ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირიმელი
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2018


გველის სიყვარული (თავი1)

    დიდ დარბაზში ვზივარ, წინ სცენაზე ულამაზესი კონცერტია. მოცეკვავეთა გუნდი ასრულებს თავის შოუს, მათ შორის კი ყველაზე ბრწყინვალე ჩემი გოგოა. ვუყურებ მას და ორგანიზმში ციებ-ცხელებას ვგრძნობ. მისი ულამაზესი ფიგურის ჰარმონიული მოძრაობები, თბილი და ბავშვური ღიმილი, გველის გესლივით მომნუსხველი მზერა და ტკბილი ჰაეროვანი მუქი ვარდისფერი ტუჩები, თავს ყველაზე ამაყად მაგრძნობინებს.
    ამ წამს დარბაზში ასობით ადამიანია შეკრებილი. თუმცა ჩვენ ორი, გრძნობების უხილავმა ძაფებმა ერთმანეთთან მჭიდროდ დაგვაკავშირა. თითქოს დარბაზში ყველა სხვა გაქრა და დავრჩით მხოლოდ მე - მაყურებელი და ის - მოცეკვავე. ჩვენ გვეღიმება, ვცდილობთ ერთმანეთს გავეპრანჭოთ და ვიპოვოთ ის უხილავი ძალა, რომ მცხოვრებნი გავხდეთ იმ სამოთხის ბაღისა, სადაც უსაზღვრო სივრცეებია და არცერთ გრძნობას არ აქვს სათვალავი. აქ, სიყვარულს შეუძლია იყოს არწივივით ძლიერი და თავისუფალი, გაშალოს ფრთები, აიჭრას ცაში, ვერ შეაჩეროს ვერც წვიმამ, ვერც ქარბუქმა და ვერც დროებამ, და ცის კამარაზე დედამიწასა და მზეს შორის სამუდამოდ ინავარდოს.
    ის, სრულყოფილად ასრულებს ცეკვას, მე კი წამს არ ვკარგავ, რომ ჩემი ლამაზი გოგოს ნებისმიერი მოძრაობა ყურადღებით შევითვისო. თითქოს ჩვენს შორის სიტყვებმა ფასი დაკარგეს და ერთმანეთისადმი სიყვარულს ჩვენივე საქციელებითა თუ თვალებით გამოვხატავთ.
    დიახ, ჩვენ ერთმანეთის სულში ვზრუნავთ და ვძერწავთ სრულყოფილ სიყვარულს.
    ამდენ მოცაკვავეს შორის, ჩემი გოგონა გავს მზეს, რომელიც კაშკაშებს და თავისი სხივებით ამოძრავებს პატარ-პატარა პლანეტებს და მართლაც ჩემი შეყვარებულის  გარშემო ტრიალებენ მოცეკვავეები და მისი სილამაზის სიკაშკაშით მოხიბლულებს თვალთ უბნელდება.
    ვეკითხები ჩემს თავს: ვინ ვარ? აქ რატომ ვარ? განა ვიმსახურებ მე ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნას? ნუთუ მაქვს უფლება მაყურებლებში ასე კომფორტულად ვიჯდე? ან ასეთ გოგოს ვუყვარდე და მისგან უდიდეს ყურადღებას ვგრძნობდე? ან ვიყო გვერდით იმ ადამიანებისა, რომლებიც პიროვნულად, სულიერად თუ ესთეტიურად ჩემგან ისე განსხვავდებიან, როგორც ბიბლიური კაენი და აბელი.
    ვზივარ სიმპათიურად გამოწყობილი: ცოტაოდენი რუჯი, მწვანე თვალები, გრძელი თმა, სპორტული აღნაგობა, კეთილი და განათლებული ადამიანის გამომეტყველება, ირონიული მზერა და ღიმილი - რომლის წყალობითაც გარშემომყოფნი ყოველთვის დადებითად განეწყობიან. გამჭირვალე სათვალე, ტანზე ცისფერი, ზემოთ ერთ ღილზე შეხსნილი საროჩკა და ღია ფერის თანამედროვე სტილის ჯინსის შარვალი. ზემოთ ჩამოთვლილნი მქმნიან საინტერესოდ და სიმპათიურად, მაგრამ იქნებ ეს მხოლოდ გარეგნული სრულყოფილება და მატერიაა? რომელიც გამოუცდელი ადამიანის თვალს ატყუებს. იქნებ მე არ ვარ ის, ვინც მას იმსახურებს? - არ ვიცი.
    ჩემს გონებაში ქაოსია, მე მეშინია, მე მწყინს, მე მტკივა, მე ვტირი და მევე ვკვდები, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ვზივარ და ვუყურებ მას, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები