ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2017


ფანტომი

ნუ გამოივლი შენ იმ გზაზე, რომელზეც მე, ხვალ,
მივდივარ დილით. ყოველ დილით გავდივარ რასაც,
აღმოსავლეთით გაიარე, ამომავლი
მზისკენ იარე .
მე გთხოვ ასე ჯობია
ადამს,

ნუ მიასწავლი ცოდვისაკენ მიმავალ ბილიკს,
ნუ მიასწავლი, როგორია სულის დაცემა.
ნუ დაიწყებენ მეზობლები ოღონდაც ქილიკს,
მე ვიცი ჩემი ნებისყოფა,
გუშინ კაცებმა

მეზობლის ვენახს გავუმართეთ ჭიგო და სარი,
და მერე ისე  გავაცურეთ გულის კანოე,
არანაირი შუალედი ოქროს და ქმარი
ცოლთან მივიდა სამარცხვინო.
რატომღაც ნოე

გამახსენდა და მერე ძილმა წაიღო თავი.

ნუ მომთხოვ სიზმარს, რომ მოგიყვე ისედაც დილას,
გამოღვიძება უხსოვარი საუკუნისებრ
იყო და თაროს ამშვენებდა, ვით უქმე კვირას,
ამაყი სხვებზე, ტანით სქელი, დიდი ულისე.

მოგენატრება, ვიცი, ახლა რასაც ვწერ ყოველ
საღამოს იქნებ წაიკითხო, რომ ძილის წინაც,
გახსენდებოდეს სიყვარული ვერასდროს, რომ ვერ
აჭარბებს შენი მარტოობის სასწორის პინას.

დაუსრულებელ გზებსაც, თითქმის ბოლო აქვს ყველას
და გააჩნია, თუ ეს ბოლო, სად იკლავს წყურვილს,
მე არ მჭირდება თანაგრძნობა, უმეტეს შველა.
ჩემს თავს სიჩუმე და დუმილი ყოფნის და უვლის.

მაგრამ, თუ მოხვალ, მე როგორც ვთქვი აღმოსავლეთით,
და თანაც დილით, უთენია და ყრუდ ამოთქვამ,
არ გყვარებია არასოდეს და აწვალებდი
სულს უფრო მეტად,
ვიდრე გეყო, ვიდრე კმაროდა.

მე დასავლეთით გავუყვები წითელ მდინარეს.
ვისუნთქებ იმით, რაც ფილტვებმა შემოინახა
და როცა მლაშე ოკეანეს შევუერთდები
ჩემგან დარჩება, შენით სავსე სიტყვა
- მიყვარხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები