ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
29 ოქტომბერი, 2017


წყალი ყვავილებისთვის

- რომელ სართულზე მიბრძანდებით?
- მე-18-ზე. თქვენ?
- მეც, მაგრამ უცნაურია. წეღან ვითვლიდი და ეს შენობა 16 სართულიანია.
- ღილაკზე 18 აწერია. ალბათ ორი სართული სარდაფი ითვლება.
- შესაძლოა, ავიდეთ მაშინ. თქვენც გასაუბრებაზე ხართ?
- თქვენც?
- კი.
- არ მინდა წინასწარ პესიმისტურად განვეწყო, თუმცა მე-11 ცდაა ეს გასაუბრება. აქაც თუ არაფერი გამოვიდა, შევეშვები ძებნას.
- მე იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ ძებნას შევეშვა.
- ავტოსამრეცხაოზე მაქვს შანსი, თუმცა ადვილად ვცივდები და რასაც ვშოულობ, ფაქტიურად წამლებში ვხარჯავ.
- თბილად უნდა ჩაიცვათ. მოვედით.
-კარი რატომ არ იღება?
-არ ვიცი. იქნებ ხელით სცადოთ გაღება?
- არ გამოდის. 112-ში ხომ ვერ დარეკავდით, მე სამწუხაროდ არ მაქვს ტელეფონი?
- კი, კი, ახლავე... ჯანდაბა! დამჯდარია. ვიცოდი ასე იქნებოდა. ყველა გასაუბრება კატასტროფით მთავრდება.
- არადა, ჯერ არც დაწყებულა.
- როგორმე უნდა გავაღწიოთ აქედან. აი იქ, კარის ზევით შეყავით ხელი, რაღაც გორგოლაჭია და ის უნდა გაწიოთ. ჩემი ყოფილი ქმარი მუშაობდა ვაგონშემკეთებელ ქარხანაში და ერთხელ ასე გამომიყვანა ლიფტიდან.
- თქვენი ყოფილი ქმარი არ გვაწყენდა ახლა აქ.
- დამერწმუნეთ გაგვიმართლა აქ რომ არ არის.
- სცდით?
- დარწმუნებული ხართ რომ იქ დენი არ არის?
- მშიშარა ყოფილხართ.
- შიშს და სიფრთხილეს ნუ აურევთ ერთმანეთში.
- მე ვცდი, მაგრამ მეეჭვება მივწვდე.
- მე აგიყვანთ ხელში.
- არ შემეხოთ!
- მხოლოდ შემოგთავაზეთ, მაგრამ სხვა ალტერნატივა მაინც არ გვაქვს. თქვენ ვერ მზიდავთ, თან წვრილი თითები გაქვთ.
- მთავარია გავაღწიოთ აქედან. სულ ცოტათი ამწიეთ. (რაღა დღეს ჩავცვი ეს კაბა?!)
- ერთი ხელით მხარზე დამეყრდენით.
- ასე?
- მხარზე უნდა დამაჯდეთ, სხვანაირად წონასწორობას ვერ შეინარჩუნებთ.
- ცოტა კიდევ ამწიეთ, მგონი მივაგენი.
- მსუბუქი ხართ.
- თქვენი წვერი კი ფეხებზე მეხება და მაწუხებს. რამ მოგაფიქრათ გასაუბრებაზე გაუპარსავი მოსულიყავით.
- სტილია ერთგვარი, ლამბერსექსუალი ვარ. თეძოზე  უნდა მოგკიდოთ ხელი.
- კარგია, რომ მაფრთხილებთ.
- თქვენ კი არა, საკუთარ თავს ვაფრთხილებ, არც ისე ხშირად ვეხები ქალის სხეულს.
- იდეალური წყვილი ვიქნებოდით.
- ალბათ.
- საერთოდ არასდროს შეხებიხართ ქალის სხეულს?
- პრაქტიკულად არა.
- არც მოგნდომებიათ?
...
- ახლა რომ მეხებით, გეშინიათ? შუბლი დაგეცვარათ.
- არა, არ მეშინია, მსიამოვნებს, მაგრამ მალე მინდა გავიდეთ აქედან, დახურული სივრცის შიში მაქვს.
- კლაუსტროფობია? ესღა მაკლდა. მერჩივნა შეგშინებოდათ. იმედია, აქ გონების დაკარგვას არ აპირებთ.
- ყველანაირად ვცდილობ.
- ცოტა კიდევ ზევით, თუ შეიძლება. სად ჯანდაბაშია ეს გორგოლაჭი.
- დამეყრდენით, თქვენც გიკანკალებთ მუხლები.
- მეხებით. კანკალი კი არა, საშუალება რომ მქონდეს, უკანმოუხედავად გავიქცეოდი აქედან. ვიპოვე მგონი.
- გაიღო.
- ტექნიკური სართულია? არამგონია აქ ოფისი იყოს.
- გაზეთში გარკვევით ეწერა. დერეფნის ბოლოში შეიძლება იყოს. მომყევით.
- რა უცნაური შენობაა, კიბეებიც კი არ აქვს.
- უნდა ჰქონდეს. სად გინახავთ მაღალსართულიანი შენობა, რომელსაც კიბე არ აქვს.
- ლიფტი არ უნდა გაგვეშვა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე აქ ერთ წუთსაც არ გავჩერდები.
- ლიფტში აღარ შევალ.
- თქვენ თუ გინდათ დარჩით, მე შევალ.
- ჯერ ღილაკი იპოვეთ.
- შეუძლებელია, სად არის ლიფტის გამოსაძახებელი ღილაკი?
- თუ შეამჩნიეთ, რომ კაბინაშიც მხოლოდ მე-18 ღილაკი იყო?
- და ახლა მეუბნებით ამას?
- მეც ახლაღა გავიაზრე.
- იქნებ კიბე ვიპოვოთ? ხომ თქვით აუცილებლად იქნებაო.
- კარს იქით იქნება, მომყევით.
- სხვა რა გზა მაქვს. აქაც არაა კიბე.
- მეც ვხედავ რომ არ არის.
- რატომ მეჩხუბებით?
- მაპატიეთ, უხეშად გამომივიდა.
- სახურავზე ავიდეთ, იქნებ სხვა სადარბაზოში გადასასვლელი კარი ვიპოვოთ.
- წინ გამიძეხით.
- კიდევ კარგი სახურავზე ასასვლელი კარი მაინცაა ღია. სუფთა ჰაერია.
- წყალი ხომ არ გაქვთ?
- რა გჭირთ? ცუდად ხართ?
- ისეთი არაფერი, წამალს დავლევ მხოლოდ.
- აი, ინებეთ. ყვავილებსთვის წამოვიღე.
- ყვავილებისთვის?
- დიახ. გასაუბრებებზე რომ დავდივარ, დაკვირვებული ვარ ყველა ოფისში დგას ქოთნის ყვავილები. წყლის დასხმა კი რატომღაც ყველას ავიწყდება. ამიტომ დამაქვს თან. თუმცა ახლა თქვენ უფრო გამოგადგებათ, მითუმეტეს აქ ყვავილებიც არაა.
- ასე მგონია ყველაფერზე ფიქრს ასწრებთ.
- უფრო პროდუქტიულად რომ მეფიქრა, ახლა აქ გაჭედილი არ უნდა ვიყო. კარგია ჰაერზე მაინც რომ გამოვედით. ძალიან მაღლა ვართ. ფერი დაკარგეთ. თქვენ რა, სიმაღლისაც გეშინიათ?
- კი, ძალიან მეშინია.
- ნამდვილად იშვიათი ადამიანი ხართ. კიდევ რა უცნაურობა გახასიათებთ?
- არასდროს შევხებივარ თოვლს.
- დამცინით?
- არა.
- სად ცხოვრობთ?
- ამ ქალაქში.
- ზამთარში გძინავთ?
- ახლა თვქენ დამცინით.
- მაპატიეთ, უბრალოდ ძალიან უცნაური ადამიანი ხართ.
- მესმის თქვენი.
- არ გაინტერესებთ როგორია ამსიმაღლიდან სამყარო? მოდით და გადახედეთ.
- ალბათ ვერ გავბედავ.
- წარმოიდგინეთ, ახლა ფეხი რომ დამიცდეს და დაბლა ვვარდებოდე, არ მოხვიდოდით და არ მომეხმარებოდით?
- სულ მინდოდა ვინმე გადამერჩინა.
- არ გქონიათ მაშინ შიში, უბრალოდ თქვენთვის კომფორტულია თავის სუსტად მოჩვენება.
- სწორად მიმიხვდით.
- მოგწონთ რომ გიცოდებენ?
- უმწეო და უსუსრი იყო იესოც, როცა ჯვარს აცვეს. არადა ყოვლისშემძლე უფალის ძეა. ამ კუთხით შეხედეთ და გამიგებთ, რასაც ვგულისხმობ.
- რელიგიური ხართ?
- რელიგიას მხოლოდ ფილოსოფიის დონეზე ვაღიარებ.
- ძალიან უცნაური ადამიანი ხართ.
- უკვე მითხარით.
- თოვლს რატომ არ ეხებით?
- არ ვიცი...
- ქალის სხეულს?
- ერთი იუგოსლავიელი მხატვრის ნახატი ვნახე ბავშვობაში. შიშველი ქალი ჰყავდა დახატული. ისეთი უცნაური ტანი ჰქონდა, ვიფიქრე - ამ კაცს შიშველი ქალი არ ჰყავს ნანახი-მეთქი. მართლა არ ჰყოლია თურმე. რაც წარმოიდგინა ის დახატა.
- გამოდის თქვენ გყავთ ნანახი.
- ნანახი კი, შეხებით არ შევხებივარ.
- რატომ არ ეხებით?
- თქვენ მომცემთ უფლებას?
- შენობის კიდესთან თუ მოხვალთ, ხელზე შეხების უფლებას მოგცემთ.
...
- გაბედავთ?
- თქვენ?
- აი, აიღეთ ჩემი ხელი.
- მაპატიეთ, დასვრილი მაქვს.
- საღებავია?
- დიახ.
- გაყინული გაქვთ თითები, ნერვიულობთ?
- კი.
- ქვემოთ არ ჩაიხედოთ, თვალებში მიყურეთ.
- ლამაზი თვალები გაქვთ, მზერაც.
- ილაპარაკეთ. თქვით ყველაფერი, რაც თავში მოგივათ, ოღონდ დაბლა არ ჩაიხედოთ.
- არ შემიძლია ლაპარაკი. ხელი უფრო რომ მოგიჭიროთ შეიძლება?
- მომიჭირეთ. უფრო ძლიერი ტკივილისთვისაც გამიძლია.
- არ მინდა გატკინოთ.
- შეჩვეული ვარ ტკივილს.
- ნუ შეეჩვევით.
- ტკივილის დახატვა შეგიძლიათ?
- ალბათ კი.
- დამიხატავთ?
- თქვენ დაგხატავთ... შიშველს.
- იმ იუგოსლავიელი მხატვრის მსგავსად?
- არასდროს უთხრათ მხატვარს, რომ ვინმეს მსგავსად ხატავს.
- იღიმით.
- იშვიათად ვიღიმი.
- ასე მგონია პირველად იღიმით.
- პირველად მაშინ გავიღიმე, დეა რომ ვნახე.
- დეა?
- დიახ.
- ჩამოჯექით.
- გმადლობთ
...
- რატომ გაჩუმდით?
- სათქმელი აღარაფერი მაქვს.
- ბრაზობთ?
- საიდან მოიტანეთ?
- შუბლზე გაწოლილ ნაოჭს ვხედავ, მანამდე არ შემიმჩნევია.
- ვეჭვიანობ.
- ჩემზე?
- დეაზე.
...
- ისევ იღიმით.
- მაპატიეთ.
- რა ფერია დეა?
- წითური.
- შიშველი გინახავთ?
- არა.
- ჰმ...
- რას აკეთებთ, გადავარდებით. სახურავის კიდეზე დგახართ.
- თქვენ კი სახურავის კიდეზე ზიხართ და ფეხები მე-18 სართულიდან გაქვთ გადაკიდებული.
- ვერც კი შევამჩნიე.
- გეშინიათ?
- არა. პირიქით, თავისუფალი ვარ.
- დარჩებოდით აქ სამუდამოდ?
- თქვენც თუ დარჩებოდით...
- დამხატავთ?
- გაიხდით?
- თუ არ შემეხებით...
- მხოლოდ დაგხატავთ.
- რით დამხატავთ.
- სისხლით.
- ასე ნუ ხუმრობთ.
- კარგით, ვხუმრობ. თქვენ რას შემომთავაზებთ?
- ცარცს. აი, იმ ჩამონგრეული კედლიდან აიღეთ.
- ღმერთო, რა თეთრი ხართ... თოვლისფერი
- ასე დაჟინებით ნუ მიყურებთ.
- აბა, როგორ დაგხატოთ?
- არ ვიცი... მოიფიქრეთ რამე.
- ჩამოიღეთ ხელი მკერდიდან.
- არა, ასე დამხატეთ.
- ნუ მაიძულებთ შეგეხოთ!
- ძალიან ახლოს მოდიხართ.
- მაშინ ჩამოიღეთ ხელი. აი, ასე უკეთესია.
...
- ეს რა არის, ჭრილობა გაქვთ? არა, არ დაიფაროთ.
- გთხოვთ...
- შეხების უფლება რომ მქონდეს, პირველად მაგ ჭრილობას შევეხებოდი.
- მაგიტომაც არ გაქვთ შეხების უფლება.
- იღიმით... პირველად გაიღიმეთ. საოცრად გიხდებათ.
- ეგეთი გრძელი თითები არ მაქვს.
- არასდროს გააკრიტიკოთ მხატვრის ხედვა.
- არც მაშინ, როცა...
- არასდროს!
- უკვე ვნანობ რომ დაგთანხმდით.
- აი, ის ძველი ბოთლის ნამსხვრევი მომაწოდეთ?
- რად გინდათ?
- ხელი უნდა გავიჭრა.
- რატომ?
- სისხლი მჭირდება, ჭრილობა უნდა დაგიხატოთ.
- ნუ სულელობთ...
- ხელოვნება მსხვერპლ...
- არ გაბედოთ!
- სისხლის გეშინიათ?
- ჭრილობის მეშინია.
- მე კიდევ სიახლოვის მეშინია... ასე ახლოს ხართ... შიშველი.
- მაპატიეთ.
- მიმიყვანეთ კიდევ ერთხელ კიდესთან.
- უკვე თავისუფლად შეგიძლიათ გადაიხედოთ.
- ნისლია, მიწა არ ჩანს.
- გადახტებოდით აქედან?
- მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ გადამერჩინეთ.
- გავფრინდეთ?
- საოცარი სურნელი გაქვთ.
- რისი?
- თქვენი. სხვა არაფერზე მიგრძვნია მსგავსი არომატი.
- დეასავით?
- დაივიწყეთ დეა.
- თქვენ დაივიწყეთ უკვე?
- დეა არ არსებობს.
- როგორ?
- არსებობს მაშინ, როცა თქვენ ან მე ვახსენებთ, სხვა შემთხვევაში არ არსებობს.
- კი მაგრამ, თქვენ ხომ ნახეთ.
- არ მინახავს, გამოვიგონე... ისევე, როგორ თქვენ გამომიგონეთ მე.
- მალე წახვალთ?
- მაშინ, როცა ჩემზე ფიქრს შეწყვეტთ.

****
- უკაცრავად, მოემზადეთ, შემდეგი თქვენ შედიხართ გასაუბრებაზე.
- დიახ, ახლავე, მხოლოდ ყვავილებს დავუსხამ წყალს და...
- თქვენ დახატეთ? კარგად ხატავთ.
- დაიტოვეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები