ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირიმელი
ჟანრი: პროზა
8 იანვარი, 2018


გველის გესლი (თავი5) კულმინაცია

    ამაყად აზვირთულ მთებს, რომლებიც ერთმანეთს თავიანთი პატარა გორაკებით ჩასჭიდებიან და წრე შეუკრავთ, სამარადისოდ სძინავთ. ღამეა, მთებს შორის ლავასავით კაშკაშებს თბილისი. აი 12 საათიც შესრულდა და როგორც ვულკანი დაიბუთქებს, სწორედ ასე იფეთქა მთელმა ქალაქმა და ფეიერვერკებმა გაანათა სამუდამო ძილში ჩაკარგული მთები. თბილისი ახალი წლის დადგომას ზეიმობდა.
    გიორგი თავისი სახლის ვერანდაზე სავარძელში იჯდა და გასცქეროდა მბრდღვინავ თბილისს, თუმცა მისი თვალები ქალაქისკენ იყო მიმართული, გონება  სხვა საგანას შეცქეროდა.
    ფიქრობდა: გურამის წინადადებაზე, თავის შვილზე, მარიაზე, დედაზე, კახასთან შურის ძიებაზე - ხვდებოდა რომ შინაგანად განადგურდა, მაგრამ აწმყოში მიმდინარე მოვლენები, არ აძლევდა საშუალებას მოდუნებულიყო.
    ასეთ ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია, როგორ შემოვიდა თაზო, როგორ აიღო სკამი და  როგორ მიუჯდა გვერდზე მამას.
- მამა, უკვე ნახევარ საათზე მეტია აქ ხარ! - სწორედ შვილის სიტყვების შემდეგ გამოერკვა გიორგი ფიქრებიდან, დაიბნა მაგრამ არ შეიმჩნია ისე უპასუხა.
- არაფერია - ღრმად ამოისუნთქა - უბრალოდ გადავიღალე და განმარტოება მინდოდა - თითი კაშკაშა ქალაქისაკენ გაიშვირა და თან შვილს მიუგო - შეხედე ! რა ლამაზია.
    მამის მარტოობით შეწუხებულმა შვილმა, ხათრის გამო შეხედა ქალაქს და როდესაც გიორგის სურვილი დააკმაყოფილა, ახლა უკვე დაჟინებულმა განაგრძო:
- მამა, რაც ომიდან დავბრუნდი გულწრფელად არ გვილაპარაკია.
    გიორგიმ შვილს თვალებში შეხედა და როცა მისი ასეთი სერიოზული სახე დაინახა, სიცილის შეკავება ვეღარ შეძლო, გაიცინა და უპასუხა :
- ახლა ამის დრო არ არის, შედი და შენს ცოლს ნუ ალოდინებ,  ხოიცი როგორ უყვარს შენს გვერდზე ყოფნ...
- მამა ვგრძნობ, რომ რაღაც გჭირს - ლაპარაკი გააწყვეტინა შვილმა მამას.
    ორივე მათგანი დადუმდა ერთ წამს გეგონებოდათ, რომ ლაპარაკი დაასრულესო, მაგრამ გიორგიმ დაიწყო:
- დედაშენს ჰგავხარ - შეჩერდა, დიდი ნერწყვი გადაყლაპა და განაგრძო - კაცს წუწუნი არ შეშვენის - და ლაპარაკი სრულიად სხვა თემით წარმართა - მეამაყები, შენ მისაბაძი შვილი ხარ,უშიშარი, გაბედული, მინდა იცოდე, შენით ვამაყობ.... - ეშხში შევიდა თუ არა გიორგი, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდაო, თაზოც გაიყუსა და სმენის აპარატად გადაიქცა, თუმცა ამასობაში ნატალია და მისი დაქალები შემოცვივდნენ, ამიტომ მამა-შვილის საუბარი ქალების სიცილ-კისკისმა ჩაანაცვლა.
    მართლაც როგორები არიან ქალები, ისინი გვღუპავენ, გვტანჯავენ, გვიქმნიან დაბრკოლებებს, გვირევენ გონებას, გვაკარგვინებენ საღ აზრს, გვასუსტებენ, გვაშვებინებენ შეცდომებს და მაინც  ჩვენ  ვცოცხლობთ, ვიბრძვით და ვკვდებით მათთვის, რადგან ისინი გვაბედნიერებენ - გაიფიქრეს მამა-შვილმა და აჟიტირებულ მანდილოსნებს შინ შეჰყვნენ.
    თაზო ყოველთვის ზედმეტად ემოციური, იყო, რის გამოც ცხოვრებაში უამრავი შეცდომა დაუშვა. მიუხედავად მისი ცუდი ხასიათისა, გამოირჩეოდა მრავალმხრივი ნიჭიერებით: იყო შესანიშნავი მოკრივე და 16 წლის ასაკში იტალიაში გადაბარგდა, რომ უკეთეს კომპლექსსა და პირობებში ევარჯიშა; მას ასევე სწავლის ნიჭიც ჰქონდა, რაზეც სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებში აღებული ჯილდოები მეტყველებდა.
    თაზო დაუღალავად შრომობდა, რომ განვითარებულიყო და ცხოვრებაში დიდი წარმატებისათვის მიეღწია. პირად კარიერასთნ ერთად ჰყავდა უამრავი მეგობარი, ძმაკაცი და ერთი გოგონა, რომელიც ბავშვური მაგრამ ნამდვილი სიყვარულით უყვარდა. მართლაც რა დათვლის იმ ღამეებს, როდესაც თაზო ანიზე ფიქრში ათენებდა. სამ წელზე მეტხანს იყვნენ ისინი შეყვარებულები და ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა დღე, რომ უერთმანეთოდ გაეტარებინოთ. მაგრამ ის კი ნათელია, რომ დროის  ჩარხმა და შეუჩერებელმა საათის წიკ-წიკმა მოიტანა დრო, რამაც მათ ურთიერთობაში ხიდჩატეხილობა წარმოშვა.
    თაზო იტალიაში სავარჯიშოდ და სასწავლებლად გაემგზავრა. შეყვარებული წყვილის ბოლო შეხვედრაში უამრავი დაპირებული სიტყვები იყო, რომლებიც ერთგულებას გამოხატავდნენ. თაზოს იმ დღესაც კი როდესაც პოლიციელებმა მამამისის მკვლელის ბინაში მუხლებზე დააჩოქილი და თავაწეული აიყვანეს ეს სიტყვები გაახსენდა :
- რაუნდა მოხდეს, რომ მე შენ დაგივიწყო, რაუნდა მოხდეს რომ მე შენ ხელი გკრა, შენ ყველაზე კარგი ხარ და ყოველთვის მეყვარები.
    დიდმა მანძილმა, რომელიც მათ შორის იყო გამოკიდებული, თაზოს გრძნობების შეცვლა ვერ შეძლო. მის ყოველ ვარჯიშს თუ შეჯიბრს სიმხნევეს ანის სიყვარული მატებდა. იტალიაში ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ თაზომ ხერხემლის სერიოზული ტრამვა მიიღო, რის გამოც ექიმებმა კრივი აუკრძალეს, ამიტომ მან გადაწყვიტა მოეტოვებინა ყოველივე და თბილისში დაბრუნებულიყო.
      გული მშობლიური ქალაქისაკენ და საყვარელი ადამიანებისკენ მოუწევდა. აეროპორტში ჩამოსულს, ყველა დახვდა ახლო ძმაკაცისა და სიყვარულის გარდა.
    თაზომ იმ საღამოსვე შეიტყო ანისა და თავისი ძმაკაცის, დათოს, ამბავი, რომ უკვე ორ თვეზე მეტია ერთად იყვნენ. სწორედ ამ დროს მოხდა თაზოს ტვინში სერიოზული გადატრიალება, რამაც ამ ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. თბილისში დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ მეგობრის დაბადებისდღეზე იგი შეხვდა ანისა და დათოს, ამ მომენტში იქ მყოფნი განცვიფრებამ და გაოგნებამ მოიცვა რადგან, ყოველი მათგანი ელოდა ჩხუბს, ნაცვლად კი თაზოს ღიმილი, ჩახუტება და გადაკოცნა მიიღეს.
    საათმა კვლავ განაგრძო რუტინული წიკ-წიკი, თაზოც ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარიყოს და მთელს დღეებს სწავლასა და ვარჯიშში ატარებდა, მაგრამ ღამით, ჩაბნელებულ ოთახში მის გრძნობებს ფარდა ეხდებოდა და რჩებოდა მხოლოდ დაუძლურებული და განადგურებული ადამიანი.
    ამ ყველაფერმა განაპირობა თაზოს 2008 წლის ომში წასვლა. ომმა მას გაცილებით დიდი იარა მიაყენა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა და რომელიც გაცილებით ტკენდა სულს, ვიდრე ეს გველის გესლს შეეძლო. ტყვიამ მუხლი გადაუმტვრია, რამაც სამუდამოდ დააკოჭლა, ესეც არაფერი, ფიზიკურ ტრამვასთან ერთად ფსიქოლოგიურიც მიიღო: თვალწინ დაუხოცეს ძმაკაცები.
    და აი გამოჯანმრთელების შემდეგ თაზო დახოცილი ძმების საფლავთან ყავარჯენზე დაყრდნობილი იდგა და იხსენებდა თუ ვინ იყო და ვინ გახდა.
    განა გველის გესლივით მომწამვლელმა სიყვარულმა არ აურია ცხოვრება თაზოს?

    მოდით წარსულში გადავინაცვლოთ და დაწვრილებით აღვწეროთ ყოველი დეტალი, რომ მკითხველისთვის გაუგებარი არაფერი დარჩეს.
    გურამი და გიორგი შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური ვითარების გამო ხელისუფლების ლიდერს უკრაინაში გაქცევა მოუწევდა, საიდანაც გურამი გიორგის დაეხმარებოდა ფულითა და გავლენიანი პოლიტიკოსების თანადგომით. ცნობილი ბიზნესმენი კი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს და როდესაც გაიმარჯვებდა, გურამი დაბრუნდებოდა საქართველოში, გარკვეული დროის შემდეგ დაიკავებდა პრემიერ მინისტრის პოსტს და ხელისუფლებაში კვლავ ძველი მთავრობა გაბატონდებოდა. თუმცა რაც არ უნდა ძლიერი და საკუთარ შესაძლებლობებში იყო დარწმუნებული, საქმის ზერელედ გაკეთება არასდროს არ შეიძლება და ყოველი წინ გადაგმული ნაბიჯისას პოლიტიკოსი უნდა ფიქრობდეს თუ რა შედეგს გამოიღებს მისი ეს ქმედება მომავალში. სამწუხაროს მათ ეს ვერ გათვალეს და როდესაც ძველი ხელისუფლება გართული იყო გეგმის დალაგებაში, საზოგადოდ გავრცელდა ციხის კადრები,  სადაც ნათლად ჩანდა თუ როგორ სადისტურად ეპყრობოდნენ პატიმრებს. ამ ვიდეოების შემდგომ მათ ხალხის ერთგულება დაკარგეს და მათი გეგმების ასრულება შეუძლებელი გახდა.


    შობის დღე დასრულდა, დაღამდა, სქელი ნისლი ჩამოწვა ქალაქის ქუჩებში, ისეთი სქელი, რომ რამდენიმე ნაბიჯში გამვლელ კაცსაც კი ვერ შეამჩნევდით.
    გიორგიმ სტუმრები გაისტუმრა და შეზარხოშებული თავის ოთახში განმარტოვდა. ისე წამოწვა, რომ ტანსაცმელი არ გაუხდია, ამასობაში თავის საყვარელ ღვინოსაც მიირთმევდა. ზურგზე მწოლარემ მარცხენა ხელი გვერდზე გაწია, თითი ღილაკს მიაჭირა და ბეთჰოვენის მთვარის სონატამ გაამწვანა გიორგის გული. ოცნებები ჩაიღვარა მის ტვინში, ნელ-ნელა ტანიც გაუთბა, თვალებდახუჭული, როცა მთელი ორგანიზმით უნდა მოწყვეტილიყო ამ სამყაროს ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. თავისმა მდივანმა მოახსენა, რომ პაატა ეწვია და მასთან სასწრაფოდ სურდა საუბარი. პაატა გურამის მარჯვენა ხელი იყო, გიორგიმ იგი თავის კაბინეტში მიიღო.
- იცი რა არის? - სერიოზული და ოდნავ აღელვებული ხმით დაიწყო გიორგიმ - რა ჭკვიანია -  ეს აღელვებული ტონი ალბათ სასმლის ბრალი იყო - როგორ დროულად მოასწრო გაქცევა - ეშმაკურად ჩაიღიმა.
- ამიტომაც იყო 9 წელი ხელისუფლებაში - ნიშნის მოგებით უპასუხა პაატამ - მაგრამ აქ მე სულ სხვა საქმისთვის მოვედი - ღაბაბში ჩაიღიმა, მსმენელს შეხედა და როცა დარწმუნდა მის სრულ ყურადრებაში, დაიწყო - ცხოვრება ირონიულია მეგობარო - ამ უკანასკნელი სიტყვის თქმისას გიორგიმ გაიფიქრა: უკვე მეგობარიც გავხდი მისი? -ამ საბუთებს შეხედე - პიჯაკის მარცხენა მხრიდან მარჯვენა ხელით მცირე ზომის კონვერტი ამოიღო და მსმენელს გაუწოდა.
    გიორგიმ, ამ უაზრო ლაპარაკით მობეზრებულმა, კონვერტი გახსნა, შიგ გადაკეცილი ფურცელი ამოიღო, გაშალა და სურათის დანახვისთნავე  ქვემოთ არსებული ტექსტი წამებში გადაიკითხა, რომ დაამთავრა შეჩვენებული და გაკვირვებული სახით მიაჩერდა პაატას.
    ჩასუქებულმა, თითქოს ელოდაო, გიორგის ასეთ უცნაურ რექციას ყურადღება საერთოდ არ მიაქცია და ბიზნესმენს მტკიცე და დამაჯერებელი ხმით განუმარტა:
- დედათქვენის სიკვდილის შემდეგ იგი ჯერ ოსეთში გაიქცა, სადაც სახელი და გვარი გადაიკეთა, შემდეგ სოჩაში გადაიპარა, იქ მიიღო ყალბი მოქალაქეობა, აქვე გაიჩინა ძლიერი მეგობრები, რომელთა დახმარებითაც მოსკოვამდე გაიკვალა გზა. იქ კი ერთი რუსი მილიონერის ქალიშვილი შეირთო ცოლად, შეეძინა სამი შვილი და წლების მანძილზე ბედნიერად ცხოვრობდა. დღეს კი ტარიელი, იგივე კახა თბილისშია თავის ცოლ-შვილებთან ერთად. იგი პარლამენტში აპირებს მოხვედრას, რა საკვირელია რომ რუსეთის კაცია - პაატა შეჩერდა აინტერესებდა რა გავლენა მოახდინა მსმენელზე, მსხვილი ბიზნესმენი სასმენ აპარატად იყო გადაქცეული და თავისი ძმაკაცის მარჯვენა ხელის  თავმომწონე ლაყბობას დიდი ინტერესით უსმენდა - ასევე - განაგრძო მსუქანმა ფილოსოფოსმა - გავარკვიეთ რომ თქვენზე ინფორმაცია შეაგროვა, ალბათ ნათელია, რომ მას თქვენი ეშინია, რადგან გაქვთ მიზეზი რომ იგი მოკლათ, ამიტომ თქვენ მისი პოტენციური მკვლელი გამოდიხართ...
- მე მას ისედაც მოვკლავ - ძალიან წყნარი ხმით გააწყვეტინა ლაპარაკი გიორგიმ.
- თქვენ ალბათ ვერ გაგირკვევიათ რა მდგომარეობაში ხართ - პაატა არ ნებდებოდა - ფაქტიურად უამრავი მტრის წინაშე მარტო ხართ, რადგან გურამი უკრაინიდან თქვენს დახმარებას ვერ შეძლებს.
- სასაცილოა - ჩაფიქრებული სახით თქვა ბიზნესმენმა - ყველამ ხელები დაიბანა ამ საქმეში და მარტო დამტოვა - მოულოდნელად მოუტრიალდა პაატას და ზიზღნარევი კილოთი ჰკითხა - რას მთავაზობ? - და სწორედ ამ დროს გაიფიქრა რომ ამ კაცს ვერასდროს იტანდა.
- გონებით უნდა იმოქმედოთ და არ დაეცეთ.
- მადლობა რჩევისთვის - გაეცინა და გულში გაიფიქრა თუ რა სულელ კაცთან ჰქონდა სამე - თუ მეტი არაფერი გაქ სათქმელი, ჯობს დავემშვიდობოთ ერთმანეთს!
    გიორგი კვლავ განმარტოვდა, წინ ერთი ბოთლი წვინო დაიდგა, კაბინეთის ტყავის სავარძელში გადაწვა და დაღლილი წარსულის მორევში გადაიკარგა :
    გიორგი და მარია პირველად ერთმანეთს ახალგაზრდობის პერიოდში შეხვდნენ, თუმცა არცერთ მათგანს არ შეუნიშნავს ერთურთი. რა ირონიულია, რომ ცხოვრება სწორედ ამ წესებით დაგვცინის. ადამიანს ხშირად შეახვედრებს თავის მთავარ სიტკბოებას ისე , რომ ამ წყვილს სიბრმავე ვერც კი აგრძნობინებს თუ რა საგანძური უდევს გვერდით და გაივლის წლები და კაცი ცხოვრების ამოუცნობი შავი სუდრით თვალებახვეული შეიგრძნობს იმ სურნელს, რომელიც უწინაც იგემა, თუმცა დღეს  უკვე გვიანი იქნება.
    დიახ, ეს ორი, წლების მანძილზე გვერდი-გვერდ ცხოვრობდა, თუმცა ვერცერთი ვერ გრძნობდა ერთმანეთის სურნელს, სანამ სიბრმავემ მათი დაპროგრამებული გზები გაუგებარი ფეხის დაცდენით არ გადაკვეთა და არ შეაჯახა ერთურთს.
    ეს ყოველივე სპორტულ მატჩზე მოხდა, სადაც პირველად ბიჭმა შენიშნა გოგო და ამით დაიწყო ისტორია, რომელმაც პირდაპირ თუ ირიბად ყველას ცხოვრება შეცვალა. მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა, შეუყვარდათ ერთმანეთი და გიორგის სახეზეც პირველად დედის ტრაგედიის მერე ღიმილი აღიბეჭდა. სწორედ მარიამ შეუმსუბუქა ის დიდი ტკივილი, რომელიც გაცნობამდე ორი წლით ადრე დაატყდა  გიორგის თავს, როდესაც საკუთარმა ძმაკაცმა ოჯახი გაუძარცვა და დედა მოუკლა. შეყვარებულებმა ბევრი სირთულე გამოიარეს და ბედნიერები იყვნენ იმით რომ ჰყავდათ ერთმანეთი და ჰქონდათ მომავლის იმედი, რომ ერთად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.
    გიორგის ხშირად ახსენდება ის დღე,  როდესაც ახალგაზრდობაში სიყვარულით გაბრუებული თავისი სოფლის სახურავიდანაღუწერა ხედი, რომელიც მისი სოფლიდან ჩანდა. გოგო კი უპასუხა:
- როცა გავიზრდებით ერთად ავაშენებთ და ერთად ვიცხოვრებთ მაგ სახლში - ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ახალგაზრდას  სიყვარულით გაცეცხლებული გული აუჩქარდა და მის სახეზე გამოიხატა უაღრესად თბილი ღიმილი, რომელიც ბედნიერებაზე მიგვანიშნებდა.
    ოცდახუთი წლის შემდეგ, როდესაც გიორგი კვლავ იხსენებს ამ სიტყვებს, ისევ იგივე გრძნობა ეუფლება. ცხოვრების სვლა, რომელიც მათემატიკურ ფორმულას ჰგავს, თუნდაც წელიწადის დროების განაწილებით, სადაც სითბოს, სიცხესა თუ ნათელს მოსდევს სიცივე, ყინვა თუ სიბნელე.მზე შეცვალა წვიმამ, სითბო-სიცივემ, სიცხე-ყინვამ, გაქრა: სიყვარული, ღიმილი, ბედნიერება, იმიტომ რომ იგი წავიდა, მაგრამ წასვლასაც გააჩნია.
    ზაფხულის სითბოს შემდეგ მაშინვე რომ აცივდეს, თოვლმა დადოს და ირგვლივ ყველაფერი საყინულედ გადააქციოს, განადგურდება ბუნება, მცენარეები, ცხოველები, ადამიანები და სიცოცხლე აღარ იარსებებს, სწორედ ამიტომ არსებობს გარდამავალი წელიწადის ორი დრო, რომლებიც ყოველ ცოცხალ არსებას აგუებს გარემო ცვლილებებთან, ხოლო ბიჭისა და გოგონას ურთიერთობაში, მარიას წასვლა შეყვარებული გიორგისათვის ზაფხულის შემდეგ პირდაპირ ზამთრის დადგმომას ჰგავდა, რამაც გაანადგურა ყოველი ცოცხალი  და გარემოზე დატოვა გველის გესლივით წარუშლელი იარა, რომელიც დიდ გაუგებრობას იწვევდა მასში.



*
    საარჩევნოდ, ტელევიზიასთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, პოლიტიკოსები საღამოს დებატებისთვის ემზადებოდნენ და ყოველი მათგანი თელევიზიაში იკრიბებოდა. სწორეს შენობის წინ შეეჩეხნენ ისინი ერთმანეთს. კახის დანახვისთანავე გიორგისთვის ყოველი ხმაური შეწყდა, ისე გაინაბა, როგორც ნადირი გაინაბება მსხვერპლის მოლოდინში. ბიზნესმენს სურდა იქვე მივარდნოდა და ყელი გამოეჭრა, თუმცა ამ წადილის ასრულებას ათასობით ადამიანის მზერა უშლიდა ხელს.
    ისინი მიუახლოვდნენ ერთმანეთს, კახიმ წაიმეტიჩრა, სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და მოჩვენებითი ღრმა პატივისცემით ოდნავ თავის დახრით ხელი ჩამოართვა. ძველმა მეგობარმა ხალხის დასანახად ნასიამოვნები ღიმილი ესროლა და როდესაც შენობაში შევიდნენ მხარშში ხელი ჩაავლო, უხეშად შემოატრიალა და უთხრა :
- შენ მოკვდები - იგი ცეცხლს აკვესებდა თვალებიდან, იწვოდა წადილის ასრულების სურვილით, მაგრამ იმ მომენტში ხელები შეკრული ჰქონდა.
    კახამ ძალიან წყნარად და ბუნებრივად მიიღო გიორგის გველის გესლივით ნასროლი სიტყვები,  ჯერ მხრიდან ხელი გააშვებინა, შემდეგ პიჯაკი შეისწორა და ბოლოს ზრდილობიანად და გამომწვევად მიუგო :
- ვნახოთ რომელი დაასწრებს - ძველ მეგობარს ცბიერი ღიმილი დაუტოვა  და თავისთვის განკუთვნილ ოთახში განმარტოვდა.
    როგორც ვთქვით გურამი გაიქცა უკრაინაში, მთელი ძლიერი ნაკადის წინააღმდეგ კი დარჩა გიორგი, რომელსაც მარტოს  უდიდესი მტრის წინაშე გამარჯვების შანსი არ ჰქონდა.  იგი არჩევნებში დამარცხდა, კარგად აანალიზებდა თუ რა ძალასთნ ჰქონდა საქმე. მისთვის მთავარი იყო დაესწრო მტრისთვის და ბოლო მოეღო კახისათვის.

*
    გაზაფხულის პირველი დღე გათენდა. გიორგისა და თავისი ოჯახისთვის დილა ტკბილად დაიწყო. მზე არემარეს სიცოცხლით ავსებდა. ადამიანები უღიმოდნენ ერთანეთს, თითქოს სიძულვილი, ბოროტება და სხვა ამგვარი გრძნობები გამქრალიყოს.
    გიორგი დილით ადრიანად ადგა, თავს მხნედ გრძნობდა, სპორტულები ჩაიცვა და ტყე-პარკში სარბენად გამოვიდა. გზაში თავის შვილსა და მის ცოლს შეხვდა, რომლებიც მანქანით ლისის ტბაზე მიდიოდნენ. თაზომ სიგნალი მისცა მამას, ამ უკანასკნელმა გაუცინა და პასუხად ხელი აუწია. მანქანა გველივით დახვეულ მოსახვევებში გაუჩინარდა.
    როგორი ამოუცნობია დროება, განა მამა-შვილის ცხოვრება ამას იმსახურებდა, რომ მათი ბოლო შეხვედრა ასეთი ყოფილიყო?
    გიორგი ძუნძულით ჩაუყვა ბილიკს, უკან თავისი დაცვის ორი წევრი მოჰყვებოდა. შეჭაღარავებულ ბიზნესმენს თავი ასე ბედნიერად არასდროს უგრძვნია, თითქოს ცხოვრების ხალისი დაუბრუნდაო. ფიქრებში ახალ გეგმებს ისახავდა და ერთ წამს გაიფიქრა : რა იქნება ცოლი რომ მოვიყვანო და ახალი ცხოვრება დავიწყო? ჯანდაბასაც წაუღია კახა. მომბეზრდა ამდენი სისხლის ღვრა, უკვე ვბერდები, ჯობს დავისვენო და მშვიდად ვიცხოვრო.
    ამასობაში პარკის ბოლოსაც მიუახლოვდა, უეცრად ნიღბებში გამოწყობილი რამდენიმე კაცი გაჩნდა. ათზე მეტმა გასროლამ გააყრუა ტყე-პარკი: ჩიტები გაიყუსნენ, მოშრიალე ხეები გახევდნენ, მცირე ნიავმა ქროლვა შეწყვიტა. დიდი მუხის ძირში სამი სხეული უსულოდ და უპატრონოდ ეგდო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები