ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 დეკემბერი, 2017


ლევან ალავერდაშვილის შესახებ


ქართველებს ბევრი ნიჭიერი პოეტი გვყავს საბედნიეროდ. ლევან ალავერდაშვილი ერთ - ერთი გამორჩეულია, გელა დაიაურისა და ედუარდ უგულავას თაობის წარმომადგენელია.

ლევან ალავერდაშვილი 2009 წელს გავიცანი მისივე პოეზიის საღამოზე. გაცნობამდე რამდენიმე თვით ადრე, ლიტერატურულმა საიტმა - „ურაკპარაკმა“ გამაცნო ამ ძალიან ძლიერი პოეტის შემოქმედება.

დიახ! ლევანი ძალიან ძლიერი პოეტია, განსაკუთრებული ხმის ტემბრიც აქვს, ბოხი ხმით, ომახიანად კითხულობს ლექსებს!

ექსპრომტი

(ლევან ალავერდაშვილს)

დაილოცოს ეს სამება,
მამულს ვხედავ ხელგაშლილს.
საქართველო ესალმება
ლევან ალავერდაშვილს.

ეს პატარა ექსპრომტი მისივე პოეზიის საღამოზე დავუწერე პატივისცემის ნიშნად.

ლევან ალავერდაშვილი რომ ძალიან ძლიერი პოეტია, ამას მისი ეს ლექსი მოწმობს:

„გეტყვი მშვიდობით, მერე დაგტოვებ,
ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა,
ოღონდ ავსებდეთ ჩემს სიმარტოვეს -
შენა და ღამე ბეთანიისა.

გეტყვი, წუთები შენით ნაფერნი,
როცა აშვებულ რაშებად ჰქრიან,
რა გვიანაა სუყველაფერი,
და არაფერი არაა გვიან.

გეტყვი საუფლოს ღრმა დარბაზებში
ხატად მოვძებნი შენს ძვირფას სახეს,
სისხლისფერ ვარდებს დავყრი ბაღებში
და ლექსებს - შენი თითებით ნახებს...

გეტყვი ნუ მოხვალ! მაგრამ რისათვის?!
უკვდავ მოლოდინს მაინც გპირდები,
და იმ ლამაზი წყენებისათვის
ხელში ბავშვივით აგიტირდები.

გეტყვი, დემონურ წარსულს მათოვებს -
ნამი - უშენოდ მორცხვი იისა...
ნუ მიმატოვებთ! ნუ მიმატოვებთ! -
შენა და მწუხრი ბეთანიისა.

გეტყვი, შვებაა შენს ხელში კვდომა,
და რომ, შენს შხამსაც ტკბილი აქვს გემო,
ღმერთმა შეგინდოს ცოდვა - შეცდომა,
მოურჩენელო ტკივილო ჩემო.

გეტყვი, დამთავრდა! ეხლა მშვიდობით,
ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა,
ოღონდ ნუ მომკლავთ უამინდობით,
შენა და ღამე ბეთანიისა“.

ლევანის შემოქმედება საუკუნეებს გაუძლებს, საუკუნეებს მხოლოდ ძლიერები უძლებენ!

ნაცნობები მეუბნებიან: 2005 წლიდან ლექსებს წერ და პოეზიის კონკურსებში რატომ არ იღებ მონაწილეობასო. აბა რა გითხრათ მეგობრებო, მე არ მაქვს საკონკურსო ლექსები, არც არასოდეს დამიწერია სპეციალურად კონკურსებისთვის, თან მაინცდამაინც არ მხიბლავს კონკურსები (თუმცა ახალგაზრდა მწერალთა კონკურსი „მერანი“ გამონაკლისია, რომელიც ყოველ წელს იმართება).

არავისზე ნაკლები პოეტი არაა ლევან ალავერდაშვილი, მაგრამ ჟიურის წევრები თავისუფალი სტილის ლექსებს - ვერლიბრებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე კონვენციურ (რითმიან) ლექსებს.

მე მაინც მიმაჩნია, რომ შემოქმედება კონკურსებით არ განისაზღვრება, კარგ პოეტებს არ სჭირდებათ კონკურსებში გამარჯვება, ისინი უკონკურსებოდაც დარჩებიან ჭეშმარიტ შემოქმედებად.

დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ ლევან, შენ კიდევ დიდხანს სჭირდები საქართველოს, ხოლო როდესაც უფალი თავისთან წაგვიყვანს, მჯერა: ზეციურ საქართველოშიც ერთად ვიქნებით და იქაც წავიკითხავთ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ლექსებს!

ლევან ალავერდაშვილს

სისხლის ყივილი, გენი ქართული,
ჩემს აღტაცებას საზღვარი არ აქვს,
და ვიდრე ვივლი წელგამართული, -
ძველ სევდა - დარდებს გავატან არაგვს.

სისხლის ყივილი, ჯიში ქართული,
ჩვენს აღმაფრენას საზღვარი არ აქვს,
ვართ საქართველო წელგამართული
და პეშვებით ვსვამთ მტკვარსა და არაგვს.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები