ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2017


წვერის გაპარსვა

სარკესთან
საპარსი,
ქაფი
თუ
ოდეკოლონი,
ცდილობენ მოგარგონ ქალაქის ახალ თამასას,
ფიქრებზე უფრო საშიშია, დადე კალამი,
შენ პოეზია არ გეგონოს რაღაც თამაში.
შენი სხეულით იკვებება, ხშირად გაციებს,
არ დაგაძინებს, არ დაგითმობს მაინც ამ ღამეს
და დღემდე შენში დაგროვებულ ინფორმაციას
ხის თეთრ თოკებზე გამოფენს და გამოამჟღავნებს.
ხერხემალში ყავს ჩატნეული სული ნემსივით.
დგანან ოთახში თხელი მხრებით შიშის ლურსმნები.
თითქოს ფიქრებმა გადაისხეს ტანზე ბენზინი
და საფეთქლებზე ხტუნაობენ ცხელი ქუსლებით,
ალბათ ამიტომ ესპანელი, ფრანგი, განელი,
სიკვდილს ანდობენ მახვილ დაშნებს, ტყვიებს, ხან ხარებს.
მე კი მინახავს მოწამლული კაცი გრანელით
გუბეში მთვარეს რომ ახრჩობს და მერე ხარხარებს.
ამიტომ ვამბობ : საშიშია, დადე კალამი!
ძალიან ცოტამ მოუძებნა სწორი ხერხი მას...
სარკეში ისე იყურება ოდეკოლონი,
თითქოს დგომისგან იტკიებდეს ისიც ხერხემალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები