ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2018


ხმით უტირალი

ნინო დარბაისელი

ხმით უტირალი
- - - - - -
(ზვიად რატიანს)

დახატე - გაგივლის!
თუ ისევ გჯერა, რომ ადამიანი და სამყარო  ერთნაირია,
რომ შენშიც, როგორც სამყაროში,
მომხდარა დიდი აფეთქება და შავ ხვრელებში დაგიძრწიან მიკრო და მაკრო  გრიგალები
და გაცეცხლებულზე  გეგმებს რომ აწყობ, თანდათან პლანეტების აღლუმი გამოგდის;
ხოლო პირიქით - ახლა მთელი სამყარო შენსავით ბალიშში თავჩარგული,
ცრემლ-ჟღვინტის ყლაპვით,
ყელმწარედ წკმუტუნებს საკუთარი  უსუსურების  წინაშე,
დახატე - გაგივლის!

უდაბნოდ ქცეულ  წარმოსახვას თვალი აჩვიე,
დამწველ ქვიშაში  წარმოსახული ჯოხის ნატეხით ან რეალური თითით - ზეწარზე ხატე სამშობლო!
სამშობლო დახატე, როგორც ადამიანი.
დახატე - გაგივლის!

ჰო, ეს სამშობლო  თავდაყირა,
ხელისგულებზე დაყრდნობილი, 
კეფით მხურვალე ქვიშას აწვება,
ფეხის ცერები ზეცისაკენ აუშვერია.
დახატე - გაგივლის!

თავდაყირობით მხურვალე ტვინში სისხლი და წნევა უგუბდება,
თავსმოქცეული საჯდომი კი ფრთხილად ირჯება, 
რომ ხმა ვინმეს მიაწვდინოს,  მაგრამ  მხოლოდ ჰაერს აფუჭებს,
რადგან ცდილობს, უცებ ბალანსი  არ დაერღვეს და მთლად ზედ არ გადმოიქაქოს.

დახატე სამშობლო, როგორც ადამიანი,
ადამიანივით დახატე!
და მართალია, აღარაფერი აბადია,
მაგრამ მთლად ტიტველიც ნუ იქნება,
ჩამოჩირული სარცხვენალი რაღაცით მაინც დაუფარე!

დახატე, მოასწარი!
თორემ საცაა,  ნატურა ვეღარ შეიმაგრებს, დაეცემა, გამოიხრება.
გამოეხრება თავისქალაც,
ხმაშეწყობილად მოზუზუნე ნეირონთა მოციმციმე ბადეებით სავსე ტვინი რომ გაულაყეს,
რათა საჯდომს  გაეხარა, 
უდაბნოს ქვიშით ამოივსება და უპასუხოდ, სამუდამოდ დაიმარხება.

ხატე სამშობლო,  ვიდრე არის  და შენც არსებობ!
დახატე სამშობლო, როგორც ადამიანი,
ადამიანივით დახატე!

..იქნებ, ჯობია, დარჩეს შენგან დაუხატავი,
გაიხსენო ბანალობა, რომ ექვსიანი, - თავდაყირა ცხრიანია, ანდა პირიქით;
რომ ხედვის წერტილს გააჩნია,
რომ მოვა ვინმე, მოპირისპირე,
დახედავს ნახატს, ეგონება,
რომ ამაყად ცერზე შემდგარა შენი სამშობლო,
ხელის მტევნებით ტიტანურად ცას ეხიდება
და თავზე ქუდად მოუგდია მთელი სამყარო...
ტანჯვა სახეზე?
- ეს პოეტური გრიმასააო, სხვა არაფერი.

არა, დახატე, ვიდრე არის და შენც არსებობ,
ხატე სამშობლო,
(აქ- უბრჭყალებოდ)
სახატეა - მთელი ქვეყანა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები