ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2009


***

ათასი მიწისძვრაც ვერ დააქცევს
სახლს,რომლის საძირკველშიც
ჩრდილი და სინათლეა,
სიცოცხლის დაბადების დროინდელი.

***
ჩვენი გულების ელვარებას
ირეკლავს მზე
და ამით ანათებს...

***
ტკივილს ჩაეძინა,
დარდს გამოეღვიძა.

***
ფიქრი_ჭრილობებს შეჩვეული,
ქარქაშში ჩაფენილი ჰაერივით.

***
როგორ ხარობენ გული და დედამიწა
მწვანე ბინდში,
ტევრის სიღრმეში...

***
ფესვების სიჩუმით,რტოების შრიალით
და ზეცის სითბოთი
ახალი მელოდია ითხზვება.

***
მზე და არწივი დაინახა
და ყვავილივით გამსუბუქდა
და მალე ღრუბლის ზემოთ
გამოჩნდა მთამსვლელი.

***
ბავშვის თვალები მშვიდი და ნათელია
და მისი მშობლები
მტრედებივით ფუსფუსებენ
გაცრეცილ ჭერქვეშ...

***
გულის სევდაში გადაზრდილი
გონების სიხარული...

***
სიჩუმეში მუსიკა შემოვიდა,
სიჩუმის საზღვრები
შეირხა,გაიშალა და ახალ ნაპირებს
ჩაესმა სასწაული ხმებისა.

***
დაეცა.ჩაიცინეს.
წამოდგა.გაუცინეს.

***
ერთმანეთს შეაბერდნენ,
ვით შარვლის ტოტები.

***
ცრემლია პროლოგი და ეპილოგი
ჩვენი სიცოცხლისა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები