ნაწარმოებები



ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2017


მამის სახლი

მას შემდეგ, რაც მამაჩემის ნაჩუქარი სახლი გავყიდე,
რომელშიც ყველა კედელი თავისი ხელით ამოაშენა,
გააკრა შპალერი და ზედ ყვავილივით გადაიყვანა თავისი სული,
იატაკიც თავად დააგო, მყარად რომ მევლო (არავის ენდო),
გააკეთა აბაზანა, სამზარეულო...
ავეჯიც კი, ყველა ოთახში...
და იყო ამაყი, რომ ასეთი სახლი მაჩუქა -
თავისი ხელით გაკეთებული,
სადაც მე აუცილებლად ბედნიერი ვიქნებოდი...
მას შემდეგ, რაც ეს სახლი გავყიდე,
სულ მეშინია, რომ ერთხელაც ვნახავ სიზმარს:
რომ აი, მოდის მამაჩემი,
როგორც მოდიოდა შაბათობით,
ბაზრიდან, დატვირთული.
ლიფტი არ მუშაობს და
ფეხით ამოდის მეექვსე სართულზე,
ცალ ხელში საზამთრო უჭირავს,
მეორე ხელში ხილით დამძიმებული პარკი და
ერთგული მეგობარი - ხის ყავარჯენი.
ამოდის მხნედ და კარზე ზარს რეკავს.
ელოდება, რომ მე გავაღებ,
საზამთროს და ხილს ჩამოვართმევ,
ჩავეხუტები,
ჩაეხუტება შვილიშვილიც...
ელოდება, სახე უცინის...
მაგრამ კარს აღებს სხვა და ეუბნება, რომ
მისი შვილი იქ აღარ ცხოვრობს.
მე კი ვდგავარ ჩემი სიზმრის ფანჯარასთან,
სირცხვილისგან ფარდის უკან ვიტუზები და ვხედავ,
როგორ დგას შუა ქუჩაში დაბნეული და მხრებში მოხრილი მამაჩემი,
ცალ ხელში საზამთრო უჭირავს,
მეორე ხელში - ხილით დამძიმებული პარკი
და ჩემზე მეტად ერთგული ყავარჯენი
და ყველა გამვლელს ეკითხება:
-ჩემი შვილი ხომ არ გინახავთ?!
-ხომ არ იცით, სად არის ახლა ჩემი შვილი?!
და რომ ვერ მპოულობს,
სიზმარშიც კვდება
და იქიდანაც სამუდამოდ მიდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები