ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
25 სექტემბერი, 2017


კანფეტიდან კანფეტამდე!

იცი, გუშინ იმხელა ბიძია ვნახე, იმხელა, იმხელა ხელით ცას  წვდებოდაო, დამავიწყდა მეთქვა, თორემ მზესაც კი მომიწყვეტდაო... შენ შეგიძლია მასავით დიდი გახდე და ციდან მზე ჩამომიტანო? - მიუტიტინა, თავად კულულებში ქარვაჩაბნეულმა, მიწას მიწერტილებულმა ლურჯთვალა სითეთრემ, მასზე ოდნავ მოზრდილ, მუშტში ბავშვურად სიმამაცეჩაბღუჯულ ბიჭს. სიყვარულისფერი მზერა მოავლო ბიჭმა პატარა ქალბატონს, მისივე სურნელით დამტკბარი ღიმილი შეანათა და სიამაყეაკრეფილი ენით განუცხადა: - ჯერ გავიზარდო, მზეს კი არა მთელ სამყაროს ვიყიდი და შენ გაჩუქებო! დროებით კი კანფეტით დაასაჩუქრა, ფოჩიანი კანფეტით!
მათ უყვარდათ ერთმანეთი... უყვარდათ, მიუხედავად იმისა, რომ არც იცოდნენ სიყვარულის მნიშვნელობა. უბრალოდ იცოდნენ, რომ უერთმანეთოდ ყოფნა წუთითაც არ შეეძლოთ, იცოდნენ, რომ არცერთი თამაში არ შედგებოდა ერთ-ერთი მათგანის გარეშე, ვერ წარმოედგინათ ბაღში სხვადასხვა მერხებზე როგორ უნდა მსხდარიყვნენ, როგორ უნდა გაეშვათ ერთმანეთისთვის მაგრად ჩაკრული პაწაწა ხელები. ძილითაც კი არ იძინებდნენ, ასე ხომ თუნდაც ის ერთი საათი ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყვნენ.
მერე... წლებმა სწრაფი ნავარდი მოინდომა...კულულები დღითიდე უფრო მეტ სხივს ირეკლავდა, სიყვარულისფერი მზერაც ღვინისფრად აკიაფდა, გამოუფხიზლებელი სიმთვრალე მოეკიდა...
თუმცა...დაცალდნენ...სხვადასხვა გზით წავიდნენ...არავინ იცოდა რატომ, არც თვითონ იცოდნენ! უბრალოდ გადაწყვიტეს დროსთვის თავისუფლება მიეცათ, რათა მათზეც გამოეცადა თავისი ბანალური ფანდები.
სამყარო შეიცვალა...ყველასთვის...იმ დღეს სხვანაირები იყვნენ, რაღაცნაირად გაბრწყინებულები, გაცისკროვნებულები. სკოლის დამთავრებიდან ათი წლისთავი ხომ ერთხელ არის ცხოვრებაში? ეს ხომ ახალგაზრდობის ყველაზე მზიანი პერიოდია?!..ერთმანეთს შეხვდნენ! კულულები დაშლილიყვნენ, ქარვაც გაფითრებულიყო...სიყვარულისფერმა მძაფრმა მზერამ კი კვლავ გააფერადა, გაასხივოსნა ისინი!
მერე იყო პირველი ფიცი, იყო პირველი სიცოცხლე, მეორე, მესამე... ყოველი დღე იყო იმ პირველი, უბედნიერესი დღის მსგავსი, როცა ერთმანეთი იპოვეს ქუჩაში სირბილისას თამაშით სახეაფაკლულებმა, იყო პირველი პენსია მსგავსად მრავალისა და იყო ბოლოჯერ მიწოდებული კანფეტი, ბავშვიბისდროინდელი, ფოჩიანი.
არაფერია ბავშვურ გრძნობაზე უფრო სუფთა, უფრო ძლიერი და უფრო მყარი...მარადისობის სამოსით გამთბარი და გამზიანებული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები