ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2017


  ჩამოტვირთვა

სახლი

ეს ჩემი სახლია _ სიზმრის ყულაბა.                 
გარედან ოქროსია,                                                                                                                                                                         
შიგნიდან _ რიყის ქვით ნაშენი.
ოთახებში სიმშვიდე მილაგია.
ზოგჯერ შევდივარ,
რომ  უძრავ-მოძრავ ოცნებებზე                     
ნისლი გადავწმინდო.
ჩემი მთვარისფერი ცოცხი
ყოველდღე გვის და ოქროსფერ მტვერს
ოთხივე კუთხეში აგროვებს.
მისაღებში სიმინდის მარცვლები მიყრია,
შევდივარ და მუხლებით ვდგები _
ამ სახლში დანაშაულიც მე ვარ და სასჯელიც.
რამდენი ქუჩა გავიარე,
რამდენ ოთახში შევიხედე,
რომ ჩემი კაცი სხვენში მეპოვნა...
მასთან მაინც ვერასდროს ვრჩები,
რადგან, როცა მეხუტება
და მის მხარზე თავს დავასვენებ,
ჩემი სული დგება ცერებზე,
რომ მზეს ყელზე აკოცოს
და ტუჩებზე ზღვა ამილოკოს.
ძალიანაც არ ვცდილობ დავმალო,
ჰოდა, ფარფატა კაბიდან
ფოსფორივით ანათებს,
სხეულზე გვირილის ფურცლებად დაყრილი,
ჩემი კაცის ძველი ნათითურები.
ხანდახან სახურავზე ავდივარ და
დედამიწის ტრიალს ვუყურებ.
როცა ცას მიწის ბზარები ასტკივდება,
სხვენის იატაკზე ვიკუნტები
და ვუსმენ _ ტირილით როგორ
დაჟინებით მთხოვს შინ შემოშვებას...
ბედნიერება არის, არსებობს!
სადღაც... მეზობელ ეზოებში დაეხეტება...
ერთხელაც, იქნებ,
ქარმა ჩემი სახლისკენ გზა მოასწავლოს!
მარტოსულია ჩემი სახლი _ სიზმრის ყულაბა.
ბუხარში მინავლულ ღადარს რომ ვუბერავ,
ლოდინის ცისფერი სუნთქვა ამომდის.
_ რომ დავბრუნდები, შენი ცხოვრების
ზღაპარს მოგიყვებიო! _ თქვა მამამ და...
თავის ბავშვობაში დაბრუნდა.
_ მოვალ და ტვირთის
ზიდვაში დაგეხმარებიო! _ თქვა დედამ და...
წელში მოხრილი მიწას ჩააჩერდა.
_ რომ გავიზრდები,
სულ შენთან ვიქნებიო! _ თქვა შვილმა და...
ველოდები, როდის გაიზრდება.
_ მიყვარხარ, მაგრამ
ჩემი არა ხარო! _ თქვა ჩემმა კაცმა და
ღია ფანჯარასთან სანთელი აანთო...
მე მაქვს სახლი _ სიზმრის ყულაბა,
იქ მაშინ ვცხოვრობ, თვალებს რომ ვხუჭავ.
მესტუმრე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები