წევრები


   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ნინი-ნიჩორტა
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 4 აპრილი, 2008
ელ. ფოსტა: nichorta@mail.ru
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 5 ოქტომბერი, 2018 16:34:14


“მე ვარ ის, რაც არის, რაც იყო და რაც იქნება. არავის აუხდია ჩემი საბურველი. ნაყოფი, რომელიც  მე ვშვი, მზე იყო.”




ბოშა ქალივით... (დაპირებული წერილი ნუცცას)

  ვფიქრობ და ისე მიჭირს წერილი მოგწერო, რომ ფიქრებით  ყირამალა  დავეკიდე, არადა ყველაზე მეტის თქმა მინდა შენთვის...

- დაგპირდი მოგწერმეთქი და ვერაფრით მოვაბი თავი (ვერ გეუბნები რომ მიჭირს)...
- წერილებს რომ მომწერ, იმ ტკივილებზე მელაპარაკე, ცხოვრება რომ გვაყენებს, ადამიანები როგორ გვტკენენ გულს უსაფუძვლოდ...

** ** ** 

  ცხოვრება ბოშა ქალივით, ქარდაქარ დახეტიალობს. ჩამოგირიგებს ყვავის კარტებს და ისე აგეტმასნება დაღლილ სხეულზე, რომ გგონია მიწასაც კი ამძიმებ. იღლები... ხანდახან როგორ გინდა გაქრე ამ სამყაროდან. ისე უბრალოდ, ჯადოსნური ჯოხით სადმე გადაგისროლონ, უწონადობაში და სურვილმისჯილი თითისწვერებზეც კი იწევი, იმ იმედით იქნებ და...
  მერე ფიქრობ, რომ შენს ცხოვრებას ვიღაც ან რაღაც გამუდმებით ჩეხავს, სულში ხელებს გიფათურებს და არ გაძლევს საშუალებას, ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე, მოასწრო ბედის დაფარული იღბლიანი მეტასტაზები ჩაისუნთქო... დასკვნა: ,,დასასრული...”

  * * *
    წარმოვიდგინე როგორ იცეკვებდი სიკვდილთან ფლამენკოს სიკვდილამდე, მარტო, პარტნიორის გარეშე, თავდავიწყებით და ვნებიანი მიხვრამოხვრით, რაშიც სულის შიზოიდური მიდრეკილება, ბოჰემურ გმინვამდე ყმუის დამშეული პირუტყვივით და ელის...  ელის როდის შეგეხება ვნებამოწყურებული ყელზე, ცვრიან მკერდზე, თითებზე და ნელ-ნელა თავდაკარგულს მიგისაკუთრებს. ალბათ ერთადერთია ვისაც დანებდები...

  ვიღაც ინანებს რომ მის ნაცვლად სულ სხვასთან წევხარ, შენ კი მიზეზები მოგეცემა უფრო მეტად შეიძულო, იმისთვის რომ არ იბრძოლა და სხვას დაგანება. და ასე შენში ჩამომხრჩვალი გრძნობების მიღმა, ჯერ შენთვის უცხო ემოციები, მეები და მოგონებები, დაუკითახავდ დაიწყებენ ომს ცრემლებამდე. მერე უბრალოდ იცინებ, იცინებ ბევრს, დაღლამდე, გამოფიტვამდე, სიცილის ცრემლებამდე დააშრობ განცდებს და იფიქრებ, იქნებ დროა ილოცო... შენ კი ჩემსავით მკრეხელი ხარ.
  აღმოაჩენ რომ ღმერთასაც ემალები, არ გინდა სულის მიუდგომელი ნაწილები ვინმეს განდო, მით უფრო მას, რადგან იქ უღმერთობის მეტს ვერაფერს აღმოაჩენს. არ გინდა დაინახოს ქალი, რომელმაც პირველად მაშინ უარყო ღმერთი, როდესაც ის სიყვარულმა უარყო, ქალი რომელმაც მაშინ უარყო სიყვარული, როდესაც მისი მონატრება უპასუხოდ დატოვეს, ქალი, რომელმაც მაშინ უარყო მონატრება, როცა ის თავად ღმერთმა მიატოვა და მაინც ქალი რომელიც გულის სიღრმეში გამუდმებით ლოცულობს, (მიუხედავად იმისა რომ უღმერთობას აბრალებენ...) თუნდაც მისთვის... და ქალი რომელიც არასდროს გაუყოფს რწმენას საყვარელ ადამიანს... შენ მაინც მკრეხელი ხარ...

  ისევ გაგიშლის სამყარო კარტს, ქალს რომელსაც ყველაზე მეტად სძულს თამაში და თუ მაინც უბიძგებენ, ყველაზე მეტად აზარტული ხდება, ნარკომანივით, თუმცა ნებისყოფით შეჯერებული უსხეულობით. ქალს რომელიც გაურბის აწმყოს დაუმორჩილებელი გაფრენებით მიუხედავად იმისა რომ ფრთებით დიდი ხანია მიწაზეა გაკრული. ყოველი ახალი მცდელობისას კი, გალეშილი ტკვილებით შეზავებული კოქტეილისგან, რომელიც ვიზაულურად მრავალფეროვანი და შესაშური ფერებითაც კი გამოირჩევა, ფეხზე იკიდებს ჩაწყობილი მოგების ხარჯზე, სიამაყით გაბადრულ სახეებს და მათზე აღბეჭდილ ნაკვთებს. ქალი რომლის უდარედილი სახის მიღმაც, ბევრი ნიღაბი იმალება დაჩეხილი მიმიკებით... და რომლისაც ყოველთვის შურთ მორგებული ღიმილის გამო...

** ** **

  ახლა არც წვიმიანი ამინდია და არც მელანქოლიური განწყობა აწყდება კედლებს. სამაგიეროდ ვუსმენ ქარის მგმინავ ხმას და მახსენდება რომ ქარი გიყვარს... მერე წარმოვიდგენ როგორ ეწევი დაშრამულ დღეებს ფანჯარაზე აკრული თვალებით და კვამლში ბოშა ქალებივით აცეკვებ ყველა  მოგონებას, როგორც ცხოვრება გვათამაშეებს უხილავი ძაფებით... თითებს მოუსვენრად აწყდებიან დანაფაზებული ფიქრები და სიცრუით გაჯერებული  კიდევ ერთხელ მიდიხარ ღმერთამდე ლოცვით...

/ყირამალა/

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს