ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2017


დუმილის დასარღვევად

საერთოდ ვეღარ ვწერ, დუმილიც ერთგვარი
ხერხია იმისა, რომ ფიქრი დუმილზე
განავრცო და მერე ხმაურით, უმიზნოდ,
აფეთქდე და ვინმე დებოშირს ემგვანო.
საკუთარ თავთან კი არ დაგცდეს აუგი,
საკუთარ თავზევე, რომ მთელი თვეები
უთქმელად იყავი და ეს დრო ვეება,
გაუშვი და მხოლოდ ბროლისგან ააგე,
დუმილის მყიფე და მსხვრევადი კოშკები,
რომელთა სიჩუმეს მინებით ნიღბავდი,
პირისპირ რჩებოდი საკუთარ იღბალთან
და მერე ტიროდი და ნიშნის მოგებით
იწერდი სტრიქონებს, დუმილის კარნახით,
თან იყო სიმრავლე უცნაურ მიზეზთა
სიგიჟის, როდესაც კედლიდან გიმზერდნენ
დიდრონი თვალებით დეგას და კრანახის
და კიდევ მრავალი ფერმწერის ტილოდან,
სევდით ან ღიმილით ან უფრო კაეშნით,
ძველისძველ დღიურში რაღაცა ჩანიშნე,
იწერდი სტრიქონებს და მერე ტიროდი
და ღამეც გავიდა საკუთარ სხეულის
გადაღმა, უშორეს და უცხო ასტრალში,
ხვალე კი, როდესაც ამ ფურცლებს გადაშლი,
იქნება ხმაური კოშკების, მსხვრეულის.
მორჩება სიჩუმე, დუმილი, უსიტყვოდ
გათეულ ღამეთა იხილავ მკვლელობას,
მთელი ეს სიგიჟე, საკუთარ მსვლელობით
ხსოვნაში დატოვე და როგორც მუსიკა,
ძილის წინ ისმინე, არ დაგცდეს აუგი,
საკუთარ თავზევე, რომ მთელი თვეები,
უთქმელად იყავი და ეს დრო ვეება,
კოშკები ააგე, იკითხე ჰიუგო,
საერთოდ ვეღარ ვწერ, დუმილიც ერთგვარი
ხერხია იმისა, რომ ფიქრი დუმილზე
განავრცო და მერე ხმაურით, უმიზნოდ,
აფეთქდე და ვინმე დებოშირს ემგვანო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები