და სანამ ქარი წამიღებდეს; და სანამ წვიმა წამლეკავდეს; სანამ სიტყვები ჩამკირავდნენ შენი პოეზიის გალავანში; უნდა მოვიდე და შემოგხედო; უნდა შემოგიდგე ბებერ მხრებში; უნდა მოვიდე და მოგეფერო - გაგიძლიერო ფრთები... სანამ უშენობა დამანგრევდეს; სანამ ჩამომშლიდეს ძველ კოშკივით; სანამ აპრილია მოსასწრები, ატმის სულმთრთოლვარე ყვავილებით - უნდა მოვიდე და მოგეხვიო; უნდა მოვიდე და დაგიტოვო; სულში ჩაგიკირო მარადისად, ჩემი ოცნებების კირითხუროვ... ყველა ბილიკი და ყველა გზა და ყველა დაბრკოლება ნანახია; თითქოს რაღამ უნდა გაგვაკვირვოს, ჩვენ - ბედისწერისგან ნაგვემები... ჰოდა, მოვალ მაინც, მოვალ ისევ, მოვალ და გაზაფხულებს დაგპირდები; რომ ამოგიშენო გალავანი; რომ გაგიძლიერო უფრო ფრთები; რომ მოვიდე და შემოგხედო, გითხრა: სიკვდილს იქით მეყვარები... სანამ ქარი უფრო წამიღებდეს, სანამ წვიმა უფრო წამლეკავდეს, სანამ სიტყვები ჩამკირავდნენ შენი პოეზიის გალავანში...