ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2018


ნარცისი?! - არც ისე!

ნინო დარბაისელი

ნარცისი?! - არც ისე!
- - - -

ჯერ ის, ორმხრივი სიყვარული რა ბედენაა და, ზოგმა კიდევ, ცალმხრივიო!
სიყვარული კი, თუ არსებობს, უნდა იყოს  მრავალმხრივი მხოლოდ და მხოლოდ!

და. აი, ასე,
მრავალმხრივად,
მრავალნაირად  მიყვარხარ- მეთქი!

მიყვარხარ, როცა იტყუები, თანაც გულწრფელად,
მიყვარხარ, როცა მიდიხარ და ნაბიჯი გრჩება,
მიყვარხარ, როცა გულუხვი ხარ,  ბუნებით ძუნწი,
მიყვარხარ, როცა შენი ცხელი ოფლის ნაკადულს ჩამოწყვეტილი ცივი  წვეთი ჩამომგორდება,
სულერთია,
მიდიხარ,
დგახარ,
ზიხარ თუ წევხარ.

ეს სიყვარული სულაც არ არის-მეთქი ადვილი,
რადგან შინაგანს,
შინის-შინას,
გარეგანსა და იმის გარეს -  მისხლამდე  ითხოვს.

მე ხომ მებრძანა,
მე მომინდა,
მე გადავწყვიტე ან  დამემართა,
რომ მყვარებოდი.

მე მხოლოდ ასე,
ამის მერე, ამასთან ერთად
შემიძლია, მიყვარდეს იგი:
მტვერი ჩემი და მოყვასი შენი.

გეტყვი:- შენს იქით გზა არა მაქვს.
შენ, თავო ჩემო,
საბოლოოდ ეს გვიწერია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები