| ავტორი: აზორ აჰაი ჟანრი: პროზა 17 აგვისტო, 2017 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ეჰ მიტროფანე, მიტროფანე
შაბათი დილაა, ადრიანად წამომაგდო დედაჩემმა ლოგინიდან და გამომიშვა საყიდლების სიით, რომელიც არ ჩამოუვარდება მეზობელი ლუდმილას მზითევის დავთარს. ფეხით ამოვუყევი პურის მოედანს, რაფიკა და რევაზა უკვე მისხდომიან ნარდს და თან ხელებს იფშვნეტენ, აშკარაა პახმელიაზე არიან და ნიძლავზე თამაშობენ რომელი დაპატიჟებს. მადონას სარეცხის გაწურვა სულ ეზარება და მისი აივნის ქვეშ წვიმასავით მოდის წვეთები, არ მოვერიდე და ქვეშ გავუარე. -წკაპ, -წკაპ, კიდევ კარგი ეს ტყავის კურტკა მაჩუქა ბიძაჩემმა, მერე რა რომ მისი გამონაცვალია, კიევში აქვს ნაყიდი, აქ მაგისთანა სიგუას დისშვილს აქვს ალბათ მარტო. პურის მოედნიდან ზემოთ შევუხვიე კათოლიკურისკენ, ისე რა საოცრებაა: მეჩეთი, სინაგოგა, ათეშგა, ქრისტიანული და კათოლიკური ეკლესიები და ეს ყველა ერთ უბანში, საოცრებაა პირდაპირ რა, მარა ამაზე საფიქრელად დრო არ მაქვს, გონებით ვითვლი რამდენი შეიძლება მოვუტეხო დედაჩემს სიგარეტისთვის_ დღეს დიდი არჩევანი არ მაქვს, „პარლამენტისთვის“ არ მეყოფა, ისევ მწარე „მოსკოვი“ უნდა ვიყიდო. -კათოლიკურთან ძაღლები გადმომიხტნენ, კატას მისდევდნენ და მეც შემავლეს თვალი. ეგრევე დავზადნე_ვერ ვიტან ძაღლებს, ამასწინათ მეზობლის გოგო ქეთინო მივაცილე სახლამდე და უკან მომავალი მეიდანზე კინაღამ ცოცხლად შემჭამეს_სამი თვის ნაგროვები ფულით ნაყიდი „კონტრაბანდა“, შავი „ლუივიტონი“ შევწირე იმ ოჯახდაქცეულებს_ანკი სად ჰყავთ ოჯახი... მეც გავრეკე. -გაუმარჯოს ზურა...მხარზე მიტყაპუნებს ხელს ვიღაც ვტრიალდები... ეშმაკური გამოხედვა, შავტუხა მოცინარი სახე და ჩალურჯებული თვალი... ეს ტიპი საიდანღაც მეცნობა და უცებ ბრაახ... ბავშვობის ათი წელი ერთბაშად მიდგება თვალწინ. -ვაა, ნიკუშ როგორა ხარ, შენ აქ საიდან, როდის ჩამოხვედი... გაუაზრებლად ვაყრი კითხვებს გაბადრულ ახმახს... ასე არავის დანახვა არ გამხარებია მგონი ბოლო ხანია; -მოიცა შეჩემა რას დაიქოქე... იცინის და თან მეხვევა ბავშვობის ძმაკაცი, -მისმინე ზურა, სახლში ავდივარ ახლა, წუხელის ჩამოვფრინდი და მკვდარივით ვარ, შემთხვევით დაგინახე, დაგინახე რა ისედაც მინდოდა შენი ნახვა, კაროჩეეე საღამოს ამო ჩემთან ათისკენ, თან ის ყუთი წამოიღე წასვლისას რო დაგიტოვე... ახლა არ მკითხო არაფერი... საღამოს... _შეტრიალდა და წავიდა... გავშრი, როგორ გამოცვლილა ამ ოთხ წელში, ან მოვეკითხე, ან ჩემები მოეკითხა, ბოლოსდაბოლოს ჩვენთან იზრდებოდა მამა რომ მოუკლეს... ან ნახვა რა იყო ან ასე უცებ გაქცევა... ვდგავარ ასე ქუჩაში შტერივით და ვუყურებ, მოიხედა ისევ ეშმაკურად ჩაიღიმა და გააგრძელა გზა. დავიგრუზე, ეს მინდოდა ახლა? პუშკინის სკვერში ჩამოვჯექი, ბადე პარკს ვაქნევ აქეთ-იქით და ნიკაზე ფიქრი არ ამომდის თავიდან. ეშმაკის ფეხია, სკოლაში გავიცანი, პირველ კლასში, მაგრად მცემა, ახლაც არ ვიცი რატომ, თვითონ მეუბნებოდა მასწავლებელთან დამაბეზღე და მაგიტომო მარა არ მჯერა, ნატა მოსწონდა მაგასაც მეორე კლასელი და მაგის გამო მცემა... ფუ ბლიად როდინდელ ამბებს ვიხსენებ, ბავშვივით ვარ ისევ, ეს კიდევ უკვე კაცია_თექვსმეტისები ვიყავით მამამისი რომ მოკლეს, დედას არ იცნობდა. ვიღაც ვერელმა ქურდმა ჩააცხრილინა მამამისი, ამბობენ წილში იყო და ამან გადასახდელი არ გადაუხადაო. ორი წელი ჩვენთან ცხოვრობდა, დედამ უთხრა სადმე დაგაწყებინებ მუშაობას და სანამ რამეს იზამ ჩვენთან იყავიო, თუმცა თვითონ იშოვა სამუშაოც, კაცმა არ იცის სად მაგრამ ყოველ საღამოს პროდუქტებით მოდიოდა_ამბობდა თქვენ ვერ დაგაწვებით კისერზეო. ორი წლის მერე მოსკოვში გაიპარა_წერილი და ყუთი დამიტოვა, არც გამიხსნია სარდაფის იატაკში დავმალე, არც გამხსენებია სანამ დილით არ გამახსენა ამ შეჩვენებულმა. ნეტა როგორ იყო მოსკოვში, რას აკეთებდა. ვინიცის, ნაადრევად დაკაცდა და თავსაც უვლის, მე კი გამოკერებული ვარ დედ-მამას, ველოდები როდის გავახსენდები მამაჩემს და დამაწყებინებს მუშაობას ფაბრიკაში. ფუ ამის... დამაგვიანდა, ლუბა მელოდება მაღაზიის პატრონი, გამზადებული ექნება ყველაფერი_მესმოდა წუხელის დედა რომ აწერინებდა სიას. კიროვზე ავირბინე და სადარბაზოში შევედი_პირველ სართულზე ჰქონდა „ბუტკა“ გახსნილი რუს-ქართველა შინაბერას. ჩემი და მისი სიის მიხედვით ჩავაწყვე პროდუქტები_დამიმძიმდა ეს ოხერი. კისელი და თაფლი აღარ ვიყიდე, ორივეს ჩემთვის ყიდულობს დედაჩემი და ორივე მეზიზღება, „მოსკოვისთვისაც“ დამრჩა ფული როგორც ვივარაუდე. გავუკიდე და გამოვედი, სადარბაზოში ვიღაც გოგომ ჩამიქროლა, კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ ლეტიცია კასტას მივამსგავსე, მეორე სართულზე კარი გაიღო და ისევ მიჯახუნდა. ვაა... ლამაზი იყო... პირდაპირ გავაჭერი, ასათიანიდან ჩავედი დაღმართზე, თათრების უბანში შევუხვიე, მერე ჭრელ აბანოს ავცდი და იტალიურ ეზოში შევედი. რაც თავი მახსოვს სულ აქ ვცხოვრობთ და სულ გული მერევა_არა ხალხს არაუშავს, გოგირდის სუნზე მერევა გული, ლეღვთახევიდან რომ მოაქვს ქარს. დედ-მამა ქიმიკოსები არიან და არც სახლში დგას ნაკლები სუნი... ბადეპარკი იქვე ტახტზე მივაგდე, არც ამომილაგებია, ცოტა ჩემმა დამაც გაანძრიოს ხელი, ათი წლისაა უკვე, მე რომ ათის ვიყავი...მე რომ ათის ვიყავი_ ისევ ის იდიოტი ვარ რაც მაშინ ვიყავი. ისევ ნიკაზე ვფიქრობ, ნეტა რა საქმე ქონდა ასეთი. სარდაფში ჩავედი და იატაკზე კუთხის ფიცარს ვეცი, ვეჯაჯგურე და ძლივს ამოვაძრე, ობის და შმორის სუნი ამოვარდა, აბლაბუდებში ხელი ჩავაცურე და რკინის მწვანე ყუთი ამოვაძვრინე. ფიცარი თავის ადგილას დავაბრუნე, მერე იქვე მოვკალათდი, ყუთი კალთაში ჩავიდგი და ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს, რას დამიტოვებდა ეს ეშმაკისფეხი: მამამისის დანა? -არაა. წასვლისას ქამარში ქონა გარჭობილი, შიშველი ქალების ფოტოები, ორი წელი რომ აგროვებდა? -არამგონია. მომბეზრდა ფიქრი და სახურავი ავხადე. ამის დედააააც... მაკაროვი თავის ორი მჭიდით. იმწამსვე დავახურე, რატომღაც შევშინდი, თითქოს რაღაც დავაშავე, ყუთი იქვე დავაგდე და დავიწყე სიარული. წინ და უკან, წინ და უკან... რას მიკეთებ ნიკა შე ოხერო, სულ შარში ვიყავი შენს გამო მთელი ბავშვობა, მაგრამ შენს მეტი მეგობარიც არ მყოლია. გავიხადე მაიკა და შევახვიე ეს ეშმაკის მექანიზმი, შიშით ავირბინე კიბეები, ლუიზას ბავშვები ეზოში დასდევდნენ ბურთს, მეზობლები არ ჩანდნენ მაგრამ მეგონა მთელი ძველი თბილისი მე მიყურებდა. სახში შევვარდი და ჩემი ოთახის კარს ვეცი. _ჰოპ... ანა შეხტა... ჩემი ყულაბა გაეხსნა და ხურდებს ითვლიდა. _რაგინდა აქა შე შობელძაღლო! ეს მამაჩემისებურად გამომივიდა, მომწონდა ხოლმე მის ფრაზებს რომ ვიმეორებდი; _ისაა, რაქვიაა, ისაა, მეეე... _ჰო, შენ გეუბნები აბა სხვას ხედავ ვინმეს აქა? რაგინდა გოგოთქო ჩემ ნივთებთან? _ჩემი კლასელები „ლაღიძის წყლებში“ მიდიან და დედამ ფული არ მომცაააა...ასლუკუნდა კიკინიანი ქურდბაცაცა; _ კაი, ნუ ტირიხარ; წადი ჩაიცვი მე წაგიყვან; თან ამის მოშორება მინდოდა რომ საღამომდე იარაღი სადმე დამემალა სანამ ნიკას მივუტანდი თან შემეცოდა ეს ლაწირაკი, მეც მაგრად მიყვარდა ლაღიძე... იფფ ამ სიცხეში რას წავაა... წავედი ფიქრებში; _ზურა არ მატყუებ? _კიდე აქა ხარ შე მატრაკვეცა? დროზე და ათ წუთში მზად იყავი. გამოვაგდე და კარი გადავკეტე. სად დავმალო ახლა ეს მახინა, ხან კარადას ვეცი, ხან ლოგინს. აზრი არა აქვს, მეშინია დედაჩემს არ მოუნდეს რამის მოძებნა და სანამ არ ვიქნები არ ამომიჩინოს „ფაქტი“. მეტი გზა არაა თან უნდა წავიღო, ასე უფრო მშვიდად ვიქნები. ქამარში გავირჭე, მჭიდები ჯიბეში ჩავიყარე და წელზე სვიტრი შემოვიკარი, ცხელა მარა რას ვიზამთ... _ანა გელოდებიიი, გავძახე და ეზოში ჩავირბინე. რაღაცნაირი გრძნობა მაქვს თითქოს ძალა მომემატა, უშიშარი გავხდი. -არა ზურა ნუ ხარ იდიოტი შარია, მიაგდე იმ ეშმაკს, რისთვისაც უნდა იმისთვის გამოიყენოს. ანამაც ჩამოირბინა, ხელი ჩამკიდა და ეშმაკურად ამომხედა _ რათ გინდა ამ სიცხეში სვიტრი? _შენი საქმე არაა, და დედასთან კრინტი არ დაძრა რომ წაგიყვანე. იქედან შენით წამოხვალ, ავტობუსზე დაგსვამ და მეტეხთან ჩამოხვალ, მერე შენითაც გააგნებ. _ისედაც გავაგნებდი უშენოდ; -ნუ მეტლიკინები გოგო; რუსთაველამდე ხმა არ გამიცია, რაღაცებს მეტიტინებოდა მარა არ ვუსმენდი, დაძაბული ვიჯექი, თან კუდუსუნით ვამოწმებდი „ფაქტი“ ადგილზე იყო თუ არა. ვაითუ ამომივარდეს, შეყრიან ქვეყანას, თავი მომეჭრება, ოხ ნიკააა ნიკაა. ფილარმონიასთან ჩამოვედით და ფეხით გავუყევით, ანას ორი კლასელი გოგო უცდიდა „ლაღიძესთან“, ჩემთვის აღარც მოუქცევია ყურადღება, ფული გამომართვა და კლასელებს შეჰყვა. მეც შევედი, პროპელერის ნიავი მესიამოვნა, დარიჩინის და პიტნის სუნი იდგა, კიდევ კაკაოსი და ტარხუნის. მაშინვე დამავიწყდა ნიკაც და იარაღიც. ანა და გოგოები კუთხეში დასხდნენ უკან, მე ერთი ტარხუნა ავიღე და ფანჯარასთან მოვკალათდი. ნელა ვწრუპავდი რომ გემო დიდხანს დარჩენილიყო პირში. მიმტანი ქალი დახლს წმენდდა, თან ეჭვით მიყურებდა წელზე შემოკრული სვიტრის გამო ალბათ. ვაითუ ჩანს, ხელი მოვისვი არ ეტყობოდა არაფერი. ამდროს კარი გაიღო და ლეტიცია კასტა შემოვიდა. შემიძლია დავიფიცო ის იყო დილით რომ ვნახე სადარბაზოში, კიროვზე. ბედიათქო და გამომწვევი პოზა მივიღე, ვუყურებ ახლა სად დაჯდება რომ მივაჭრა, ამან კიდე ერთი შოკოლადი დამისხითო, გადაჰკრა უცებ, გამოცალა და გავარდა. თფუი შენიიი... რა ხდება დღეს. უცებ მივიღე გადაწყვეტილება, ანას გავძახე სამზე სახში დაერჭვე თორემ ვერ გადამირჩებითქო... თავი დამიქნია და მეც გამოვვარდი. მიმტანმა ალბათ თვალი გამომაყოლა, ხალხმაც, ასე მგონია. გავიხედე და მიაჭრის ლეტიცია, მხატვართა კავშირთან ჩასულა უკვე. ავედევნე, მივყვები მარა სად მივყვები მეც არ ვიცი, გავაჩერო? რა ვუთხრა? მომენტს ველოდები იქნებ გაჩერდეს, სადმე ჩამოჯდეს. ისეთ ვიდზეა შეიძლება სიგარეტსაც ეწევა, შევთავაზებ. გამახსენდა „მოსკოვი“ მიგდია ჯიბეში, გადავიფიქრე. მარა რა იცი რა ხდება იქნება მწარე სიგარეტი ევასება, განსხვავებული ტიპია რა, ხო არიან ეგეთებიც. ვფიქრობ და ნელნელა ვუახლოვდები, ოპერამდე ჩამოვსულვართ ამასობაში. ფუი ამის დედაც_იარაღი რაღამ წამომაღებინა, გაკვეხებული მაქვს ქამარში და მიშლის. არადა სახლშიც ვერ დავტოვებდი. ეხ ნიკა, ნიკა! ოპერასთან „პადზემკით“ გადავიდა, გადავყევი. ქვაშვეთისკენ ჩაუხვია და პირველივე სკამზე დაჯდა ჩემგან ზურგით. ზურგიდანაც ლამაზია ეს ოხერი. თან მაგრად აცვია, ვისი შვილია ნეტა, ბობოლა იქნება ნეტა. ამოიღო სიგარეტი და გააბოლა... ვახ შენი, ეწევა კიდეც. ვიღაც კაცმა ჩამიარა; _სიგარეტი ხომ არ გაქვს მეთქი, მივაძახე; _კიო , და „ფინლანდსკოე“ გამომიწოდა. ტუზი დამეცა; _ორს ამოვიღებთქო, ვუთხარი _ორიცალია ისედაც,გქონედესო, არც დაფიქრებულა; მოგიკიდოვო? _არა გაიხარე მაქვსთქო და ხეს მივეყუდე მწეველის პოზაში ... წავიდა... ავიღე და ჩემი „მოსკოვის“ ღერები იმის ყუთში გადავაწყვე. ცოტა მოვიცადე სანამ „ლეტიციამ“ მოწევა დაამთავრა და მივაჭერი. _შეიძლება დავჯდეთქო? _ამომხედა, არაფერი არ უთქვამს, თავი დამიქნია; _სიგარეტი ამოვიღე, „ფინლანდსკოე“ და გავუკიდე, _მოწევთქო? _შევთავაზე; ამაზეც თავი დამიქნია, ხელი გამოწია ამოსაღებად; _ მე ამოგიღებთ მეთქი, კინაღამ დავიწვი. ცოტა გაუკვირდა მარა_კარგიო, მიპასუხა; ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, ისეთი როგორიც გამომეტყველებას შეეფერაბა, კრემისფერი კანი და თხელი თითები. ფეხი ფეხზე გადაედო, და ფიქრებით შორს იყო. აშკარად არ ვაინტერესებდი. ვცდილობდი არც მე შემემჩნია, სხვათაშორის ვიჯექი, მძიმედ ვურტყამდი ნაფაზებს. _რაუბნელი ხართქო? საიდან მოვიტანე ეს კითხვა არ ვიცი; _მთაწმინდელიო, უცებვე მითხრა, თითქოს ელოდებოდა ამ კითხვას. კარგია ახლოს მაინც ცხოვრობს, ჩემთვის ვფიქრობ. _მთელი ცხოვრებაა მთაწმინდაზე დავდივარ მაგრამ არასდროს შემიმჩნევიხარ მეთქი, ვიტიპე; გაეღიმა...ლამაზია, ერთეულებს ქმნის ღმერთი ასე ყოველმხრივ გამორჩეულს. მოწევას მორჩა, სკამის ფეხზე ჩააწვა და მომაწოდა _ჩააგდეო; გაკვირვებულმა გამოვართვი. ისეთი მანერები ჰქონდა, ისეთი საუბარი, მიხვრა-მოხვრა თითქოს ინგლისის დედოფლის შვილიშვილი იყოს, ანდაც რძალი, ლედი დიანა. მბრძანებლური, ისეთი თავიდანვე რომ მიგახვედრებს ვისთან გაქვს საქმე. წამოიწია, -ნახვამდისო და წავიდა. ეგ იყო და ეგ, თითქოს ბევრი არაფერი მაგრამ მაინც რაღაც იყო. აღარ გავყოლილვარ, არ ვარ მიმწოლი ტიპი, თან ის ეშმაკი უნდა მენახა, მიმეგდო თავისი საკუთრება. პირდაპირ გავაჭერი ფურცელაძით, საჯაროსთან ჩავუხვიე და მესამე სადარბაზოში შევედი, ფსიტის სუნი იდგა. როგორც ყოველთვის ჩაბნელებული. ხელის ფათურით ავიარე კიბეები, მეორე სართულზე იყო ხელ მარცხნივ თეთრი კარები, მაგრამ ამ სიბნელეში კარის ფერს ვერც ვარჩევდი. ავაბრახუნე, არავინ გამომეხმაურა, კიდევ დავცხე რამდენჯერმე და ყური მივადე , ფლოსტების ფალშუნის ხმა მომესმა და ზმორება. გააჩხაკუნა საკეტი და გამიღო. ამთქნარებდა ეშმაკისფეხი, ხელით მანიშნა შემოო და გატრიალდა. არა რა შეცვლილია ძაან. აბაზანაში შევიდა მივაფსამო, ლოჯისკენ მიმითითა, შედი და მოვალ მეცო. ლოჯში არანაკლებ გაოცება მელოდა. დაშლილი აკაესი და სამი შეკვრა დოლარები და რუბლები, მრგვალად დახვეული, აი ისე მაფიოზებმა რომ იციან. ვინა ხარ ნიკა, რას საქმიანობ, რად იქეცი. შემოვდა, შარვალზე იწმენდს ხელებს და მეკრიჭება. _ჰა, როგორია? პიზდეცია არაა? მოიტანე რაც დაგავალე? _შენ სულ გააფრინე, გამოსირდი სულმთლად. _რაიყო შეჩემა, ამაზე არ ვოცნებობდით სულ? ფული გვქონოდა, გვეგულავა, ჰოდა აჰა აიღე, შენი წილია. _რა ჩემი წილი, რეებს მიედმოედები? _რა და როცა მიჭირდა შემიფარეთ, არც მიგვრძნია უოჯახობა. ხოდა ეგ მაგის საფასურია; _გამოსირდითქო ხო გეუბნები, ჩემი ერთადერთი მეგობარი იყავი და არ უნდა შეგვეფარებინე? რეებს ბოდავ? _კაი გეყოს, აიღე ეგ და ჩაიდე ჯიბეში. ჯერ არ დამიმთავრებია, მჭირდები, ახლა უნდა მიშველო. წამოიღე რაც გითხარი? _კი, ამოვიღე და დავაგდე ლოგინზე. რაში გაეხვიე ნიკა, რეებს ატრიალებ, ვუსაყვედურე. _ამაღამ გაიგებ, უნდა დამეხმარო, ამაღამ ერთი ტიპის სახლს გავიტანთ, მეუბნება აუღელვებლად სრული სერიოზულობით. _რას ქვია გავიტანთ? სულ გააფრინე ხო? მომეშვი ნიკა, არც გიკითხავს რა ხდებოდა აქ, როგორ ვარ, მიბარებ და ვიღაცის გასაქურდად მეპატიჟები. _ვიღაცა არაა ის კაცი ზურა. მამაჩემის ვინც გაასაღებინა ის კაცია ზურა, გესმის შენ რა ხდება? მამაჩემის გამო უნდა ვიძიო შური, უნდა დავაკლა ლოგინში ის ღორი. ფული არ მინდა, ბევრი მაქვს, შენ გქონდეს, ნაშები დაითრიე, ვატყობ დადიხარ ვაჟიშვილი, ჩაიცინა ეშმაკურად. _წამოვხტი და გამოვვარდი, ამ ნიკას არ ვიცნობდი მე. მაჯაში წამავლო ხელი. _დედას გაფიცებ ზურა არ დამტოვო, მარტო ვერ წავალ. თუ გინდა დაბლა იყავი ნუ ამოხვალ, ოღონდ წამოდი, მინდა ვიცოდე რომ ვიღაც მელოდება და მარტო არ ვარ. შენ არავინ შეგეხება, ხვალვე წავალ მოსკოვში. იარაღს გიტოვებ ვინმემ რომ გაგიტრაკოს, ფულიც შენ გრჩება. ეშმაკი შემიჩნდა, რას ვფიქრობდი არ ვიცი, მარა ჩემით თუ უჩემოდ მაინც წავიდოდა. თან ბოლომდე მჯეროდა რომ ბიჭი რომელსაც მე ვიცნობდი არ იყო ამის გამკეთებელი, ხოდა ავდექი და გავყევი. წასვლამდე ნიკამ კონიაკი გააძრო, დავლიეთ და დავიძარით. მთაწმინდაზე უნდა ავიდეთო მითხრა, ვიღაცის „გოლფი“ გაჩითა ორი სავარძლით და დაბზარული საქარე მინით. აკაესი გვერდით ედო, მაკაროვი მე მომაჩეჩა, ღამით გავედით. საშიში იყო, კიტოვანის „ბიჭები“ დაძრწოდნენ თბილისში. ღამით ავადექით ცხრასართულიან კორპუსს, ნიკამ სანამ შევიდოდა შემომხედა, აღარც იღიმოდა, ცახცახებდა, _ავალო, მითხრა. თითქოს ელოდებოდა შევაჩერებდი, მაგრამ ვერ შევაჩერე, მინდოდა მაგრამ სიტყვები ვერ მოვძებნე, ალბათ მეც იგივეს ვიზამდი მის ადგილას. ავიდა და დაიკარგა სადარბაზოს სიბნელეში, მანქანაში დავჯექი, ხელი გასაღებზე მედო რომ უცებვე დამექოქა, წუთიც არ იყო გასული, აკაესის ჯერის ხმა მომესმა, გავიყინე. წამში ნიკაც გამოვარდა, ეცა კარებს _დაძარიო! ვერ ვკითხე ვერაფერი, თბილისის ზღვაზე ავიდეთო მითხრა. უხმოდ ვიარეთ, არაფერი მიკითხავს, არც მას უთქვამს რამე. ავედით, გადავიდა. -მოვკალიო მომძახა, სანამ გადავიოდა მანქანიდან. მეც გადავედი... _სხვა მოვკალი ზურაო, მითხრა. მარტო უნდა ყოფილიყო ის ღორიო, ვიღაც ქალი გამეჩითაო, ლეტიცია კასტას გავდაო მაგრად. მაღალი, ლამაზი იყოვო. ამოვიღე და იმასაც დავაცალეო მაკაროვი... არ ვიყავი მიმწოლი ტიპი, ბავშვი ვიყავი ისევ ალბათ. შევტრიალდი და წავედი, მას მერე არ მინახავს ნიკა. მეორე დღეს ომი დაიწო აფხაზეთში, ქამარში იარაღ გარჭობილი ვსვამდი რუსთაველზე „ლაღიძეს“. ეჰ მიტროფანე, მიტროფანე. ეჰ ლეტიცია, ლეტიცია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მეც ვკითხულობ
კი, დასახვეწია აშკარად და ფინალის გამოცნობის დიდოსტატი კია ჯონათანი მაგრამ რა ვიცი ცოტა არეულ დარეულია მოუხდებოდა დალაგება და დახვეწა
ეს ადგილიც მთლად კარგად ვერ გავიგე
"კიროვზე ავირბინე და სადარბაზოში შევედი_პირველ სართულზე ჰქონდა „ბუტკა“ გახსნილი რუს-ქართველა შინაბერას. ჩემი და მისი სიის მიხედვით ჩავაწყვე პროდუქტები_დამიმძიმდა ეს ოხერი. კისელი და თაფლი აღარ ვიყიდე, ორივეს ჩემთვის ყიდულობს დედაჩემი და ორივე მეზიზღება, „მოსკოვისთვისაც“ დამრჩა ფული როგორც ვივარაუდე. გავუკიდე და გამოვედი, სადარბაზოში ვიღაც გოგომ ჩამიქროლა, კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ ლეტიცია კასტას მივამსგავსე, მეორე სართულზე კარი გაიღო და ისევ მიჯახუნდა. ვაა... ლამაზი იყო... პირდაპირ გავაჭერი, ასათიანიდან ჩავედი დაღმართზე, თათრების უბანში შევუხვიე, მერე ჭრელ აბანოს ავცდი და იტალიურ ეზოში შევედი. "
რაღაც ნამეტანი შორშორი უბნებია ასარბენად თუ მეშლება?
მაგრამ მთლიანობაში საინტერესო ხელწერაა 4 ქულას დავწერ
მეც ვკითხულობ
კი, დასახვეწია აშკარად და ფინალის გამოცნობის დიდოსტატი კია ჯონათანი მაგრამ რა ვიცი ცოტა არეულ დარეულია მოუხდებოდა დალაგება და დახვეწა
ეს ადგილიც მთლად კარგად ვერ გავიგე
"კიროვზე ავირბინე და სადარბაზოში შევედი_პირველ სართულზე ჰქონდა „ბუტკა“ გახსნილი რუს-ქართველა შინაბერას. ჩემი და მისი სიის მიხედვით ჩავაწყვე პროდუქტები_დამიმძიმდა ეს ოხერი. კისელი და თაფლი აღარ ვიყიდე, ორივეს ჩემთვის ყიდულობს დედაჩემი და ორივე მეზიზღება, „მოსკოვისთვისაც“ დამრჩა ფული როგორც ვივარაუდე. გავუკიდე და გამოვედი, სადარბაზოში ვიღაც გოგომ ჩამიქროლა, კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ ლეტიცია კასტას მივამსგავსე, მეორე სართულზე კარი გაიღო და ისევ მიჯახუნდა. ვაა... ლამაზი იყო... პირდაპირ გავაჭერი, ასათიანიდან ჩავედი დაღმართზე, თათრების უბანში შევუხვიე, მერე ჭრელ აბანოს ავცდი და იტალიურ ეზოში შევედი. "
რაღაც ნამეტანი შორშორი უბნებია ასარბენად თუ მეშლება?
მაგრამ მთლიანობაში საინტერესო ხელწერაა 4 ქულას დავწერ
2. მე ვკითხულობ :)
უხდება კიდეც ეს დაუხვეწაობა ამ ტექსტებს- თხრობის სტილი უხდება იმ წლების თემას.
ფინალი გამოვიცანი და არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი :)
მე ვკითხულობ :)
უხდება კიდეც ეს დაუხვეწაობა ამ ტექსტებს- თხრობის სტილი უხდება იმ წლების თემას.
ფინალი გამოვიცანი და არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი :)
1. თუ ვინმეს გაინტერესებთ და კითხულობთ ჩემს მოკრძალებულ და ჯერჯერობით დაუხვეწავ ნაწერებს გეტყვით რომ ეს არის თემატური და ლოგიკური ბმა წინა ნშრომისა რომელიც აღწერს ძველი თბილისის უბანში მცხოვრები ადამიანების მცირე მონაკვეთებს ცხოვრებიდან. დაამავედროს მცირე ლიტერატურული დამატებებისა ნამდვილი ისტორიებიცაა
თუ ვინმეს გაინტერესებთ და კითხულობთ ჩემს მოკრძალებულ და ჯერჯერობით დაუხვეწავ ნაწერებს გეტყვით რომ ეს არის თემატური და ლოგიკური ბმა წინა ნშრომისა რომელიც აღწერს ძველი თბილისის უბანში მცხოვრები ადამიანების მცირე მონაკვეთებს ცხოვრებიდან. დაამავედროს მცირე ლიტერატურული დამატებებისა ნამდვილი ისტორიებიცაა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|