ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2017


07.08.2016 - 25.12.2017

* * *
ღრუბლის ფიორიც არაა ცაზე...
ალმური ასდის
სიმწიფეში შესულ პურეულს.

07.08. 2016


* * *
გააწყალმარჩხა
აგვისტოს მზემ ღელე-რუები ...
ჭრიჭინების ხმა ყველა მხრიდან
გამაყრუები.

20.08.201


* * *
ზაფხულის ღამემ რიბორაბოდ
გაიფერმკრთალა,
მზის მომლოდინე
ცოტა მთვარე ცაზე შემკრთალა.

21.08.2016


* * *
ფეხი დაუცდა
ფიქრს ჩამტვრეულ
სულის კიბეზე,
წაიფორხილა,
ჩაიმუხლა,
შედგა კიდეზე.

23.08.2016


(ლიქოკელის "გოგოობის კანონის" წაკითხვის გამო)

ხევში ნისლივით ჩაწოლილმა
სიჩუმემ შემომბღავლა და
შემოდგომის ხმაგაბზარული ცის
ცრიატ უსასრულობაში გაილია.

25.08.2016


„ტიფლისი“

დავეხეტები სეფე ქალაქში,
რომელსაც ადრე ერქვა „ტიფლისი“,
რომელიც ჩემი არის დროებით...
და მეძალება უკვე იბლისი*...
ოქტომბრის წვიმა ასფალტს ასველებს,
მომენატრება მალე ივლისი...

17.10.2016


* * *
აღარ მელექსება.
ქარმა გამტაცა ყველა სიტყვა,
ყველა მე ლექსემა...
მოახლოებულ ზამთრის სუსხი
სევდად მელექება...

27.10.2016


* * *
გაჩერებაზე -
ნაცნობ ხის ქვეშ
ნაცნობ ჩრდილს ვეძებ ...
მოუპარიათ,
ხმელ ფოთლებს და ნოემბრის ქარებს.

14.11.2016


* * *
გუშინ გათოვდა.
გადამიჯეგეს ბეღურებმა
რაფაზე თოვლი...

09.02.2017


* * *
წვრილად, სულ წვრილად,
უჩუმრად ცვიოდა...
ციოდა...

11.02.2017


* * *
თითქოს რაღაცა
სხვა სურნელი იგრძნობა ირგვლივ...
პირველი წვიმა გაზაფხულის,
პირველი - მარტის!

01.03.2017


* * *
მთვარემ იგვერდა.
მაისის ღამემ ხომლი დასხა
ხვამლის კეფაზე.

12.05.2015


* * *
უმალ მოსხიპა მაისის მზემ
ღამის პარპაში.
ცაზე აქა-იქ
ფრთა ღრუბლების თეთრი მარმაში.

13.05.2017


* * *
წვიმამ დაასხა კოკიდან...
მზემ ენკი-ბენკი გათვალა...
ჩიტი მიუხდა ჭროღა ბალს,
წაღმა-უკუღმა დათვალა.

28.05.2017


* * *
ჯუთასთან ჩამოატარა
სნოს-წყალმა ღამის დაირა,
ჭაუხებში რო სერობდა
ე, ზუსტად იმის-ნაირა.

15.06.2017


პასუხგაუცემელი კითხვების სერიიდან )))

როგორც გათლილი
სპილოს ძვლისგან ბუდა ამიდა,
გამოიტყუა
მიმოფანტა უკვე ამინდმა
ტროტუარებზე
მოარული თეთრი ფეხები ...
მალე ივნისიც მიილევა ...
ქალაქს რა მინდა?

16.06.2017

* * *
Пасмурно.
Зябнут сороки за окном.
Беззвучно, крутясь падает листва.

30.10.2017


* * *
იყო აგუნა,
იყო გაცი,
იყო გაიმი...
მოკედლებული
მცხეთის ბოლოს იჯდა ხაიმი...
და რომ გვეგონა
შედგებოდა დიდი ყაიმი,
გამოგვიცხადეს:
დასრულდაო "ოვერ ტაიმ"-ი...
უკვალოდ გაქრა ყველა ბრძენი,
ზნენი იცვალა,
ჩამოიძაძა ზედაზენი
დრომ მიითვალა...
ჩვენი აგუნა,
გაიმი და მზისდარი გაცი,
მათი მზორველი
აღარ დადის მიწაზე კაცი...
დღეები თალხი,
ცაზე მთვარე,
ცრიატი,
ბაცი...

08.12.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს