მე იმ ასაკში არ ვარ, დაბეჩავებული დავჯდე საკუთარ კერიასთან, ხელში კალამი ავიღო, მემუარები ვწერო და განვლილი ცხოვრების ანალიზით გული ვიჯერო. ალბათ ამის დროც დადგება, მაგრამ რასაც აქ მოგიყვებით, ჩემს წარსულთანაა შერწყმული და საუკუნეც რომ გადავაგორო, მეხსიერებიდან არ წაიშლება. არ ვარ დიდი ხნის, მაგრამ ასაკის მიუხედავად ბევრი რამ მინახავს და გამიგონია. ბევრს ვინმეს შევხვედრივარ ცხოვრების გზაზე; ზოგისთვის თავი მდაბლადაც დამიკრია, ზოგთან კონფლიქტიც მქონია, ქალიც შემხვედრია და კაციც, ქალიც და კაციც, ერთ სხეულში; ძლიერიც მინახავს და სუსტიც, ქურდიც, მკვლელიც და კეთილშობილიც. ყოველი შემთხვევისათვის იმდენი გამოცდილება შევიძინე, ავი და კარგი ერთმანეთისგან გავარჩიო. თავიდანვე გეტყვით, მე იმ დაკარგული თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უბრალოდ გაწირა. თქვენის ნებართვით, მინდა იქ დავბრუნდე და გავიხსენო დრო, სადაც უბრალოდ დავიკარგეთ, გავიხსენო ის საშინელებანი, ჯოჯოხეთი რომაა მოსაგონებლად. თქვა ლადო ლანდიამ და განაგრძო: I
იმ დღეს ბინაში მარტო არ დავბრუნებულვარ. ლამაზი, ეშხიანი ქალი მახლდა . გზაში ვინმე ნაცნობი რომ შემხვედროდა, ნამდვილად გაუკვირდებოდა ჩემი იმდღევანდელი მდგომარეობა. ჩემთან თითქმის არავინ დადიოდა, რადგან სტუმრის მიღების არც პირობები და არც შესაძლებლობა მქონდა. ის ბინა მშობლებმა მიქირავეს. რამდენის საშუალებაც იყო იმ მძიმე დროში, ისეთ გარემოში მომიხდა ცხოვრება. იმ ქალს, რომელიც თან მახლდა იმ დღეს, სრულიად შემთხვევით გადავეყარე იქ, ბულვარში. ფიქრმორეული ვიჯექი სკამფიცრულზე ჩემთვის, მოზღვავებული გრძნობების პატრონი და მწირი ბიუჯეტის მქონე სტუდენტი, რომელსაც იმდენი შესაძლებლობაც კი არ გააჩნდა რომ თავისი ელემენტარული სურვილებიც კი დაეკმაყოფილებინა; ზოგადად ხომ საშუალო შეძლების მქონე ადამიანის შვილი, სტუდენტობისას ღარიბია; მე კი მითუმეტეს იმ არეულ დროში მომიწია სტუდენტად ყოფნამ, გაგანია ომი ხომ ზუსტად მაშინ დაიწყო აფხაზეთში, როცა მე პირველ მისაღებ გამოცდას ვაბარებდი. ზუგდიდში ვსწავლობდი და სამეგრელოც სამოქალაქო დაპირისპირების ეპიცენტრი იყო. საერთოდ ფიქრები მიყვარს, შესაბამისად განმარტოებაც; იმ დღესაც ბულვარში ჩემთვის ვიჯექი და ვფიქრობდი; როგორც წესი ასეთ დროს მყუდროების დარღვევას ვერ ვიტანდი; მოკლედ იმ მიზეზით რომ თავი დამემარტოხელებინა, მივაშურე ბულვარს და ვინმეს გაცნობის ხასიათზე ვიყავიმეთქი, რომ გითხრათ, მოვიტყუები. ყველაფერი რაც იმ დღეს მოხდა, მოულოდნელობა იყო. ეს ლამაზი, მომხიბლავი, სლავური გარეგნობის ქალიც არავის დაუპატიჟნია, ისე აღმოჩნდა ჩემს გვერდით. ასე იყო თუ ისე, ამ უცნობმა ქალმა მკაცრ რეალობაში დამაბრუნა. გაბრაზებისთვის მიზეზი მომეცა; ფიქრებდამფრთხალმა, როცა ჩემს გვერდით მოკალათებურ დაუპატიჟებელ სტუმარს შევხედე და დავინახე ასე, ოცდაათს მიღწეული, კარგად შენახული ქალი თავისი მაცდური და ცბიერი გამომეტყველებით, გაბრაზებაზე უარი ვთქვი. გაკვირვებულს ღიმილი შემომაგება, რომელიც ძალიან უხდებოდა. ზღვისფერი თვალები ქონდა, ზღვასავით უძირო და უსასრულო. იმ თვალებმა მაშინათვე მომაჯადოეს. იყო მასში რაღაც იდუმალი, რომელიც მხატვარს ფუნჯს ააღებინებდა და პოეტს ლექსის სათქმელად განაწყობდა. სლავური გარეგნობისა იყო. ხშირი, დატალღური, ქერა თმა მხრებზე ეფინა, შავი მაისური ეცვა, საკმაოდ მოტკეცილი; ისეთი, მკერდის მოხაზულობას რომ იმეორებდა. გათქვირული ძუძუები არასოდეს მხიბლავდა, მე უფრო საშუალო ზომის, მკვრივ მკერდს ვანიჭებდი უპირატესობას და ამ მხრივ მისი ქალური სიმდიდრე ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა. იმ დღეს მართლა სასწაული მოხდა, რადგან როგორც ჩემი კურსელი გოგონა, ყველანი რომ კაფანდარა ირმას ვეძახდით, იტყოდა, მე, ლადო ლანდია ერთი მეტად აუტანელი ტიპი ვიყავი. შეიძლება ითქვას ჩემი მეგობარი მართალი იყო. სხვებისგან რაღაცით მართლა ვიყავი განსხვავებული, თავისებური და მიუწვდომელი; ჩვეულებრივი ადამიანები კი ჩემისთანებს საზოგადოდ უჟმურს ეძახიან, ან იტყვიან არც ღვინოა, არც წყალიო. ჩემი შინაგანი სივრცე, რაღაცნაირად ჩაკეტილი იყო. არავინ იცოდა რა მიხაროდა და რა მწყინდა. ჰოდა, ასეთ უცნაურ, უჟმურ ადამიანს შემეძლო, იმ დღეს ამ დაუპატიჟებელი სტუმრისთვის მეყვირა, ან რაღაც ამდაგვარი, სინამდვილეში შევხედე თუ არა, ასე არ მოვიქეცი, ბოლოსდაბოლოს ამ უჟმური ადამიანის სხეულშიც სახლობდა გამოუცდელი, ახალბედა მაგრამ მაინც მამაკაცი. თითქოს რეტი დამესახაო, კარგა ხანს ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. მისი მშვენიერების დამნახავს იმთავითვე შემომენთო ცეცხლი. ამ ცეცხლს ვნებისას ეძახიან, ამქვეყნიურია, მიმზიდველი, ტკბილი, მაგრამ ამაოების ელემენტი, რომელიც ისეთივე წარმავალია, როგორც ცხოვრება, რომელსაც ჩვენმა ბრძენმა წინაპარმა წუთისოფელი უწოდა. თვრამეტს არ ვიყავი გადაცდენილი; სტუდენტი გავხდი, ერთი წელიც გასული იყო; ჩვიდმეტისა პირველ კურსზე გახლდით, მაშინ მეორეზე ვიყავი გადასული, მას რომ გადავეყარე; ავღელდი და უსაზღვრო იყო ეს მღელვარება; წარმოიდგინეთ: მაჭარივით მდუღარე სისხლი, მთელს სხეულში რომ სასიამოვნოდ გაიჩქროლებს, ძარღვები დასკდომამდე დაგებერება, საფეთქელი გიხურს და გულისცემა გიხშირდება, რაღაც გაუსაძლისი გეძალება და სურვილებს ვერ უმკლავდები; უფრო მეტიც, არცკი გინდა ამ გრძნობებს შეეწინააღმდეგო; რადგან ის მიწიერია, ტკბილი და ცალსახად თავი ბედნიერი გგონია; ჭაბუკი ხარ, გამოუცდელი და მორიდებულიც; ეს მორიდებულობა გაღიზიანებს, რადგან დიდი დრო გჭირდება, უადგილო სიმორცხვე რომ დაძლიო; დრო გაივლის, თავს მოერევი, დაბორკილი ენა არტახებს აიწყვეტს და იმას, რაც გულში გაქვს, ფიანდაზად გაფენ. „ჯანდაბამდის გზა ჰქონია მარტოობას;“ ჯანდაბას ის ფიქრები, ამ მარტოობისკენ რომ მექაჩება, გავივლე გულში და ბედისწერას დავმორჩილდი. იმ დღეს მტკიცედ გადავწყვიტე რომ ამ ლამაზი ქალის დათმობა არ იქნება და მივხვდი, რომ მის ღიმილში, მის თითოეულ მოძრაობაში, უფრო და უფრო რომ მწვავდა, სულაც არ იკითხებოდა ქალური თავმდაბლობა; ხასიათით აზიატი ვიყავი, რადგან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ერთ, მაღალმთიან ღვთისაგან და კაცისგან მივიწყებულ სოფელში. ასეა ზოგადად, თავი ევროპელად მოგვაქვს, მაგრამ არის ჩვენში რაღაც, რომელიც უფრო აზიურია; ტრადიციები და ადათები უფრო აზიისკენ იხრება, რადგან ცხოველი ურთიერთობები თავისას შვება; მსოფლმხედველობით რაღაცნაირად ვცდილობთ ევროპულად ვიაზროვნოთ; მეც ასე ვიყავი და მგონი ახლაც ასე ვარ; მარტივით ვიცვლი ხასიათს, ალბათ იმიტომ რომ ამავე თვეში ვარ დაბადებული. ასტროლოგებს და ვარსლვლავთმრიცხველებს თუ დავუჯერებთ, იმ თვეს გავხარო ხასიათით, რომელშიც იბადები. ჩემთან მიმართებაში, ეს ყოველივე გამართლებულია; მე თავისუფლებაც მიყვარს, ლაღად ვისუნთქო მინდა, მაგრამ ხანდახან შემიძლია საკუთარი თავი პატარა ნაჭუჭში გამოვკეტო. რაკი ამ უცნობ არსებაში ის ვერ დავინახე, რაც წრფელი გულით მხიბლავდა, რადგან სანამ გამეცნობოდა, მანამდე ცდილობდა გამთამამებოდა, რაც მის ხასიათს აშიშვლებდა და ამიტომაც ისე შევხედე, როგორც სხვებს, რომლებთანაც თუკი რამე სახსარი გამომიჩნდებოდა, ჟინს ვიკლავდი. მოკლედ ჩემი მსოფლმხედველობით, ქალს მამაკაცისგან თავდმდაბლობა უნდა განასხვავებდეს; ასე ეგონა მამაჩემს, პაპაჩემიც იგივე აზრზე იდგა და ასე მეგონა მეც. ჰოდა ის რომ გამოჩნდა, ვიაზროვნე როგორც აზიელმა. ახლა ნება მიბოძეთ გაგეცნოთ მე, როგორც ლადო ლანდია, სტუდენტი, ღარიბ-ღატაკი, მოკლედ პროლეტარი; საშუალო შეძლების ოჯახში დაბადებული და გაზრდილი. ჩემი მშობლები არც რაიმე თანამდებობის პირები ყოფილან, არც რამე ბიზნესი ქონიათ, თუმცა ეს ხელობა მაშინ ახალი ხილიც იყო და მამაჩემი მას ალღოს ნაღდად ვერ აუღებდა, რადგან მენტალიტეტი შეუშლიდა ხელს, ჩვენებური, ძმაკაცური, სულ რომ ვიღაცის დახმარებაზე, გვერდით დგომაზე ფიქრობ და ბოლოს თავად ხდები მიტოვებული. სოფლიდან წამოსული, მარტო ვცხოვრობდი ნაქირავებ, უდიერი პატრონისგან გასაცოდავებულ, ფაქტიურად განადგურებულ ბინაში. სადაც მქონდა ერთი ძველისძველი საწერი მაგიდა; მედგა დანჯღრეული, ზამბარებიანი საწოლი; ერთი ორი ფეხმორყეული სკამიც ამშვენებდა იმ ოთახს; ეს იყო და ეს, ჩემი ავლადიდება. ჰო, გამახსენდა იმ დროებში, როგორც წესი შუქი სადღაც მოუსავლეთში მიიპარებოდა ხოლმე, ღამით რომ მემუშავა, ასევე მქონდა სოფლიდან წამოღებული ძველთაძველი ლამფა, რომლის მკრთალ შუქზე საკმაოდ ბევრს ვმუშაობდი. ისტორიკოსობას ვლამობდი, ამიტომაც ბევრი მქონდა საკითხავი; ღამით ჩავრგავდი თავს წიგნებში და ვიზუთხავდი გარდასულ დღეთა ამბებს. ბავშვობაში ბევრს ვოცნებობდი; თქვენ წარმოიდგინეთ კარგ ცხოვრებაზე და სიმდიდრეზე არასოდეს მიოცნებია; უფრო მაშტაბურად ვაზროვნებდი; მეცნიერი მინდოდა ვყოფილიყავი, თანაც არქეოლოგი; სიძველეები ჩემი სისუსტე იყო. ისე მართალი გითხრათ, ბავშვობაში მეგონა რომ ცხოვრება ისეთივე ფერადი იყო, მსუბუქ, ადვილად წასაკითხ, რომანებში რომ წამეკითხა; მეგონა, ბოროტება სიკეთეს ყოველთვის ჯაბნიდა და რომ უკეთურობის ადგილი ამ სამყაროში უბრალოდ არ იყო. მაგრამ იმ არეულ დროში, როცა სტუდენტად ყოფნამ მომიწია, მივხვდი, რომ ეს წუთისოფელი საკმაოზე მეტად მკაცრია და ისეთი ფერადიც როდია, მწერლები რომ გვიხატავენ, თავიანთ წიგნებში. ის ჩემი გაპარტახებული ბინა და მოუწესრიგებელი ოთახი, რომლის ღირსებების შესახებ წეღან მოგიყევით, სულაც არ მაღიზიანებდა. კომფორტი მე სოფლის სახლშიც არ მქონია და გაგიკვირდებათ და კარგი, მდიდრული ცხოვრების დიდად მოტრფიალე არასოდეს ვიყავი; ჩემი ბინის მდგომარეობა კი იყო გადაჭარბებულად მძიმე, მაგრამ ის რაც მე მიყვარდა, იქ ნამდვილად იყო; იყო სიწყნარე, ენით აუწერელი მყუდროება, რომელიც მე მამშვიდებდა და ფიქრის საშუალებას მაძლევდა. ამიტომაც არ ვგრძნობდი აქ თავს ცუდად. ბევრს ვფიქრობდი, ცხოვრებაზე და მის ამაოებაზე. ხანაც წიგნს ვკითხულობდი, ვკითხულობდი თავააუღებლად. წიგნის კითხვას რომ მოვრჩებოდი, ვწერდი. ვწერდი ლექსებს; მოთხრობებსაც ვწერდი. ვწერდი და ვგრძნობდი ემოციებისგან როგორ ვიცლებოდი. ჩემი ნაფიქრი და ნააზრევი გადამქონდა ქაღალდზე. ეს შვებას მგვრიდა და ამ მომენტში არავის ვპატიობდი მყუდროების დარღვევას. თავიდანვე გითხარით, რომ იმ ბინაში, არავინ მაკითხავდა. აი სოფელში კი მქონდა პრობლემები. თავის მარტო მოხელთებას ნაკლებად ვახერხებდი. მშობლებსაც კი ვერ ვაგებინებდი ხოლმე რომ ჩემს ცხოვრებაში დგებოდა მომენტი, როცა მე უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა. აი რატომაც მიყვარდა ჩემი არაკომფორტული, მაგრამ მყუდრო ბინა. ფიქრისთვის იყო საუკეთესო ადგილი. ის ბინა იყო ჩემი მეგობარიც, მესაიდუმლეც; ჩემს დაწერილ ლექსებს ხანდახან ხმამაღლაც ვკითხულობდი, ე.ი ხმამაღლა განვიცდიდი და ვფიქრობდი; არავის შეეძლო ჩემთვის გიჟი ეწოდებინა, არვინ მეუბნებოდა აუტანელი ხარო; ვფიქრობდი, ვწერდი, ვკითხულობდი, ემოციისგან ვიცლებოდი. გარეთ გასულს დენთის სუნი მცემდა. ვგრძნობდი როგორ გვებინდებოდა გონება და როგორ ზეიმობდა უსაზიზღრესი ბოროტება, რადგან სამარცხვინო სამოქალაქო ომი მძინვარებდა. ზოგი „მგზავრად წასულ ხელმწიფეს“ მისტიროდა, ზოგიც ახლად მოვლინებულ ეშმას თანაუგრძნობდა; ეს გარემოება გადაზრდილი იყო სრულ უმსგავსოებაში და ნამეტნავად პატიოსან ადამიანს აქ არ ედგომებოდა. იმ დღესაც კურსელებს პირდაპირ ბრბომრავალი მიტინგიდან გამოვეპარე, ბულვარს მივაშურე და ისეთი ადგილი ამოვირჩიე, ფარისეველი ორატორების მჭექარე ხმა რომ არ მომწვდებოდა. მე მოლაყბე, უფუნქციო საზოგადოებას ვერ ვიტანდი, რომელნიც დროს და ვითარებას სათავისოდ იყენებდნენ. წავედი, გავერიდე მათ, მაგრამ რად გინდა, უცნობმა ქალმა სულ სხვა ხასიათზე დამაყენა. ჩემი ბინისკენ გზას ისე გამოვუყევით, ერთმანეთი არცკი გაგვიცნია; სახელები მივუგდეთ ერთმანეთს; აღმოჩნდა რომ ეკა ერქვა, რომ ის იყო პირდაპირი, ურცხვი, თავქარიანი გოგო, ცოტა თავხედიც, რადგან უხეშ ხუმრობასაც არ ერიდებოდა, ისეთსაც, მე რომ არავის ვპატიობდი, თუმცა იმ დღეს იშვიათი გამონაკლისები დავუშვი; სიმორცხვეს, თავიდანვე რომ გამაღიზიანებლად შემაწუხა, მალევე ვძლიე, ამაში მანაც შემიწყო ხელი; სახელი გავიგე, შევხედე და მომეწონა, იმდენად რომ სურვილები მომეძალა და ძალიან მომინდა; თანაც პირდაპირ თქვა არც სახლი მაქვს, არც კარი და თავშესაფარს ვეძებო; ამით კი მე და ჩემი სურვილები ერთბაშად გაგვახარა. ეკა თავისუფალი, კომპლექსებისგან შორს მდგარი ადამიანი იყო; ეს თავიდანვე იყო თვალშისაცემი. ამავდროულად მის სახეზე სულაც არ იკითხებოდა ის სისასტიკე და ზიზღი, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებოდი. მაშინ ასე ვივარაუდე ასაკით ოცდაათ წელს იქნება მიღწეულიმეთქი და მართალიც გამოვდექი. ზღვისფერ თვალებში ეშმაკები დანავარდობდნენ, რომლებიც ადასტურებდნენ და ცხადყოფდნენ მის ხასიათს... მძიმედ გაიღო ჩემი ბინის კარები. ძველი, რკინის კონსტრუქცია იყო, შეუღებავი და ჟანგმოკიდებული. სახლში როგორც მასპინძელი, მე შევუძეხი. მაშინათვე შევამჩნიე, რომ ამ გარემოთი, რომელიც დახვდა, მაინცდამაინც არ მოხიბლულა. ან რას უნდა მოეხიბლა?.. წარმოიდგინეთ: კედელზე გაკრული შპალიერი, იმდენად იყო გახუნებული, დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა, რომ ოდესღაც ეს ოთახი ლამაზი ყვავილებით იყო მოჩითული. სანამ იქ, მე შევსახლდებოდი, წინამორბედ მდგმურებს , იატაკიდან პარკეტიც კი აეყარათ და შეშად გამოეყენებინათ. ჭერზე ძველთაძველი ჭაღი ეკიდა. იმ დღეს რატომღაც თვალში მომხვდა: მზაკვარ ობობას აბლაბუდა რომ მოექსოვა. მაგ აბლაბუდაში კი საწყალობლად გაბმულიყო ბუზი და ტყვეობაში ღაფავდა სულს. ეს მომენტი დავიჭირე და მართალი გითხრათ შემეცოდა თავისუფლებადაკარგული მწერი. სამუშაო, საწერი მაგიდა, ოთახს რომ „ამშვენებდა,“ ალბათ ნიკოლოზის (რუსეთის ბოლო იმპერატორს ვგულისხმობ, ლენინმა რომ დედაბუდიანად ამოძირკვა) დროიდან იყო შემორჩენილი. იმ მაგიდაზე სრული უწესრიგობა სუფევდა. თაბახის ფურცლები, რომელზეც კონსპექტები, ლექსები და მოთხრობები იყო დაწერილი, ისე იყო იქითაქით მიყრილი, მათ წესისამებრ დალაგებას, ალბათ მთელი დღე არ ეყოფოდა. სინათლის ანთება მოვინდომე ბიჭმა, რადგან ოთახში ბნელოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ შუქი ჩვეულებისამებრ გაპარულიყო. „თქვენი დედაც,“ შევიგინე ჩემებურად. „წესრიგიც ამას ქვია.“ ისევ გამომაჯავრა ეკამ. ისევმეთქი ვამბობ იმიტომ რომ გზაში რომ მოვდიოდით, ეკამ როცა გაიგო სტუდენტი რომ ვიყავი, შენ ენერგიამოზღვავებული, მაგრამ ჯიბეგაფხეკილი ადამიანი იქნებიო, მომახალა; ეს მართლაც ასე იყო, თავადაც ვიცოდი და ის არ მეყოფოდა, მასაც რომ არ დაედგა მტკივნეულ ადგილას ფეხი. „იცი, მაგეებისთვის ვერ ვიცლი.“ ვიმართლე თავი, მაგრამ აშკარად გამოვხატე წყენა; ეს ჩემდაუნებურად მოხდა, რადგან ადამიანი რომელსაც ღამის გასათევი არ აქვს, წესით არ უნდა წუნობდეს შეთავაზებულ თავშესაფარს „არა უშავს რა... მთავარია არ გაწვიმს, არც გათოვს... ჩვენს დროში ესეც დიდი ფუფუნებაა, ძვირფასო.“ რაკი მიხვდა რომ მაწყენინა, სცადა შეცდომა გამოესწორებინა, მაგრამ ჩემს კიდევ ერთ ხუშტურს გადაეყარა; სიტყვა „ძვირფასოს“ ვერ ვიტანდი ეკას მსგავსი ქალებისგან, მაგრამ ამაზე გაბრაზებას მოვერიდე, როგორღაც მოვერიე თავს. ვაღიარო უნდა რომ მე, ვაჟიშვილი, ქალაქში დავვაჟკაცდი; კი, ნამდვილია, რომ კახპებთან სურვილი დამიკმაყოფილებია, თუმცა ეკამდე მდიდარი გამოცდილება ამ კუთხით მაინცდამაინც არ მქონია, ვინ იყვნენ ისინი, ვისთანაც მე დროს იშვიათად, მაგრამ მაინც ვატარებდი? ისინი იყვნენ ჩვეულებრივი, უსუსური არსებანი, რომლებთანაც ღამის გატარება, იმ ცუდ დროში, სულაც არ გვიჯდებოდა ძვირი. ნახევარი ლიტრი არაყი, გაურკვეველი წარმოების ძეხვი და სამიოდე ცალი პური, საკმარისი იყო დაგეთრია ასე თვრამეტ წლამდე გოგოებიც და მაქსიმუმ ოცდაერთს მიღწეულნი. ყველას როდი აქვს ერთნაირად მტკიცე ხასიათი და დიდი ნებისყოფა. ომმა ბევრი დატოვა ქუჩაში; საკუთარ ქვეყანაში აქცია ლტოლვილად; საკუთარ ქვეყანაში საკუთარმა მოძმემ გაწირა დასაღუპავად. იმ დროს ყველანი ცუდები ვიყავით; როგორ გგონიათ განა მე ვიყავი მათგან განსხვავებული და უნიკალური, ვინც გარს მეხვია?... არა ჩემო მეგობარო მკითხველო, მეც იმათი მსგავსი ვიყავი, ცოტა შეძლება როცა მქონდა ამ გასაცოდავებულ გოგოებთან ავდიოდი მცირედი ხორაგით, განა იმიტომ რომ ისინი მეცოდებოდნენ, არამედ მეც სხვების მსგავსად ბოროტად ვსარგებლობდი მათი უმწეო მდგომარეობით; ისინი კი თავის გადარჩენისთვის ამდაგვარად იბრძოდნენ, სულით და ხორცით ირყვნებოდნენ. მახსოვს გლახამათხოვარი დადიოდა ერთი, დაკონკილ-დაძონძილი ბერიკაცი, რომელზეც რას არ ამბობდნენ, ძალიან განათლებული, პროფესორი კაცი იყოო; ისე მე რომ მახსოვს სრულ ჭკუაზე არ იყო, ზოგი ამბობდა ბოდვითი აშლილობა აღენიშნება ამ საწყალსო; ზოგიც ამბობდა, გიჟები თქვენ ხართ, ის კი სრულ ჭკუაზე არისო, ფულს რომ მთხოვდა მე რა უნდა მქონდა, მაგრამ თუ გროშები მეყარა სადმე, ვაძლევდი. გათახსირდა ქვეყანაო, მეტყოდა მას შემდეგ რაც ჩემგან მოწყალებას მიიღებდა და მაშინათვე გამეცლებოდა. ვიღაცა გაიღებდა მოწყალებას, ვიღაცა არა. ვიღაცაც კარგად გამოლანძღავდა ხოლმე, ვიღაცაც აბუჩად აიგდებდა, ზიზღით შეხედავდა ბერიკაცს და გაეცლებოდა. ის საცოდავი კი ხანდახან გაბრაზდებოდა და იყვირებდა: „რა გინდათ ჩემგან, ეს მე ვარ, ადამიანი, თქვენ კი ზიზღით რომ მიყურებთ, ალბათ გშურთ, რომ თქვენზე უკეთესი ვარ. დიახ, დიახ, ასეა ეს, თქვენ სიყვარული დაგიკარგავთ და არცკი ეძებთ.“ ეს სიტყვები მაშინ ყველას ღიმილს გვრიდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რატომ გვეღიმებოდა ამ სიმართლეზე?.. ჩვენ ხომ სიყვარულის ნატამალიც კი არ შეგვრჩენოდა. მანამდის ვინც მყოლია, მათთან შედარებით ეკა ასაკოვანი გახლდათ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, სხვებისგან ნამდვილად განსხვავდებოდა... ახლა არ დამიწყოთ, ბოზი ბოზია, რას მიქვიან დახვეწილი და დაუხვეწავიო... სიმართლეს გეუბნებით, ჩემი ტოლი გოგოები, პურის ფულად რომ იყიდებოდნენ, უფრო გაუბედურებულნი, გასაცოდავებულნი ჩანდნენ, ვიდრე ეკა. მთელი გზა ზურგით ვათრიე მისი საკმაოდ მძიმე სპორტული ჩანთა, ამიტომაც გავეხუმრე ბომბები ხომ არ გიწყვიამეთქი, რადგან თავიდან მეგონა, რომ ეს ჩანთა მისი ტანისსამოსით და სხვა რამ პირადი ნივთებით იქნებოდა გამოტენილი; „კი, ბომბები მიწყვია მითხრა ეკამ და მე ეს ჩვეულებრივ ხუმრობად აღვიქვი.“ მოკლედ წელი მომწყვიტა მაგ ჩანთამ. სახლში შევედი თუ არა, ეგრევე მივაგდე იქვე, კარებთან ახლოს. „ფრთხილად!“ მითხრა ეკამ გამკრა ტვინში ეჭვმა... რატომ უნდა ვყოფილიყავი ფრთხილად? იქნებ ... რა იქნებ?.. საწინააღმდეგო აზრი უცბადვე დაუპირისპირდა წინარეგაფიქრებულს. რა არ ვისაზრე, რა არ ვიგუმანე და ეს არც იყო გასაკვირი; ჩვენ ხომ საშინელ დროში ვცხოვრობდით. ერთის მხრივ მინდოდა არაფერი მეეჭვა, მაგრამ არსებული მდგომარეობა ეჭვის ჭიას მაინც აღვიძებდა. ეკამ ჩანთიდან ერთი თუ ორი ხელი ტანისამოსი ამოიღო, რომელიც ჩემს ძველ, ზამბარიან საწოლზე მიყარა; მერე რაც იქ ვიპოვე იმან ჩემი ეჭვები გაამართლა; ჩანთაში ორი ავტომატი, მისი მჭიდები და ვაზნები ეწყო. სახტად დავრჩი. თურმე მთელი სამხედრო არსენალი მითრევია ზურგით. ეგ არაფერი, კაცი ვიყავი ბოლოსდაბოლოს და ყველაფრისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად, მაგრამ იმ „კანონის დამცველებს“ რომ გავეჩხრიკეთ, მაშინ რას ვაკეთებდი? მე საწყალს, ხომ იქვე კედელზე მიმახვრეტდნენ?!. მერედა რისთვის?.. იმისთვის რომ ავყევი წუთიერ გრძნობებს, მომხიბლა ვიღაც მსუბუქი ხასიათის ქალმა. განა ვინმე დაიჯერებდა რომ მე იარაღი ჭირის დღესავით მძულდა. უბრალოდ იმან მიხსნა, სტუდენტი რომ ვიყავი. ჩემგან ტერორისტობას არც ვინმე მოითხოვდა და არც ვინმე ელოდა. ქალაქში ხან ერთი დაჯგუფება ბოგინობდა ხან მეორე; ჩვენ სტუდენტები კი შედარებით უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავს; რამე რომ დაეშავებინათ, რას გამოგვრჩებოდნენ; გოგოები კი იყვნენ ცოტა ფრთხილად, მაგრამ რა ვიცი, მათზეც არავის უძალადია; ყოველი შემთხვევისთვის მე არაფერი გამიგონია; „რა არის ეს?!“ ისეთი სახე მივიღე, რაღაცნაირი, ბრაზიანი და ამ გამომეტყველებით ვეცადე შემენიღბა გაჩენილი შიში. თუმცა ის მაინც მიხვდა, ძალიან რომ შემაშფოთა ამ ამბავმა. „ნუ გეშინიაო, მითხრა.“ „კი არ მეშინია ეკა, უბრალოდ ვიკითხე, რა არის ეს?!“ ვცდილობდი დამაჯერებელი ყოფილიყო ჩემი მეტყველება. „ამის პატრონი ორ-სამ დღეში მოვა და ამ ჯართსაც მალე წაიღებს,“ თქვა ქალმა. მან დახმარება მთხოვა, ეს იარაღი სადმე უნდა გადაგვემალა. „თავიდანვე უნდა გეთქვა... უნდა მცოდნოდა...“ იხტიბარს არ ვიტეხდი. გონებაში კი საკუთარი თავი დავტუქსე. დაუფიქრებელი ნაბიჯი რომ გადავდგი. არ უნდა ავყოლოდი სურვილებს, ვიფიქრე, რადგან ამ სურვილებმა ხათაბალაში გამხვია. ეს ოხერი იარაღი არასოდეს მიყვარდა. თავიდანვე გითხარით რომ მძულდა. იქ, სოფელში, ჩემი მეგობრები ნადირობით იქცევდნენ ხოლმე თავს. მე ეს საქმიანობა უბრალოდ არ მიყვარდა, რაც ნამდვილად არ მიმაჩნია სილაჩრედ. სანადირო ინსტრუმენტია იარაღი (თოფი ან სხვა რამ, მისი მსგავსი), რომელიც მხოლოდ იმისთვის გამოუგონია ადამიანის მოდგმას, სიცოცხლე რომ ხელყოს. ჩემთვის კი სიცოცხლე სასწაულია. სიტყვა „სასწაული“ კი ამოუცნობთან, საიდუმლოს ამოხსნის მცდელობასთან ასოცირდება. სიცოცხლე ყველას უყვარს, მეც მიყვარს, შენც გიყვარს, მასაც უყვარს. მოდიხარ და თავადვე ტირიხარ, აქცევ ქვეყანას; აქ რა მინდოდაო, ფიქრობ ალბათ, მაგრამ ნელნელა ეჩვევი ამ ამაოებას. გხიბლავენ ლაღი ფერები. ეჩვევი და გიყვარს სიცოცხლე. ის ხომ სასწაულია. ცხოვრობ და ცოცხლობ, მერე მოდის ის ვინც არ გიყვარს და ვისაც უყვარხარ, მოდის სიკვდილი და გინდა თუ არა, მაინც ნებდები. მაშინაც ტირიხარ. სიკვდილიც სასწაულია; ისიც ამოუცნობი ფენომენია, რომელიც მოდის შენთან, ისე რომ შენს სურვილებს ეწინააღმდგება, მოდის და გულში გიხუტებს. შენ არ გინდა, ის პირველი სასწაული უფრო გიყვარს, მაგრამ... ვინ რას გეკითხება... მიდიხარ, მიყვები, უკან პროცესია მოგყვება ცრემლთაფრქვევით, უთვალავი ყვავილებით. მიდიხარ და დროში იკარგები. გადის წუთები, წამები, დღეები, თვეები თუ წლები. თანდათან ავიწყდებათ, რომ შენ არსებობდი, ცხოვრობდი, ცოცხლობდი და იყავი მათი მსგავსი. უხსოვარი დროიდან ვცდილობთ გავარკვიოთ, რისთვის მოვდივართ ამ ქვეყნად, რისთვის ვცხოვრობთ, ან რისთვის მივდივართ... ბოლომდე რომ ამ საიდუმლოს ვერ ვხდით ფარდას, ვამბობთ რომ ყველაფერი განგების ნებით ხდება, განგება კი ღმერთია, რომელიც თვალით არ გვინახავს, მაგრამ გვწამს, გვჯერა რომ არსებობს... და იარაღი?.. ეგ ხომ ანგრევს, ხელყოფს, მას, რომლის შეცნობასაც ბუნება თუ განგება ისედაც არ გვაცლის. მძულს ადამიანები, რომელთაც შეუძლია სიცოცხლე მოსპოს. იმ საშინელ რეალობას, როცა ადამიანები ერთმანეთს ხოცავდნენ, ვერ გავქცეოდი მე, ლადო ლანდია... სამოქალაქო დაპირისპირება კულმინაციამდე იყო მისული. ჩვენი ქვეყანა ნამდვილი ცოდვის კალო იყო, რამეთუ კლავდნენ ადამიანები (მოძმენი) ერთმანეთს. არ იცოდნენ რაა სიბრალული. კლავდნენ დღისით, კლავდნენ ღამით. ჩვენს თვალწინ კლავდნენ და ხელყოფდნენ სიცოცხლეს. ადამიანები ლანდებს, ჩრდილებს დამგვანებოდნენ, რადგან იყო შიში, იყო ტერორი. ადამიანებს კლავდნენ დედების, მამების, თვალწინ. კლავდნენ და სიამოვნებდათ ეგ ყოველივე. მე ვერ ვიტანდი მათ, იმიტომ რომ ხელში იარაღი ეკავათ და უმოწყალოდ ხოცავდნენ ადამიანებს. ვინ იცის, ამ იარაღსაც რამდენი ადამიანი ყავდა საიქიოს გასტუმრებული. მე მეზიზღებოდა იარაღი, იარაღიანი არამზადები და ძალმომრეობა. ახლა კი ჩემს საკუთარ ბინაში ვიღაც გაურკვეველი ხასიათის ქალმა მომთხოვა ჩემთვის საძულველი ნივთის საგულდაგულოდ გადამალვა. ნუთუ ეს ქალიც მკვლელია?.. მან მითხრა რომ ამ იარაღის პატრონი რამდენიმე დღეში მოვა და ამ ყველაფერს აქაურობას მოაშორებს. ვინ არის ის ვიღაც?.. ალბათ ამის მეგობარია... „საავადმყოფოში წევს, დამიკონკრეტა ქალმა, იქ, აფხაზეთში დაჭრესო.“ მე კი ვფიქრობ: იქნებ მატყუებს?! იქნებ ამ იარაღის პატრონი ჩვეულებრივი ყაჩაღია, მძარცველი და ქურდბაცაცა. იქნებ მასაც არაფრად უღირს სხვისი სიცოცხლე და ადვილია მისთვის მისი ხელყოფა. იქნებ სულაც არ იბრძვის აფხაზეთში. აფხაზეთში ომს ქონდა რაღაც შინაარსი. იქ მამული იყო დასაცავი, რომელსაც გვეცილებოდნენ. თუმცა მანდ დაღვრილი სისხლიც მიუღებელი იყო ჩემთვის, რადგან ვინც საპირისპირო მხარეს დააბანაკა ეშმამ, იყო დრო, ერთმანეთს რომ ძმობას ეფიცებოდნენ. რა არ ვიფიქრე, რა არ ვიგუმანე. „შენ გეშინია ლადო.“ მეუბნება ეკა და იღიმის. ამ ღიმილში ისევ და ისევ ირონია იმალება. „არა!.. არაფრის მეშინია!“ თანდათან ბრაზი მერევა. „მართალი ხარ რომ ბრაზობ, რადგან შენ არ გავხარ სხვებს... შენ მკვლელი არ ხარ!“ ისევ იღიმის; ეგ ირონიული ღიმილი კვლავ მაღიზიანებს. „ვხვდები რომ ეს დრო შენ არაა ძვირფასო.“ „შენი დედაც... ვაგინებ, ძვირფასოს ნუ მეძახი, ვერ ვიტან!..“ ვაფრთხილებ, მიუხედავად იმისა რომ ქალია, შემიძლია ცხვირპირი გავუერთიანო. „კარგი, კარგი, დაწყნარდი, რა დღეში ხარ.“ ვატყობ სულაც არ აშინებს მუქარა, პირიქით, აქეთ მიტევს, აქეთ მიბრაზდება. მართლა ჩემს ნერვებზე თამაშობს, მაგრამ თავს შემოვძახე, დაწყნარდი, ნერვები მოითოკე და საქმეს მიხედე-მეთქი, რადგან, ბრაზმა ლამის მოძალებული ვნებაც გამიქრო. თავი ხელში ავიყვანე და როგორც იქნა იარაღი „საგულდაგულოდ“ გადვმალეთ. გაგეცინებათ და ამ ჩემი ამორტიზებული საწოლის ქვეშ მივუჩინეთ ადგილი, რადგან სხვა უფრო საიმედო სამალავი არ აღმომაჩნდა. მერე ეკამ იკითხა აბაზანა ხომ გაქვსო. მე რომ აბაზანას ვუწოდებდი, ეგ მეტად „კომფორტულად“ ქონდა სახლის პატრონს „მოწყობილი“ წყალი ხშირად წყდებოდა. ამიტომაც კერასინზე შემოვდგამდი ქვაბს, წყალს გავაცხელებდი და ასე ვიბანდი. ეკას იგივე წესით შევთავაზე აბაზანის მიღება. მასაც სხვა რა გზა ქონდა. ბედს დამორჩილდა...
****** ის აბაზანაშია გასული. მე თანდათან ვმშვიდდები. ბრაზმაც გამიარა. ერთი სული მაქვს როდის გამოვა აბაზანამიღებული. წამოვწექი. ისევ ვაკვირდები ძველთაძველ ჭაღზე ობობის ქსელს, აბლაბუდას. მანდ გაბმული ბუზი უკვე აღარ ფართხალებდა. მომკვდარიყო საწყალი. ამასობაში ეკას წყალი გადაევლო. ოთახში კრემისფერი ხალათით შემონარნარდა. პირსახოცი წაეკრა თავზე. სახეზე რაღაცნაირი სიამოვნება ეხატა. საწოლიდან წამოდგომა დავაპირე, მაგრამ მან არ დამანება, ფეხებთან დამიჯდა. ხალათი გადაეხსნა და ამ უხერხული სიშიშვლის დამალვა სულაც არ უცდია, თანაც მაცდური მზერა ეროსის ისარივით მესროლა. არ ვიცი რა როგორ მოხდა. არაფერი მახსოვს. ვიყავ ბურუსში. მესმოდა მისი ვნებიანი ჩურჩული. ამ ბურუსიდან გამოსვლა კი არას დიდებით არ მინდოდა. მეგონა რომ სიზმარში ვიყავი, ტკბილ სიზმარში. ისეთში მაშინ, ვაჟიშვილობისას რომ ვნახულობდი, ქალს მონატრებული. მოდიოდა სასურველი არსება, ის, ვისთანაც ყოფნას ვოცნებობდი, მოდიოდა და მიღიმოდა, მე კი, რომელსაც მისი სურვილი მკლავდა, ვცდილობდი დამეფარა სიმორცხვე, ცხადში რომ მაწამებდა, შმაგივით ვაცხრებოდი ტუჩებზე; ისიც მნებდებოდა თითქოს, მაგრამ ვერ ვასწრებდი თუნდაც იმას, ტანსაცმელი რომ შემომეძარცვა, ისე მტოვებდა სიზმარი. რაც იმ დღეს მოხდა, კი გავდა იმ სიზმარს, მაგრამ ეგ ჩურჩული, ეგ მოფერება იმ სიზმრებივით არ გამქრალა, კოცნაც შევძელი, ქერა ნაწნავები დავაფინე ბალიშზე. არ მომერიდა და ბაგესაც შევეხე. ნაზად მოვეფერე, ნაზად შემოვესალტე მის სხეულს, ცეცხლივით მხურვალეს...
****** დრო გადის. მე ფეხზე ვარ. ის წევს. ძინავს. ძინავს და საბანი არ ახურავს. მისი ქერა თმა ტალღებად აფენია ბალიშზე. ფანჯარასთან ვდგავარ და ვუყურებ მას. ვეწევი სიგარეტს და არ მბეზრდება მისი ცქერა. „ ვინ არის ეს ქალი?“ „რატომ მოვიდა ჩემთან?.. ამდაგვარი შეკითხვებით ვაწუხებ საკუთარ თავს. „რისთვის გამეცნო?.. იქ, ბულვარში მე ხომ ჩემთვის ვიჯექი.“ „ჩემს გარდა კიდევ ბევრი ადამიანი იყო იქ და რაღა მაინცდამაინც მე ამომირჩია?..“ „ იქნებ იმიტომ რომ ჩემს გვერდით იყო მხოლოდ თავისუფალი ადგილი...“ „სულ ეს იყო?“ დავიწუნე საკუთარი ვარაუდი. არ მომეწონა ეგეთი ფიქრი. „მთლად ეგრეც არ იქნებოდა, მინდა მჯეროდეს, უბრალოდ მან მე ამომირჩია და იმიტომ დაჯდა ჩემს გვერდით.“ სწორედ რომ ეს ვარაუდი მინდოდა სწორი ყოფილიყო. ეძინა ეკას. ის ნამგზავრიც იყო და... გამეღიმა. განა შემეძლო მე ის დამეღალა?!..