ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2017


დედინაცვალო, დედაო

დედინაცვალო, დედაო!
- - - - - -
(მ.ფ.-ს)

ბალღამო, გულში ნაცვარო,
შენ, ჩემო დედინაცვალო,
რომ დაგიძახე: - ,,დედაო’,
,,_ დედა არა და, ბნედაო!"

საიქიოდან მოხვალ და
სიზმრებში თავზე დამყვირი,
დღემდე ვერვინ მომხადა
ეგ შენი ლაგამ-აღვირი!

სული ჩემს ხელში დალიე,
მე ერთი შეგრჩი პატრონი,
მეძახე დღე-მეხვალიე,
მითხარი არ საკადრონი.

მაინც არ მოტყდი მკვნესარი,
მედავე,  დედინაცვალო.
გითხარ:-  რაღა დროს ეს არი!
გითხარ:-  ესა ვარ, რაც ვარო!

შენ ბრაზქვეშ დამრჩა ნამალი
ქალობა და სიპაწიე…
წადი და იყოს ალალი,
რაც შენზე ჯაფა გავწიე.

რატომ-ღა მომენატრები!
შენგან  ნასაუბრალია
რად მავიწყდება,  ნამტრები….
ალბათ სიბერის ბრალია.

მინდა, თქვა: ,,- მაინც გამოდექ!”
მინდა, მეჯდე და  მედაო
გამცურავს შენს წინააღმდეგ,
დედინაცვალო, დედაო!

როდემდე უნდა მაწვალო!
იქნებ სიცოცხლე მაცალო,
იქნებ სიკვდილი მაცალო,
დედაო,  დედინაცვალო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები