ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
24 ივლისი, 2017


ისევ ისე წიკწიკებს საათი

ელოდა.
საათის წიკწიკი მხოლოდ მაშინ გესმის, როცა მარტო ხარ და ელი.
ჯგუფელის დაბადების დღეზე გაიცნო.  დაინახა და მოეწონა.
ასაკისათვის ზედმეტად მშვიდი და სერიოზული ჩანდა. ეს მოეწონა ალბათ.  დაინტერესდა. თურმე ბიჭსაც  შეუნიშნავს. ჩუმად უთხოვია იუბილარისთვის, იმ გოგოს ტელეფონი მითხარიო.
ჯგუფელმა  მას თხოვა ნებართვა. გაუხარდა, ოღონდ ეს სიხარული არ შეიმჩნია,  რა ვიცი, თუ გინდა უთხარიო.
ხოდა ელოდა ზარს.
ის რომ რეკავდა, გრძნობდა, თითქოს სხვანაირი ხმა ჰქონდა ტელეფონს.
და ელოდა.
და ტელეფონი რეკავდა.

*  *  *
პირველი პაემანი.
რუსთაველზე, საუნჯის ქვემოთ თავისუფლებისაკენ, პირველი  ჭადარი. საუნჯეში ,,სამოსელი პირველის“ შეძენას აპირებდა.
წიგნი იყიდა. შეხვდა  და ეგონა იპოვა, ის  - მეორე,  ნახევარი.
ეგონა ის იყო,  ვისაც ელოდა:
მაშინ როცა ბაღში დადიოდა.
მაშინ როცა სკოლაში დადიოდა.
მაშინ როცა სტუდენტი გახდა.
მეორე ნახევარი, რომელსაც მთლიანი უნდოდა გაეხადა.
,,წიგნი მოდელზეა? - ბიჭმა  ჰკითხა, - მოდელობა ხომ არ გინდა?
ხოო, - უპასუხა. იფიქრა ხუმრობსო.
მერე იყო სიყვარულის შაბათი: სანამ ჯვარს დაიწერდნენ,  თეთრ სადედოფლო კაბაში გამოწყობილმა უჩურჩულა ღიმილით,  მე ვიქნები შენ და შენ იქნები მეო...
გაკვირვებულმა ჰკითხა სასიძომ, რა მითხარიო?  ეწყინა,  რომ ვერ მიუხვდა.
მერე ავუხსნიო გადაწყვიტა: მერმისთვის დრო არ დარჩა.

*  *  * 
ცალკე,  ლამაზ  ბინაში ცხოვრობდნენ..
ბინა ცალკე სამყაროა: ადამ და ევას სამყარო. 
ადამი – თიხა,  ევა - სიცოცხლე: და ქვეყანას მოევლინა ახალი სიცოცხლე:  თორნიკე – თოგო.
თოგო – მამის ღიმილი.
თოგო  - მამის მოძრაობა.
თოგო – დედის  გული.

* * *
ადამი იმ დღეს სამუშაოზე შემცირებაში მოხვდა: სხვებთან ერთად!
და დალია: სხვებთან ერთად! 
ადრეც დაულევია, მაგრამ ასე არა.  ევამ რომ დაინახა, შეცბა:  ეს არ იყო მისი ქმარი, სულ სხვა სხივი უკრთოდა თვალებში.  ეს არ იყო ის, ვისაც ელოდა.
დაქალები ყავდა სტუმრად.
არ ესიამოვნა ადამს: „თქვენ რა, სახლი არა გაქვთო?!”
იხუმრა ალბათო, თავიდან იფიქრეს.
„არაო” - უპასუხეს სიცილით.
პირველი ჭიქა შეასკდა კედელს, მერე თეფში.
ნამსხვრევები სულ ცოტაზე აცდა იქვე მოთამაშე ბავშვს...
შეცბნენ სტუმრები.. თოგომ ტირილი დაიწყო.
მერე გამოფხიზლდა.
მოიბოდიშა.
სწრაფად წავიდნენ გოგოები, იფიქრეს,  დაწყნარდებაო.
თვითონაც წავიდოდა, მოკიდებდა თოგოს ხელს და წავიდოდა.
სად,  არ იცოდა. უბრალოდ არ უნდოდა ყოფნა აქ,  ამ ადამიანთან, ადამად რომ თვლიდა.
არ უნდოდა ამ ბინაში ყოფნა, სულ ცოტა ხნის წინ სამოთხედ  და სამყაროს ცენტრად რომ ჰქონდა წარმოდგენილი. 
თითქოს დიდი მიწისძვრა იყო და არაფერი აღარ დატოვა მთელი, რაც ამდენ ხანს აშენ-აკოწიწა.
სახლი, ნავთსაყიდელი, რომელსაც უნდა შეფარვოდა, დაენგრა თითქოს.

*  *  * 
მეორე დღეს რუსთაველზე მოუწია გავლა:  მეცნიერებათა აკადემიასთან მოხუცი წყვილი დაინახა, ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ და ბავშვივით შეჰხაროდნენ ერთმანეთს. გული შეეკუმშა, შეშურდა მათი. 
ვიღაცის მანქანიდან  მუსიკის ხმა მოდიოდა: „ასი წლის შემდეგ...”
უცებ ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს კლიპს უყურებდა.
გააგრძელა გზა. ოპერას გაუსწორდა.
ეტკინა: ყოფილი „საუნჯის” ქვემოთ პირველი ჭადარი აღარ იყო.
არც „საუნჯე” იყო,  არც თავისუფლება -  ძლივს დადიოდნენ გამვლელები. ადგილი შემოეღობათ და სარემონტო სამუშაოები იყო მთელი ქუჩის გასწვრივ.
ჭადრის ადგილას უზარმაზარი გადანაჭერი იყო დარჩენილი: გულის ფორმის. ირგვლივ კი თხრილი და არტერიებივით  ჩაწყობილი ფესვები.
ელექტროხერხებით მისდგომოდნენ  მუშები გულს და ანაწევრებდნენ. 
ცუდად იგრძნო თავი. სამსახურში დაეთხოვა, სახლში დაბრუნდა. მომვლელი ქალი შინ გაუშვა. თოგოს ეთამაშა, პირზე ღიმილით ჩაეძინა ბავშვს.
ისევ მთვრალი მოვიდა ადამი...
„მიოდი, ფარდები ჩამოხიე: რა საჭიროა ფარდები...
მოდი, გაშიშვლდი! ძუძუები ანახე მეზობელ კორპუსს!  ძუძუები  ხო შენი ფანჯრებია?
გაშიშვლდი, ხო მთხოვე  მოკლე კაბა მიხდება და  ჩავიცვამო, რად გინდა საერთოდ კაბა?!
მოდელობა ხო გინდოდა!
აჩვენე საშო მეზობელ კორპუსს...
რატო გრცხვენია? რატო კანკალებ? რატო ტირიხარ.
ცრემლებმა გინდა რომ დაგასველონ.  თუ ჩემმა ნდომამ.
ბაზარში კარგად უღიმოდი გამყიდველს შენს ძუძუებს რომ უყურებდა?!
შე ბოზო....  შენი დედა მოვ..”
„დედა!”
„სად მიდიხარ?!”
„ბავშვმა გაიღვიძა”...
„მოდი აქ შენი  დედას შევ.... ”
ხელიც მუოიქნია ადამმა ევას, ააცილა,  წონასწორობა დაკარგა და წაიქცა
ბავშვის ოთახს შეაფარა სიცოცხლემ  თავი.

*  *  *
„დედა, რა უნდა მამას?”
„არაფერი შვილო ვთამაშობდით!”
„კარი გააღე?!”
„ბავშვის მოგერიდოს!”
„შე ბოზო, მე რა ვიცი იქნებ ბავშვი ჩემი არც არის!?”
„გრცხვენოდეს!”
„კარი გააღე მეთქი!”
„დედა, რა უნდა მამას?”
„არაფერი შვილო ვთამაშობთ!”
„კარებს რატომ ამტვრევს?!”
„ესეც თამაშია!”
„კარი გააღე-მეთქი, შენ ყველაფერი მოვ....”
,,შეიცოდე ბავშვი, იცოდე პატრულში დავრეკავ!”
„დედა, რატო ყვირს მამა?!”
„ვთამაშობთ შვილო...”
„პატრულობანას თამაშობთ?”
„ხო,  პატრულობანას ვთამაშობთ...”
„მეც ვითამაშებ, კარგი?!”
„ხო, შენც ითამაშე, ახლა მე პატრულს დავურეკავ, შენ არ შეშინდე ხო?!”
„ხო..”

*  *  *
„დედა, მამა პატრულმა წაიყვანა?!”
„ხო შვილო!”
„სულ ნამდვილ პატრულს გავდნენ, ხო?!”
„ხო!”
„მამა რა მაგრად თამაშობდა!”
„ხო...”
„კიდე  ვითამაშებთ?!”
„ხო, მოვა მამა და კიდევ ვითამაშებთ...”

*  *  * 
ტელეფონი რეკავს.
„მე ავიღებ?!”- მომვლელს ასწრებს თოგო.
„მამა?!”
„მამა არ ვარ, თოგო, ნინი დეიდა ვარ, დედა სად არის?!”
„სამსახურშია, „ჩიპსები” უნდა მომიტანოს! ”
„მამა?”
„მამა, ჩვენთან არ ცხოვრობს,  პატრულობანას ვთამაშობთ და ახლა  სხვაგან გადაცხოვრდა...”
ისევ ისე წიკწიკებს საათი.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს