ვაკანსიის გამოცხადების დროს მაინც უთითებს მას მოთხოვნებში. რატომ? კომპანიის პრესტიჟია.
  ნეპოტიზმი რომ ქართველების მოგონილია და გადასარევად ვართმეთ თავს მის განვითარებას ეს სულაც არაა საპრობლემო. უკვე მივეჩვიეთ, რომ „ყველგან ნაცნობი გინდა ადამიანს“. თან თუ შენი ახლობელი კარგი კადრია, რა მოხდა მერე?! - არც არაფერი!
  ყველაზე მეტად რაც დასაქმების სფეროში მაწუხებს ამას ქვევით მოვყვები. ამ პუბლიკაციის მიზანიც ესაა.
 
  თუ თქვენ სამსახურს ეძებთ, მაშინ გაითვალისწინეთ:
  კომპანიების ჩამონათვალს ურევია ის კომპანიები რომელთა ბიზნესიც თქვენი უმუშევრობით სარგებლობაა. ესენი არიან ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც ყიდიან ტყუილებს. მათ ჰყავთ თანამშრომლები, რომლებიც „აგროვებენ“ უმუშევრებს და ამაში იღებენ გარკვეულ ანაზღაურებას ბონუსური პრინციპით.
მე გასწავლით როგორ განასხვავოთ ეს კომპანიები სხვებისგან.
  ბევრგან არის გაკრული: გაჩერებებზე, სადარბაზოებში, ლიფტის კედლებზე და ლამის სახლის კარებზეც, განცხადება იმის შესახებ თუ როგორ იწვევენ ადამიანებს სამუშაოდ. გამოცდილების და ასაკის მიუხედავად, მორგებული გრაფიკით და მაღალი ხელფასით. - დამიჯერეთ სამსახურები ასე გაჩერებებზე, სადარბაზოებში და ლიფტებში „არ ყრია“.
  ჩამოყვებით დასაქმების ვებ.გვერდს და აგზავნით ყველა ვაკანსიაზე, რომელიც შეესაბამება თქვენს რეზიუმეს. წინასწარ ვერ მიხვდებით რომელი კომპანია რას გიპირებთ, მაგრამ არის რაღაც დეტალები რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
1. ტელეფონზე მოგდით ესემეს შეტყობინება, რომ თქვენი რეზიუმე განხილულია და გადასული ხართ მეორე ეტაპზე. გიბარებენ გასაუბრებაზე მეორე დღეს 10:00 -დან 12:00 საათამდე (ამ კომპანიებში, 10:00 -დან 12:00 - მდე ტარდება გასაუბრებები. 12:00 საათის მერე კი ტრენინგები.) და გთხოვენ რომ დაუდასტუროთ შეტყობინების მიღება. - გახსოვდეთ, არც ერთი სერიოზული კომპანია, რომელიც ეძებს თანამშრომელს არ დაჯერდება მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, აუცილებლად დაგირეკავთ და მოგმართავთ სახელით. თუ მაინც, ეს სერიოზული კომპანია ვერ იმეტებს თეთრებს თქვენს გასაუბრებაზე მისაწვევად, მაშინ არ გჭირდებათ მასეთი სამსახური, იმიტომ რომ ისინი ხელფასსაც ვერ გაიმეტებენ.
2. აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ სადაც მიდიხართ, ეს ორმაგად დაგეხმარებათ: ერთი ის, რომ დაგიცავთ, მეორე კი - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება დადებითად წაგადგებათ.
3. მიდიხართ კომპანიაში. ოფისი თითქმის ცარიელია და ვერ ხედავთ რომ იქ ვინმე რამეს აკეთებდეს. 
4. იწერენ თქვენს სახელს და გვარს და გეკითხებიან ვინ დაგიბარათ. - ეს თანამშრომელთა ანაზღაურებისთვისაა საჭირო.
5. თავიდან გავსებინებენ აპლიკაციას, სადაც გეკითხებიან რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი. - თქვენ ხომ გააგზავნეთ რეზიუმე, რაღა საჭიროა უაზრო კითხვარის თავიდან შევსება?!
6. ჯგუფური გასაუბრება. - ბადებს ეჭვს რომ დიდი რაოდენობით კადრის მოტყუება არის საჭირო და რეალურ მიზანს არ წარმოადგენს ეს გასაუბრება, იმიტომ რომ სერიოზული დამსაქმებელი არ გაგესაუბრებათ სხვების თანდასწრებით.
7. არ უდევთ წინ თქვენი რეზიუმე და არ გისვამენ კითხვებს მის მიხედვით. გთხოვენ რომ მოყვეთ თქვენს შესახებ. - ანუ, მათთვის სულ ერთია.
8. გასაუბრების დროს, კომპანიის და ვაკანსიის შესახებ გესაუბრებიან ისეთი გაზეპირებული ტექსტით, რომ არ ჩერდებიან სანამ ბოლომდე არ იტყვიან სათქმელს. - მათ ბევრჯერ უწევთ ამ ტექსტის გამეორება, ასე რომ დაუფიქრებლად შეუძლლიათ მოყოლა. გიხსნიან რომ დასაქმება იქნება აუცილებლად ხელშეკრულებით და ანაზღაურებით პირველივე თვიდა. მანამდე უნდა გაიაროთ ტრენინგი, სტაჟირება და პრაქტიკა. რაც ძალიან მცირე თანხა ჯდება. სულ რაღაც 35 ლარი (გააჩნია ამ კომპანიის ადგილმდებარეობას ვაკეში უფრო მაღალი ფასი ჯდება), სწავლების შემდეგ თქვენ ჩაგიტარდებათ გამოცდა, რომელსაც ყველა აბარებს. - მაგრამ ვერ ჩააბარებთ თქვენ.
9. გასაუბრების ბოლოს, მეტი სოლიდური ეფექტისთვის გეუბნებიან რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებიან.

  ეს სქემა პირველივე ჯერზე "გავშიფრე", შესაბამისად არ ყოფილა შემთხვევა რომ გავბმულიყავი მათ მახეში.
  მაგრამ ვიცი რომ ძალიან ბევრი სამსახურის მაძიებელი ზარალდება, იმიტომ რომ ეს კომპანიები არსებობენ და მრავლდებიან.
სამწუხაროა, მაგრამ მათ წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს იზამს. კარგად არიან შენიღბულები.
  რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას. პირველად რომ მოვხვდი ასეთ კომპანიაში, იმდენი კითხვა დავსვი და ისე დეტალურად ჩავუღრმავდი ყველაფერს რომ აღარ ამიყვანეს „სამსახურში“. თუმცა ეს კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. მე კი მათი შავი სიის ბინადარი გავხდი.
  როცა მეორედ „გადავეყარე“ სხვა ასეთ კომპანიას, მიმიწვიეს ესემესით და მთხოვეს შეტყობინების მიღება დამედასტურებინა, მაშინვე მივხვდი რასთან მქონდა საქმე, მაგრამ პასუხი მაინც მივწერე „გიდასტურებთ“. რა თქმა უნდა წავედი, არა იმიტომ რომ შანსი ხელიდან არ გამეშვა. არა! ისინი კი არ იყვნენ ჩემი შანსი, მე ვიყავი მათთვის შანსი. წავედი იმიტომ რომ მაინტერესებდა. არის რაღაცეები, რაც არ ვიცით რატომ მაგრამ გვაინტერესებს. მეც ასე მაინტერესებდა რას ვნახავდი იქ. ამიტომ წავედი.
ოფისი მდებარეობს ვაკეში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე. კორპუსთან შესასვლელში გადავაწყდი დედა-შვილს. შვილი - ბიჭი, მინიმუმ 18 წლის იქნებოდა. უფრო პატარას არ დაიბარებდნენ. დედა იყო გაფაციცებული, ეძებდა სად იყო ოფისი. ამ დროს სადარბაზოდან ქალბატონი გამოვიდა - მაცხოვრებელი. დედამ მას მიმართა კითხვით გასაუბრება სად მიმდინარეობდა. ქალბატონმა უთხრა, არ ვიცი გასაუბრება სადაა მაგრამ ოფისი რომ არის აქ ვიციო. შვილი დარცხვენილი გვერდზე იდგა, მაშინ როცა დედა ქალბატონს უხსნიდა რომ მისი შვილი გასაუბრებაზე იყო დაბარებული. ამ დროს მეც მივუახლოვდი მათ და შევედი კორპუსის წვრილ შესასვლელში. მიგნება ადვილი იყო, კარზე ეწერა კომპანიის სახელი. მე ზარი დავრეკე და სანამ გამიღებდნენ მესმოდა რაღაცას რომ ეკამათებოდა შვილი დედას. შევედი. მეც და კომპანიამაც მალევე „გავშიფრეთ“ ერთმანეთი. შედეგად 5 წუთიც არ გაგრძელებულა გასაუბრება. მენეჯერის კაბინეტიდან რომ გამოვედი ის ბიჭი დავინახე. თავის რიგს ელოდა. ოფისიდან გამოსულს კი  დედა სადარბაზოს შესასვლელთან დამხვდა. ღელავდა. ვიფიქრე გავჩერებულიყავი და მეთქვა, მაგრამ მაინც გაჩუმება ვამჯობინე. ასე იმიტომ მოვიქეცი რომ შემეშინდა, ვაი და ვერ გაეგო ჩემი და „არამკითხე მოამბე“სავით გამომსვლოდა.
  და ბოლოს ვიტყვი, რატომ ვარ ასე დარწმუნებული იმაში რასაც აქ ვწერ. თავადაც HR ვიყავი ერთ დროს. ოღონდ არადროს არავინ მომიტყუებია და არც მე მოვუტყუებივარ ვინმეს.
  ეს აფიორაც ბიზნესია. ყველა იმას ყიდის რისი გაყიდვაც შეუძლია.

21.06.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები