ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პროზა
27 სექტემბერი, 2017


ადამიანები კოცონის გარშემო (წიგნების სასამართლო)

                   
                               
                                                                          ღრმა ერთი. წინ გნება. თავი პირველი.     

-„  დღეს ვასამართლებთ, უცნობი ავტორის გამოუქვეყნებელ, უსათაურო ხელნაწერს, ბრალდებელი: იანი, დაცვის სურვილი არავის გამოუთქვამს, ამიტომ როგორც წესი ნაადრევად მოგვიწევს სიზმარგვიმრეთში შეძრომა იქამდე კი კარვებში რათა მთელი ღამე კოშმარებით დავიტანჯოთ რადგან არ დავიცავით  ჩვენი საყვარელი წიგნი. სასამართლო შედგება ფესტურ ენაზე, შეგვიძლია დავიწყოთ,  -  გამოაცხადა ბენმა და კოცონს ხმელი ტოტები შეუკეთა.
                    არავის არ უნდოდა იანის წინააღმდეგ გამოსვლა. სამარის სიჩუმე იწვა მათ ბაგეებზე. მხოლოდ ცეცხლის ღონიერი ტკაცანი ახმიანებდა კლდეში ნაკვეთი ქალაქის პირქუშეთს.
                      კაცი იფიქრებდა, აქ რამ ამოიყვანა ეს გადარეულებიო, მაგრამ რას გაუგებ მკითხველს, საქმე ის არის, რომ კოცონთან შემოკრებილი ორასიოდე ადამიანი, მკითხველთა სამეგობრო წრეს შეადგენდა მთელი მსოფლიოდან, ზედმეტი მიკიბვ -მოკიბვის გარეშე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყოველ წელს შეძლებისდაგვარად ვიკრიბებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა საინტერესო  წიგნებს ვასამართლებთ. მე თქვენ გეტყვით „მსჯავრდებული“ შემოგვაკლდება, ამდენი მწიგნობრის ხელში. დამცველებიც და მბრალმდებლებიც, მოსამართლეებიც და მსაჯულებიც მკითხველები არიან. იგი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი სასამართლო პროცესებისგან, გარდა იმისა, რომ აქ სასამართლო თავისუფალია, არავინ იღებს ქრთამს და ა შ. თუ წიგნი გამტყუნდება წიგნის მცველი ხდება განდეგილი, მას მიესაჯება ერთი წლით ხეტიალი წიგნთან ერთად და მისი გავრცელება-პოპულარიზაცია. წიგნის გამართლების შემთხვევაში კი იგივე სასჯელს მბრალდებელი იხდის.
არსებობს სასჯელის ორი უმაღლესი და ერთი უკიდურესი ზომაც. თუმცა მათ არავინ იყენებს.
              ვის არ ნახავთ აქ, მხიარულ დაუოკებელ და თავგადასავლების მაძიებელ ადამიანებს, თითოეულ მათგანს წიგნის კითხვის სიყვარული აერთიანებთ, რომელსაც ერთმანეთის განუყრელ მეგობრებადაც უქცევია ისინი.  მოკლედ აქ შეკრებილი ადამიანები, მრავალგზის სასჯელმოხდილი, “საშიში დამნაშავეები” არიან, რომლებიც მზად არიან კიდევ ერთხელ განიცადოს მძაფრი შეგრძნებების, განუმეორებელი ხიბლისა და ცვალებადი იდუმალების გამაყრუებელი, უდაბური და უსასრულო განმეორებანი.
      აი, ასეთ გადარეულ ადამიანებს მოუყრიათ თავი  შუაცეცხლთან, ყალმუხეთში კლდეში ნაკვეთი ქალაქის  თავზე, უფსკრულის პირას. ყველამ კარგად იცოდა, უსათაურო ხელნაწერის მაგიური ძალა, თუმცა მაინც ვერავინ ბედავდა უცნობი ავტორის გამოსარჩლებას, ბოლო სამი წლის განმავლობაში იანმა შვიდჯერ მოუგო სასამართლო მსოფლიოს ცნობილ ბესტსელერებს.
კარგად ახსოვდათ, იქ მყოფებს როგორ ჩახტა წიგნიანად ცეცხლში  შარშან წიგნის მცველი არმენა ძია, მიუხედავად იმისა, რომ მკითხველთა სასამართლო წიგნის განაჩენზე ყოყმანობდა...  საოცარ სიტყვის ჯადოს ფლობდა იანი, უეცრად ცეცხლის პირას წამოიმართა ის:
-მეგობრებო, განა ეს ჩვენი საყვარელი წიგნი არ არის, რომელიც მოვიწონეთ, რას დადუმებულხართ აბა დავიწყოთ, ცეცხლთან თამაში.
- დავიწყოთ,-გაისმა მშვიდი და ცივი ხმა, უფსკრულის მხრიდან ვიღაცის ლანდმა წრე ფრთხილად გამოარღვია და ცეცხლის მეორე მხარეს იანის საპირისპიროდ  „დიოგენეს საძმოს“ ბიჭებში ჩაჯდა. ყველამ შვებით ამოისუნთქა.
_გამარჯობათ, მე  მქვია ფროი, წელს პირველად ვარ თქვენთან, მე დავიცავ ამ წიგნს.
დაამთავრა თუ არა სიტყვა ფროიმ, იანი წამოდგა, ნელი ნაბიჯით გადაჭრა ცეცხლით განათებული მოედანი, მივიდა მეტოქესთან და ხელი ჩამოართვა. ჭექა-ქუხილის წინ საბედისწეროდ გარინდულ აღმოსავლეთის ზეცას ჰგავდა იანის სახე.
    იუკამ კამერა მოამზადა სასამართლოს გადასაღებად იმ მეგობრებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს დასწრება. სანამ წიგნს შემოიტანდნენ, მოსამართლე ლიბო ერემ გასასამართლებელი ხელნაწერის მოკლე შინაარსი გააცნო მკითხველთა საზოგადოებას, რადგან ამას  წესი მოითხოვდა: 
          -„ხელნაწერი მოგვითხრობს სამი მეგობრის ფარნაჯონის, ზე დაბურისა და გეოს შესახებ, რომლებიც ადამიანური სამყაროს გადასარჩენად იბრძვიან. სიუჟეტი ვითარდება ექსპერიმენტ „სამოთხის ეფექტის“ ირგვლივ, რომელიც ყაბარდოს ერთ-ერთ გამოქვაბულში მდებარეობს, სათბურში ახალშობილები ძველი აღთქმის, შესაქმის, პირველი თავის დაბადების მიხედვით იზრდებიან. ექსპერიმენტის დაცვას და განხორციელებას ფარნაჯონი უზრუნველყოფს. მისი კომპანიები ატმოსფეროს გარეთ უამრავ კოსმოსურ ქვას მოიპოვებენ, მათ შორის უამრავ ოქროს და ალმასს. თუმცა ეს მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ექსპერიმენტის მიზანია, გაარკვიოს რა იწვევს ადამიანის გენეტიკურ ცვლილებას შინაგანი თუ გარეგანი მიზეზი. მასში მონაწილეობენ  უდედ-მამოდ დარჩენილი, სასიკვდილოდ განწირული ახალშობილები. რომლებსაც ზე დაბურმა ზრდის. საუბარია იმ ახალშობილებზე რომელთა მეურვეობაზეც უარი თქვა სახელმწიფომ, ოჯახმა და ნათესავებმა. საბოლოოდ ისინი იცხოვრებენ უჩინარ მიწებზე, ეს მიწა-კუნძულები რუკაზე არ არის აღნიშნული. მათკენ გზა მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის. ის გეოა. გარდა ამისა ნაწარმოებში ყველა ღონეს ხმარობს თითოეული პერსონაჟი, რათა მათ გარშემო მყოფ ადამიანებში შენარჩუნდეს ყოველივე ადამიანური. სასამართლომ უნდა იმსჯელოს რამდენად სამართლიანი და ღირებულია ხელნაწერით გამოცხადებული იდეები. ვერდიქტს თქვენს მიერ არჩეული მსაჯულები გამოიტანენ. შეგვიძლია დავიწყოთ. იან გისმენთ!“
              -„მეგობრებო, ჩვენ რომ დაწვრილებით განგვეხილა, ნაწარმოები ათეულობით სასამართლო არ გვეყოფოდა და დარწმუნებული ვარ უმრავლესობას მოიგებდა კიდეც, ხოლო მე ტყე-ტყე, კლდეკარ მომიწევდა კარგა ხანს მგელივით წანწალი... ტყუილად როდია, ჩვენი, რჩეული წიგნი, ამიტომ მე შემოგთავაზებთ განსახილველად ხელნაწერის მხოლოდ მესამე თავს, რომელსაც ვფიქრობ ყურადღება უნდა მიაქციოს მკითხველმა საზოგადოებამ.“ თქვა იანმა ისე რომ ცეცხლისთვის მზერა არ მოუშორებია.

  ამასობაში ჯო გალდამ შავ ხელსახოცში გახვეული, მსოფლიოს ყველაზე უცნობი, გაუგებარი და საშინელი გამოცხადების შეკვრა შემოიტანა წრეში და დოდ ჯონსონს მიაჩეჩა. მანაც ნაძალადევად გაიღიმა და თითების მამაცური თრთოლვით ხელნაწერის ფურცვლას შეუდგა. აი მიაღწია სასურველ გვერდს, სიჩუმე ყველას გველივით შემოგვიძვრა ტანში და დოდმაც ხმა ამოიღო:
                          ფარნაჯონის ჩანაწერები. თავი მესამე
„...ვინ იქნება, ის, ძველი მეაზრე, მდუმარე მედინი და გაუნდობელთა მონაბიჯე მდუმრიადთა მოდგმიდან,  დიდ მითქმათა მეწიაღე. რომელიც სიცარიელიდან გამოვა და სამყაროს წაიყვანს იქ, რათა გასწორდეს გონების მრუდი და გააზრდეს ზეაზრი.  იქ მხოლოდ ყველა ერთად უნდა წავიდეს, რადგან იქიდან ერთად მოვიდნენ. პირველი ადამიანი ისევ ძილქუშობს და მომდევნონი რაღად იფხიზლებთ, შეხედეთ, რამდენი მილიარდი რობოტი ცხოვრობს დედამიწაზე, ატმოსფეროსა და ოკეანეთში, ჰაერში ერთმანეთის თავზე, აკიბულან ხელოვნური გონების სახელმწიფონი, ოკეანეთა ჯურღმულებში ყვინთავენ ხელოვნური ინტელექტის ქვეყნები, მიწის ყუამდე რკინის ზეიმია. გამომთვლელ მანქანებს დარჩათ თქვენთვის და თქვენი თვალებიდან შექმნილი სამყარო.
და რადგან აზრებიდანა ხართ, აზრებში დაბრუნდებით და რადგან უმყარობიდან მოხვედით, უკან წახვალთ. წადი და ყოშთანთაუს ქვაბში დადგი ჩემი სათბური, შიგ სამოთხის ბაღი გააშენე, პირტიტველა ბავშვები გაუშვი. არ იყოს არც სიცივე, არც სიბნელე, არც სიძულვილი, არც სხვა რამ. დარგე საამო ხეები და აუკრძალე იქიდან რომელიმე ხის ნაყოფი, ბოცვრის ბაჭიებთან და მტრედის ხუნდებთან ითამაშონ. ვნახოთ, რას იზამენ... დაე, განიცადოს გაუთქმელი ყამირი, ამით გაირჩეს მტყუან- მართალი.
      შეუერთე კოსმოსის გროვას ისინი, ვინც თქვენზე მბრძანებლობენ, გეტყვი როგორ აქციო ჯართად ხელოვნური ინტელექტი. ოღონდ იცოდე, კაცი უფრო დიდი მეჯართეა სულში, სული უფრო ემძიმა. გაგიმხელ როგორ მოუგო უმტკივნეულოდ საინფორმაციო ომი ელექტრონებს-აქამდე აღებულ ყველა მტკივნეულ ომზე უფრო სასტიკი და დიადი. მკვდართა ლაშქარს დაგიქცევ. უკან მოგატოვებინებ ზებგერით სიჩქარეებს,  ერთმანეთში ისე შეხვალთ  როგორც წყლები-წყლებში, და იქნებით ზვირთნი. შენი ჯიქები გაემზადნენ.
      გახსოვს ალმასის ქვა? ჯერ კიდევ კვამლი ასდიოდა,  თუმცა ნიშანი არ გიძებნია, წადი მთვარესა და მიწას შუა დადექი, ატმოსფეროს გარეთ დააყენე შენი ხალხი, რათა კოსმოსური მტვერი მოიპოვო, ალმასის, ოქროსა და ზურმუხტის ქვები იწვიმებენ. ბრილიანტის ასტეროიდებს დაგიფხვნი და ბაჯაღლოს კომეტებს დაგიმსხვრევ... სხვანაირად ვერ მოერევი ამათ ქისას. დღეიდან შენც მექისე უნდა გახდე, იმ ქისის მათხოვარი, სხვა გზა აღარ არის. ფიქრის დროც აღარ დარჩა მიწაზე... ნეიტრონის ნამცეცები მოგაპოვებინებ. აქამდე უცნობ ენერგიებს მიგაგნებინებ. არა თუ სინათლის სხივის, გაფიქრებაზე უსწრაფეს ხომალდებს გაგაკეთებინებ და მკვდარ კოსმოსს გაგაცოცხლებინებ. მაგრამ როცა კოსმოსი დამწიფდება  ვალი უნდა დააბრუნო.
როგორ დაშორდით აზრებს? როგორ დაგავიწყდათ სინამდვილე? მიეფერეთ თქვენს პლანეტას თორემ ვეღარ იხილავთ. თქვენს თვალწინ გასკდება თქვენი სამყოფელი. მერეც არ დაიჯერებთ, რომ სულიდან ხართ და სულში უნდა დაბრუნდეთ? მოვლენ თქვენში ისეთებიც, ვინც დაგარწმუნებენ და გაიძულებენ ჩასხდეთ ხომალდებში,  აღთქმული უცხო მიწებისკენ გაგიძღვებიან. ფეხს ნუ მოიცვლით. მთვარემდეც ვერ მიაღწევენ.
        მაშინ თქვენიანად დედამიწის აფეთქებას დაიწყებენ, რათა მხოლოდ სული იქადაგონ. არ დაუჯეროთ, მე რომ მხოლოდ აქ მინდოდეთ, მანდ არ მეყოლებოდით! აფეთქებულ მიწის ნაგლეჯზეც გადაგარჩენთ, ნუ გეშინიათ, მთვარე მიგიზიდავთ, თქვენ მთვარეს მისცემთ სიცოცხლეს და ის უკან დაგიბრუნებთ მას. განცხრომაში მყოფნო, ღატაკნი დაადგამთ ფეხს ახალ მიწაზე, მშიერნი იქნებით და იძულებულნი შეხვალთ. როგორ ჰგავს მთვარის სამყოფელი სულეთს. ინატრეთ, რომ მთვარემ მიგიზიდოთ და უჩემოდ არ გაიბნეთ ვარსკვლავთა ველებზე.
      იჩქარეთ, გონების კარიბჭეში უნდა შეხვიდეთ, მეხსიერების ვაკუუმში, სადაც არ არის გენეტიკური მრუდი. დაიწყეთ ახალი ფურცლიდან, თორემ მოიშლება მყარი და იძულებულნი იქნებით, გაიღვიძოთ.
      ესწრაფეთ ცოცხალ აზრს, ჭეშმარიტებას მის ჭეშმარიტ გაგებაში, ის, რაც არ არის მარადიული, არ არის სინამდვილე. დედამიწა, მთლიანად ეს სამყარო, ფანტაზია, ცივი უსასრულობის ალუზიად რომ გვეჩვენება. სინამდვილეა, სინამდვილეა სიკვდილილ-სიზმარეთიც. არაფერი არ მოდის მერე, რაც არის- არის, არ იცვლება არ წყდება... თუმცა ეს როდი ნიშნავს რომ ცხადი სიზმარზე უმნიშვნელოა ან პირიქით.
მონოტონური მოძრაობა საკუთარი გონების ორბიტაზე, რომელიც წამიერად გხდით ბედნიერს, მერე ყველაფერი ისევ ცივდება, ყველაფერი ისევ მარტოვდება. რადგან უცხონი ხართ თქვენივე გონების ბირთვისთვის, არათუ მასზე, მის ზედაპირზეც კი ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ, მის სიღრმეებს არ იცნობთ, გმირია ის, ვინც საკუთარი გონების სიღრმეში შეცურა და იქიდან საღსალამათი დაბრუნდა. მე ვარ, მე გეუბნებით ამას, რადგან მე რომ არ ვიყო, არც ის იქნებოდა, რაც არის. იმიტომ ვსჯი სხვის სიღრმეებს, რომ ვიცნობ საკუთარი გონების ფსკერს, მე ჰაერი წავიღე, გონების სუნთქვა და ღრმად ჩავისუნთქე. თქვენი ყოფნა ქვიშის საათს ჰგავს, გახოვდეთ მანდ რომ ხართ, აქაც ხართ, აქ რომ იქნებით, მანდაც დარჩებით,  მაგრამ მანდ უნდა დამთავრდეთ, აქ რომ დაიწყოთ, რადგან აქ თუ არ დაიწყებთ, ვერც მანდ დამთავრდებით.  ბრაზობთ, ვარსკვლავების დათვლა არ შეგვიძლიაო, ქვიშის დათვლა კი შეგიძლია, ბალახის ღეროების, ვერაფერს ვერ ითვლით, თქვენს მაგივრად სხვები ითვლიან... საკუთარი თმის ღერების დათვლაც არ შეგიძლიათ, ანადა რაში გჭირდება? ნუთუ მეტი საქმე არ გაქვს?  ღვთისლანდია ყოველი კაცი და ყველაზე მეტს არ ფიქრობს რწმენაზე, რა არის ის, თავის ჭკუაზე რომ ატრიალებს გონებას. სასწაულებს რომ სჩადის, ხელშეუხებელი რომ არის და უპირობო... რწმენა ღრმა ერთის თვისებაა, თქვენ კი არა გწამთ მისი არამედ მას სწამს თქვენი, თქვენ მხოლოდ იმედი გაქვთ, იმედი კი რწმენის შორეული ლანდია.
      გამოჩნდება თქვენში მექჰერი და მოგიტანთ ის გარყვნილების ერას, ყველაზე ადრე მილიარდიან მეგაპოლისებს გარყვნის, ის გეტყვით თქვენ, რატომ ბრუნავს უკუღმა ვენერა და ურანი, მოგიყვებათ, რა გამოთავისუფლდა ღრმა ერთისგან, რატომ ფართოვდება სამყარო, გონიერად უსმინეთ. იმ დღეებში სასტიკნი იბატონებენ პლანეტაზე და ველური ცივილიზაციები გაანადგურებენ სათნო ცივილიზაციებს. ეს ხომ თქვენი კანონია, ძალმომრეობის ბუნებრივი კანონი. ისეთი სიმჭიდროვე იქნება, ნაბიჯს ვერ გადადგამთ და უჰაეროდ გახმებთ იტყვის მექჰერ,  რომ არსებობს სხვა სამყარო სადაც ადამიანის სხეული, უმყარობა და მყარი, სხვა შედგენილობისაა. რომ იქ ატომური ბომბების სიდიდით მხოლოდ ბავშვებიღა ერთობიან. ის მოგიყვებათ სამყაროთა ბევრ სიმრავლეზე თუ დაგარწმუნებთ და მოგერევათ სიბევრით აღარაფერს გეტყვით მის ერთ სიმრავლეზე, დედამიწის ასლებზე, გონიერად უსმინეთ. დაჯდება მექჰერ თავის დედაკაცზე და გეტყვით, სამყაროს ყველა მსგავსება განადგურდება, გარდა ერთისა. გონიერად უსმინეთ. ახლა სხვაგან მოვა მექჰერ თავის დედაკაცზე გადამჯდარი და იტყვის, გამოიღეთ ლაგამი, რომელიც გაიკეთეთ, მოიხსენით უნაგირი, რომელიც დაიდგით, გადაიგდეთ მათრახი, რომელიც გცემდათ. მოგასმენინებთ ის სიტყვის მუსიკალურ ქანდაკებებს და მოგაჯადოვებთ, ყრუდ იკვნესებს ყოველი საშო მისი ფალოსის დანახვისას და ყოველი ფალოსი მისი დედაკაცის საშოს დანახვისას, უნდა დასრულდეს იონური უთავბოლობა, ელექტრონული მუდმივობა, პროტონული განმეორება, ატომის ყველა ასლი განადგურდება, გარდა ღრმა ერთისა, საკმარისია ილუზიები იტყვის ის  - რათა ერწმუნოთ. ის იქნება თქვენზე რისხვის თავიც და ბოლოც. 
მალე მოვა ფანემოთ და ცოტას მოგეშველებათ, მოგიყვებათ დედამიწის ასლებზე, გეტყვით, რომ ზოგ ასლში არ მომხდარა კაცთა გონის არც წართმევა და არც მიცემა. რომ ზოგიერთ ასლში კაცი და ღრმა ერთი ერთად ბჭობენ და ერთი ბაღის ხეებით იფარებიან. ზოგგან კი დასასრულის აჩრდილები დაძრწიან, ბნელი და ნათელი მიღმარები სცვლიან ერთმანეთს. გონიერად უსმინეთ. ის გეტყვით თქვენ, რომ ადამიანის ცდუნება არ მომხდარა ერთხელ, არამედ მრავლჯერ, რომ მილიარდი სინათლის წელი შეედინებოდა კაცში ცდუნება. გეტყვით, რომ დნმ-ის ცვლილება თანდათან, ნელნელა მოხდა, მაცდურმა აზრებმა შეცვალეს გენუმი- გონიერება. გენეტიკა აიმღვრა, გონება აირია და გადაიდგა არასწორი აზრნაბიჯი. მოგიყვებათ, რომ სამყაროს სხვადასხვა ხატებაში, სხვა თვისებანი გამოვლინდნენ, ზოგ მიწაზე არ შეუცოდავთ დღემდე ადამიანებს, ზოგან წყლით რღვნას სხვანიც გადაურჩნენ, რადგან შეინანეს, გეტყვით ,რომ არარაითზე კიდობანი კი არა, ხის ქოხები უნდა ეძებოთ ,რადგან რღვნას გადარჩენილებმა, სახლები აიშენეს სველი ძელებით, რომლებიც გაშრნენ, ხოლო მშრალი პირველივე თვეს დაწვეს და გათბნენ. ზოგ ასლში მხოლოდ ერთი ადამიანია, ზოგგან მრავალგზის გაწბილდა მაცდურება. ის გიამბობთ, რაც არის სიკვდილის შემდეგ, მოგიყვებათ ადამიანის გონების, გრძნობების მიერ დაგროვილ მარაგზე-სულის სიგრძეზე, რომელიც მეორდება დაუსრულებლად თავის თავში, რადგან გზა არსაითაა. გონიერად უსმინეთ. გეტყვით ოცნებებზე,ფანტაზიებზე, უცნაურ სურვილებზე , უცაბედობებზე, ანაზდებებზე, შეშფოთებებზე, იმ შეუცნობელზე, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ცნობილი ხდება. თქვენ დაესწრებით თქვენი გონების გარდაცვალებას, თქვენი გრძნობების დაკრძალვას, თქვენ მიიდრეკთ თავს მათ სამარესთან და თქვენ აღდგებით თქვენივე სამარიდან ახალი ზმანებებით, ახალი კოშმარებით.
        შემდეგ მოვა ფარმუბ და განაგრძობს, რომ გითხრათ, როგორ იგროვებს თავის თავს სული აქვე, რა არის მარადისობის წამიერება, რომელიც მხოლოდ ადამიანს შეუძლია თითქოს, მაგრამ, რადაგან არაფერია შეუძლებელი ღრმა ერთისგან ისიც, წამიერობს თქვენში. გონიერად უსმინეთ. რატომ გერიდება კაცო, ყოველი მწერი, თევზი, ფრინველი თუ ცხოველი, რატომ გწყევლიან კაცნო ფარფლიანთა და ქერცლიანთა უძველესი მოდგმანი? იმიტომ, რომ შენ გამო დაკარგეს ღრმა ერთთან მყოფობა. მათ არაფერი დაუშავებიათ. ყველა ასლი განადგურდება, მხოლოდ ნამდვილი გადარჩება, რადგან სინამდვილე უცვლელია. ყველა ღრმა ერთის ასლი განადგურდება ,გარდა ერთისა, ის სამყარო, ღრმა ერთი გადარჩება, ვინც ყველაზე ახლოს მივა კაცთან და ის კაცი გადარჩება, ვინც ყველაზე ახლოს იქნება ღრმა ერთის სამყაროსთან.
        რატომ მიაბი ფრთები ანგელოზებს კაცო, განა უფრთოდ უჭირდათ რამე? არის სამყარო, სადაც უფრო მსუმბუქი ხილულებაა, იქ წყალზე და ჰაერზე ისე დადიან, როგორც თქვენ მიწაზე. ისინიც არ არიან ღრმა ერთში.
ბევრგან ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ყველა შინაარსი ერთმანეთშია აღრეული და ეს არის მათი მკაცრი წესრიგი სწორედ. არც მათ ეონებს დასცემია ღრმა ერთის წვეთიც კი.
      ზოგგან უამრავი ავადმყოფი ორგანიზმი ბუდობს მიწის ქვეშ, მთებზე, ჰაერში , წყლის ჯურღმულებში, ეს გადაგვარებული ორგანიზმები გამუდმებით ესხმიან თავს ერთმანეთს, მათ აღარ ჰქვიათ ადამიანები. რღვნასაც კი აზრი არ აქვს იქ.
        ზოგან, ადამიანებს აღარ ეკუთვნით დედამიწა, ლაბორატორიებში ანდროგენული საწყისები, რობოტების დახმარებით ახალი ქსოვილების, უჯრედების, ნაერთების შექმნაზე მუშაობენ. სადაც მოლეკულების სხვადასხვაგვარი ურთიერთქმედებით გამაოგნებელ ორგანიზმებს ამზადებენ. ნუ შეგეშინდებათ, მათში არ არის სიცოცხლის სუნთქვა.
        ბევრგან ჯერ კიდევ არ დაბადებულან ბაბილონური აზრები, იქ არ მომხდარა გოდოლთა აფიქრება. ენათა აღრევა. დასაბამიერი ენით ხდება საგანთა ბმა.
ზოგან, ყოვლადობის ზრახვები ღრმად ერთობენ, შესაქმის სხვა ხატებანი ენთებიან და ქრებიან. იმ შესაქმეში სხვაგვარია კაცი და ღრმა ერთი, იქ სხვაგვარად უმხელს ღრმა ერთის არსი თავს, კაცის აზრს და კაცის არსი სხვად ეაზრება ღრმა ერთს.
ზოგან ჯანყობს კაცი, არ სურს ღრმა ერთისგან ქმნილობა, არ აღიარებს მქმნელს, ბრაზობს, რომ შექმნილია, თითქოს შემქმნელობა დაუშლია მისთვის ვინმეს. უსაწყისობას გაუბრაზებია, სწყენია დაუსაბამობა, თითქოს საწყისი და დასაბამი მიუთვისებია ვინმეს მისი. დასაბამად გაუხდია თავი ღრმა ერთად გადაუდია თავი... ნეტავ ასე იყოს, ამისთვისაც მოევლინა. მაგრამ ვაი, რომ დროც და სივრცეც უძრავია, მარადიული, გონისმიერი, განმეორებით ცვალებადი და სინამდვილით უცვლელი. თვით თქვენს თვალებში განფენილი უსასრულობაც კი სფერულია და გამეორებული, გონების უსასრულობის უსასრულობას რომ ხედავდეთ, შეგშლიდათ მისი სიგრძე, ხილული უსასრულობა უხილავად მცირეა მასში. წერტილადაც არ ჩანს. მხოლოდ კაცია მედინი, ცვალებადი და ღრმა ერთის მელოდინე.
      მოვა ფაქჰან და განაგრძობს: ყველა სულდგმული მოშიშარია მისი და მიხარებულია, მხოლოდ კაცი უშიშარობს და დიდგულობს მასთან, სწორედ ის არსება, ვის გამოც ღრმად ერთობს ღრმა ერთი. ღრმა ერთს თავის ღრმად ერთობა რაში სჭირდება? ვისთვისაც გაიმხილა ,სწორედ მასთან უხილავობს ისევ-საკვირველია.
      ღრმა ერთის მკარგავი და მეშორეა კაცის ხოდაბუნი, ღრმა ერთის ნაბუნებარია იქ და ჭეშმარიტ აზრთა ნაბინავარი. ნაკეთილარ ყორეებს დაუღია პირი კაციდან და მაინც ძველ აბდაუბდას მიედ-მოედება. გონიერად, უსმინეთ.
აკი ამბობთ, ერთდროულად კაცთა რღვნა ფიზიკური კანონებით შეუძლებელიაო, აადიდებთ ოკეაანეებს, ჩამოაქცევთ ეონებს, ჰიპოთეზობთ,  აპოთეოზობთ. იმდენჯერ მოხდება კიდევ თქვენი რღვნა, რამდენჯერაც აღდგომას შეძლებთ. მთავარია, გონებით არ ირღვნათ. მთავარია, გონებით გადარჩეთ. სულ მალე გონების სასტიკ მტერს იხილავთ. ფხიზლად იყავით, თავები ჩარგეთ მიწაში და მზერას ნუ მოაშორებთ მას. ჩაეკარით დედამიწას გულში. ასე თუ გადარჩებით.
თქვენ კი სამყაროს შეუბრალებლობაზე ამბობთ, სისასტიკე თქვენი უცვლელობა იქნებოდა. ანდა რომელი თქვენთაგანი ისურვებდა გველების ორმოში ყოფნას, ხოლო მერე გველისმჭამელად მივიდოდა იმ ორმოში? მიწადმიქცევაში მოკვდინება კი არა, სულისგან დაცლა, გაქვავავება ღვთისმოშორება იგულისხმებოდა, ნეტა სიკვდილი გვაცოცხლებდეს მართლა. მებატენო, ზურგზე რომ შეგისვამთ გედისყელა ფრთაგაშლილი ბატები და ერთმანეთში ანგელოზობთ, გონებით არ ირღვნათ, გონიერად იყავით.
      მხოლოდ ფხიზლობა მიგიყვანთ გონების უხილავ კარიბჭესთან, რომელიც დაგმანულია ხილულებით, ადამიანადმყოფობითა და ღმერთთანმყოფობით. ცარიელია გზა გონების იქით, იცოდეთ ცნობიერიდან არაცნობიერში ერთი შესასვლელი გადის, არაცნობიერიდან ცნობიერში კი უამრავი. მთელი ცხოვრება გქონდეთ, კაცნო, ღრმა ერთთან დაუსრულებელი მონოლოგი გულისხმიერებისა. ყოველთა ბჭენი იმუსრებიან და გონების მიღმარობიდან ღრმადუსიერი ბილიკები ეშვებიან მჭვირვალ აზრებში. საიდუმლოთა მეაზრენო, მაშ მიეხარეთ მას.
ძველი მეაზრენი ამბობდნენ, არაფერი ვიცითო ღრმა ერთის შესახებ, მათი მომდევნონიც ასე ამბობდნენ-გაყვეს შეერთებული და შეწყვიტეს მეაზრეობა. მოკლეს ცოცხალი აზრი, განა ეგუებიან აქაურობას. საიმქვეყნო სურვილებზე ვალალობენ. იქ არაფერია, გარდა ღრმა ერთისა და მასში ჩაღრმავებულთა და თუ მკითხავთ ღრმა ერთის იქით რაღაა? გეტყვით: ის რაც აქეთ. იქ ვერავინ იქნებით, გარდა ღრმა ერთისა, ნუ გგონიათ სულთა ჩივილი ისმოდეს სადმე. იქ დუმილია და სიმშვიდე, იქ არაფერია გარდა დუმილთა ღრმა ერთობისა. წყევლის დიადი წყვდიადები მსუმბუქობენ უმძიმობაში ან რა აქვთ ღრმა ერთის სულებს სამძიმარი. მაგრამ მანდა ხარ და მანდ მოგროვდი. მე რომ აქ მინდოდე მხოლოდ , აქ მოგაგროვებდი. შენს გარდა რამდენი შევქმენი, მაგრამ სიცოცხლის სუნთქვა შენ მოგეცი მხოლოდ. ჯერ ის იცან და მერე სიკვდილის სუნთქვასაც გაიგებ. შენ რასაც სიკვდილს ეძახი, ის აღდგომის სუნთქვაა. მე თუ ჩემს თავს ვუკრძალავ,  ვითომ შენთვის რატომ არ უნდა ამეკრძალა? და თუ იმას მიმხვდარხარ, რომ ჩემთვის ყველაფერი შესაძლებელია, რატომ არ აღიარებ იმას, რომ რასაც არ ვიკრძალავ, არ მოაქვს ბოროტება. ხოლო, რაც ავიკრძალე, სიკეთისთვის იყო. მე რა გითხარი, ნუ შეეხებით მეთქი სიტყვების გაუთქმელ ყამირს. მეტოქედაც და მოპირისპირედაც მე მოგისურვეთ, რათა მარადიულად განიცდებოდეს ღრმა ერთის არსი, როგორც დასაბამი უკეთესი აზრისა, ამაზე მეტი სიდაბლე როგორ გაჩვენოთ სიმაღლისთვის.
სისასტიკე-რომ იცოდეთ მისი სიტყვიერი სიმძიმე, მისი გარეგნობა როგორ გადაამეტეთ მის შიგნეულს, არასოდეს გაგიშვებდათ სინდისი ჩემთვისაც გეწოდებინათ სასტიკი. იქნებ, რასაც თქვენ სათნოდყოფთ სწორედ ის არის მიუწვდომლად სასტიკი.
საკვირველია თქვენი სამყარო, ადამიანური ღმერთებისა და ღვთიური ადამიანების სამყარო, თქვენ კითხულობთ ღვთის წიგნს ადამიანური სახეებით, მე დაგიჯერებდით თქვენ, რომ ამბობდეთ რომ არ იცნობთ ღმერთს, ვერ იგებთ, რა წერია იქ, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ყველაფრის მცოდნენი და გამგებნი ხართ, ძალიან კარგად გესმით ყველაფერი, სიტყვასიტყვით გესმით ანიდან ჰოემდე. განა ძველი სახელებით იცნობთ უხსოვარ მდინარეებს? ასეა ღმერთიც, ის მხოლოდ სიღრმეთა სიღრმეებში, უღრმეს წიაღთა წიაღებში და მათ შიგნით განუზომელ, უსასრულო სიღრმეთა სიღრმეებში მიიცნობა. ღმერთკაცის დაშორება კი თავისუფალი ნების კაცში ყოფნობით გაამართლეთ. განა უკეთესი ვერ მოიფიქრეთ, მაგრამ-ვერა. გაათავისუფლეთ ადამიანი ღმერთისგან და ღმერთი ადამიანისგან. მთელი სიცოცხლე კი ღვთისა და ადამიანის, ღვთიურისა და ადამიანურის შეერთებას ცდილობთ. რად გინდათ ასეთი შებოჭილი თავისუფლება. რატომ ტანჯავთ სულს?  რატომ დაადეთ თავისუფლებას ბორკილები და რაღად მიეცით ბორკილებს თავისუფლება. განა აღარ კმარა გაორება, გასამება, გაოთხება. ამაოებთ, ცოდვისკენ მიდრეკილ სულებად მოგაქვთ თავი. ამქვეყნად გაჩენას უგინებთ საკუთარ თავს და ერთთავად იწყევლებით. საოცარია, როგორ დაივიწყეთ დედაენა, წიაღი ღმერთთან მუსაიფობისა, სად გაქრა დღეები, როცა ბავშვობიდან გაშენებდათ თქვენი მომავლინებელი, თქვენ გამო ჩაქრა კოსმოსი, განა სიცოცხლის ამ უხილავ წერტილზე სისხლის ოკეანეები არ დააგუბეთ? ხოლო ვარსკვლავთვრცელობაში ადამიანთა უსასრულო სიმრავლე რაღას იზამდა? ერთმანეთის სისხლისგან გალაქტიკებს შეადედებდით, თქვენს ცეცხლში გახვევდით უცეცხლო ველებს. თქვენივე ძვლების კომეტები იფრენდნენ გამალებით. პირველი რღვნა სამოთხეში მიიღეთ, რამდენი რღვნა გადაიტანეთ და მხოლოდ ერთი დაგამახსოვრდათ ყველაზე მცირე და უბადრუკი.
გსმენიათ რამე დაფარული, დაცული, უჩინარი და უხილავი ადგილების შესახებ? ისინი უამრავია ხმელეთზეც და ოკიანეებშიც. თუმცა ვერც ერთ რუკაზე ვერ იპოვით მათ. ვერავინ ვერასდროს აღმოაჩენს. იქ არ მუშაობს არავითარი ხელსაწყო. იქ ვერ მოხვდებით ვერც მიწიდან, ვერც წყლიდან, ვერც ჰაერიდან. საოცარი ოცნებები გაქვთ, განუმეორებელი ფანტასტები ხართ, უცნაურია როგორ გააგრძელეთ მყარი არამყარით, როგორ მოათავსეთ ფიზიკური მოცემულობა რომელზე წარმოდგენა არა გაქვთ გეომეტრიულ მოუცემლობაში რომელიც არცთუ ისე ცუდად გესმით. რა იცით, რომ უსასრულოა კოსმოსი? ის რომ არცერთი თქვენთაგანი არ ჩასულა ვარსკვლავთა ველის ბოლოში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ველი უსასრულოა. რომელს დაგიხედავთ დედამიწისთვის მთვარედან? რა იცით, რომ ფართოვდება სამყარო? იქნებ იმიტომ ფართოვდება, რომ სადღაც იკუმშება, იქნებ ყოველმხრივ განიზიდებიან თქვენი ხელსაწყოებით დანახული კოსმოსები? იქნებ თქვენგან შეცნობილი სამყარო წერტილია მხოლოდ, შავი ხვრელებით შემოსაზღვრული,  იქნებ ვარსკვლავთა მცირე  ჩაკეტილი წრე ეზიდება თქვენს ბეწვისსიგრძზე სამყაროს, ასე რომ გეუსასრულოებათ და გედიდებათ. რა იცით? იქნებ არც არაფერი აფეთქებულა და წინ გელოდებათ იგი? რა იცით? თუმცა თავისა და ბოლოსი რომ არაფერი იცით, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ არაფერი იცით.
      იმის გჯერათ, რაც თქვენს სამყაროშივე არ მუშაობს? ციფრული სამყარო... საოცარია, ვარსკვლავთველებზე სახეტიალოდ რომ იყოთ მოვლენილნი, მილიარდი სინათლის წლის ხელა ნაბიჯებით ირბენდით. ვარსკვლავთშორისი ტრიალი განცვიფრებთ და თავბრუს გახვევთ, ნეიტრონის ვარსკვლავები გემძიმებათ, ღრმა ერთის ციბრუტი კი არ განაღვლებთ, საოცარია, წამოგიყრიათ ყველა საგანძური მისი ნაჩუქარი ტაგრუციდან და ერთი მათგანითაც კი ვერ დაგიმშვენებიათ რიგიანად პირისახე. ვერ გიცვნიათ განძებანი და მშვენებანი და რადგანაც თვალი შეგიჩვევიათ, მოგწყენიათ კიდეც, სხვა საგანძურს დაეძებთ, სხვის ტაგრუცზე გიჭირავთ თვალი. ღრმა ერთი ერთიაო, მაგრამ ერთნაირად როდი გწამთ. მაშ, ბევრი ყოფილა და კარგად ვერ დაგითვლიათ. ჭეშმარიტი
სიღრმის სიმრავლე თუ ერთია, ჭეშმარიტი სიღრმის უსასრულოდ გამრავლებას რა შეუშლიდა ხელს?
      საკუთარი თავისგან უნდა დაგეცვათ საკუთარი თავი. ღრმა ერთისთვის უნდა გეპატრონათ.  წმინდა ნაყოფს უნდა გაფრთხილებოდით და მოშორებოდით, მხოლოდ მისი კეთილსურნელებისთვის გემზირათ. განა არ უნდა გეკითხათ, რატომ აგიკრძალათ, რა აგიკრძალათ, რა იყო სიკვდილი? რატომ არ უნდა შეხებოდით მას? მაგრამ იცოდით, როგორ არა. პასუხიც მიიღეთ. გეთხოვათ და თავად მოგიტანდათ, ხერუვიმებს სთხოვდა და ისე გაამებდათ. დაგეცვათ ღრმა ერთი და ისიც დაგიცავდათ გველისგან. სიღრმის წიაღში ვერ გაჩერდით. ის გააფიქრეთეთ-რაც არაფერში გჭირდებოდათ. განა ღრმა ერთს მოშორება, ღრმა ერთის მოწყენა არ იყო თქვენი არჩევანი? არც სიღრმე და არც ნაპირი არ არიან თავისუფალნი ერთმანეთისგან...
ვინ გითხრათ, რომ თქვენი მწყემსია, მწყემსი რომ ყოფილიყო ჯოგებად გაგაჩნდათ, ფარებად ივლიდით, რემებად ირბენდით, მწყემსი კი არ არის, თქვენი მეგობარია და გულშემატკივარი, ის თითოეულთან თანაბარია, მაგრამ, რადგან თქვენ არა ხართ ერთმანეთის თანაბარნი, ისიც არათანაბარია თქვენში. სამყაროს მრუდი თქვენს კისერზეა, მწყემსი რომ ყოფილიყო, იქით გაგირეკავდათ, საითაც მოესურვებოდა, ხელში კი არ აგიყვანდათ და სამოთხის ბაღში კი არ დაგამკვიდრებდათ. ახლაც უცნაური სითბო იღვიძებს თქვენს არსებაში, როცა პატარა ბავშვები გიჭირავთ ხელში, ეს შორეული სახებაა, იმ სურათისა, როცა პირველი ადამიანი ხელში აყვანილი მიჰყავდათ საამურ ხეთა ჩრდილში.
რომელი მწყემსი მიატოვებს ერთის სანაცვლოდ მთელ ფარას? ის თითოელის მეგობარია, რადგან როცა ერთთან წავიდა, დანარჩენთან დარჩა, ხოლო როცა დანარჩენთან დარჩა, მხოლოდ ერთთან წავიდა.აი, ვინ დაგვავიწყდა, აი, ვისგან გავიხედეთ, აი, სად გავიხედეთ. მე გეტყვით დაშორების მიზეზს... ოდესმე გეტყვით...
    როგორ გგონიათ მსგავსად და ხატად მოვლენილს, მსგავსებისა და ხატებისთვის დასჯიდა ვინმე? მაშ რა იგულისხმებოდა ხატებაში? გიფიქრიათ ოდესმე? ნატვრისთვალის იმ პატრონს გავხართ, რომელმაც არ იცის, რომ ნატვრისთვალის პატრონია.
ძველი გადმოცემები ღრმა ერთის შესახებ კიდევ უფრო ძველი გადმოცემების ლანდებია, ისინი კიდევ უფრო ძველის, ისინი კიდევ უფრო... ადამიანებს აღარ ახსოვთ ღრმა ერთი , ის თქვენ დაგვავიწყდათ...“
დოდ ჯონსონმა დაამთავრა მითითებული გვერდების კითხვა და ხელნაწერი სხვას გადააწოდა. მოსამართლე ლიბო ერემ შესვენება გამოაცხადა, უმრავლესობას თავი სტკიოდა ამ გაუგებარი, გაურკვეველი და უცნაური ტექსტის მოსმენისგან. თუმცა ძალიან ცოტამ თუ შეძლო წამოდგომა და კლდის პირას გასეირნება. ყველა სულ მოუთქმელად მოელოდა სასამართლოს დასრულებას. ყველას სურდა სასწრაფო მსჯავრი გამოეტანათ ამ ჩახლართული  აღმაშფოთებელი და უცნაურად ნეტარი, საიდუმლოდ მიუწვდომელი ხელნაწერებისთვის, ასე რომ აღაგზნებდა მათ წარმოსახვებს გაუგონარი სიღრმეებისკენ. ლიბო ერემ აქეთ-იქით გაფანტულებს მოუხმო და ფროის სთხოვა საპასუხო გვერდების წაკითხვა მიეთითებინა. 
  -სამართლიანობა მოითხოვს მხოლოდ მომდევნო თავის წაკითხვა გთხოვოთ,  სადაც გრძელდება ფარნაჯონის ჩანაწერები, თავი მეოთხე. მერვე ქვეთავი, „წერილები ლილიტს.“ ოცდამეთოთხმეტე გვერდიდან ორმოცდა მეექვსე გვერდის ჩათვლით. მშვიდად წარმოთქვა ფროიმ. იანი ოდნავ შეტოკდა. არავინ მოელოდა ფროისგან ასეთ პასუხს. კითხვა ალი არაზანმა განაგრძო:
                                                                                                 
                                                            ...
  -„მან, ვინც არ იცის, რომ ნამდვილი სიყვარული ჭეშმარიტი სიძულვილია, ვერ მოხვდება იქ... შენ არ შეგყვარებია ჩემი უსამართლობა, შენ შეიძულე ის და ჯილდოდ მიიღე ჩემი სინანული, შენ ჩემი სიძულვილი მიიტევე და სიყვარულად მომიტევე უკან...
ასე გამოჩნდა გზა უჩინარი და მღელვარე...მან, ვინც არ იცის, რომ ერთგული შეყვარებულები, სათნონი და უხილავნი საძულველნი არიან ველურთათვის და მრავალთათვის, ვერ მოხვდება იქით...
გარიყეთ თქვენი ზრახვებიდან სინამდვილე და გაყევით მას…
ვინც არ გაირიყება, არ მიეცემა ნავსაყუდელი...
ცრუ წარმოდგენები, ზეცივი მატერიის შეხებანი მართავენ ჩვენს გონებას, ჩვენს გონებას და არა ჭეშმარიტად ერთმანეთში შეძულებულთა...
შენ არ შეგყვარებია ჩემი უსამართლობა, შენ შეიძულე ის და ჯილდოდ მიიღე ჩემი სინანული, შენ ჩემი სიძულვილი მიიტევე და სიყვარულად მომიტევე უკან...
ასე გამოჩნდა გზა უჩინარი და მღელვარე...
ძიებით დაღლილი გონება სად ისვენებს?
სასწაულში, სასოწარკვეთაში თუ ძიების უარყოფაში?
გონების შესვენება ხომ სამყაროს დასასრულია... გახსოვს რომ მითხარი?
მრავალთა გონება მუდამ უაზრობს და იღლება რა  დაუსრულებელი,,,დაუმთავრებელი თამაშით ქანცგაწყვეტილი ამაოდ დაეძებს მყუდრო სასუფეველს...
მე კი მგონია, რომ ამ ტყის პირას ჩვენ წამით შევისვენეთ და ახალი სამყაროს უსასრულობა მოვიგონეთ...
ირგვლივ მწვანე უკიდეგანო წყლებია...
იქნებ მომეჩვენა?
მაგრამ არა, ახლახანს მზით გამთბარ ქვებზე არ ვისაუზმეთ?
-მე ვიცი რაც არის სიყვარული!
-აბა?
-უამრავ ბიჭებში ერთადერთის ამორჩევა!
-აი, სულელი...
მაგრამ ასე გამოჩდა გზა უჩინარი და მღელვარე...
ის, ვინც ცდილობს აზრების მოკრეფას და გამოუცდელია დაფანტვაშ,,განაგრძობს გონების შეზღუდვას და რაც უფრო მკვრივდება ზღუდე, მით უფრო ძნელი ხდება მისი გარღვევა...
სიყვარული გონების სასჯელია, ის გონების ხარკია, სასჯელს ვიხდით, ხარკს არა – გვიყვარს და არც გვიყვარს...
მრავალთა მოძღვრება სიბრძნის სიყვარულია.
ირგვლივ მწვანე უკიდეგანო წყლებია...
ჩვენი მოძღვრება სიყვარულის სიბრძნეა.
უბრალოება და უჩინარობა...
ირგვლივ მწვანე, უკიდეგანო წყლებია...
ჩვენი გონება ასკლიტული კარია ჩვენივე, სად არის მისი გასაღები?
ამაოდ ცდილობთ შესვლას კარიბჭეში... ცოცხალი გონება მხოლოდ იმიტომ არის საჭირო, რომ გალავნის წინ ეძებოს კეთილი საქმეები, შეყვარებული სიტყვები, დაუსრულებელი მშვიდობა...
საოცნებოა შეხვიდე საკუთარი გონების ნათელში და იცნობდე სინათლის წყაროს ...
ბევრი უნდა ვიმათხოვროთ, რომ მივიღოთ საკუთარი გონების გარდაცვალება და როცა ჩვენს გონებაში, გონებით გარდაცვლილნი, საკუთარი გონების წინაშე, გონებით წარვდგებით, აუცილებლად შევალთ იდუმალების კარიბჭეში...
მე ბედნიერ მათხოვრობას ვისურვებდი, შენ კი ძალიან მიყვარხარ...
ზრახვები, ფიქრები, ვერშეცნობილი წარმოსახვები – ყოველივე ცოდვითი მიდრეკილებები სულის აუტანელ ტკივილებს იწვევს, ამ დროს სული შეწუხებულია საკუთარი ნაწილის უძლურებით... თითქოს აღარ სურს გონების ტყვეობაში თამაში, თამაში, რომელიც თვითონ დაიწყო, ახლა კი დასრულება აღარ შეუძლია თითქოს...
“ოხ, გეღიმება შენ... განა არ იცი, რომ სულიერებაშია გონიერება და გონიერებაში სულიერება? განა არ იცი, რა ჰქვია მათ შორის ჰარმონიას, ის  სიყვარულის წიგნია, მარადიული წინ გნებაა დაუსაბამო წყვდიადში… განა არ იცი მათი განშორების მიზეზი? განა არ იცი, მას შემდეგ რომ დაეძებენ ერთიმეორეს...ალბათ ოდესმე შეხვდებიან...როგორც ჩვენ...
- და ბნელი, გაუვალი ჯოჯოხენი იქცევიან საამო ხეებად და ექნებათ სათნო ჩრდილი არა?
თუმცა დაუსრულებელია სეირნობა მთვარისხელა კლდის პირებზე... უფსკრულების თავზე ახალ ფეხადგმული ჯიხვის ნუკრივით დახტის ჩემი სიყვარული, ქანაობს, თავბრუ ეხვევა... ამ დროს თოვლის ჯიქივით ვიღრინები, ოღონდ ისე, რომ არ გაიგოს და არ შეეშინდეს...
დაბლა უკიდეგანო, მწვანე წყლებია...
მეშინია, თავი რომ ვერ შეიმაგროს და ფსკერისკენ მოსწყდეს...
ამიტომ სულ ვუფრთხილდები , გულში ვიკრავ და აღარ მემეტება ტერფების დასაკაწრად...
სიმაღლეთა სიდაბლეს ვაჩვევ... დროს, მანძილს, სიდიდეებს, სივრცეს არაფრად ვაგდებ, რათა მიხვდეს, რომ მთავარი სხვა რამეა...
                                                                                                                      00.00.00
                                 
ირგვლივ მწვანე, უკიდეგანო წყლებია...  პირველყოფილი ბგერები მესმის... მგლისთავა ლანდები ტყეებში დაძრწიან...
სევდიანი უშიშარი ხმა შორიდან მოისმის...
... და მე ვეძებ მის ბავშურ იდუმალ სიმღერას... მივყვები ძველ თრთოლაში, ნამთა წამების კვალდაკვალ, სხივთა ჯვარცმაში მივდევ, წყლიან კვირტებს ცრემლებს ვწმენდ და ისინი მიყვებიან პატარა და საოცარ ნაფეხურებზე, რომელიც ამ კლდის პირებზე დაიარება და მღერის, ჯადოსნურად მღერის... მე მას ვეძებ იმედის ფარნით, რათა ვისწავლო მისგან სიმორცხვე და გაუბედაობა, რომელიც მე დამავიწყდა ...  გულწრფელი ტირილი და გაოცება...
_ ზღვის მოქცევის დროს მთვარე რომ გაქრეს დავიღუპებით? უკითხავს წკრიალა ხმით იდუმალი არსებებისთვის და გაუჩინმაჩინებულა ხეებში... აქვე უშველებელი ლოდებია და დროსასწაულს ელიან ჩემი გულსაწიერნი,
თვალისწადილის უთანასწორო ღელვას მოუღლია ჩემი თითოეული საიდუმლო...
უსიტყვეთს მოუცვამს გული ჩემი და დუმილით ეწირება ტკბობას...
ქრის მყუდროობა უსიტყვეთში ...
ხოლო ყადნი, რომელთაც ქვიათ გამყიდველნი
ყიდიან ჩემს ბაღში მალულად მოკრეფილ მოცვის ნაყოფს...
თუმცაღა ისევე ველოდები მათ ჩემს დარბაზობაზე ,
რომ აბაზურნი ჩემი და ბაზიერნი მოზიარენი და უზიარონი
სუფევდნენ გვერდიგვერდ თანხმოვნებაში ,
რომ თანხმოვნები ჩემი თანა ხმოვანნი უცხო ხმიერნი თუ ხნიერნი
ხარობდნენ ხაროსზედ...
რომ შენც შეიგრძნო გრძნებანი საგანძურთა მოძიებულნი ტყეებსა და მიუვლობაში,
რომელთა ბილიკები, სვლადკვალი და სანდო ნაფეხურები მხოლოდ ირმების მარიამებმა იციან,
უმანკო ნუკრებმა, მათ ხომ არასდროს ემუქრებათ
მარუხივით რუხი მთების ავგოროზობა, რადგან ავგაროზია სიწმინდე მათივე...
თუმცა ფერადმონაცვლეა და საოცარი
ეროზიები უსიტყვეთისა ხოლო ნიშნები მისი:
უბრალო და პირველქმნილი...
                                                                                          00.00.00

     
ღამე, როცა ლოდიდან ლოდზე გადახტის კუდიანი ქარისთვალა, მეღვიძება და  ვფიქრობ, სიმამაცეა მიხვდე, რომ
სიკვდილი ჩვეულებრივი ხვედრია,
ხოლო, სიმხდალეა, როცა ყოველთვის ვერ იმეტებ თავს გასაწირად.
მე ვუძლებ აუტანელ სიცხეს, ჩემშია ჩრდილი შენი ფეხაკრეფისა,
ჩემშია ერთგულება შენი: შენივე დამსახურება.
ჩემშია მსახურება შენი: ჩემი თავგანწირვა ჩემივე სიამაყის წინაშე.
ყოველთვის ვნანობ ჩადენილ ბოროტებას- ეს მუხლთა კეთილი ჩვევის ბრალია იდრიკებოდნენ ძალდაუტანებლად.
განა მესმის?
ილუზიებით ვიკვებები, სულის წიაღი ნატვრის წყალს მაძლევს დაუსრულებლად,
არსებული ბოროტების გარემოცვაში დატანჯული
შენი არსება მეცოდება არარსებულზე ოცნებით ჯვარზე გაკრული:
ღმერთი კი არ არის მკაცრი, მისთვის თვალების გასწორებაა ძნელი.
ღრმაა სულის ფესვი.
განა მესმის?
უსაზღვრო სიკეთეში მსურს სიცოცხლე და უაზრობის მეშინია:
არ ვიცი, რა არის კეთილთა ნუგეში.
ღმერთს ვიგონებ და ამით სულის არსებობას ვცდილობ,
სულს ვიგონებ და უთუოდ ღმერთია საჭირო.
ისევ შურია ადამიანთა შვება,
ისევ იშვა გველგესლა კაცისა,
განა მესმის?
უნდათ, მაგრამ არ შეუძლიათ,
შეუძლიათ, მაგრამ არ აკეთებენ
სურვილი აქვთ უკეთესისა, მაგრამ უარესს ჩადიან.
ყიდვა გაყიდვაში გაიწაფა გონება ჩვენი.
მეტად მატყუარა გახდა და სიშიშვლეს მიეჩვია.
სინდისის საპოვნელად წამოსულს სიმაძღრე წამოგვეწია და მუხლი წაგვართვა.
საკუთარი უსინდისობა უღმერთობას დავაბრალეთ, მაგრამ
რას ვამბობ, განა მესმის?
თითქოს ჭეშმარიტების ჯაჭვი შუაზე გაწყვეტილა და ყველა ჩვენგანი
იმ ერთადერთ რგოლს ვეჭიდებით, რომლითაც მოვწყდით …
არც ის გვახსოვს, რა დავკარგეთ და არც ის, რა გადაგვირჩა.
მხოლოდ რაღაცას უთუოდ გრძნობს ჩვენი არსება ჭეშმარიტეულს და ღვთისლანდს.
უხსოვრად დაგრძელდა დაუოკებელი ფორთხვა აზროვნების წყვეტილზე.
სამყაროც სიმბოლურია, ჩვენც სიმბოლოებით ვაზროვნებთ.
შეუცნობელი გვაშინებს და მისი გამოცნობის ძლიერი წყურვილი გვახრჩობს.
ამ გასაგებშიც იმდენი გაუგებარია,
ხოლო ხელოვნებად ქცეულ არამზადობაში
სილამაზის იმდენი საბრალო მარცვალი ემზადება სიცოცხლისთვის...თუმცა დიდი ხანია ისინი მოკვდნენ.
საოცარია, განა მესმის?
ბოროტება კლავს სიკეთეს და სიკეთე აცოცხლებს ბოროტებას.
ორივეს გრძნობს ჩვენი არსება.
შეისუნთქავს ერთს, ამოისუნთქავს მეორეს,
შეისუნთქავს მეორეს, ამოისუნთქავს პირველს.
მაგრამ განა ბოლომდე მესმის,
ღმერთო ჩემივე გულისცემა?..
                                                                                                  00.00.00
                   
ყოველ ზმანებას მოსდევს კოშმარი, ხოლო ყოველ კოშმარს ზმანება, ერთი კი უთუოა, ადამიანს ღრმად სძინავს და არავინ იცის, სად და როდის გაიღვიძებს ის...
სძინავს ადამიანს ღრმა, უკიდეგანო ძილით,
ეცხადება სიზმარი,
სჭვრეტს თავის მომავალს:
როგორ გამოუღო უფალმა ნეკნთაგანი,
როგორ იშვა „ძვალი მისი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი“,
ისე ძლიერ გაუხარდა, რომ უმალ მიავიწყდა ყველაფერი-სიყვარულით უმზერდა საოცნებო ქმნილებას და თავისთვის ჩურჩულებდა “ ჩემი ცხოვრება”...
უფალმა კი გააგრძელა სიზმრის ჟამი, რადგან ნახა, რომ მეტად მოსწონდა პირველ კაცს სიზმარი.
ხოლო მის გარდა არავინ უწყოდა ცხადის სიზმრით მიცვლის შესახებ.
შემდეგ იყო გველი, გველი კი არა, იგრძნო ადამმა, როგორ მიეახლა გველური ზრახვა მის ცხოვრებას.
უცებ გველნაკრავივით წამოიჭრა და აკრძალული ხისკენ გაიქცა...
ავმა ქარგველმა ყური გაუგესლა:  „ რატომ დააგვიანდა? მას ხომ მხოლოდ სიყვარულის ხის ნაყოფი სთხოვე მოეკრიფა და სწრაფადვე მოსულიყო“
ჰოი, განუჭვრეტელო სიზმარო...
მას კი არა, შენ დაგაგვიანდა...
სამოთხის უებრო მცველო, დაუცველი დაგრჩა მეუღლე,
სათნო ხეთაგან გაბრუებულო, გველგესლათა ერთგულო მეგობარო, დაგაგვიანდა...
რაინდობის ხის ჩრდილში დამოძღვრილო, როგორ მიატოვებდი შენს დედოფალს შენგანვე მიძღვნილ განსაცდელში?! აკი უდრტვინველად ეახელი კიდეც ცოდვას მისი ხელიდან და უკანასკნელად ეამბორე ჯერ კიდევ უბიწობაშერჩენილ თითებს...
ჰოი, დაუსრულებელო სულისცვალებაო;
ღვიძილი გმართებდა, შენ კი ძილად მიიქეც, წარმოსახვის ნაყოფი განიმრავლე და სიზმრიდან გამოცხადებას-მისგან გამოსვლას არ ჩქარობდი,
ვერ მოახერხე გამოღვიძება, რადგან ცხადს სიზმარს ათვლიდი და სიზმარეულს ჭეშმარიტად აცხადებდი.
ვერც შვილები, ვერც მეუღლე, ვერც საკუთარი თავი და ვერც უფალი ვერ დაიცავი.
როგორ ვერ დაინახე, რომ სამოთხის ფესვებზე ამოხეთქილი, ჭეშმარიტ ხეთაგან გამორჩეული, ნერგი იყავი და მხოლოდ საკუთარი წიაღით შემოსვა გმართებდა...
რა უბრალოდ განიძარცვე, როგორ უბრალოდ მისწყდი ჭეშმარიტების ხეს შეციებული ფოთოლივით.
ნუთუ იცოდი, რომ სიზმარში იყავი... ნუთუ ახლაც იცი...
რა უსასრულოა ეს სიზმარი, რა უკიდეგანო?!
როგორ არ გეღვიძება, როგორ არ გახსოვს პირველყოფილი გამოცხადება?!
გახსოვს, ოღონდ სიზმრადღა.
გახსოვს, როგორი სიყვარულით გჭვრეტდა უფალი...
იმ სიყვარულის ხატება მიგვყვება ყველას წყვდიად სიზმარეთში, პირველყოფილი ბუნების ნიშნები აღბეჭდილა ჩვენს არსებაში და კიდევ ეს გვაძლებინებს ამ მზვაობარ უკუნეთში.
ისე ღრმად მიიძინე, ადამიანო, რომ თვით უფალი მოვიდა შენს სიზმარში,
სიზმრად გეყო, რამეთუ სიზმრად გყო... თავად გემსგავსა, რადგან შენ ეს ვერ შესძელი.
შენს საფხიზლებლად, სახსნელად მოვიდა და ხელი გამოგიწოდა, ცოტაზე კი გაჰყევი, მაგრამ მალევე გაუშვი ხელი, არ შემიძლიაო, უთხარი და თავი ჩაჰკიდე.
...მიდიოდა შენგან უფალი და სინათლის ნაფეხურებს გიტოვებდა, რადგან ამ უსასრულო უბადრუკობით დაქანცულმა მაინც იცანი და შენი სიზმრადშობილი შვილები შეავედრე და უფალმაც გიცნო შენს შვილებში, შენს ცრემლებში და შენს ვედრებაში...
ამიტომაც აღგითქვა დილა მშვიდობისა,
ამიტომაც დაგპირდა, რომ ოდესმე აუცილებლად გაეღვიძებოდათ ადამიანებს.
მხოლოდ ასე თუ აიხსნება შენი სიზმრადყოფნის საიდუმლო.
ჩვენ, კი, სამუდამო ბინდბუნდებში დარჩენილებო, დაე, ხშირად მივეფიქროთ და მივემზიროთ ჩვენთვისვე ყველაზე ლამაზსა და წმინდას, რადგან როცა ერთმანეთს აღარ ვეყოლებით, როცა ამ ყოვლისმომცველ უკუნეთში გავიფანტებით, სწორედ მათ გვითხრან ის, რაც ვერ მოვასწარით და ვერ ვუთხარით ერთიმეორეს, ან ვერ შევამჩნიეთ, რომ სათქმელი გვქონდა.
                                                                                            00.00.00
                                                      ...
მოეწყინა ადამიანს ვარსკვლავთმრიცხველობა,
მოეწყინა განუწყვეტელი ჭვრეტა უხრწნელი სინათლისა,
მოეწყინა უკვდავების, სიკეთისა და სიბრძნის უსასრულობა.
რას არ ეცადა უფალი სიხარული მიეგვარა ადამიანისთვის და თავისთან დაებრუნებინა.
უამრავი სულიერი არსით შეამკო, ბუნების თვალწარმტაცი საიდუმლოებებით აღავსო სამყარო მაგრამ, არა და არ დაადგა საშველი მის სევდას,
მაშინ უფალმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო მისი მარტოობისთვის, რათა ოდესმე მაინც შეეაზრებინა რისთვის არ ემეტებოდა უფალს იგი...
როგორი ძნელია ღვთაებრიობა, ღვთის მსგავსად განუწყვეტელი ფიქრი და ზრუნვა ღმერთად-მყოფობისა.
ბოლოს მისივე მონაწილეობით მისი თანააზრი, მისი თანაარსი ქმნა, აკურთხა და შეალოცა ერთმანეთს როგორც ცა და მიწა...
ჯერ კიდევ ცოდვამდე მიეცა ქალს დედობის ხატება უფლის ნებით და კაცის თანხმობით, მას უნდა აღმოეცენებინა ახალი სიცოცხლე.
ამიტომ დგას მიუწვდომელ სიმაღლეზე ქალი, როგორც დედა, რადგან მისი ჭეშმარიტი მდგომარეობა შვილიერებაში დავანებაა მეუღლეობრივი სიყვარულით
ერთი მეორეს უნდა ავსებდეს და ალამაზებდეს, ხოლო  მეორე უკვდავყოფდეს და ესწრაფვოდეს პირველს. დედობრივი ხატების გააზრება ბუნებრივად გააჩენდა მშობლიურ ზრუნვას შობილის მიმართ, რომელიც შემდეგ განაპირობებდა შვილების სიყვარულს მშობლებისადმი. ასე გადავიდოდა ღმერთი კაციდან კაცში... უფალმა მორიგ საიდუმლოს აზიარა პირველი ადამიანები, კიდევ ერთხელ გაუმჟღავნა თავი და მიანიშნა, როგორ ეცხოვრათ სამოთხეში. ღმერთკაცივით უნდა გეცხოვრა კაცო:
ღმერთივით გეფიქრა და კაცივით ხელისგულზე გეტარებინა შენი ქალღმერთი,
ღვთისშვილები უნდა გაგემრავლებინა, სიკეთე უნდა დაგემარცვლა მათში,
უფალი უნდა შეგენარჩუნებინა. შენი ოჯახი ციხე-სიმაგრე უნდა ყოფილიყო გველისა და სასუფეველი ღვთისა. ეს იყო შენი ღვთაებრივი, კაცობრივი და მამობრივი ვალი.
დედობა მსგავსად პოხიერ მიწაში მარცვლის შთასვლისა და აღმოსვლისა
შესაქმის გაგრძელებას გულისხმობდა ღვთის სახეში.... ღვთის საქმის გასაგრძელებლად მოხველ, დასაბამად სიყვარულისთვის გაჩნდი
დედადედოფალო, შვილთა მებაღეობა იყო შენი საზრუნავი.
მაგრამ რაოდენ უფრო დიდებულია, შენი მებაღეობა სამოთხის გარეთ.
                                                                                                    00.00.00
                                                ...       
...მიწრიელთა ყრუ გოდება აჯადოვებს კაცს:-„გაგვიყვანე, შენს უმყარობაში-სამყაროს წინააღმდეგ, იქ, სადაც მკვდარი სიჩუმეა, არქმნილი უწესრიგობა, იქ, სადაც სულს აგიჟებს უმყარობა, იქ, სადაც სულისმკვლელი უსივრცობა ბატონობს. ჩვენ უმყარობის მომავალი ბინადარნი შენი გესლით ავინთებით კაცთა დასაღუპად:
იქნება ცეცხლი ცეცხლის წინააღმდეგ, წყალი-წყლის წინააღმდეგ,
ჰაერი-ჰაერის წინააღმდეგ, მიწა-მიწის წინააღმდეგ,
ჩვენ წინააღმდეგობის მსახურნი,უმოქმედობის მამანი, განადგურების შემწენი მართალ სულთა საძმოს პირისპირ  დავდგებით უმყარობაში: შენი ქერცლი მიწაზე დარჩება, შენი კანის სიმყრალე შეაწუხებს სამყაროს და მოგონილი გახდება ღმერთი, გინებას დაუწყებენ ადამიანები მას. შენს სისინში დაინთქმება მყარი, ყველგან შენს ბალღამს გაიგონებენ, ყველა სული შენთან მოვა, იყავ უფორმო ქაოსში, ახალი გონება გონების წინააღმდეგ, ახალი სული სულის საპირისპიროდ.“
დაასრულებენ თუ არა გოდებას, განადგურების მამაც მზადაა მათ დასამოძღვრად:
ველურნო, სათნო კაცთა წინაშე ხალხის კი არა, კაცის მტერნი ხართ
მიწის მასხარნო, გგონიათ ერთის შეცდენა  უფრო ადვილია, ვიდრე მრავალის?
ერთს ძნელად გააკეთებინებთ ავ-კარგს მრავალნი კი მაგალითით აღიძვრებიან.
თქვენი კაცის გულია დაგმანული და მიუვალი... სიკეთეცა და ბოროტებაც მრავლადაა ირგვლივ, ნუ შედრკებით და ნუ იდიდგულებთ,
მოჩვენებითია ორივე. გარჩევა ისწავლეთ მადლისგან ბიწისა: მადლში ბიწი შეაქუჩეთ და ბიწიდან მადლი დაფანტეთ. უწაფნი არიან კაცნი,  ტყუილში ცხოვრობენ,
სინამდვილეს ვერ გრძნობენ-ის უცვლელია, წმინდანთა სიმრავლეც კი მხოლოდ ერთარს სიკეთის სულს ამტკიცებს და ამკვიდრებს, შეითბეთ თქვენი ცივი სულები მასხარნო, გგონიათ კეთილს თუ კეთილს გამოაკლებთ
უკეთურობას ჩაიდენთ? სინამდვილეს არც არაფერი ემატება და არც აკლდება, არც
გამოეყოფა და არც მიემრავლება... სამყაროს ტაბულა ასეთია მასხარნო: მხოლოდ კეთილს შეიძლება მიემატოს მხოლოდ კეთილი- -ბოროტი უკვე მონანულე, გაამრავლოს სიკეთე-შეერთდეს მის არსში. კეთილი კეთილს რატომ განეყოფა ,
არამედ კეთილმოქმედებს, კეთილს კეთილი ეზიდება და ბოროტს ბოროტი იგროვებს-ნაკეთილარს უკვე ბნელებულს. აზრი ერთია, არსი უცვლელია.
ბოროტს ბოროტი როგორ მიატოვებს, არამედ ეუღლება, ამრავლებს მოჩვენებით,
ძლიერებას მატებს მას. მხოლოდ ჭეშმარიტად გარდაცვლილ ბუნებას შეუძლია ბოროტეულ წარმოსახვათა ტყვეობიდან ახსნა. მტრები აღარ გყავთ, ამიტომ მტრის ხატნი ქმენით. თუმცა დიდებულებად, უძლეველებად იწოდებით, მაგრამ მასხრები ხართ თქვენი ბუნებით, ძალნი ხართ, მაგრამ არა არსნი.
მოჩვენებით მხვნელნი ხართ და მთესველნი  აღმართდაღმართთა სიმრავლისა
კაცის აღმართისთვის კი ვერ გიჯობნიათ, აღმართის არსისა არა იცით რა.
იცოდეთ, მასხარნო, თითოეულ კაცში ხდება ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ი ს განხორციელება ამიტომ უნდა გეშინოდეთ მათი ს ა ე რ თ ო სიმრავლისა. დანარჩენი ქაოსია.არსს ეომეთ და აზრი დააკელით, თორემ არსი გეომებათ და აზრი გეკარგებათ, „
                                                                                                                  00.00.00
                                                        ...
„უფალმა სხვა უფრო ყოვლისმძლე არსით შემოსა ადამიანი, იგი, იცავს ადამიანურ ბუნებას ასეთად შექმნილს, და ის წარმოადგენს ღვთისა და ადამიანური ბუნების ურყევ კავშირს, მე განვიცდი ღრმა ერთთან უწყვეტ სულიერ ბმას და მხოლოდ ამის შემდეგ ვიაზრებ ადამიანური ბუნების შინაარსს.
ჭეშმარიტება ყველგან აღმოიძვრება საკუთარი ფესვისგან, რადგან შეუძლებელია წმინდა მარცვალმა ჭეშმარიტების წიაღი არ იცნოს, საიდანაც ისაა თავად აღმოშოშობილი.
ადამიანი მთელი თავისი სიდიადით ძნელად თუ ჩასწვდება ერთი შეხედვით უბრალო, უსახურ, ადამიანის უარყოფით თვისებად შერაცხულ მერყეობას, გაურკვეველია მერყევი ადამიანის ჯამი. ბოროტებაში მერყევი ისეთივე დიდებულია, როგორც სიკეთეში ურყევი. ხოლო სიკეთეში მერყევი ისეთივე უბადრუკია, როგორც ბოროტებაში ურყევი.
არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ენაზე იწერება და რომელი ენით საუბრობს ჭეშმარიტება. რადგან ის ჭეშმარიტებით ცხადდება და ჭეშმარიტებით შეიაზრება. რა ყოვლისმძლე არსი მივიმადლეთ, რანი ვართ, რატომ იხსნება და იხურება ასე მალ-მალე ჭეშმარიტების კარიბჭე?
საოცარია, რატომ აუბრალოებს ღვთისა და ადამიანის ღრმა სულიერ ბმას,  ნივთიერება? რას ნიშნავს ეს აღრევა? ჭეშმარიტი აზრისგან  გამოვიდა, გამოთავისუფლდა ნივთიერების აზრი ,მაგრამ ეს არ იყო უარყოფა და უწესრიგობა, არამედ ეს იყო ჭეშმარიტი წესრიგის აზრი, ჭეშმარიტება დაეტია აზრში და ის სუფევდა იქ ჭეშმარიტებით. ჭეშმარიტება დარჩა უმყარობაში, სამყარო ტრიალებს წესრიგის აზრის გარშემო, ურთიერთმიზიდულობისა და განზიდულობის აზრით. ხოლო შემდგომ, ,ამისა ჭეშმარიტების აზრმა ისეთი უარყოფის ძალით გამოაცალკევა არაჭეშმარიტი აზრი სამყაროში, რომ სამყაროს დარჩა მოჩვენებითი აზრი მისი ძლიერების შესახებ.ეს არის ენერგია თავისი მიზიდულობით თავისი ძლიერებით, რომელიც მხოლოდ თავისსავე  მსგავსზე  მოქმედებს. ეს ძალა უმყარობის ნაწილია, ანასხლეტია უმყარობისა, რომელიც ჩაიკეტა სამყაროში. მაგრამ ეს არ იყო დიდი აფეთქება. უწინარესად ამისა,უარყოფის ძალით აფეთქდა თავად აზრი ჭეშმარიტებისა, გამოთავისუფლდა და გაიბნა შემტკიცებისთვის, საკუთარი აზრით საკუთარი არსის უარყოფა ჭეშმარიტებისთვის, გაჩნდა უსათნოესი განზრახულობა, რადგან მიზიდულობის ძალით ჭეშმარიტების არსი, აზრი განუყოფელი დარჩა. ხოლო განზიდულობის ძალით განიცადა. უსასრულო სიბნელეა ღვთისა და ადამიანის სიახლოვემდე,ვინ არიან ღვთივშეერთების ღირსნი?-შემლახავნი საკუთარი დასაზღვრულობისა უსაზღვროებისთვის აღსრულებულნი. ვინ ართულებს ამ წმინდა კავშირს ღმერთკაცის ურთიერთობის მარტივობას? თავისუფალ ღმერთკაცურ ნებაში გამოუცხადა უფალმა კაცს მეტოქეობაც და მეგობრობაც, დამოუკიდებლობის აზრით შეკრა იგი და საკუთარ თავს შეაბრძოლა. ადამიანი არის ღმერთის აზრი, ხოლო ადამიანის აზრი უნდა ყოფილიყო ადამიანისვე აზრი, მაგრამ სწორი ღვთის აზრისა, რათა გაგრძელებულიყო ჭეშმარიტების აზრი.
წარმოსახვაში მთავარია რას სახავ, ღვთის სიყვარული ადამიანის ქმნილების მიმართ შემდეგ ჩნდება. იმის მიხედვით თუ რას იაზრებს ის. შესაქმის მიზეზიც და მიზანიც შეიაზრება, ამოიცნობა შედეგში: ადამიანი ემსგავსება უფალს, თუ ის ჭეშმარიტებისკენ მიიქცევა და თუ ის ამას ვერ შეძლებს ჩნდება უმსგავსოება. პირველის დროს ადამიანს ეხარება ღმერთი ხოლო მეორეგან თვით ღმერთში ისადგურებს სიბრალული ქმნილებისა,  ღმერთი ესაუბრებოდა-ეაზრებოდა თავის ქმნილებას, აზრდებოდა, მტკიცდებოდა და ყალიბდებოდა ადამიანში. როგორი იყო პირველყოფილი საუბრები, აზრები?  უფალი კი არ უკრძალავდა, კრძალულობისკენ მიანიშნებდა და ამზადებდა ადამიანს სხვა უფრო ყოვლისმძლე არსისთვის, ჭეშმარიტად როდის იკრძალება რაიმე? როცა მან შეიძლება ზიანი მოიტანოს, ან უკვე მოიტანა. განა შეიძლებოდა უფალს სიკეთის მომტანი აეკრძალა? განა შეიძლება ერთ ჭეშმარიტ აზრს მეორე ჭეშმარიტი აზრი აეკრძალა? რადგან ძნელია საქმეა გამუდმებული  ფიქრი, განზრახვა, წარმოსახვა, აზრი, რათა მრუდედ არ მიემართა ეს ღვთივთვისებანი, ადამიანური ნების მიზეზით. მაგრამ ეს იყო შეგონება, სწავლება, მითითება და არა ბრძანება, ვალდებულება. ჭეშმარიტად სათნო აქტი შედგა უფლისგან კაცის გაჩენით, გამოჩნდა სურვილი ახალი ქმნილებისა, უსაზღვრო ნდობითა და სიყვარულით აღჭურვილი თავისუფალი და გონიერი არსისა და აზრისა, სულიერი და ნივთიერი კავშირით შეერთებული.
ცბიერი აზრი, რომელიც გაიელვებს ხოლმე გონებაში, დააკვირდით განა არ ჰგავს გველს, რომელიც გაისრიალებს წარმოსახვის ლაბირინთებით და გესლს უტოვებს საღ ნიადაგს, ფოთლეულობას ჩვენი გონებისას, გონების საამო შრიალს ფარავს მისი ყურისწამღები სისინი. რატომ გადაწყვიტა ჩვენმა გველურმა ზრახვამ მაინცდამაინც სიკეთისა და ბოროტების შესახებ ფიქრი აერჩია? როდის გახდა ჩვენი განზრახვა გველური? ვიღაცამ გვირჩია ... ყოვლისმომცველი წესრიგის აზრით და ძალით ადამიანში საპირისპირო გველური აზრის გაელვებით ქმნილებამ შეწყვიტა საკუთარი თავის, ღვთის ჭეშმარიტების გააზრება და დაიწყო მისი მეტოქეობა. ადამიანმა ვერ გაიაზრა, რომ უფლის წიაღში იდგა ორივე ხე და ის უკვე მიირთმევდა ორივე ხის ნაყოფს: სიცოცხლის აზრს, რადგან სიკეთეს ანუ ჭეშმარიტებას შეიაზრებდა, და აქედან გამომდინარე, ბოროტებას უარყოფდა, რამეთუ თავადაც წიაღში იყო. ამდენად, არავითარი აზრი აღარ ექნებოდა ნაყოფთა სინჯვას ამ ხეთაგან. ხოლო იმ ნაყოფთა სინჯვა, რომელიც მიემადლა, და მიეკურთხა, ნიშნავდა საკუთარი თავის გააზრებას ჭეშმარიტებით. სიყვარულის აზრის ნაყოფით, სათნოების აზრის ნაყოფით, ერთგულების აზრის ნაყოფით, გონიერების აზრის ნაყოფით, სიხარულის აზრის ნაყოფით, და ასე შემდეგ. ჭეშმარიტი აზრი იცავდა საკუთარ ქმნილებას გაუაზრებლობისგან-უაზრობისგან. საპირისპირო აზრმა უაზრობის მცველმა მოუსვენარმა, წინმსწრებმა ჭეშმარიტებისა, დიადმა მრჩეველმა გონებისა, დიდმა მესაჭემ და მმართველმა რად არ გამოიმეტა უკვდავება ღმრთისაებ? ნუთუ ვერ გაიაზრა, რომ ადამიანი სულიერების აზრით უკვე არის უკვდავიც და მოკვდავიც ღმერთში, რომ ხრწნად, ნივთიერ სამყაროს კვდომას ვერანაირი გველური ზრახვა, ვერანაირ ნაყოფთა სინჯვა ხეთაგან ვერ შეაჩერებდა. რომ ბოროტებაში უკვდავებაც ხელეწიფება ადამიანის აზრს და ბოროტებაში მოკვდაობაც? როდის მოკვდა ადამიანში ზეაზრი, როდის დაიწყო ნივთიერებათა უცვლელობაზე ფიქრი?
როდის უნდა დაამარცხოს ჭეშმარმა ზრახვამ ნაეშმარი ? რა არის სულის სინათლე, თუ არა ღვთის საჩუქარი, სახსოვარი მისი მეგობრობისა, მადლი და კურთხევა, საღვთო ძალა ჭეშმარიტების შემცნობელი , მარად ღვთისა და კაცის შემაერთებელი განზრახულობა. რა არის სულის სიბნელე, თუ არა ამ ყველაფრის გაუაზრებლობა - უარყოფა? ხორცის კვლა რამხელა წყლის ნაყვაა, თუკი სულის, აზრის კვლა შეუძლებელია, ყველაზე დიდი მკვლელობა კაცისა, კაცში და კაცისგან ღვთის კვლაა, დიდება დიდსულოვნებას, ჯერაც შეუძლებელია ღმერთში კაცის კვლა. ღმერთთანმყოფობის აზრის დაკარგვა ყველაზე დიდი ტრაგედიაა მიწაზე. ყოველი აზრმსახურება არაჭეშმარიტისა იწვევს გონების ქაოსს, მის თანდათანობით რღვევას. ამ დროს გველური აზრით მონუსხულნი ღვთისგარე წარმოსახვების საპყრობილეში ვსხდებით; ღვთივცნობილობა, მაღალზნეობა ისჯება და ამ უსამართლობის მსხვერპლი ხდება აზრი ადამიანობისა.
კაცი ქაოსია, როგორც ჭეშმარიტების აზრმა მოაწესრიგა, დასაბამიერი ქაოსი ისე უნდა აწესრიგებდეს, ადამიანის აზრი საკუთარ ქაოსს-ეს ნიშნავს იმას, რომ გონებაც იმ ერთ ჭეშმარიტებას უნდა მსახურებდეს, ან უსახურად ამრავლებდეს საკუთარ სისუსტესა და უნებისყოფობას.
                                                                                        00.00.00
                  ...

-„შემოვედი და რადგან არ ვიცოდი სად შემოვდიოდი, ვეღარ გიცანი. მეხსიერების უძველესი ვაკუუმით შემოველ, სიცარიელით. ყოველგვარი არსისგან თავისუფალი. ყველა ბაქტერია, ყოველგვარი იონური უთავბოლობა გარეთ დავტოვე.
ვერც შენ მიცანი, შენს სიცარიელეში დავიკარგე და როგორ მიცნობდი... ეს მე ვიყავი, მე ვადგენდი სამყაროს ასაკს, ქაფჩა მეჭირა. მე შემოვედი შენს საქმეში. მე ვიყავი ვინც მეიმდენედ დაჰკრა ბარი წმინდა სიტყვების გაუთქმელ ყამირს. განმარხებულ ქაოსამდე ჩამოველ წყვდიადებამდე, ნათლის დებამდე  და საკუთარი ასაკიც კი ვერ დავადგინე. დიდია სიცარიელე შენი- ხილული ცარიელობა მაშფოთებდა და უხილავი რაღას მიზამდა. უხილავი სიცარიელის ლაბირინთებია შენში...
რა მცირეა კოსმოსური ცარიელობა, პარარელურ სამყაროთა განზიდულობანი.
განმეორების უსასრულობაა შენს ლაბირინთებში, მიზიდულობის უსასრულობა.
ყველაზე წყვდიადი მეტაფიზიკა, ყველაზე უწონადი ალქიმია წამიერადაც ვერ აშფოთებს შენს იქცევისს.როჭიკია კაცის თავზე დაკიდებული ყველა მახვილი, სადაც შენ არა ხარ, რიოშია ყოველი ბაგე, რომელიც იტყვის დამოკლესას, შენ კი გმობას დაგიწყებს. ურანთან და ვენერასთან ვერ ურკინია კაცს და შენთან რას გახდება...
არც იყო აუცილებელი გეცნე. შეუძლებელი იქნებოდა შენთვის თვალების გასწორება.“
ალიმ ბოლო სიტყვები ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა და თავი ჩაჰკიდა. ფროი ფეხზე წამოდგა. იანი გადამწყვეტი დარტყმისთვის მოემზადა როგორც სჩვეოდა:
-„მეგობრებო, ეს წიგნი არ არის უქმე დღეებზე წასაკითხი წიგნი, გასაოცარია მისი პერსონაჟების ბრძოლა ადამიანის გადარჩენისთვის, გეოს საოცარი სიყვარული დედამიწისა, ზე დაბურის თავგანწირული სვლა ადამიანური ნათელის ძიებისკენ, რომლითაც გამსჭვალულია მომავალი სამყარო, ფარნაჯონის არაამქვეყნიური შეუპოვრობა, ეს წიგნი არ დაწერილა ბუკთა საკვრელად ის თითოეული თქვეთაგანისთვის დაწერეს ცალკ-ცალკე რომ უნდა იკითხოთ ძნელ დღეებში, საკუთარ სინდისთან პირისპირ, ცხადია განხილული გვერდები, შედარებით მარტივი გასაგებია მკითხველისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ჩანაწერები,  ანგრევს სამყაროს თანამედროვე წარმოდგენას, არყევს კაცს ღმერთში და ღმერთს კაცში, ცვლის ცოდნის, სიკვდილ - სიცოცხლის საზრისს, ღირებულებათა ამსოფლიურ სისტემებს, არღვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ კანონებს, რღვნის აქამდე არსებულს. ამიტომ მე ვითხოვ სასჯელის უმაღლეს ზომას! ხელი უფსკრულისკენ გაიშვირა იანმა. გაქვავებულ, ჩამქრალ ქალაქს დამსგავსებოდა ყველა, ხმას არავინ იღებდა , ღრმად წასულიყვნენ ფიქრებში.
ლიბო ერემ, დამსწრე საზოგადოებას სთხოვა, სასამართლოს მიმდინარეობის შესახებ აზრი გამოეთქვათ, თითო-ოროლამ ძლივს ამოღერღა ორიოდე სიტყვა. მოსამართლე მიხვდა რომ სწრაფად უნდა დაესრულებინა ყველაფერი, ამიტომ რვა მსაჯულთან ერთად ვერდიქტის გამოსატანად განმარტოვდა. ადამიანები კოცონის გარშემო ნერვების უკანასკნელ ძაფებს ითვლიდნენ. ამასობაში ფროიმ ყველა ხელნაწერი ფურცელი, ერთ ხელში მოაგროვაა და ნელი ნაბიჯით დაიძრა უფსკრულისკენ. (როგორც ჩანს კარგად იცოდა სასამართლოს წესები) იანს გავხედე თვალს არ აშორებდა ფროის, ოდნავ მოხრილიყო კიდეც, თითქოს ნახტომისთვის ემზადებაო, ფროი კლდის პირას შეჩერდა და განაჩენის გამოცხადებას დაელოდა. ლიბო მსაჯულებთან ერთად კოცონთან დაბრუნდა, გაქვავებული ქალაქი ოდნავ შეირხა. გაისმა სანუკვარი სიტყვები:
- სასამართლომ უარი თქვა უმაღლესი ზომის გამოყენებაზე, უცნობი ავტორის ხელნაწერებს მიესაჯა ერთი წლით განდეგილობა დამცველთან ერთად. განაჩენი სამუდამოა და აღარასდროს გასაჩივრდება. მომავალ წელს ფროის ველოდებით სასჯელმოხდილ ხელნაწერთან ერთად, სადაც არ უნდა ვიყოთ და თუ მანამდე შევძელით მის ავტორთან დაკავშირება ჩვენი სამეგობრო იზრუნებს რომ მას დაეხმაროს წიგნის გამოცამასა და გავრცელებაში. ვინ იცის იქნებ მან რაღაც შეცვალოს. მივულოცოთ ჩვენს ახალ მეგობარს სასიამოვნო სასჯელი და ღირსეული დამარცხება.  დაე ნაყოფიერად იხეტიალოს ამ ჯადოსნურ, ზღაპრულ ციხე-ქალაქებში. განაჩენი ხვალიდან შევა ძალაში. ახლა კი გთხოვთ შეძვრეთ თქვენს კარვებში და კარგად გამოიძინოთ. ხვალ არანაკლებ მძიმე დღე გვაქვს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, საღამოს, გაიმართება ღერესანელი მეთევზის, ესუ ნაზორეველის თანამედროვის, წათე მესორის ღვთისმეტყველური აპოკრიფის „იხთუსის“ სასამართლო. ბრალმდებელი იანი, დამცველი ჯერჯერობით კვლავ უცნობია.“ წამით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ფროის საბოლოო სიტყვას დაელოდა.
-„მე  ვეთანხმები იანს, მადლობას ვუხდი სასამართლოს გულისხმიერი და სასიამოვნო მსჯავრისთვის, თითოულ თქვენთაგანს მოსმენისთვის.” ღიმილით დაამთავრა სათქმელი ფროიმ და უფსკრულის მხარეს სიბნელეს მისცა თავი.
ადამიანების გაქვავებული ქალაქი ნელნელა გამოცოცხლდა და ამოძრავდა. მალე ყველამ თავის კარავს მიაშურა. კოცონიც განელდა. გვიანობამდე არ დამეძინა, ხელნაწერებზე ფიქრმა თავისი ქნა, ფროისაც ვერსად მოვკარი თვალი. გამოლაპარაკება მინდოდა. ბოლოს ისევ ჩაძინება გადავწყვიტე.
დილით უთენია კარვიდან თავი გამოვყავი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად და ზუსტად იმ ადგილას სადაც გუშინ ფროის უკანასკნელად მოვკარი თვალი ამომავალი მზის წითელ შუქში გარკვევით გავარჩიე ვიღაცის ლანდი.
-ფროი შენ ხარ? დავუძახე ხმადაბალა.
-იანი ვარ... მიპასუხა გაბზარული ხმით.
სასწრაფოდ გამოვძვერი კარვიდან და თვალების ფშვნეტით მისკენ წავედი. გვარიანი ქარი ქროდა.
-შენ იცნობდი მას?
-ვის?
-ფროის!
-საიდან, არა.
-ყველანი გაგვაცურა!
-ვინ?
-მან!
-როგორ?
-თავადაა იმ ხელნაწერთა ავტორი, მისი დაწერილია და ცოცხალი თავით არ გადააგდებდა მათ... უმაღლესი ზომა არ უნდა მომეთხოვა... სასამართლოს რომ არ შეემსუმბუქებინა განაჩენი, გადაჰყვებოდა ხელნაწერს... დავინახე როგორ  ჩაბღუჯა ფურცლები, ასე მხოლოდ თავგანწირულ მშობლებს უპყრიათ პირმშონი სიკვდილის წინ... როგორ ვერ მივხვდი თავიდანვე, ნეტავ რას იგრძნობდა უფსკრულისკენ გაფრიალებული? მწარედ გაეღიმა იანს და კლდიდან გადაეშვა.
ძარღვებში სისხლი გამეყინა... ქვემოდან სუსტი ბათქანის ხმა შემომესმა. გონს მაშინ მოვედი როცა ჰაერის ნაკადმა უფსკრულიდან იანი ამოაფრიალა და აღმოსავლეთისკენ წაიღო.
-„ფროის მოვძებნი აქვე იქნება“  დამიყვირა იანმა და ხელი დამიქნია. 
ალისფერ სხივებში გახვეულმა პარაშუტმა გაქვავებულ ქალაქს გადაუფრინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები