ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2017


მე, ბიძაჩემი, ფეხბურთი და გამრავლება

ვინც ეს სკოლა  მოიგონა, დააცალო  უნდა ყურები და იყუროს მერე უყურომ, რა კაი იქნებოდა ადრე, თემური წყობილობის დროს, იხეტიალე ტყე-ღრეში,  ინადირე  დინოზავრებზე, ახლა კი იარე კლასში და იზუთხე კვადრატული განტოლება და დისკრიმინანტი. თან თორმეტი წელი... ……
-   მანჯავიძე, სად იყურები ფანჯარაში...
გოგუცა მასწავლებელს გავახსენდი. ის და  კატოა დაფასთან და რაღაც განტოლებას ხსნიან. კატო ძალიან ლამაზია. მათემატიკას მარტო ის სწავლობს,  ამიტომ მათემატიკის გაკვეთილზე სულ დაფასთან დგას.  გოგუცას კი  ჯოხი აქვს ჩემხელა, იძულებული ვარ  ვუპასუხო.
- განტოლებაზე  ვფიქრობდი მას, ვინ მოიგონა, თან რა კაია რომ მოიგონა-მეთქი?!
- მეტი რა გითხარი შენ, კვადრატულ განტოლებაზე ფიქრობ ზუსტად...  სად გაქვს რვეული?
- უკვე ნამდვილად მცხვენია თქვენი მას, მაგრამ ისევ დამრჩა! – არადა ამაქვს ერთი რვეული ჩანთაში, მაგრამ მეზარება ამოღება.
- მეტი არ გითხარი შენ არაფრის არ გრცხვენოდეს! წაგვიკითხე აბა ახალი მაგალითი!
- რომელი,  მას...
- შემდეგი...
- წინა რა იყო, მას...
- ბე ბიო, ბე... – მკარნახობს  ზაზა, რომელიც ჩემს გვერდით ზის, წიგნიც უდევს წინ და თითით მიჩვენებს მაგალითს. 
ბე, რა ცხვარია, მარა თუ  გაცხარდა, ცხარია... თან ჯოხია აქვს იმხელა...  მეც ვკითხულობ...
- ორი იქს კვადრატ ოთხი იქსი...
- შუაში არ აქვთ არაფერი, მანჯავიძე ორი იქს კვადრატს და  ოთხი იქსს? 
- არაფერი,  მას...
არადა აქვს პლუსი, მარა გამომრჩა,  ხოდა პირველ ჩვენებას ვაწვები. ასე იოლად როგორ გადავთქვა ნათქვამი. მერხთან მოდის, ახლა ვარ ცოდო.
- რა წერია აქ, მანჯავიძე? – ჯოხს აბჯენს წიგნის ფურცელს.
- სად,  მას? – ვითომ ვერ ვხედავ.
- კატოს ნუ კი უყურებ, ამ პლუსს შეხედე.
- ა, ხო, პლუსიცაა...
- მერე?!
- აი პლუსია, მას ბაღნებს  რო აბნევს...
- აბნევს ხო?
- კი,  მას... რათ უნდა საერთოდ...
კლასში ფხუკუნი ატყდა...
- არც პლუსი გინდა, არც მინუსი,  რა გინდა აბა, მანჯავიძე...
- გამრავლება ჯობია ყველას,  მას... – კატოსკენ გამექცა კვლავ თვალი... …
გოგუცას ცივ, ყინულიან სახეს უცებ ღიმილი აეკრა და დათბა, კლასში სიცილზე გადავიდნენ... უცებ კარი იღება და  დარაჯი შემოდის...
- მანჯავიძეს დირექტორი ეძახის, ჩანთით...
…სახლში ვერ მივსულვარ, მგონი სკოლიდანაც გამაგდეს. არადა არ იყო ჩემი ბრალი. სამი დღის წინ იყო ეს. ხმას არ მცემს იმის მერე მამა. თუმცა სად მნახავს, არ ვარ სამი დღეა სახლში.  არადა,  რა მექნა, ბადეს ვინ ჩივა, ან სამას ლარიან ჯარიმას, თევზს გვართმევდნენ მე და ზაზაიას ეგერები.  ვთევზაობთ.  ორ კილომდე დაჭერილი გვაქვს უკვე. თან რა გემრიელი ხევისწყალას თევზი. ორი საათი ვითევზავეთ ლამის. წყალმა მოშიება იცის, კუჭი დიმპიტაურს თამაშობს. თან წამოწვიმა.  ის იყო  ვაპირებდით გუდა-ნაბადის და ბადების აკრეფას, ორი ეგერი დაგვადგა თავზე. აბა რა ქენით, კარგად ითევზავეთო. არა გვიშავსო, - ზაზამ. იცით ახლა  რომ თევზაობა არ შეიძლებაო. საიდან უნდა გვცოდნოდა, თევზები ხო არ გვეტყოდნენ. კიო, ამ შტერმა ზაზაიამ. ხოდა თუ იცოდით, ჯარიმას გადაიხდით სამას ლარსო, - ერთმა.  წამოით ახლა თქვენი ხელით ჩადეთ მანქანაში ეს ბადე და დაჭერილი თევზიო, - მეორემ. შავი მაიკა გვეცვა და  წვერი არ გვქონდა ერთი კვირა განაპარსი ორივეს, ხოდა დავაბერტყე, ბიძიებო, ეს ერთხელ გვაპატიეთ, ჩვენ ძმები ვართ,  მამა მოგვიკვდა, საკურთხის თევზია-მეთქი. უიო, შეწუხდნენ, მგონი დაიჯერეს.  ზაზას თვალები თევზივით დაუმრგვალდა და ისე აქვს დაჭყეტილი, ლამის გადმოუცივდეს. არა, მე არა მგონია ვინმემ დამიჯეროს, უფრო შავმა მაიკამ  და  მოუპარსავმა წვერმა იმოქმედა ალბათ. კარგიო, წადით აბა ამ ერთხელ გაპატიებთო.  სულ ფუცხუნ-ფუცხუნით წამოვედით. მდინარიდან გზაზე ამოვედით,  ამოგვყვნენ ისინიც, - იქვე ედგათ  მანქანა.  კოხნარლები ხართო? - კოხნარი სოფელია ჩვენი.  კიო ზაზამ – სიმართლე რომ ხან გლახად გაგიხდის საქმეს არ იცის, რა ენაღვლება. მე ვარ შარში, ის კი არა. იქეთ მივდივართ და გაგიყოლებთო. ვერ თქვით უარი. სადმე ხო უნდა  ჩამოვსულიყავით და  ჩვენს ასახვევთან  გავაჩერებინეთ. ზაზაიამ,  წამობრძანდით, დაღლილები იქნებითო.  ფეხი ის ვგლიჯე ფეხში, გაყვითლდა.  კაიო, მართლა მოშიებული იყვნენ ეტყობა. მაშინ კი შემაცივა ცოტა.  არა,  ჯერ დამცხა, მერე შემაცივა.  დედას კი ვეტყვი რაცხას, მარა მამა თუ სახლში დამხვდა, რა ვქნა,  - ვფიქრობ.  მამა ვეტექიმია, შიგა და შიგ ხალხსაც მკურნალობს, იშვიათადაა სახლში, ხან ვინ ურეკავს ხან ვინ.  კინაღამ გადამიტრიალდა გული, პირველი ვინც ეზოში დავინახე, მამაჩემი იყო, - მობრძანდითო -  შემოგვეგება. დავწინაურდი და თვალს ვუკრავ.  ეგერებს ვეუბნები, გაიცანით, ეს ბიძაა ჩვენი-მეთქი. 
მამა გაკვირვებული მიყურებს, მე თვალს ვუკრავ. ზაზამ ოდაში აიყვანა სტუმრები.  მამა დავიმარტოხელე, მე და ზაზა ძმები ვართ, - ვეუბნები. იყავით შვილოო, - მამაჩემმა. არა, ცოტა ხნით მართლა ძმები ვიქნებით, ოღონდ შენ ჩვენი ბიძა უნდა იყო-თქო. ხოდა, ავუხსენი ყველაფერი და უნდა ითამადო, ოღონდ საკურთხის სუფრაა და ვითომ მამა, ანუ შენ გარდაცვლილი მყავხარ-მეთქი მასხარა ხარო. აბა რა მექნა, ბადეს და დაჭერილ თევზს ვკარგავდი და სამასი ლარი  ჯარიმა კიდე ზედ-თქო... აბა ასე ჩემი დაკარგვა გადაგიწყვეტიაო, კაი ჯანდაბას შენი თავიო. წამოვიდა,  ითამადა კიდეც.
მანამდე  დედა მოვიძიე, არიქა სტუმები გვყავს, ეს თევზი შეწვი  და დანარჩენი აბა შენი იცი, - ვეუბნები.  თევზი მართლა გემრიელი გამოდგა ერთი ეგერი სვამდა, მეორე არა,  რულთან ვარო. მალე წავიდნენ. მანამდე, ვითომცდა ბიძაჩემის ნათქვამი, ვითომცდა  გადარცვლილი მამაჩემის სადღეგრძელო  დალიეს. რომ წავიდნენ, ვიფიქრე ამოვისუნთქავ, თევზი არც მიჭამია ხეირიანად,  ხოდა მაშინ გაგიჟდა მამაჩემი: - ხო წავიდნენ, ძალიანაც კარგი, სტოპ, მამა, აქამდე მტერი ვიყავი  შენი,  ვერ გხედავდი, აწი მამა ვიქნებიო, უნდა მოგხედოო და წალდით თხემლას შეაჭრა კაი მსხვილი  ბოლი. ვდურთე თავი ჭიშკარში. სამი დღე ზაზასთან ვათევ ღამეს. იქ მიგზავნის დედაჩემი საჭმელს და საცმელს. ერთი ახლა ვნახე გაბრაზებული ერთიც მაშინ, რუსულის მასწავლებელი რომ ამიჯანყდა, მეზობელია ის ქალი ჩვენი - ვერ არის მთლად დალაგებული.  აივლიდა, ჩაივლიდა: - ნა პრინციპ არ სწავლობს შენი ბაღანე რუსულსო, - მამასთან მიშვებდა ყოველ დღე. გაბრაზებულმა მამაჩემმა შინა პატიმრობა გამომიცხადა, ჩამკეტა ერთ ოთახში და  სანამ რუსულს არ ისწავლი, არ გამოგიშვებო. გავიდა ნახევარი საათი, „მამა, მამა” -  ვიძახი. რა გინდაო, - შემეხმიანა. შენ არა, დედას ვეძახი, - ვეუბნები. გამომიშვა,  უსწავლია რუსული უკვეო.
მივდივართ ამასობაში დერეფანში მე, - ხელში ჩანთით, ჩანთაში ერთი რვეული და დარაჯი.  დარაჯი ინტერესდება, კიდევ რა დავაშავე. მე რა ვიცი რა დავაშავე. ალბათ გაიგეს ფიზკულტურის გაკვეთილზე დარბაზში ფანჯარა რომ ჩავამსხვრიე. ჩემი რა ბრალია, ბურთი მოხვდა.  მერე მეუბნება, სიგარეტი არ გაქვსო. თუ სიგარეტი არ აქვს, ნეტა რას დარაჯობს?  მივეცი.
- არ გინდა შეგინახო? – მეკითხება.
- რა?
- სიგარეტი, დირექტორმა არ გინახოს.
- როდის იყო დირექტორი ჯიბეს ჩითავდა! – ვიცი როგორც შემინახავს... – აი, ჩანთა შემინახე.
- არ გამოვა,  ჩანთით, შემოვიდესო.
ნეტა დირექტორს ჩემი ჩანთა რათ უნდა. შევედი. იქ  ბიძაჩემი დამხვდა, კალისტო. დედაჩემის ძმაა, მეზობელ სოფელში ცხოვრობს, თან დირექტორთან მეგობრობს. ადრე ერთად უსწავლიათ უნივერსიტეტში, მერე ბიძაჩემი გამოუგდიათ, თუ თვითონ წამოვიდა არ ამბობს...
- ოჰ, გიგლა ბატონო, მობრძანდით! – დირექტორი მექილიკება.
- დავაშავე რამე,  მას?
- გაგიჭირდებოდა! 
- გიგლა გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა... – მეუბნება ბიძაჩემი, – წავედით აბა ჩვენ.
- დაამთავრე ის ამბავი, თუ არა დავაბრუნე კლასში  აი ვაჟბატონი, - ბრაზობს დირექტორი.
- ... ხო, რავარია, დავჯექით სამი, ავდექით რვა... წინაპრების სადღეგრძელოს ვსვამთ... – ეტყობა დაწყებულ ამბავს აგრძელებს კალისტო.
- ღვინო ვარგოდა?!
- ღვინო ვიყიდეთ. პირველი სამი ჭიქა კი გაგვიჭირდა, ცოტა, რაფერ ამჟავებს აი ხალხი ღვინოს, მერე წავიდა და წავიდა.
- გახსოვს ფილოსოფიის რექტორი  რომ გვეუბნებოდა, პირველი სამი აღებს, ექვსამდე ღიაა, მერე ისევ იკეტება,  მეშვიდეზეო... ჯიგაროს მაღაზიაა რა, – იცინის დირექტორი.  ჯიგაროს სოფლის მაღაზიის გამყიდველს ეძახიან, ისე ნამდვილი სახელი დევია ჰამლეტია.
- ხოდა დეიწყო დაკეტვა. წინაპრების სადღეგრძელოზე წინა ღამის სიზმარი გავიხსენე უცებ, თითქოს  მოგვებთან ვიყავი. სამნი იყვნენ,  რაც გაინტერესებს, გეტყვითო, მეუბნებიან თითქოს.  ხოდა არ ვიცი, რატო, ვეკითხები, სიკვდილი ყველაფრის ბოლოა? ანუ მოკვდა ადამიანი და გაქრა, ფაფუ-მეთქი. არ გაინტერესებს რა მითხრეს?  არაო,  სიკვდილი ახალი სიცოცხლის დასაწყისიაო. ასე ბევრი ამბობს, დამიმიტკიცეთ-მეთქი. ერთმა  ჯიბიდან თაბახის ფურცელი ამოიღო. ორად გაკეცა და მიწაზე დადო. ასე გაკეცილი დარჩა ქაღალდი, - კარავივით. ხედავო, მეუბნება. კი, ვხედავ, თვალები მიხატული კი არ მაქვს-მეთქი. ხოდა  ქაღალდმა დაიმახსოვრა რომ გავკეცეო, სიცოცხლე მახსოვრობაა. გახსოვს ანუ ცოცხლობო. მინდოდა მეკითხა, ვისაც სკლეროზი აქვს, იმას რა ეშველება, ან რომ დაიწვება ეს ქაღალდი, მერე-მეთქი, მარა გამეღვიძა.  მისმენს ზურიე და გეიგიჟა თავი, არადა  მანტერესებდა სიკვდილი რა იყო და დეიჩემა,  მე ვითომ მოვკვდი და  მიტირეთო... იქვე ზალაში მეორე ტახტი  იყო  და წამოწვა.  ჯერ მოგონების სადღეგრძელოები  დავახვავეთ. ბესიე  გარეთ გავიდა,  ეზოში მოგლეჯილი ყვავილებით დაბრუნდა და შემოულაგა ირგვლივ,  მერე თავზე დაემხო და ისეთი მოთქმა და ბღავილი ატეხა, შურას შეშურდებოდა, ხო იცი სოფლის მთავარი მოკივარი რომაა.
- მერე არ გეიგონეს მეზობლებმა? – იცინის დირექტორი.
- გეიგონეს რომელია, მთელ კუთხე მოგროვდა, პირველი შურა მოვარდა კივილით, ზურია, ზურიაო, შენ სიკვდილი არ იცოდიო, კივის. არა, მართლა მკვდარი რომ ყოფილიყო, ჩემთან რეიზა ესვენებოდა. იმას ზურიეს ცოლშვილი მოყვა. ატყდა ერთი ამბავი.  მართლა მიცვალებული ეგონათ ზალაში დასვენებული. ისე  კაი ცრემლი გაყვა ზურიას, არც აპირებდა წამოდგომას, მგონი. წამოდგა და ისევ შურა გახდა  ცუდად... 
- ვერა ხართ, რა... 
- არ მითხრა, რა, იმფერი გააბდლებული ვიყავი, ჩემი თავის მცხვენოდა მეორე დღეს. თან დედაჩემი სარით დამსდევდა, რას გავს სახლ-კარი, სახლში მარტო არ დეიტიებიო.  ასე იყო აი ამბავი,  გიგლა ბატონო, წავედით აბა ჩვენ...  –  ბიძაჩემს როგორც იქნა გავახსენდი. 
- კი მარა, სად  მიგყავს აი ბავშვი, არ მეტყვი? – ისე ეკითხება დირექტორი, გეგონება მართლა ვენანებოდე.
- რაღა ბავშვი, წვერს იპარსავს უკვე, რა ამბავია თორმეტი წელი კლასი, ამ ხნის  რომ იყო აღმაშენებელი, მეფობის ორწლიანი სტაჟი  ქონდა უკვე, -  დაიწუნა ბიძაჩემმა ჩემი თანამდებობა და სკოლაში მიმდინარე რეფორმა. 
- მეფობას თუ მისცემს ვინმე,  აიც არ იტყვის უარს, -  იცინის დირექტორი,  - მაინც სად მიდიხართ!
- ყურძენზე, კახეთში?!
- იქნება ახლა?
- კი, დამპირდა ერთი.
- მერე, სკოლა? – მეც ჩავერთე საუბარში.  ოპა, ამას მე ვამბობ, ისე,  დირექტორის გასაგონად, თან ვცქმუტავ, ანუ მოგზაურობა მიწევს.
- ნუ გეშინია,  წიგნი არ გაგექცევა, ჩამოხვალ და დაგხვდება!
- რატო დახვდება, თან წაიღებს და გზაში  იმეცადინებს! – ფანტასტიკურ აზრებს აფრქვევს დირექტორი. ნეტა ჯერა?!
- კი,  ესეც შეიძლება, კლასსაც ხო არ გამოაყოლებ?!  -  ახვიხვინდა ბიძაჩემი. ცხენის სიცილი აქვს. ვინც არ იცის, როგორ ხვიხვინებს ცხენი, ვეტყვი -  ბიძაჩემივით.
- მამა თანახმაა?
- ყურძენი მარტო ჩემდა კი არა, თქვენდაც უნდა მოვიტანოთ. ვითომ წუხდეს მამის ამბავს? სადაც გინდა იქ წაიყვანე, მაგის ფეხი არ ვნახო სახლშიო, ასე მითხრა!  ის იცი, მამამისს საკუთარი შესანდობარი რომ დაალევინა? – დირექტორს მიუბრუნდა ისევ.
- გაუჭირდებოდა!  – ამბობს  დირექტორი.
- როის მივდივართ?! – ვეკითხები დირექტორის კაბინეტიდან რომ გამოვედით. 
- მივდივართ უკვე! – მეუბნება.
სკოლის ეზოსთან მამაჩემის ოპელი იდგა. მერე თვითონ მამას დავუწყე ძებნა. თურმე კალისტოს ჰქონდა გასაღები.
- ოპელით მივდივართ? – ვეუბნები მანქანში რომ ჩავჯექით.
- ხო, აბა ფეხით სიარულს გაკადრებ. დღეს ცხრამდე თბილისში უნდა ვიყოთ. საქართველოს ნაკრებიც თამაშობს,  პოლონეთთან.  ხვალ კი კახეთი,  - ცივ გობორს გადასახედო, კახეთო, ჩემო კახეთოოო...…”,  - წაუღიღინა, - დღეს კი დიდი მატჩი გველის. ლევანდოვსკი და რამე. ჩვენები იგებენ, ასიანი.
- აუ, მაგარია, - კბილები ამიკაწკაწდა, - და ბილეთები.
- ძმაკაცი მყავს ერთი, ხოდა დაგვახვედრებს, მაგაზე არ იდარდო,  მე შენ გეტყვი და თავპირის მტვრევა არ იყოს... ეჰ, რა დრო იყო  ხალხი ღამეებს ათევდა ბილეთების რიგში... რაფერ მეცოდება პაიჭაძე, მესხი, მეტრეველი, ყიფიანი ამათ საცოდაობას  რომ უყურებს.
- ესენი ხო მოკვდნენ...
- შენ ყრუ ხომ არ ხარ, აი ყურები მიხატული  გაქვს? ვერ გაიგე მოგვებმა რა თქვეს?!
ბიძაჩემი, როგორც თვითონ ამბობს, პატრონი არ ყავდა, თორემ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, ისე ფეხბურთს შევალიე  ჩემი სიჭაბუკე და ჯანმრთელობაო, ამბობს. მოტეხილ აქვს მარჯვენა ხელი (ეს ღობეზე ხტებოდა თურმე სტადიონის და მაშინ), მარცხენა ფეხი (ბავშვობაში ასფალტზე თამაშობდა თურმე), ორი ნეკნი (ეს სოფელში ცოლიანები და უცოლოები თამაშობდნენ პურ-მარილზე).  მთელი  არაფერი არ მაქვს, სულის გარდაო, ამბობს.  რო კითხავ, როგორ ხარო, სულმთლად ვარო, გეტყვის. გარდა ამისა ჯიღის ხელა ჭრილობა აქვს ფერდში, ეს მოსწავლე  რომ იყო, მაშინ გაპარულა აფხაზეთის ომში. გაგრასთან დაიჭრა, ძლივს გადაარჩინეს, მაგრამ ამაზე არასოდეს ამბობს რამეს. 
ჯერ სახლში გავიარეთ. მეგონა მამა არც იყო სახლში.  მე არც გადმოვსულვარ მანქანიდან.  დედამ, აბა ჭკვიანად იყავითო.  საგზალი  გაემზადებინა უკვე და ჩანთით საცვლებიც, ჩემთვისაც და ბიძაჩემისთვისაც. მე სამაგიეროდ ჩემი ერთ რვეულიანი ჩანთა დავუტოვე. წამოვედით, სანამ ეზოს ღობერს გავცდებოდით, უკან მივიხედე და შევნიშნე, დედას ჩემი ჩანთა გულზე ჰქონდა მიკრული, მასთან ერთად მამაც იდგა და ერთად გვიყურებდნენ ორივე...
სოფლის ცენტრიდან სამტრედიამდე ორი ტყუპი ძმა გამოგვყვა. სამოც წლამდე არიან უკვე. ერთხელ მამამ ამათთან თხილის კრეფაზე მისახმარებლად გამიშვა, მეორე ძმაც იქ იყო. ამათ არ ვიცნობდი საერთოდ.  სამტრედიაში ცხოვრობენ და მოსავლის აღების დროს ამოდიან სოფელში. ხოდა სანამ დავიწყეთ მუშაობა, ერთმა დამიმარტოხელა და მეუბნება,  ესო, ჩემი ძმა, ცოტა გიჟია, არაფერი თქვა საერთოდ თორემ შეიძლება მოუაროს და თუ გადელდა მტრისას მერე, ვერ აკავებს ვერაკაცი და შეიძლება თავში რაიმე გრეხვოს,  ხოდა ფრთხილად იყავიო.  ვარ ჩუმად, ხმას არ ვიღებ საერთოდ.  ნორმალურად იქცევა ის კაცი, ვერაფერს შეატყობ.  გავიდა ასე  ერთი საათი. ხოდა ვეკითხები იმ ძმას მარტო რომ დავრჩით, იმ კაცს გიჟობის და სიაბლდის რომ არაფერი ეტყობა-მეთქი. რა გიჟობისო, - უკვირს იმას. თურმე შემშლია. იმ ძმას ვეუბნები ამას, ვინც გიჟად გაასაღეს. ვაი მაგი შტერიო, გიჟი და აბდალე თვითონ მაიაო, ხოდა მაგას უნდა უფრთხილდე, თუ უნდა უფრთხილდეო - იცინის... მატყუებდა თურმე ის, მეორე ძმა...  მე კიდე ძმები ამერია ერთმანეთში, ვინც მატყუებდა იმას პერანგი გაუცვლია მეორესთვის.  ამიჭრელდა თვალები... ვინაა ამათი საღადაო-მეთქი, თან როგორია, ორ კაცს უყურებ და ერთია, წამოვედი სახლში... გამომეკიდენ,  სადილზე მაინც დარჩიო, ვჭამე უკვე-მეთქი.
სანამ ეს ამბავი გავიხსენეთ და ვიცნეთ  ჩავედით სამტრედიაში. ისინი ჩამოვიდნენ, ცოტა გავიარეთ და ქალი იდგა გზაზე. მობილურზე საუბრობდა, თან ჩვენც აგვიწია ხელი.  ბიძაჩემი  ხო დედა ტერეზაა, არ არსებობს ვინმემ ხელი აუწიოს და არ გაუჩეროს. ის კი  არა ლეკვი დაუნახავს გზაზე, გალუმპული  ღელედან ვერ ამოდიოდა თურმე. წოუყვანია სახლში. ბებიას რომ უთქვამს რა მოიყვანე ესო, გაჭირვებული, კაცი იქნება თუ ძაღლი, უნდა დეეხმარო, - უთქვია.  ჩაჯდა ქალი,  არც მოგვსალმებია, არც საუბარი შეუწყვეტია. დაძრა ბიძაჩემმა მანქანა, თან სარკეში უყურებს ქალს. 
- გოგო, სახლში ვერ გეტყოდი, რომ გეიგონ რეიზა მოვდივარ, მეჩხუბებიან.  ხოდა იმიზა გაგითიშე. იმათ იციან, თითქოს ლილოში მივდივარ ბოვშვების საყიდლებზე.
- ...
- არა, სად მცალია შენთან მოსასვლელად და ყავიზა,  ჩამოვალ თუ არა სალონში უნდა მივიდე ჯერ, მერე შტაბში...  ხოდა ვუყურებ ტელევიზორში, მოდის და მოდის მანქანები და დროშები,  გული სიხარულით ამიჩქროლდა, ის ძველი  დრო გამახსენდა... ალო,  ალო...…- ეტყობა არ იჭერდა  მობილი  და გაეთიშა.
- გამარჯობათ ქალბატონო... – ახლაღა მიესალმა ბიძაჩემი.
- უი, ბოდიშით,  არც კი მოგესალმეთ... თბილისში მიდიხართ?
- კი,  ალბათ თქვენც ხო...
- კი,  მიტინგზე ხომ არ მიდიხართ?
- რომელ მიტინგზე, ქალბატონო? – დაინტერესდა ბიძაჩემი... 
- როგორ?  არ იცით? ნაციონალების მიტინგი იქნება. მიშას ვენაცვალე, შეიძლება სკაიპითაც დაგველაპარაკოს...
- ქალბატონო, აქ რომ იყო, რას აკეთებდა, იქედან რომ გააკეთოს რამე, თან სკაიპით – უკვირს ბიძაჩემს.
- ააშენა ქვეყანა და თავის აშენებულ ქვეყანაში ვერ ჩამოდის, საქმე ეს?!
- არ უნდა გეეხადა ასე საქმე, ქალბატონო!
- უიმე, ბიძინისტები ხართ  თქვენ?!
- არა ქალბატონო, ჩვენ ვართ შარაფისტები...
- შარაფი ვინ არის?
- აბა,  ბიძინა ვინ არის?!
- ხო, ვითომ არ იცით!
- ხოდა...  უიმე, მანქანის პასპორტი  დაგვრჩა სახლში,  ხო გითხარი გამახსენე-მეთქი, - მომიბრუნდა მე.
- როის მითხარი, - გავაბდლი უცებ, მეგონა მართლა დარჩა რამე.
- უნდა მოვბრუნდეთ ქალბატონო უკან, თუ გნებავთ წამოით ჩახატოურში.
- გამიჩერე ერთი,  თუ კაცი ხარ!
ჩავიდა ქალი. ბიძაჩემმა, მე რომ ვფიქრობდი მოაბრუნებს-მეთქი, პირდაპირ გააგრძელა გზა.
- მერე გეტყვიან ცოლი რატომ არ მოგყავსო, - მომიბრუნდა მე. ვერაფერს ვერ გაუგებს კაცი კალისტოს. ეს არის მართლა კვადრატული განტოლება და დისკრიმინანტი. ცოტაც რომ გავიარეთ მღვდელი  იდგა გზაზე. გააჩერა.
- მამაო, წამობრძანდით, თუ იქეთ მიდიხართ.
- უბისას გადასახვევამდე გამოგყვებით, შვილებო...
- მობრძანდით, მამაო...
ცოტა დრო ჩუმად ვიარეთ. საათი რომელიაო, მკითხა, სამი ხდებოდა უკვე. ზესტაფონს  გავცდით ამასობაში. მოსახვევებმა იმატა და ტრაილერებმა. გაასწრებს ბიძაჩემი ერთს,  მეორე გამოჩნდება. გააასწრებს იმასაც, მესამე. 
- სად გეჩქარება, შვილო, ღმერთს არ ეჩქარება, შენც ნუ გეჩქარება. 
- ეს რა სიჩქარეა, მამაო, ყოფილა სამ საათში  ჩავსულვარ  თბილისში.
- ძველი სიბრძნეა ერთი,  - ,, იჩქარე ნელა"! 
- რა ვიცი, მამაო, თითქო საათიც აჩქარებულია... თითქოს დედამიწაც ჩქარობს, რაცხა მალე ღამდება-თენდება, თუ ვცდები, მამაო?!
- ეჭვი რომ გეპარება, ცდები ანუ შვილო!
- მამაო, სიზმარი ვნახე... – დაწვრილებით მოუყვა მოგვების ამბავი... -  თქვენ რას მეტყვით?!
- მე რა გითხრა, წმინდა ავგუსტინე ამბობს, შვილო,  „სიკვდილი არა არის რა,  მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი. მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვართ საუკუნოდ”...
- ასე მითხრეს იმათაც, გამოდის მართლა მოგვები იყვნენ, მე აფერისტები მეგონენ, მაპატიეთ მამაო... – უცებ ტუჩზე მიიდო ხელი...
- ღმერთმა მოგიტევოს,  შვილო!
ამასობაში უბისას გადასახვევამდეც მივედით, მიგიყვანთ მამაოო, ბიძაჩემმა. არა, აქვეა,  ხო  გეჩქარებოდათო. არა უშავსო. მართლა იქვე იყო მონასტერი. თამარ მეფის საყვარელი  მონასტერი ყოფილა უბისა. ამდენი ხანია ამ გზაზე დავდივარ  და ასე ლამაზი მონასტერი თუ იყო აქ არ ვიცოდიო, ნახე კაცო მეცხრე საუკუნეში რა აუშენებიათ, ხოდა აბა ვინ იტყვის რომ სიკვდილი არსებობსო, - ამბობს ბიძაჩემი. ოთხსართულიანი ბერების საცხოვრებელიც ვნახეთ, ისიც მეცხრე საუკუნის. თბილისში, ვაჟაზე რომ ხრუშოვკებია იმაზე ასჯერ უკეთესიაო, - იღიმის  ბიძაჩემი.  თურმე იქ ცხოვრობდა სტუდენტობისას. სანთლები ავანთეთ, მამაომ გზა დაგვილოცა და წამოვედით. უბისადან სანამ ცენტრალურ ტრასაზე გამოვიდოდით, ქარმა დაუბერა და შემოდგომის ოქროსფერი ფოთლების თოვლი წამოვიდა უცებ. ბიძაჩემმა მანქანა გააჩერა, ნახეო რა ლამაზიაო და ღიღინი დაიწყო... ,,ყვითელი ფოთლების, გუნდი შორეულ, ქარს სადაღაც მიაქვს...”
რიკოტზე ცოტა შევისვენეთ, ერთ ფაცხაში დედას გამოტანებული ხაჭაპურები და მრგვალად მოხარშული  დედალი დავამუშავეთ... თბილისში შვიდი იქნებოდა, რომ ჩავედით...  ჯერ რომელიღაც საავადმყოფოში მივედით, სადაც ძმაკაცი ელოდებოდა ბილეთებით. კაბინეტამდე აქაც დარაჯმა მიგვაცილა, რაღა  საავადმყოფო, რაღა ჩვენი სკოლა – დარაჯმა აქაც სიგარეტი გამოგვართვა. ოღონდ მე არა, ბიძაჩემს. ბიძაჩემთან ვერ ვეწევი, თითებს მიგაწვავო დამპირდა, რაც სულაც არ მხიბლავს. 
- რა ხალხი და რა კაცი, შემოდით  კაცო, ჩამოჯექით! –  მოგვეგება თეთრხალათიანი კაცი.
- სად მცალია დასაჯდომად, დაიწყო თამაში.  …
- შენ რავა იმ გურული  ქალივით ამბობ,  ავტობუსში  რომ ადგილს უთმობენ, და რო შეიცხადებს, სად მცალია ნენა დასაჯდომადო!
-   ხოდა ისე ვარ მეც... დასაჯდომად მაშინ გვეცალა კლასში რომ ვსწავლობდით...
- ნუ გამახსენებ თუ კაცი ხარ... ე, მაშინ ვიყავით ბედნიერები...  გახსოვს როგორ ვაწვალებდით  გოგოებს...
- არ გცხვენია მერე მაგი  რომ გახსოვს?
- კი, ცოტა! 
- ეს აგნეტუშიტელი რას დაგიდგამს აქ?
- არ მკითხო, ერთი შორეული ნაცნობი მყავს...
- შორეული - ნათესავი გამიგია!
- შორეული ნათესავი  ხო გაგიგია, ხოდა ეს შორეული ნაცნობია.  მირეკავს ერთხელ, მიშველე,  ძმა მეღუპებაო. ძმა ყავს იმ  ნაცნობს - ვარლამი,  პაჟარნიკი. ვიცნობ იმასაც. ვიფიქრე, გამოძახებაზე მოუვიდა რამე-თქვა. შენც არ მომიკვდე. სოფელში წასულა ყურძნის საკრეფად და ჩამოვარდნილა ხიდან – თან არ დაგავიწყდეს, მეხანძრე... თურმე  პირველი არ მოსვლია ეს,  ადრეც ჩამოვარდნილა, თან არა ერთხელ,  ისე რომ მეზობლები ეხუმრებოდნენ კიდეც: ვარლამ, ხეზე რომ გადიხარ, ტოტს ხელს არ კიდებო... ადრე კი გადარჩენილა, მარა ახლა ცუდად იყო ნამეტანი.  კაცი დამხვდა დაშლილი, თავიდან იყო ასაწყობი, ერთი  პროცეტი იყო გადარჩენის შანსი, არ მინდოდა ხელის მოკიდება, გადამყვა ის კაცი. დავთანხმდი, მოვეჭიდე იმ ერთ პროცენტს, მომყვა ორგანიზმი,  ხოდა სამ თვეში  დავაყენე ფეხზე,  გავუშვი სახლში. ბიზნესმენია  ის  ჩემი შორეული ნაცნობი,  ხოდა გამოწერის დროს მაჩუქა რაღაცა თანხა, ჩემ სახელად იყიდე რაცხაო. არ ვართმევდი მაგრამ, ბანკის კრედიტი მქონდა დასაფარი და არც  მე ვეჭიდავე ბევრი... ხოდა მირეკავს დღეს, ცუდადაა საქმე, ცოლს ვერ  ცნობს ის ჩემი ძმაო... პირდაპირ ვერ მეუბნება ეტყობა, ფული დამიბრუნეო…ალბათ. თან არც მე მაქვს დასაბრუნებელი,  ხოდა დავიბარე დღეს... მოვიდნენ ორივე, მოვატანინე ეს ცეცხლმაქრი და  ვეკითხები: ვარლამ,  რა არის ეს-მეთქი. „აგნეტუშიტელიო”,  - გამიღიმა... გავიყვანე მეორე ოთახში ის ბიზნესმენი ძმა, ვეუბნები: ეს კაცი აგნეტუშიტელს ცნობს და ცოლს თუ ვერ ცნობს, ვადროვოთ ცოტა და იცნობს-მეთქი... ვერ მითხრა ვერაფერი, ეს წუთია წავიდნენ...
- იგონებ ახლა ამას?
- ასიანს გეუბნები,  სად მცალია  მოსაგონებლად, კაი მოვრჩეთ ამაზე, სხვა რა ხდება, დაოჯახებას არ აპირებ, გაგითეთრდა თმა. ხო ხედავ! 
- ეჰ, იმისთანა დრო მოვიდა, რომ  მყავდეს, უნდა ვუშვებდე!  - ეტყობა ის ქალი გაახსენდა ბიძაჩემს გზაში რომ დავტოვეთ. ხო, ერთხელ ქალის დასანიშნადაც ყოფილა.  ბებიაჩემი და დედაჩემიც ახლდა. წამოუცვია დედაჩემის ნაყიდი  ოქროს კალიცო  ქალისთვის ხელზე. სუფრაა თან თითქოს  გაშლილი  დიდი. ხოდა შუა სუფრაზე, ქალი ეჩურჩულება თთქოს,  კაი მძიმე ბეჭედი ჩანს,  მოდიო, ხვალ გავყიდოთ და ფული გევიყოთო. მათხოვე ეს კალიცოო, კალისტოს უთქვამს. უთხოვებია ქალს. უდურთია თავი კარებში და წამოსულა სახლში.  ასე ჩაშლილა ის ნიშნობა... მერე  რომ ეტყვიან, რას შვები ქალის სანახავად არ მიდიხარო, პასუხობს, ნანახი მყავს უკვეო. ის ბეჭედი დოულომბარდებია, ბიჭებთან ერთად რესტორანში უქეიფია.  რო დათვრა, უპატარძლო ქორწილიაო, იძახდა თურმე. 
წავედით სტადიონზე. ბიძაჩემის ძმაკაცი  ვერ წამოვიდა, თერტმეტამდე მორიგეობა მიწევს, საღამოს სახლში გელოდებითო. დინამოს ჭიშკართან იმდენი ხალხი იყო,  ვიფიქრე სავსე იქნება და შეიძლება ადგილებიც არ შეგვხვდეს-მეთქი. მერე რა რომ ბილეთი გვქონდა. თუმცა  ნახევარი ტრიბუნები ცარიელი დაგვხვდა, თუმცა ჩვენ ზედ ცენტრის პირდაპირ ვიჯექით და იქ ცარიელი ადგილი არც  იყო. ჯერ ჰიმნები შესრულდა, ბიძაჩემი  ბოლო ხმაზე  მღეროდა. მარჯვენა ხელის დამუშტული  გულთან ჰქონდა მიდებული და ისე.  მეც  რომ მივბაძე, გადმომხედა და  გამიცინა.
დაიწყო თამაში. ჩვენებმა რამნდენიმეჯერ კარგად შეუტიეს, მომენტებიც ჰქონდათ, ოღონდ საბოლოო დარტყმა სულ არაზუსტი იყო. სამაგიეროდ ბიძაჩემი ისე შედიოდა როლში, ერთი-ორჯერ კარგა ლაზათიანად და ზუსტად  მხია ფეხი ფეხში და მუჯლუგუნიც მითავაზა,  იქითა მხრიდან ვიღაც კაცი ეჯდა,  ის მგონი მეათე წუთზე გადაჯდა სხვაგან. მეც გადავჯდებოდი,  მარა მომერიდა მიტოვება, ისევ სჯობს  ფეხები მოვარიდო მეთქი. ხოდა ცალკე საქართველოს ნაკრები იცავდა თავს პოლონელებისაგან, ცალკე მე ბიძაჩემისაგან...
დამთავრდა პირველი ტაიმი.
- ჰა, რავარია,  - მეკითხება. – ჟიმ-ჟიმი აქვთ პოლონელებს, ჩვენი ბიჭები უტევენ, ვიგებთ.
- აუ, სად დაარტყა იმ რიჟამ. – ვამბობა მე. 
- კობახიძემ? – იცინის ბიძაჩემი. – სამაგიეროდ კარგად თამაშობს. აიკლო მარჯვენა ფრთა. 
მეორე ტაიმი სანამ დაიწყებოდა, ჩემს გვერდითაც გათავისუფლდა ადგილი. ამასობაში ვხედავთკიბეებზე ვიღაც მთასავით კაცი ამოდის. ესო ალბათ სავარძელში  მაშველით ჯდება და წიხლით ამოყავთო, - იცინის ბიძაჩემი. ხოდა ახლა ვარ ცოდო, ზუსტად მე მომიჯდა ის კაცი გვერდით. ტერიტორიებსაც მართმევს, შემავიწროვა რა, რაღა რუსეთი და რაღა ეს. სად მოვძებნო ახლა ნატო? დაიწყო მეორე ტაიმი. ეს კაცი ტოტალიზატორის ბილეთებს  ამოიღებდა, დახედავდა და ისეც უემოციოდ აგრძელებდა თAმაშის ყურებას. ამასობაში პოლონელებმა კუთხური  ჩააწოდეს და პირველ მერცხალში რომ არის ინგლისელები რომ თავით ეთამაშებან ერთმანეთს და ქართველები  რომ გამოშტერებული  უყურებენ, ზუსტად ისე იყვნენ ახლაც. თავით უპასა ერთმა პოლონელმა მეორეს ჩვენს საჯრიმოში, იმანაც თავით დაარტყა  და გაგვიტანეს. 
- გენაცვალე. -  ჩაილაპარაკა ჩვენს გვერდით მჯდომმა, თან ისევ ბილეთებს ჩახედა, -  ეს თამაშიც ჯდება!
- მათხოვე აბა რა ბილეთი გაქვს, - დაინტერესდა ბიძაჩემი... საიდან გეიგონა იმ ღრიანცელში ამ კაცის ხმა, ვერ მივხვდი.  თან ადგილი შემიცვალეო, მეუბნება. შევუცვალე.  კაცმა ტოტალიზატორის ბილეთი აჩვენა, - სამას ლარს ვიგებო.  ბიძაჩემმა ჯერ ბილეთს დახედა,  მერე კაცს შეხედა.  ადგა,  აბა ისე რას შეწვდებოდა და ის ბილეთი თავზე გადაახია. წამოდგა ის კაციც, ადრე რომ მთა იყო, ახლა მთა იყო კვარდატში – სად გამომადგა გოგუცას ნასწავლი. საყელოში წვდა ბიძაჩემს და ექაჩება.  ძალები აშკარად უთანასწორო იყო და ვიფიქრე ზევიდა დავუვლი-მეთქი. დავუარე, ავხტი და კისერზე ჩავებღაუჭე, თან თავში ვგლიჯე. მეგონა კედელს დავეჯახე.  წიწილასავით მომიშორა და მერე  ორივე მეც და ბიძაჩემიც ბურთებივით მოგვისროლა. რბილად კი დავეცით.  თავიდან გადავდიოდით შეტევაზე, მარა მერე ხალხი ჩადგა შუაში გასაშველებლად,  პოლიციაც გამოჩნდა. წავიდა ის კაცი, ხო მთასავით იყო, მარა ასე მგონია ტურასავით გაიძურწა.  ამასობაში პოლონელებს მეორეც გაეტანათ. საბოლოოდ კი  ოთხით ნოლი წავაგეთ.
დაძმარებულები გამოვდივართ სტადიონიდან.  სანამ მანქანასთან მივიდოდით, ვიღაც კაცი გვეკითხება,  რა ქნეს ჩვენებმაო.
- ეჰ, წავაგეთ,  წავაგეთ... – სული და ხორცი ამოატანა ბიძაჩემმა ნათქვამს.
- გაუჭირდებოდათ, -  თქვა კაცმა, დირექტორივით.  ბიძაჩემი ისე მკვეთრად მიუტრიალდა, ვიფიქრე ახალი შარი, მაგრამ ისე ნაღვლიანი სახე ჰქონდა კაცს, ვერაფერი უთხრა...
ის ღამე ბიძაჩემის ექიმ-ძმაკაც-კლასელთან გავატარეთ. ბიძაჩემს დანა პირს არ უსხნიდა. პირდაპირ მაგიდასთან დაგვსვა, მისმა ძმაკაცმა, თან ბოდიშს იხდიდა, ცოლს დედა ყავს ცუდად და იქ არის, ხოდა მაპატიეთ ასეთი სუფრაო.  ბიძაჩემმა ხელი არაფერს არ დააკარა. რა მოხდაო, ის ძმაკაცი ეკითხება, პირველად ნახე საქართველსო ნაკრების წაგებაო.  მე მოვყევი რაც მოხდა. იცინის ბიძაჩემის ძმაკაცი,  რას ერჩოდი იმ კაცს, საქართველოს ნაკრები  ფულს აკეთებინებდაო, - ეხუმრება მისი ჭკუით. ადგა ბიძაჩემი, წამოდიო, მე მეუბნება. სად მიხვალ, ამ შუაღამეს,  არისტოფან, გეხუმრეო,  შერცხვა მის მეგობარს...
- იცი რა, ჩემთან შეიძლება შეგეშალოს, ვისთანაც გინდა შეგეშალოს,  ოღონდ  სამშობლოსთან და მშობელთან არ უნდა შეგეშალოს, ხოდა შენი ქვეყნის უბედურებაზე ფული არ უნდა აკეთო! – თქვა ბიძაჩემმა. მის მეგობარს კი ეუბნებოდა, მაგრამ მეგონა მე უფრო მეუბნებოდა ამ სიტყვებს -  ნახევარს მაინც.  უცებ ტირილი მომინდა. მამა გამახსენდა, დანდურებული. ცრემლი მომადგა. ტუალეტი მინდა-მეთქი... კარგად მოვიოხე იქ ტირილით გული, ოღონდ უხმოდ ვიტირე, ვინმეს ქალოია არ ვეგონო-მეთქი. დავრჩით მაინც, ალბათ  მე შევეცოდე,  ღამე სად გავათევიოო.
  მეორე დილით ადრე ავდექით.  ბიძაჩემის ძმაკაცს სუფრა გაეწყო უკვე.  არ გეწყინოს ძმაო რამეო, ისე გადაეხვია ის ძმაკაცი ბიძაჩემს, ლამის თავიდან ამიტყდა ტირილი, უსაშველოდ მომინდა ახლა მამასთან ვყოფილიყავი და ჩავხუტებოდი და პატიება მეთხოვა.
ჩავედით კახეთში. გზაში  გუნება გამოგვიკეთდა ორივეს. იმ მთა-კაცთან ხელჩართულ ბრძოლას ვიხსენებდით. თუმცა წესით გალახულები ჩვენ გამოვედით, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩვენ ვცემეთ ის კაცი...
დავდივართ სოფელ-სოფელ: რა ყურძენი, რის ყურძენი, რა ატამი რის ჭერამი, თქვენ ალაოდ ხო არ ხართ, ახლა ყურძენს სად იშოვნით, ყველას დაკრეფილ-დაწურული აქვს უკვეო, - გვეუბნებიან. ბიძაჩემს ვეუბნები, ის ერთი ვინაა, ყურძენს  რომ დაგპირდა-მეთქი, ეს ისე მოვიგონე, აბა რა ვიცოდი, კახეთში ყურძენს თუ ვერ ვნახავდიო. მერე ერთ სოფელში მიგვასწავლეს, თედო იკითხეთო. მივდივართ  სოფლის გზაზე, პატარა ბაზარი იყო. ბიძაჩემმა ცოტათი შევისვენოთო და ცხელი შოთის პური და ყველი  იყიდა. გემრიელად შევექეცით. მანქანაში რომ ვჯდებოდით, დამსვი რა-მეთქი. კაი, ტრასამდე დაჯექიო. შევცვალეთ ადგილები. ხუთი წუთი არ გვივლია,  მოსახვევში მანქანამ გადაგვისწრო, არადა ვსტრეჩნიზეც მანქანა გამოჩნდა. მე მკვეთრად მარჯვნივ ავიღე, მოსახვევში შევედი და წინ ვირის კაჭკა არ მიდის?  ტორმუზი კი ვგლიჯე მარა  ბრახ და დავეჯახე. ოღონდ სანამ დავეჯახებოდით, კაჭკაზე კაცი იჯდა. დაჯახებისას ინსტიქტურად თვალები დავხუჭე, თან აირბაკებმა გაიხსნა და ბალიშებმა მგლიჯა ცხვირში. ხოდა ახლა კი კაცი არ ჩანს. შევხედე ბიძაჩემს, ფერი არ აქვს. ახალი  ეტაპი ცხოვრებაში – ფერდაკარგული ბიძაჩემი.  ძლივს ავიხსენით ღვედები. ორივე მანქანამ ისე აგვიარა გვერდი, ვითომც არაფერი, ან შეიძლება ვერც შენიშნეს, რომ კაჭკას დავეჯახეთ. გადმოვედით. მანქანასთან კაცი წევს.  არ ინძრევა. მივვარდით. ბიძაჩემმა გულზე თავი დაადვა.
- დევიღუპეთ, მოკვდა მგონი, - შეიცხადა ბიძაჩემმა, - არ სუნთქავს მგონი. -  ისევ გულზე აქვს თავი დადებული.
-  აკი ამბობდი, სიკვდილი არ არსებობსო, -  ვეუბნები მე.
-  მე არ ვამბობდი, მოგვებმა თქვეს, მოგვებმა, - ასწია თავი, -  რა ვქნათ ახლა, დევიბრალებ, მე ვიყავი რულთან-თქვა.
-  შენ რეიზა დეიბრალებ, მე ვიყავი და... 
-  შენ კი იყავი, მარა, მაინც მომკლავს მამაშენი, ჯობია ისევ მე დევიბრალო...
-  ერთ უცხოურ ფილმშია, კაცი ასეა, კომაში და ტაშს დაუკრავენ და მოფხიზლდება, იქნებადა ესეც მოფხიზლდეს... -  მახსენდება  მე.
- არა ამ დროს, ხელები უნდა გაუშალო და დაუკეცო მგონი, - ამბობს ბიძაჩემი.  Dმე რაც შემეძლო ტაში შემოვკარი. ბიძაჩემი კიდე ხელებს აშლევინებს და აკეცვინებს. წინიდან კი, გაკვირვებულ ვირს კისერი მოუტრიალებია და  გვიყურებს.  თან როგორ გვიყურებს,  არ ვიცი ჩვენ არ ვიცი კაცს, ალბათ მის პატრონს. ,,იიი-ყავ, იიი-ყავ...” - დასცხო უცებ ვირმა, ჩვენც ტაშს და ხელების გაშლას  ვაგრძელებთ და  უცებ, სასწაული,  კაცმა უცებ ერთი ამოისლოკინა და თვალი გაახილა.
- ვირი გადარჩა?! – იკითხა. ამის თქმა იყო და ახლა ბიძაჩემს წაუვიდა გული და კაცს მიუწვა გვერდით. ახლა ის გამიხდა მისახედი და დავუწყე ტაშის დაკვრა... კაცი წამოდგა, იმას ვეხვეწები, იქნებ თქვნ ხელები გაუშალოთ-მეთქი.  კაიო, კაცმა. ვირმა კიდე იქედან დასცხო: „იიი-ყავ, იიი-ყავ…”. უცებ ჩემი ტელეფონი რეკავს. კატოა. სად გავახსენდი. ერთი არ  უნდა დაგერეკა, რას შვებიო. ტაშს ვუკრავ-მეთქი. რა ტაშს უკრავო. ბიძაჩემი ცეკვავს და მე ტაშს ვუკრავ,  ახლა არ მცალია-მეთქი, გავუთიშე და პროცედურა გავაგრძელე, ვირმაც „იიი-ყავ, იიი-ყავ...”  გააგრძელა.  უცებ მესიჯი მომივიდა. კატო იყო, კი არ იყო იმის დროა, მაგრამ დამაინტერესა რას მწერდა. ,,არასოდეს აღარ დამირეკო” - ეწერა ტელეფონის ეკრანზე. ვითო ისე ხო ვუფეთქებ ტელეფონს ზარებით. უცებ  ბიძაჩემიც მოფხიზლდა,  - არ, გინდა სასწრაფოში არ დარეკოო.  ხელში რომ ტელეფონი დამინახა ეგონა  სასწრაფოში ვრეკავდი.  ტაშის დაკვრა და ვირის შემოძახილი, ხო კიდე ცეკვა, აბა ხელების გაშლა მეტი რა არის,  ასე უხდება ხალხს, რათ უნდათ სასწრაფო.  რა ქენი, მოგვები ნახე-მეთქი, - ბიძაჩემს ვეკითხები.
- კი,  ვნახე! – ამბობს ბიძაჩემი. წამომჯდარი უკვე და კაცს უყურებს ისევ, როგორ არისო.
- მერე რა გითხრეს?
- რა მითხრეს და შენი დიშვილი ენას ნუ ატლიკინებს და ცოტა ზრდილობა იქონიოს, თუ არა მოცხე ყურის ძირშიო,  ზუსტად ასე მითხრეს. 
ამის გულისთვის  კატო მოვინდურე... უქენი ახლა კაცს სიკეთე. მარა ხო არ დავამადლი.
გადავრჩით ყველა. კაცს მნიშვნელოვნად არაფერი სჭირდა, არც ვირს, ორი კაჭკა იყო ცოტათი დაზიანებული,  ერთი ჩვენი,  ერთიც მისი. ოღონდ სიარული ორივეს შეეძლო ვენახში მივდიოდიო, კაცმა,  - თედომ. არ ჩამოვიდა ჩემი ბიჭი, ნიდერლანდებშია, ისე მე უნდა დავკრიფოო. 
- კარგო კაცო, ჩვენც ყურძენზე ვართ, ვერსად ვნახეთ ყველას გაკრეფილი აქვს, იქნებ სადმე მიგვასწავლო,  -  ენად გაიკრიფა ბიძაჩემი. ისევ უცებ მოუვიდა ხასიათიც და ფერიც.
- მე მაქვს ერთი პლანი  გასაკრეფი, - ამბობს  თედო, - წამოით, უნდა მოგცეთ.
- პლანი უნდა ამ ჩემს დისშვილს, ისეც ვერ არის მის მატორზე, - იცინის ბიძაჩემი, ვითომ არ იცოდეს, რომ პლანი ვენახის რიადებია. 
სასწაულს სასწაული დაემატა, ყურძენიც ვიშოვნეთ. ჯერ სულ უფასოდ გვატანდა, კაი ხალხი ხართო. კაობის რა შეგვატყო, განსაკუთრებით  მე, კინაღამ გავიტანე კაცი... ბიძაჩემმა, ასე არ გამოვა, შრომას დაფასება უნდაო. სახლშიც დაგვპატიჟა, პურ არა გშივათო.  ბიძაჩემს სენი აქვს ასეთი, დაპატიჟებაზე უარს არ ამბობს. დაწკრიალებული სახლ-კარი დაგვხდა,  ორსართულიანი სახლი და კოპწია შუახნის ქალი. რომელმაც ისე უცებ გააწყო სუფრა, ზღაპრებში რომ არის. კაცმა, ახლა  მარტონი ვართ, შვილები  კი გვყვანან, ბიჭი და გოგო, მარა ორივე ნიდერლანდებშია და იქა ჰყავთ ოჯახებიო... შვილიშვილებიცა გვყავ, ოღონდ სკაიპით ვუყურებთ.  ჯერ საქართველოში არა ჰყოფილანო... ბიძაჩემმა, ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს, სკაიპით დანახულს არა, ნაღდ საქართველოსო... დალევით არ დაულევია, ბაღანე  მახლავს, თან დიდი გზა გვიდევს წინო...
წამოვედით. მხოლოდ მეორე დღეა რაც წამოსულები ვართ, მაგრამ ჩემი სოფელი მომენატრა.  როგორ ძლებს ხალხი ნიდერლანდებში,  - ვფიქრობ. მიხარია უკან რომ ვბრუნდები. თან  ორი ვინმე  მყავს შესარიგებელი, ერთი მამაჩემი, – გინდა მართლა სარი მდრუზოს, რომ ჩავალ სახლში მაგრად ჩავეხუტები, მიხვდება რომ პატიებას ვთხოვ... მეორე კატო. მამაჩემი გასაგებია, სამშობლოა ჩემი, მაგრამ კატო ვინ გამოდის?  ხო, მივხვდი, -  კატო გამრავლებაა. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები