ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2017


ამ ტრფიალებამ გამატიალოს

დე, მშთანთქოს ლექსის ბრიალა ალმა,
ფიქრში ძვირფასმა სულ იტრიალოს,
გამატიალოს ლექსის გრიგალმა,
ამ ტრფიალებამ გამატიალოს.
დრო ულმობელი ამას ვერ იზამს:
ჩემში არ ქრება დიადი გალა,
დრო ვერ კლავს ჩემში ლადოს და მირზას,
ღელვამ ზღვაურმა მე ვერ დამღალა.
ულამაზესი არის ანთება
გასაოცარი ხმებით ანასი,
გულში იშლება და იფანტება,
რაიც იმღერა ნაზად მან ასე.
არ კარგავს ფერებს „შორია თამარ“,
არც „დამილოცეთ ძმებო“ მკრთალდება,
მე შევინახე ის მისით მთვრალმა,
სულ უფრო მძაფრად იგი ალდება.
და თოვლისფერი ლოცვა გრანელის,
ასეთი სადა, ასეთი თბილი,
აღარ მშორდება წელი რამდენი,
მეტად ნაგრძნობი, მეტად განცდილი.
მძიმედ გათელეს ყვავილი მქრქალი,
ლექსები მისი ცრემლია სისხლის
და ახმატოვა მედგარი ქალი,
მაინც ბოლომდე ნერვებით იბრძვის.
„ჯვარს მილურსმნული“ ის ეწამება,
ანა „რეკვიემს“ ამოიბღავლებს,
თუმცა კი სიტყვა მისი არ ქრება,
რომლის ტრფიალთა არის სიმრავლე.
ხატია მისთვის ჩემი სამშობლო,
სალოცავია მისი მთა-ბარი,
ბელა რომელთან სულით ახლობლობს,
სუსხავს თავისი ქვეყნის ავდარი.
ჰგავს უსარგებლო ხეს იგი მოჭრილს,
არ მიიკარეს, მიიღეს მტერად,
სავსე ნაყოფით იოსებ ბროცკი
ვერ დაინახეს, შეიცნეს ვერა.
დრომ ვერ შეჭამა მარინას ლექსი,
დრო თვით დაფლითა უდრეკმა სიტყვამ,
ძვირფასი ღვინო ჩვენ იგი შევსვით,
რითაც პოეტი უკვდავად იქცა.
დე, მშთანთქოს ლექსის ბრიალა ალმა,
ფიქრში ძვირფასმა სულ იტრიალოს,
გამატიალოს ლექსის გრიგალმა,
ამ ტრფიალებამ გამატიალოს.

2.05.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები