ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
24 დეკემბერი, 2017


უკაცრიელი

უკაცრიელი
იდგა  შემოდგომის დავიდარაბა. ჟრუნი ფერი გადაჰკვროდა მთებს. მიწაც გამტკნარებულიყო, წყალიცა და ცაც.  დილდილაობით ნისლებს ნისლისფერი ეცხოთ, ნისლის გემო დასდებოდათ, ნისლის სუნი...  მიტკლისფერი ჰაერი ეფინა სოფელს, ჭალას, ორღობეს, ეზო-კარს, ბაღჩას. შეჭირხლულ ტოტებზე აქა-იქ შერჩენილ ხურმას ლეშივით ძიძგნიდნენ ყვავები თუ ჭივჭავები. ხანდახან ბეღურა ან რუხი ღაჟო თუ აიბუზებოდა ღობეზე და უძალო მზეს მიაფიცხებდა შეციებულ ფრთებსა და ნისკარტს. გამხმარი, აბრაწული და დაცვენილი ფოთოლი ეყარა ხეების ძირში, ზოგიც  ქარს მოეფანტა აქა-იქა  და წვიმას ელოდნენ გულის მოსაბრუნებლად, თუმცა რაღა მოსაბრუნებლად... წვიმიან ცურებს ვეღარ იმაგრებდნენ ნოემბრის ღრუბლებიც,  ასხამდნენ და ასხამდნენ წყალს, ოღონდ წვიმა მეძუძური ქალის რძესავით თბილი ვერ იყო, არც ბაგეზე ეცხო შემოდგომის დღეს. არსაიდან ისმოდა ადამიანის  ხმა, არც ნათითური ემჩნია კარის სახელურსა და არც ნაფეხურებს იტყობდა  მიწა. უკაცრიელი სიჩუმე იდგა. თითქოს ყველა ადამიანის ნაშიერს ერთბაშად აეკრა გუდა-ნაბადი და სადღაც გადახვეწილიყო, იქ , სადაც ედგომებოდა.
-ეჰეჰეეეეეეეი...ხალხოოოო, - შეხსნიდა ფანჯრებს, მუცლიდან  ღონივრად ამოუშვებდა ხმას ბერიკაცი, ცოტა ხანს ასე გაშტერდებოდა, ყურს დაუგდებდა, მაგრამ რადგან არავინ გამოეძრახებოდა ხოლმე ისევ მიხურავდა ორთავ დარაბას.
- შემოდგომა ფიქრისთვისააო, კაცი - უკაცრიელობისთვისო,  - იტყოდა და ყალიონს გააწყობდა, მერე ფეხით მიაგორებდა ხის პატარა ჯირკს თუნუქის ღუმელთან, იქვე ხის კუშეტზე მიგდებულ ბუმბულგაცვენილ პატარა ყურთუკსა თუ აბრეშუმის გაცვეთილ დოშაქს გადმოითრევდა, დაიფენდა ჯირკზე რბილად დასაჯდომად და ჩამოჯდებოდა, თან გააბოლებდა. ბერიკაცს მხრებზე მოხურული ჰქონდა თაგვისფერი ბუშლატი, ტანზე ყელიანი ნაქსოვი სათბილობელი - სვიტერი ეცვა, რამდენიმე ადგილას დაკერებული შარვალი მაღალყელიან წინდაში ჰქონდა ჩატანებული. იჯდა და შემოდგომას ყალიონით აბოლებდა ოთახში, მისი ღუმელი კი რცხილის შეშის კვამლს გარეთ აფუილებდა. იქნება და რაღაცა ენაღვლებოდათ ორთავეს, იქნებადა არც რა....
იჯდა ბერიკაცი და ფიქრობდა.  ფიქრსაც კაცის სახე აქვს ხანდახან, კაცის გული, კაცის გონება. ბერიკაცს ყვითელ ხელებზე დამჩნეოდა ნაღველი, დამჭკნარ ღაწვებზე მიხმობოდა თავისი წილი მზე და ნათელი, ჩამქრალ თვალებში ჩადგომოდა წკვარამი ღამე. უეცრად ფიქრი ძაღლის ყეფამ გააწყვეტინა. ჩაფიქრებული მოხუცი მძიმე-მძიმედ წამოდგა და ოთახის კუთხეში მიდგმულ სათლისაკენ წაღანღალდა, მძიმე-მძიმედვე დასწვდა სათლს და ღუმელისკენ წამოიღო. იქვე კედელზე მიყუდებული  ტოპრაკა გახსნა, ორივე პეშვი ჩაყო და რამდენიც ამოჰყვა იმდენი ქატო ამოიტანა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... და ჩაუძახა ღუმელზე შემოდგმულ სათლში. მერე ჯირკუტანას გვერდით მიდგმულ ხელადიდან წყალი წამოამხო სათლში და ღუმელს თავკაუჭა ცეცხლის შესაკეთებელი კავით  გამოუჩხრიკა. ხვნეშით დაჯდა ფეხით მოგორებულ ჯირკვზე და დაელოდა როდის წამოდუღდებოდ ასალაფავი.  – „ძაღლი სადაც სალაფავსა სვლეპავსო, იქვე  ყეფავსო.“- თითქოს წაიღიღინა და უკაცრიელი ყოფა  განაგრძო.  ასე გადიოდა წამები, წუთები, საათები, დღეები, კვირები, თვეები, წლები და იქნება საუკუნეებიც. კაცი სულ მარტოკა იყო, სულ შემოდგომა ედგა გუნებაში და სულ ხალხს უხმობდა. ხალხს კაცისა არა და არ არ ესმოდა, ხალხი არა და არ იცნობდა კაცს. მხოლოდ ფიქრმა იცოდა რას ფიქრობდა კაცი. კაცი მარტოობაში იწვოდა, მარტოობა -კაცში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები