ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2017


წ ი ნ ა ნ დ ა ლ ი (აქაც იყოს)

მიწის პოეტის მსხვერპლი
                  I

მიწის პოეტი იყო მამაჩემი,
კრიალოსანით ხელში,
კავით ხელში,
ხელში წერაქვით...
ყოველ გაზაფხულს ის თესდა ლოცვებს,
ყვავილებს, სიმინდს, ხორბალს და ხეხილს...
მიწის პოეტი იყო მამაჩემი,
პოეტი - გლეხი.
იცოდა მამამ მიწის ფასი,
მისი ცრემლით და მისი ოფლით მორწყული ბაღი
მუდამ ყვაოდა.
ხოლო მზის შუქზე სულ ბრწყინავდა ეზო,
სანახი,
კარგად იცნობდა სავსე მთვარეს,
ნახევარმთვარეს
და რგავდა ვენახს მთვარის კარნახით.
იცოდა მამამ ღვინის მადლი, იცოდა გემო,
მშობლების გამო სულ სხვა გზებს და ფიქრებს უსმინა,
თუმც ვერავინ ვერ დაასწრებდა სადღეგრძელოს თქმას
მამას, მუსლიმანს.
ის ახარებდა ჩვენს ეზოში
თითქმის ყველა ხილს,
მხოლოდ მსხალმა ვერ გაიხარა და სულ ამბობდა,
მსხვერპლს მოითხოვსო...
მწველ და უნაზეს - მზის სხივს ნაწნავში მოიმწყვდევდა
იმ დროს ვენახი
და ვსაუბრობდით, დუმბაძეზე,
"ხაზარულაზე".
მზის ამოსვლამდე იღვიძებდა მამა ყოველთვის,
სიმინდის მარცვლებს
ამოკრეფდა თხელი ვარცლიდან
და სანამ ირგვლივ მოაპნევდა ასი წლის ფოცხით,
მზისგან დაკოჟრილ, დამწვარ მიწას
ზურგს უვარცხნიდა.

                            II

"მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო,
ჰაუ რანაირად თენდებაო" - შეხე,
ვიტყოდი ლებანიძეს და მიპასუხებდა,
- შვილო, რიჟრაჟით ვერ გააოცებო გლეხებს...
მიწის პოეტი იყო მამაჩემი,
მისი ბელტივით დამსკდარი ხელებიდან ამოდიოდა შემოდგომა,
მის თითებს ჰქონდა ყურძნის სუნი და ფიჭის გემო,
ბრწყინავდა ეზო,
სექტემბრებით,
ვაზით,
ნიათით,
შემდეგ იწყებდა მამა ლოცვას,
მეც ვლოცულობდი...
და ხის ოდაში ეტეოდა - სახარება და აიათი...
მოჭრილი სიმინდის ორთქლით გაბრუებულ ჩიტებს ენკენისთვე
ფრთხილად მიჰქონდათ თბილი ქვეყნებისკენ.
მიწის პოეტი იყო მამაჩემი,
ყოველ გაზაფხულს ის იწყებდა წერას სულ რაღაც
ასიოდ წყრთაზე...
წერდა უფლისთვის,
წერდა თავისთვის,
ჩვენ გამო წერდა,
რომ წაგვეკითხა მიწის ლექსი მამის ხელებში,
რომ მოგვეყოლა თავად მამებს შვილებისთვის და
ეს პოეზია ყოფილიყო უპირველესი.
პოეტი იყო მამაჩემი!
მისი სიკვდილი არ ყოფილა საყოველთაო,
არც ტყე ტიროდა, არც ცა ქუხდა, არც გასცდენია -
პატარა სოფელს ეს სიკვდილი,
ცრემლი,
გლოვის ხმა,
მაგრამ მიწამაც აღიარა ალბათ პოეტად, -
ჩვენთან, ეზოში მსხლის ხემ მოისხა...

-------------------------------------------------------------

                          # # #

ცივი საწოლი, სამოვარი, ძველი მრიცხველი,
აკვარიუმი, კენტი თევზი, - ცისფერლაყუჩა.
მე მაგ თვალების უფსკრულებში გადავიმსხვრევი,
თუ არ დახუჭავ.

გახსოვს თამაში? რომ ვუძლებდით თვალის ხამხამებს,
ოთახიდან რომ მივფრინავდით ფიქრის ჩემოდნით,
რომ მოვდიოდი შენს ხელებთან, თმებთან, ღამ-ღამე,
და ვთენდებოდით...

მე მომენატრა წვიმისფერი შენი თითებიც,
სანთლებივით რომ ლიცლიცებდნენ უწინ ხატებთან,
რას ვიფიქრებდი, - სამუდამო ცეცხლს თუ მინთებდი,
მაშინ არ მწვავდა, გზას მინათებდა.

ახლა, თუ ხედავ, ჩემს სიზმრებში როგორ შემოდის, -
მოგონებები, ტკივილები, ბოლო ღამიდან?
შენ, ჩაიფიქრე, - სამუდამოდ რომ გყვარებოდი...
და... მე ამიხდა...

-------------------------------------------------------------------------

ამ ქალაქში (ბათუმს)

ამ ქალაქში ჩაიძირა ჩემი ბავშვობა.
ის ჩაიძირა ისე,
როგორც იძირებიან ფეხზე სიმძიმეგამობმული ადამიანები
თვითმკვლელობისას,
ჩუმად და არავის დასანახად.
მისი ცრემლები შეერია ზღვას და
ზღვა გახდა უფრო მარილიანი.

ამ ქალაქში ჩაიძირა ჩემი პირველი სიყვარული,
ის უნივერსიტეტის ფანჯრიდან გადახტა და გაძვრა ცისარტყელის ქვეშ,
როგორც ცურვისას შორს გასული კაცი,
წყალზე გულაღმა მწოლიარე რომ ბრუნდება უკან
და ნაპირისაკენ ხშირ-ხშირად მოიხედავს „თუ მივაღწევო“ -
ისეთი იყო.
ვერ გადარჩა...
შეერია ზღვას და ზღვა გახდა უფრო წებოვანი,
უფრო შავი.

ამ ქალაქში ჩაიძირა ჩემი ბავშვობის მეგობარი,
ის ჩაიძირა ყველა იმ ბედნიერ წუთთან და
სიცილის ზარებთან ერთად,
რომელსაც თოვლში, ცხელი შოთის პურივით მინაწილებდა.
მისი სული თოლიებმა აკენკეს,
წვეთ-წვეთობით მიუტანეს ზღვას და
ზღვა გახდა უფრო თბილი.

ამ ქალაქში ჩაიძირა მამაჩემი,
როგორც ადრე ვთქვი, სიკვდილს ვერ შეასწრო თოვაში,
იგი იყო ისეთი ახალგაზრდა, როგორც - მინდოდა,
იგი იყო ისეთი კეთილი, როგორც - ტირიფი,
იგი იყო ისეთი მაღალი, როგორც - ცა,
მაგრამ შეერია ზღვას და
ზღვა მოხუცდა.

ეს ქალაქი მძირავს მეც,
მისხალ-მისხალ...
მას ფეხაკრეფით შემოაქვს ღამე,
სამახსოვრო ბარათებივით
ლექსებს მაწერინებს და არასოდეს მაპატიებს ალბათ,
რომ მე არ შემიძლია ისეთად დავიმახსოვრო,
როგორზეც სიამაყით გვიყვებოდნენ ხმატკბილი ადამიანები
და ჩვენც გვიყვარდა.
ქალაქი - სადაც ზღვა შორიდან აღარ ჩანს,
ქალაქი - რომელიც ცათამბჯენებში ჩაიძირა.

-----------------------------------------------------------------

ნოსტალგია. დაკაპო

(ჩემს სომეხი ეროვნების მეგობარს, გარიკა კარაპეტიანს, რომელიც იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში)

- ორივე - ხელია. რომელი მოვიჭრა?
ან მერე როგორ გავამრთელო?
ძალიან პატარაა ხო იცი, როიჯან
ეს ჩვენი დიდი საქართველო -

ამბობდი ხუმრობით, ამბობდი ხალისით და
ბავშვობა - ბავშვობას გავატანეთ
და ფუტკრის ნაკბენი მკლავივით
გაგვისივდა
ეს გული, ოხერი, "ცავატანემ"

ტოლებსაც იმ დღიდან სრულიად გავერიდეთ,
ამინდიც გადაიქცა ტირილად,
მახსოვს სულ პირველად
ჭაჭით რომ დავთვერით და
ლექსი რომ წავუკითხეთ ირინას.
ის თოვლიც მაგონდება წელამდე რომ დადო,
გვქონდა ერთად ყოფნის პატივი,
მკერდზე დაწერილი "საქართველო"-ც დროდადრო
გეზრდებოდა მაცხოვრის კვართივით.

მორიგმა აგვისტომ უეცრად დაიქუხა
და მაშინ ატირება მომინდა
თუმც მაინც სიცილით გითხარი.
დაგაბარე -
ტყვიები წამომიღე ომიდან.

და ასე შევეჭიდეთ სხვადასხვა ბარიკადებს
და მთელი ჩვენი ქუჩა შეიძრა,
დღეს ომში მოუკლავთო, დღეს ომში...
გარიკა, დეე,
ოთახში შემოვიდა შენი ძმა.

- ორივე ხელია, რომელი მოვიჭრა
ან მერე როგორ გავამრთელო,
ძალიან პატარაა ხო იცი როიჯან
ეს ჩვენი დიდი საქართველო -

ამბობდი ხუმრობით, ამბობდი ხალისით და
ჩემს თმებსაც შეერია ჭაღარა
და წლებიც გასულან რაც მიწას მიგაბარეთ
და რაც მე ცალი ხელი აღარ მაქვს...

-----------------------------------------------------------------

        მარტივი ამბავი

"ერთმანეთის თვალებში ამოგვყავდა მზეები"
                                                რობერტ მესხი

ცხოვრებაში ერთხელ მაინც
გაიფიქრებს ათეისტი
რომ ღმერთი არსებობს
და ერთხელ მაინც
იფიქრებს მორწმუნე
უფლის არარსებობას.

შენ არ გწამდა!
მე მიკვირდა,
ჩვენ ხომ ერთმანეთი ნოეს კიდობანში
გავიცანით და შეგვიყვარდა...

შეგვიყვარდა -
ახალი წელთაღრიცხვის შემდეგ მოყოლილ
სიყვარულის სამაგალითო ისტორიებზე
ადრე.
სწორედ მაშინ ვისწავლეთ
ერთმანეთის თვალებში მზეების ამოყვანა.
იქ სულ ბნელოდა.

ხოლო როცა ყველაფერი დასრულდა
კიდობანზე უარაფროდ ასულებმა
ჩვენ-ჩვენი გულის კიდობნები
ჩამოვიტანეთ უკან,
რომელშიც ერთმანეთი
აღარ შეგვიყვანია...

ახლა კი ვზივართ ასე, უერთმანეთოდ,
ღია ცის ქვეშ,
მზე გადმოგვცქერის...
შენ ღმერთის გწამს,
მე აღარ -
იმის იმედით რომ
კიდევ ერთხელ მოხდება წაღვნა!...

-----------------------------------------------------------------

გაუგზავნელი წერილები

როცა ქუჩები ხმაურისგან ვეღარ გფიქრობენ,
სახელდახელოდ,
სანუგეშოდ,
როცა ქუჩები
დაიცლებიან სიმშვიდით და
სუსხის მიკრობებს,
ძრწოლის მიკრობებს გაფეთებენ
და ეურჩები -
ქალაქს,
რომელმაც შეიწირა შენი ლირიკა
დაუკითხავად,
უსაფუძვლოდ,
ამავე ქალაქს -
ვგონებ არ ახსოვს
სიკვდილიც რომ მან გაგირიგა,
ან იქნებ ახსოვს
და მეძავი ქალივით მალავს -
წარსულს, პასუხებს,
იმ კითხვებზე რომლებსაც სვამენ,
სულ ერთნაირად,
სულ იგივედ,
და სულ აგდებით,
მეც ჩემს პოეტში დიდი ხანი ვეძებდი
სხვა მე-ს,
ახლა არ ვეძებ,
მაგრამ ვერა და ვერ ვლაგდები
თიხაში, სადაც ჩაეტია ნაზარეველი,
მაშინ როდესაც დაათენდა
ბოლო პროზელიტს,
იდგა ბოსელი სინათლეში
და სარეველას
იცლიდა ზეცა,
დედამიწა,
ღამე,
ბოსელი...
და ზედმიწევნით დაიხვეწა
ზიზღის ეთიკა,
ცოდვის ეთიკაც ზედმიწევნით,
(თუმცა ხარაკირს,
როგორც გმირობის უტყუარ და ბოლო ეტიკეტს) -
ისე ვხედავდი,
ისე ვგრძნობდი,
მწამდა, ახლა კი
გათელილია ყველა მთა და
ყველა ფერდობი,
სიზმრებით,
ხოხვით,
ოცნებებით,
ჭენებ- ჭენებებით,
ვიცი რთულია დაიჯერო
კაცის ღმერთობა,
მაგრამ ჩვენ ღმერთის კაცობასაც
არ ვიჯერებდით...

II

და იმ დროს როცა ხმაურისგან ვეღარ გფიქრობენ
ქუჩები და შენ ამ ხმაურში
მარტივად ფიქრობ,
ხალხზე,
რომელიც ნოესავით შემოიგროვე
ირგვლივ და მიკრო-კიდობანიც არა გაქვს,
მიკრო -
იმედს რომ თავი დავანებოთ,
იმედს. არადა -
პასუხს ელოდნენ (ბავშვებივით)
იმ დღეს კითხვები.
უფლის ენაზე გვესაუბრა დაგვეზარა და
თუ ვლოცულობდით,
ვლოცულობდით,
ჩვენი სიტყვებით.
ასე შევცვალეთ უნებლიედ
მთელი ბიბლიაც,
ეს იგივეა დავივიწყოთ,
არანაკლები -
ხელით დაწერილ სტრიქონებს რომ
მეტი ხიბლი აქვთ,
ვიდრე სტრიქონებს -
ძირითადად ვორდში აკრეფილთ.
აქ იკამათო, ეს იმდენად სისულელეა,
რომ ეკამათო მიცვალებულს,
საფლავს,
სახელებს
და სანამ სიტყვით დასერილი სასულეები,
ხატებთან ბოლო "მაპატიეს" ამოახველებს,
დავრჩები მზესთან,
რომლის სხივიც იქცა პრიზმებად,
(ერთ დროს თბილები, კეთილები და გულუხვები)
ჩვენც ამ ბოლო დროს
არაფერი არ გვესიზმრება,
თუ გვესიზმრება -
შიში გვიპყრობს და წყალს ვუყვებით...

III

და ეს წერილიც იზრდებოდა თურმე შიშივით,
შემდეგ ეს შიში მაგ თვალებშიც
მარტივად იშვა,
შენ შეგიძლია რადიოთი ჩართო შიშინი,
რომ არ შეგიპყროს
მარტოდმარტო დარჩენის შიშმაც.
ჩვენ ვთამაშობდით დიდობანას,
შემდეგ სრულიად
აუღელვებლად ვაჯავრებდით
მკვდრებსა თუ მკვიდრებს
და რაც დრო გადის, ვრწმუნდები რომ უფრო რთულია,
ჩვენი ბავშვობა ვითამაშოთ ძვირფასო,
ვიდრე -
ცხოვრებაში რომ არასოდეს
არ ვითამაშოთ!...
რომ არასოდეს არ მოვირგოთ
ერთი ნიღაბიც,
მაგრამ კაცი ხომ ვერ გაუძლებს
ამდენ ქარაშოტს,
ამდენ ტკივილს და
თუ ოდესმე ერთად ვიყავით,-
ვეღარ ვიჯერებ,
როცა ვხედავ როგორ ფატრავენ,
დღეები დღეებს,
როცა ვხედავ...
(უბრალოდ როცა
ლექსების წერა ავიჩემე ) წერაც ადრეულ
წარსულში უფრო მაგონებდა
ძვირფასო ლოცვებს,
ლოცვებს, რომლებიც ერთიანად
გავიზეპირედ,
ვეღარ გავიგე ვის რა ვუთხრა,
ვის რა ვედაო,
ჩვენ ამოვგმანეთ ის კედელი
და ის ჯებირი,
რომლის გადაღმაც ქრისტე იყო საყოველთაო.
ასე სრულდება ეს ბარათი,
არ ვეურჩები
და რა ხანია შევეჩვიე სუსხის
მიკრობებს,
თუმც ყოველ დილით მახსენდები,
როცა ქუჩები,
როცა ქუჩები,
ხმაურისგან ვეღარ გფიქრობენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები