ავტორი: მ ა რ ი კ ა ჟანრი: პოეზია 21 აგვისტო, 2017
უსათაურო
„ჩამოვსახლდები, დაგიძახებ თეთრი ტუჩებით, გაჩუქებ კოცნას, უგრძნობს, მაგრამ ყველაზე სათნოს, წაიშლებიან შენი ცრემლით ბნელი ქუჩები, არ შეგეშინდეს, აქ ვიქნები მე შენთან ახლოს.
ახლოს ვიქნები მანამ, სანამ გემახსოვრები, იის სურნელით დავიმძიმებ ჩემს მხრებს ცოდვიანს, მე ხომ შენს გვერდით ჩვენს საწოლზე ვეღარ მოვხვდები, ვეღარ გაგითბობ თბილი სუნთქვით თითებს თოვლიანს.
დარჩი ძვირფასო, ოღონდ დარჩი, ჩემთვის ილოცე, ჩემს ნაღვლიან სულს გაუღიმე დამაბრმავებლად, არ მოიშალო ის მსუბუქი, დინჯი სიმორცხვე, თუნდ გაიმეტო ღამეები გადასაგდებად.
წაიღე სუნთქვა, მე ხომ მაინც აღარ მჭირდება, ფერფლად აქციე ის ფურცლები, სადაც დაგწერე, და თუ ოდესმე თეთრი მთვარე ლურჯად იქცევა, ღაწვზე მორბენალ ბრილიანტებს სული ჩაჰბერე.“