| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პროზა 15 აგვისტო, 2017 |
არსებობს თექვსმეტი საუკუნე, ინახავს ბევრს ცნობიერება მისი, ახსოვს მრავალი. წამების ჯვრით განვლო გზა ვრცელი, დალექილია ყოველი მასში, მომხვდური ათასფერი: ხაზარნი, არაბნი, ბიზანტიელნი, სპარსნი მაზდეანნი, მრავალნიც სხვანი. ეტოქება ალი ქრონოსის, ვერ კლავს, იბრძმედება თიხა ალში. გაკრთა გონებაში ანა: „იდგა თბილისი, როგორც ერეკლე, ხმალშემართული ნარის ციხესთან“. დგას შემართებით, მტკიცედ, ვითარცა ფოლადი. მიზიდავს იგი, ანდამატური, არ მიგრძვნია აქამდე, მიუზიდავს ბევრიც. ეფერება ლადო: „ჩემი თბილისი და ფიროსმანი არ ვიცი ასე რამ შემაყვარა“, აღმერთებს პაოლო: „დიდი სატახტო ხარ პოეტების,“ ვერ ივიწყებს ტერენტი: „ჩემი გული გადაეცით თბილისს...“. მსურს გავლა მძიმე თავგადასავლების ქალაქში, საინტერესო თავგადასავლების. ლევანს ვეხმიანები, მოუცლელია, თუმც ახლა თავისუფლდება. მარშრუტს ვათანხმებთ, ინტერესები ---- საერთო: მუზეუმი შიო არაგვისპირელის, ვისმენთ: არაგვისნაპირებიდან წარმოშობილს შეურჩევია მეტსახელი ასეთი. ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი. დუშეთიდან, სოფელ ქაისხევიდან ჩამოდის შიო თბილისს, სწავლობს სასულიერო სემინარიაში, სტუდენტი ლაღიაშვილი კლავს რექტორ ჩუდეცკის, რიცხავენ სტუდენტებს, არაგვისპირელსაც. სწუხს შიო, რამეთუ ეწადა გულით განსწავლა ღვთისმსახურად ტაძრისა. სწავლობს მერე პოლონეთში ვეტერინარიას, აფუძნებს სადაც ლიგას საქართველოს განთავისუფლებისას ქართველ მოღვაწეებთან ერთად, რომ დამდნარან სევდით სამშობლო მიწისა და მრავლი სხვა. გვსურს გავლა კიდევ. გაზაფხულია, დღე ---- ვრცელი, მოესწრება მიწურვამდე. გრიგოლი ამოიწევს ფიქრში, „გველის პერანგი“ : „თბილისი გაიზარდა, გადიდქალაქდა“. გაიზარდა, გახალხმრავალდა, მიმოდიან ვიწრო ქუჩებში. ზუიან ავტომობილნი, მიქრიან შეუსვენებლივ. მივუყვებით გზას ნაწამებ, მაგრამ მაინც მტკიცე ქალაქში. ვეწვიოთ რომელიმე კუთხეს საქართველოისას, არ მინახავს ბევრი, ლევანს ვთავაზობ. უარობს, მერმისისთვისო. ძველი თბილისი, გოდოლები ისნის, ხედი ---- საოცარი, ამვსები მღელვარებით. სივრცეში ქალაქი ხელისგულზე, განფენილი მტკვრის ნაპირებზე. თვალებით ვეფერები, მიდასტურებს ლევანი დიდებულებას ქალაქისას. შენობები ერთმანეთზე მიწყობილი. სჩანს ციხე ნარიყალისა მაღლობზე. გონებაში გაილანდა მეფე ერეკლე, კახთ ბატონი, პატარა კახად წოდებული სიმცირისათვის ტანისა, სიმხნით უმეტეს ლომისა. მეფე ---- ხმალჩაუგები მთელი სიცოცხლე. ხმლის მცოდნე დიდებული, მხედარი ფანტასტიური. განიმტკიცა სახელი, ძრწოდნენ გარეშენი წინაშე მისსა, პატივს მიაგებდა ხალხი. მოიპოვა ღონე მეფემან და გამაგრდა ციხესა ნარიყალისა, რამეთუ ესრეთ ეწადა უკუგდება მტერისა ჟამსა ბრძოლისა კრწანისისა. იყო მაინც დასასრული უსაშინლესი. ბედი სამშობლოისა გულზე გაიარს. დადნა, დაილია გული მარად ელვარი, მღელვარი მარად. შორით ---- ტაძარი მეტეხის, მეფე ცხენოსანი მასთან, ვახტანგი, წოდებული გორგასლად. ცად აწვდილნი ორნივ, სიმბოლონი ქალაქის. მესაძირკვლეა მონარქი სატახტოისა. ძრწოდნენ წინაშე მეფისა: მგელი მუზარადზე, მეტოქე სპარსთა. უკუაგდო მომხვდურნი. მიიცვალა ჭრილობითა, რომელი შეემთხვა ბრძოლასა, ისრითა მონადყოფილისა თვისისა. ვეღარ მოასწრო, უანდერძა ძეს: იქმნეს თბილისი სატახტოდ. აღასრულა სურვილი დაჩიმ, უჯარმელმა. მცირედ გვაქვს ძეგლნი მეფეთა, მრავალია სამშობლოსთვის დამაშვრალი, სისხლი რომ ჩაღვარეს, ძვლები რომ ჩადეს საძირკველში იბერიისა, საკუთარი სისხლით ახარეს, შეინარჩუნეს ხე მშობლიური. განვფინოთ სახენი მათნი ყოველი კუთხით საქართველოისა. ხიდი მტკვარზე, გავცქერით მდინარეს, მრავალ დროების მოწამეა იგი, ვითარცა იტყვის პოეტი, სიანკარე კი დაუკარგავს, აღარაა სუფთა, დაწმენდილი, როგორც უწინ იყო ალბათ. დაუკარგავს ფერი ბუნებრივი. აქ განიქარვებდა მძიმე ფიქრთ ბარათაშვილი ტატო. ქართველთ სისხლით შეღებილა მდინარე ბევრგზის, მტკიცეა მაინც. მოსჩანს ტაძარი სიონის, ახსოვს სალოცავს: ჯალალედდინ ხვარაზმელი ქალაქს შემოსულა, გადმოუგდია გუმბათი ტაძრისა, დაუდგამს ზედ ტახტი თვისი, გამოუტანინებია ხატი ღვთისმშობლისა, დაუბრძანებია ხიდზე და უბრძანებია ფეხით გათელვა მისი. არ შებღალეს სახე წმინდა დედისა, ამისთვისცა წარკვეთეს თავნი და გარდააგდეს მტკვარსა ტანი მათი და აღესრულა მაშინ ასიათასი. ბავშვებს ასეირნებენ დედები, ეტრფიან პატარები სიცოცხლეს, უფლის მიერ ნაჩუქარს. მათ ფაქიზ ბუნებას ჯერ არ მოხვედრია ჭუჭყი ცოდვისა, ჯერ არ უგრძვნიათ სიმძიმე სოფლისა, ჯერ მხოლოდ შეიმეცნებენ სამყაროს მართალი თვალებით, სული იმზირება რომლიდანაც სუფთა, თოვლისფერი. მნაცაკანოვის ხიდზე თუ გსმენია, ლევანს ვეკითხები. კი, გურამ, ხიდი გამოუსყიდია სომეხს, სადაც გადაადგილება უფასო დაუწესებია, მპასუხობს. უფრო ვრცლად ვუამბობ გაზეთიდან ამოკითხულს: მეჩვიდმეტე საუკუნეშიც მდგარა ეს ხიდი ორთაჭალაში, შაჰ-აბასს დაუნგრევია. მეცხრამეტე საუკუნეში ვინმე მდიდარი ფლობდა ხიდს, მისგან გამოუსყიდია მნაცაკანოვს, მასზე მიმოსვლა უფასო გაუხდია და მადლიერ ხალხს ხიდისათვის სომხის სახელი უწოდებია. მოგვიანებით, 1920-იანებში ახალი ხიდი აუგიათ, მერე ისიც დანგრეულა, მის ნაცვლად ახალი აღუმართავთ კვლავ, რომელსაც უკვე აღარაფერი ჰქონდა მნაცაკანოვთან საერთო, მაგრამ სომხის სიკეთე ახსოვდა ხალხს და ამ ხიდსაც მის სახელს უწოდებდა. ვუამბობ კვლავ: მეფის რუსეთის დროს ბარათაშვილის ხიდის ადგილას რკინის კონსტრუქციებით ხიდი რომ ააგეს თაღოვანი, პროცესს მაშინდელი ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი ხელმძღვანელობდა, სწორედ მან ჩამოიყვანა სპეციალისტი უკრაინიდან, რკინის კონსტრუქციებზე მომუშავე. ხიდის გახსნისას სუფრაც გაშლილა მასზე. ტრამვაის ხაზი არსებულა ხიდზე, მემანქანე მეგრელი ყოფილა, ვინმე მიხა. ხიდი 1960-იანებში დაუშლიათ, აუგიათ ახალი, თუმც ტრამვაის ხაზებით აღარ დაუქსელავთ იგი. ჩამოღამდა, ჩამუქდა ცა, თითქოს შავად შეაფერადესო. ცეკვავს შადრევანი, ჟღერს მელოდია, კლასიკა ევროპული, ჟღერს: ბახი, ბეთხოვენი, ვივალდი, შუბერტი, წაება ერთს მეორე, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე. ლევანი მდუმარეა, იღვრება სულში მუსიკა ღვთაებრივი, სხეულს ედება ალად, ცად აყავს მსმენელი თითქოს. საბაგირო გაჭიმულა ნარიყალისკენ. წინ-წინ მივიწევთ, თითქოს ცაში დაკიდებულნი. სურათი სჩანს ქვემოთ, ლამაზი საოცრად. ალმოდებულია ლამპიონებით, უხილავი ძალით რომ გიზიდავს, გიზიდავს თბილი, ფიქრებით სულ თან დაატარებ და ხდება შენიანი, ახლობელი, შენი ნაწილი. კვლავ ვეგებებით თბილისის ბებერ, ათას ქარ-წვიმაში გამოვლილ, მაგრამ მაინც მოუღლელ, წელმაგარ, ჭირთამთმენ, ამაყ ციხეს. მეფის რუსეთის დროს კალა ერქვაო ამ თავდაცვით ნაგებობას, შურის ციხეც ეწოდებაო მას, მის გარდა კიდევ სამი ციხე ყოფილაო თბილისს ამ დროს, დანგრეულა მერე, ესღა დარჩაო მხოლოდ, ლევანი მეუბნება. შურის ციხე, ფიქრში ხმიანდება ლექსიდან სახელი ასეთი. გავცქერით მაღლობიდან, ვეფერებით ქალაქს, არ ჩაიჩოქა რომელმაც წინაშე მომხვდურისა. გვეამაყება იგი, სიმტკიცე, შეუვალობა მისი, გამწარებული, მაგრამ ვერმოდრეკილი ბოლომდის. საოცარია გურამ, ლევანი მესიტყვება, საოცარია თბილისი, ათასგზის მოკლული, თუმც ვერმკვდარი, შემართებული მაინც. ყოველთვის ახერხებდა მოკრებას ძალთა, მუდამ ახერხებდა წამომართვას უკანასკნელი ენერგიის მოშველიებით. როგორ მოაღწია ჩვენს საუკუნემდე, როგორ მოვიდა დღემდე, საკვირველია, ამოუხსნელი ბოლომდე. პერპეტუუმ მობილე, უთქვამთ ოდესღაც ძველ რომაელთ, მოძრაობა მუდმივი. იქნებ ესაა პასუხიც, ოდითგან რომ სჩვეოდა ქალაქს, მაცოცხლებელი მისი, როგორც სრულიად საქართველოისა. რამდენს გაუძლო, გაუმაგრდა რამდენს, მეძვირფასება ამისთვისაც. ახსოვს ქალაქს რამდენი: ხაკანი ხაზართა ჯიბღუ, ბიზანტიელნი, ბურჯნი ქრისტიანობისა აღმოსავლეთში, ხელი რომ მოსცარვია ორივეს წინაშე ქალაქისა. იყო საუკუნე მეშვიდე, საუკუნე წამების, არაბთ ეწადათ როცა შთანთქმა კავკასიის ქრისტიანულ სივრცისა. თბილისს იჯდა ამირა სწორედ. ახსოვს თურქ-სელჯუკნი, მათაც დაუდგამთ ფეხი გულში გეორგიისა, განუდევნია საიდანაც დავით მეოთხეს, დასასრულს დიდგორის ომისა, ახსოვს კიდევ სხვანიც. განათლდეს სულნი ხმალჩაუგებთა მართალთა საუფლოში, რომ ცდილობდნენ წამლად დასდებოდნენ სატახტოს. წარვიდნენ წელნი მრავალნი, ახლა თითქოს სიზმრად იქცა ყოველი. მოინელა ქალაქმა დამაქცევარი უთვალავი, განიძარცვა ჯავშანი ჯაჭვისა, გადასდო სატევარი დამაშვრალი და დღეს, თითქოს არც გამოევლოს ტკივილი ამგვარი, მაინც მხნედ, ლაღად მდგარი გვიხუტებს, გვეფერება, გვითბობს გულებს.
2017 / VII
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეჰ, რამდენ ტანჯვას და უბედურებას გაუძლო ჩვენმა დედაქალაქმა, მაინც ამაყად დგას საქართველოს სადარაჯოზე!
5 ეჰ, რამდენ ტანჯვას და უბედურებას გაუძლო ჩვენმა დედაქალაქმა, მაინც ამაყად დგას საქართველოს სადარაჯოზე!
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|