ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2017


სიკვდილზე შურისძიება (III ნაწილი )

იქამდე კი, - იმ დღემდე, სანამ დედას თბილისში წაიყვანდნენ, ლილე და მისი უმცროსი და სხვა ბავშვებივით ცხოვრობდნენ, უზრუნველად, ლაღად. ჭირვეულობდნენ და მუდამ ახალ სათამაშოებს ითხოვდნენ; ნარცისებით და ზამბახებით მოჩითულ ეზოში დარბოდნენ; ერთმნეთს აბრაზებდნენ და ეჩხუბებოდნენ.
იმ დღიდან ყველაფერი შეიცვალა.
ექვსი წლის იყო მაშინ.
დედა სახლში დაბრუნდა, ფერმკრთალი, გამხდარი, უღონო და კიდევ უფრო ლამაზი. მის არყოფნაში, ლილემ  დიასახლისობა “იტვირთა.” მამა ამბობდა: ეს ბავშვი ცუდი დიასახლისის საქმეს აკეთებსო.
ძალიან სწყინდა ლილეს ეს "ცუდი დიასახლისი"
ყურმოკრული ჰქონდა, რომ დედას კიბო სჭირდა და თავად არაფრით არ უნდა სცოდნოდა ამის შესახებ. კიდევ უფრო ადრე ენახა, როგორი შეშფოთებით ლაპარაკობდნენ უფროსები კიბოთი დაავადებული ნაცნობის შესახებ.
იცოდა, რომ ეს სიკვდილთან ასოცირდებოდა. სიკვდილი კი ძალიან საშიში იყო, მაგრამ დედა ცოცხალი იყო, სახლში იყო. ლილე მისი მითითბეებით დიასახლისობდა და იქნებ უსასრულოდ გაგრძელებულიყო ასე.
თეთრეული ჯერ უნდა დანამოს, მერე - დაჭიმოს. ამ საქმეში მამა უნდა დაიხმაროს. მერე ორთავე მხრიდან უნდა დააუთოვოს. ცოტა ხნით გაწვალდება ლილე, სანამ დედა ძალებს აღიდგენს. მერე რამდენიც უნდა მდენი იცელქოს...
ერთ დღეს მამამ დედა ლილეს ჩააბარა, თეას ხელი ჩასჭიდა და ქალაქში წავიდნენ. ლილემ ჭიშკრამდე მიაცილა ისინი და დაბრუნდა. ქალაქში წასვლა მასაც უყვარდა. იქ მამა ათასნაირი ნუგბარით ანებივრებდა, მაგრამ ახლა დედას მარტო ვერ დატოვებდა.
ოთახში შედის და ხედავს, დედა მამას პიჯაკებში  რაღაცას ეძებს. ერთ-ერთი ჯიბიდან ფურცელი ამოიღო, საწოლზე ჩამოჯდა და ყურადღებით ჩააცქერდა. სახე მოეღრუბლა და კიდევ უფრო გაუფითრდა. მცირე ხნით გაოგნებული გასცქეროდა სივრცეს. მერე გულამომჯდარი ატირდა.
ლილემ იცოდა, რომ  თვითონ არ უნდა ატირებულიყო. ეზოში გავიდა და ცრემლების ყლაპვა დაიწყო.
რამდენჯერმე იხმო დედამ. ყოველ ჯერზე უცრემლოდ შევედა. რას აკეთებ გარეთო - ეკითხებოდა. საქანელაზე ვქანაობო- მოჩვენებითი სიმშვიდით პასუხობდა.
"სიკვდილის სიახლოვეს მარტო დარჩენის ეშინოდა, ალბათ, იმდენად, რომ არ დაფიქრებულა შვილს თუ ტკივილს მიაყენებდა. ან, უნდოდა თავიდანვე შევეგუებინე ცხოვრების სისასტიკეს..." - ასე ამართლებდა ლილე დედის საქციელს, ყოველთვის, როცა იმ დღეს იხსენებდა.
  ისევ დაუძახა. ისევ მშრალი თვალებით შევედა.  მიიყვანა და მოჭრილი ძუძუს ადგილას, ცერად დაყოლებული ნაკერების ირგვლივ ამოყრილი წვრილი მარცვლები აჩვენა.
- შეხედე, ამას. იცი ეს რა არის? მე მალე მოვკვდები, შენ კი იმის ჭკუაც არა გაქვს, ამ დროს ჩემთან იყო. ვაი, ჩემს თავს, სამი-ოთხი წლით დიდი მაინც მყავდე. – მოთქვამდა.
ისევ გარეთ გავარდა ლილე და ცრემლების ყლაპვა განაგრძო.…
არასოდეს, მას შემდეგ საკუთარ თავში მსგავსი ნებისყოფა არ უპოვია ლილეს.
დედა ეზოში გამოვიდა, ლილეს მხარზე დაეყრდნო და ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით სუსტი ნაბიჯებით მეზობელთან გადავიდნენ.
ნუგეში – თავის მოტყუება სჭირდებოდა.
ნუგეში მიიღო და ცრემლის მდინარეც  თანდათან შეთხელდა.
მერე, უცებ მეზობელს ისეთი რამ წამოცდა, რამაც წყალში ჩაუყარა ლილეს მთელი ძალისხმევა:
- ბავშვთან მაინც შეიკავე თავი, გულს ნუ უხეთქავ.
ეს დამწვარზე მდუღარის დასხმა იყო. ლილე ისტერიკულად აღრიალდა. ვეღარ ჩერდებოდა.
მაშინ კი შეწყვიდა ტირილი დედამ, მთელი სიღრმით ჩაწვდა თავის შეცდომას და დამშვიდება დაუწყო ლილეს.

მას შემდეგ, თითქოს გული გაუქვავდა ლილეს. ძველებური ხალისით და გულმოდგინებით აღარ ასრულებდა დედის დავალებებს. პატარა დოქით წყაროზე წასვლაც ეზარეოდა. “ონკანის წყალს ვერ დალევო?!”- ბრაზობდა.
მისგან გაბსხვავებით თეა სულ დედას დასტრიალებს. ის უკვე შვიდი წლის გახდა და ჯერაც არაფერი იცის სიკვდილზე. სათამაშო სივრცეს დედის საწოლთან ახლოს იწყობს. შაბათ კვირას მასთან წევს. მესამე წელია მისი ხელით შემოდის გაზაფხული დედის ოთახში, ყოჩივარდების, იების სინაზით და სურნელით.

იმ დღეს მისაღები ოთახის კედლები შავი სატინით დაფარეს. კარადის შუშას, სარკეს, ყველაფერს შავი ჩამოაფარეს. დედა შუა ოთახშია, ხალიჩაგადაფარებულ ტახტზე. მეზობლები თავს დასტრიალებენ. ხვალისთვის ამზადებენ. ლილე და თეა მამასთან ერთად სამზარეულოში სხედან. მისაღებში არ უშვებენ. თეა ჭირვეულობს, ვერ იჯერებს, რომ დედასთან ახლოს ვეღარასდროს მივა. ლილეს იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული, თუმცა მაინც გაურკვეველ სიმძიმეს გრძნობს. ერთ-ერთი მეზობელი გამოდის სამზარეულოში.
-წყალი გვჭირდება. – ამბობს და დოქს კიდებს ხელს.
- ვის უნდა წყალი, დედიკოს? – იმედის ნაპერწკალი უკიაფდება თეას თვალებში...

" რამა კრიშნა სეია რაამ,
სეია რამ"
მწიფე ნაყოფივით ცვივიან განცდები, აზრები.  მწიფე, ლპობაშეპარული - ნაყოფივით.  ირხევა სივრცე, დრო იკარგება. ქრება მისი შეგრძება. დროის მიღმაა ახლა ლილე და სამყაროს ტკივილი იბუდებს მასში. “ყოველივე, რაც ცალკეულია, კვდება. მხოლოდ მთელის ნაწილია მარადიული” - ხელისშეხებასავით გრძნობს რობაქიძის გამონათქმის რეალობას და ამ წუთს თვითონაა მთელის ერთი ელემენტი. ის - ლილე იყო ოდესღაც, ქართველი თავადის მიერ გაყიდული მონათა ბაზარზე, ჩალმიანი კაცი ცხენივით რომ უსინჯავდა კბილებს. ისიც-შავკანიანი მონა, როზგის ქვექ რომ სული დალია. ის ინდოელი უფლისწულიც თვითონ იყო, ირემთან მიჯაჭვულობის გამო, ირმად რომ რეინკარნირდა. ის ძაღლიც -  საბძელში ნაშობი შვიდივე ლეკვი გლეხმა რომ მდინარეში გადაუყარა, რომელთაგან ერთს მთვარე ამგვანა და აედევნა. ის მადლიერი მთხოვარაც, მარჯვენაგაწვდილს ჯებეცარიელმა მწერალმა მოწყალებად ხელი რომ ჩამოართვა.
შემოდის ტკივილი, წაკითხულის, განცდილის, მარადიული, წრეზე მბრუნავი. სამყაროს ეხსება, ივსება და დიდდება ლილე. დიდდება, სხეულში ვეღარ ეტავა და მის გარედან დასცქერის ცხოვრებას. რატომ ხდება ასე, რატომ?“ვერ ვიგებო, ეუბნები უფალს, ის კი გპასუხობს, - არ მადარდებსო.” ვინ ისჯება, ან რისთვის.
და ლილე საკუთარ თავს იჭერს ერთ სურვილში: ურჩევნია, რაიმე, დიდი ცოდვა ჰქონდეს ჩადენილი მის რომელიმე წინაპარს. ურჩევნია იცოდეს, რომ ყველაფერი კანონზომიერია…
იქნებ ჩვენ  გვსურს დეტერმინირებულ სამყაროში ცხოვრება და ამიტომაც ვეძებთ მუდამ ღმერთს, რადგან უღმერთოდ ცხოვრება გაუსაძლისია.  - ფიქრს ვერ ერევა ლილე. - მოდი და გაუბედე შენს თავს: სულაც არ არსებობსო ღმერთი. მაშინ ვის უნდა ევედრო?! მძღოლს, რომელიც ცხვირწინ,  სანტიმეტრებში ჩაგიქროლეს?! ექიმს,რომელიც გაურკვეველ წამალს გიწერს?!
სხვას ვის შეეძლო ექადაგა ჰუმანიზმი იესოს, მუჰამედის, ლაო ძის, კრშნას, ბუდას პირით?! ყველაზე გაბედული მოაზროვე, მხოლოდ არსებული ღმერთის სიკვდილამდე მივიდა. მარადუღმერთო სამყარო მანაც კი ვერ მიიღო.
 
გაგრძელდება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები