ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2018


წმინდა განთიადი

ვინ იცის, რომელ მომავალს და რომელ დროს ითვლის,
მონა-მორჩილი, მინდობილი, რამდენი კიდევ;
გადაიშლება მერამდენე ფურცელი მისთვის,
ვისი გაშლილი ხელისგულიც ვარსკვლავებს იტევს.

და დრონი, დრონი შემოსაზღვრულ სივრცეებს უფრო,
ვიდრე უზომო სინათლეებს-მზეებს მეფობენ.
მე მირჩევნია საღამომდე ცას ვესაუბრო,
და გულით ვიყო გამთენიის ცამდე მეღობე-

დედამიწიდან; რომ ყოველი გათოვებისას,
დარჩეს სამშობლო და გადარჩეს სამყარო ჩემი
ჩემში... და ისევ აბიბინდეს მდელო მთებისა,
საცა ყოველი მწყემსი ეყოს ცხვრის ფარას რჩენით.

ვინ იცის, ვინ, თუ რომელი გზით, ნერვით ბჭობს კაცი,
და უხმაურო მოლოდინი გზას ეფინება.
უსურვილესი სურვილით მსურს ჩავარჭო მტკიცე
ისარი აქვე, აქ აღელდეს ზღვა ნება-ნება, -

საოცარია; - შავთეთრია ქვეყანა თუმცა,
და მოოქროვილ ფიქრებამდე სხვა ფიქრებს ვეცი:
არ მიკვირს, არ, თუ სციოდა და ფურცელზე ცურცლა
თაგვმა სიცივე, ან მინდორში გაიჭრა მხეცი.

ბუნებრივია, რომ ყოველი ხე დგას ფესვიდან, 
ხეზე ზის ჩიტი, ტოტებს სცვივათ ბრჭყალების მტვერი...
ჩიტო შეჩერდი ზოგჯერ; ზოგჯერ ისე გესვრიან,
რომ სიმღერაში აზრი იყოს არაფრისმთქმელი.

და თუ გაუძელ პირვანდელი დუმილი დიდხანს,
მარტში დატოვე ზამთრის სუსხის მოტივი მაშინ.
შემდეგ, ეპოქამ, რაშიაო,მკაცრად თუ გკითხა-
სიმტკიცე? - მტკიცედ განუმარტე - მიტევებაში.

მინდოდა მეთქვა - არ მინდოდა მეთქვა მომჭახოდ,-
თოლიას, სანამ სულით მესმის, - მანამ ეფრინოს;
მე შეიძლება საქართველო - ფრთები მომტეხონ, 
მაგრამ ნამტვრევი ჩემს გულისგულს მიმოეფინოს.

ბოლოს... მოწმენდილ განთიადებს ვესიზმრო მინდა,
თუნდაც ვესიზმრო და მშვიდად ვთქვა - ეს მაშინ წვიმდა.
უკვე ცოცხალი ზღვისფერ მერცხალს შევხარი ხმაში,
უკვე სიცოცხლეს ცხადად ვხედავ წმინდა ხილვაში...
...
უმალ გამცილდა უმარილო სცენარით დაღლა,-
ცხოვრების ცხარე სიცხელით რომ იწვის ტყე-ველი.
მუზა უზომოდ აიწია ზემოთ თუ მაღლა,
მამული - მელნად ნაცალი და შეურყეველი.

                                                    ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები