*საუდჭუქაფი (სვან-მეგრ.) - სტრესი. *რჩქილვა (მეგრ. რჩქილუა − სმენა, მოსმენა, განხილვა) − აქ. აუდიენცია.
*** ასტერონი ვერ ისვენებდ, ძილი დაჰკარგვოდა. საწოლიდან წამოდგა, შიშველ სხეულზე მარმაშის ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა; ფიქრობდა, დროს ზღვისთვის ცქერით მაინც მოკლავდა.
უკვე ერთი კვირა იყო გასული, რაც უფლისწული კალაში ჩამოვიდა და გამუდმებით ნატაზე ფიქრობდა. უნდოდა, შეხვედროდა, თუმცა განზრახვისთვის თავი ვერაფრით მოება, რადგან სახელმწიფეო საქმეებში ჩართულს დროც არ რჩებოდა; დარეთის დიდებულებთან თითქმის ყოველდღიურმა საუბრებისგან დაქანცულიყო. მასთან მისული დარელები საკუთარ გასაჭირს უზიარებდნენ, სურდათ უფლისწულს ყველაფერი სწრაფად მოეგვარებინა; ერთ-ერთი დიდებული კი დღეს დილით აპირებდა სტუმრობას, რათა უფლისწულთან კალასთვის აუცილებელი საკითხები განეხილა. ასტერონს დასვენება უნდოდა, დედოფლის დავალების შესრულება, რაც საუდჭუქაფს ჰგვრიდა, მოყირჭდა; ამიტომ გადაწყვიტა, სულჰანისთვის დაევალებინა, სამამფონო ჩრქილვები ცოტა ხნით მაინც შეეწყვიტა და დრო საკუთარი თავისთვის დაეთმო. მხოლოდ საკუთარი თავისთვის და საკუთარი გრძნობებისთვის.
აივანზე გასულმა ასტერონმა ცას ახედა და ვარსკვლავების თვალიერებას მიჰყვა. დარული ზამთრის გრილი ნიავი სხეულზე ეალერსებოდა, თითქოს კოცნისო. ასტერონმა ხალათი სხეულზე მჭიდროდ შემოიკრა და მკლავები მკერდზე შემოიხვია. ბირკვილთან მივიდა, გადაჭდობილი ხელებით მოაჯირს დაეყრდნო. ზღვაზე არეკლილი ახალი მთვარის შუქი მკრთალად ლივლივებდა. კინკროდან ღრუბელთა ნაგლეჯები აკრისაკენ ნელა მოიწევდა. ასტერონმა გაიფიქრა, დილით ალბათ მზე შართქვინს მოიხურავსო და გაუხარდა, რადგან წვიმაში კალელებს გარეთ გასვლა არ უყვართ და დიდებულებთან შეხვედრაც გადაიდებოდა.
უეცრად ზღვიდან მონაბერმა სიომ იმძლავრა. სიგრილეს სუსტი სიცივე შეეპარა. ასტერონი ოთახში შებრუნდა და მაგიდაზე დარჩენილი ღვინო გამოცალა, იცოდა, დაძინებაში დაეხმარებოდა. არც შემცდარა; ბალიშზე თავი დადო თუ არა, რამდენიმე წუთში დარანა მოერია და თვალებიც მინაბა. დილით მსახურის შემოსვლის ხმამ გააღვიძა. საბანი თავზე წამოიხურა, რათა ძილი გაეგრძელებინა. კაცის მორიდებული ხმა სქელი შართქვინის ქვეშ ყრუდ ესმოდა; ვერ გაიგონა რას ეუბნებოდა.
ასტერონმა საბანი გადაიძრო და თავდახრილ ბიჭს ლმობიერი ხმაჟღერადობით სთხოვა, ნათქვამი გაემეორებინა. − თავადი არგოტი გეწვიათ, თქვენო უდიდებულესობავ. − კეთილი, − უფლისწულმა უხალისოდ თავისთვის ჩაილაპარაკა და საწოლიდან წამოიმართა, − მალე ჩამოვალ, − მსახური დაითხოვა და ლერექუდეში შევიდა.
რამდენიმე წუთში ასტერონი საჩქრილვო ოთახში იმყოფებოდა. − გამარჯობა, თავადო! − მეფისწულს უცნაურად ბოხი ხმა ჰქონდა.
თავადი არგოტი უფლისწულის დანახვისას ბანდარიდან წამოიმართა და ასტერონს მიესალმა: − გაგიმარჯოს, თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ! − დაბრძანდით, თქვენო ბრწყინვალებავ, − ასტერონმა არგოტს ბანდარზე ხელით თავაზიანად მიუთითა და თვითონ პირისპირ მიუჯდა, − ასეთ უღიმღამო დილას რამ შეგაწუხათ, თავადო?! − მართალი გითხრათ ამ კვირის განმავლობაში მსურდა მოსვლა, თუმცა არ მინდოდა სხვა დიდებულებთან თქვენი ჩრქილვა შემეწყვიტა. რადგან საწვიმო ამინდია, ვიფიქრე, არავინ მოვიდოდა და მოსვლაც გადავწყვიტე... − კადეჶი მოგვიტანეთ, − ასტერონმა თავად სიტყვა შეაწყვეტინა, მსახურს მიუბრუნდა ღიმილიანი სახით ტკბილეულის მოტანა სთხოვა. − ბოდიშით, თავადო, − არგოტს პირჩოთნე მზერით შეაცქერდა, თითქოს სწუხდა, აზრი რომ არ დაასრულებინა, − როგორც წესია, ტკბილი ჩვენს საუბარს ტკბილად წარმართავს, ასე არაა?! − რა თქმა უნდა, თქვენო უდიდებულესობავ, − თვალთმაქცურად დაეთანხმა თავადი, რომელსაც უფლისწულის პირჩოთნეობა არ გამოჰპარვია, − მსურდა, თქვენთან სავაჭრო საქმეები განმეხილა, თუმცა − თავადი შეჩერდა, წამოიმართა და თვალთმაქცური მორიდებით განაგრძო, − თუ არ გცალიათ, მოგვიანებით გეწვევით! − არა, რას ბრძანებთ, − ასტერონმა შეიცხადა, − მართალია, დღეს გალავნის ქონგურებზე მსურდა გასეირნება, მაგრამ რადგან დილით ადრე მოხვედით, უსათუოდ, მნიშვნელოვანი საქმე გექნებათ! − ასეცაა, − არგოტ დაშელს ისეთი ხმაჟღერადობა ჰქონდა, უფლისწულისადმი გაბრაზება იგრძნობოდა, − მოგეხსენებათ, ტინარშუჰთან ვვაჭრობთ, თუმცა დარეთის სანელებლები ათრასა და იქრისში არ ფასობს, ყველა უცხოურს ამჯობინებს, დარეთი კი ღარიბდება...
თავადი გაჩერდა, რადგან მსახური შემოვიდა. ბიჭმა ლანგარზე სამკუთხა კოშკივით დალაგებული კადეჶი შემოიტანა და მაგიდაზე დადო. არგოტი წელში გასწორდა. უფლისწულმა ტკბილეული გადაიღო და თავადსაც შესთავაზა. დარელმა დიდებულმა ტინარშუჰული ნამცხვარი, რომელსაც წყალში მოდუღებული შაქარი ესხა, კვირსა მოძრაობით გადაიღო, თუმცა არ გაჰკარებია.
− განაგრძეთ, თავადო! − მიმართა უფლისწულმა, როდესაც ლუკმა გადაყლაპა. − მსურს გთხოვოთ, მეფეს დაელაპარაკოთ ტინარშუჰიდან სანელებლებზე ბაჟის გაზრდაზე, თორემ სამამფონო საერისთავო, დღეს თუ არა ხვალ, მშიერი მოკვდება. − თავადო, თქვენ გსურთ ის, რასაც ახლა მივირთმევ, დარულით ჩავანაცვლო? − ასტერონს გაეღიმა. − ვერ შემოგკადრებდით, − არგოტმა თითქმის კბილებში გამოსცრა. − ვიცი, − თავდაჯერებით უთხრა უფლისწულმა, − თუმცა პირობას გაძლევთ, მამას ამ და სხვა დიდებულების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე დაველაპარაკები. სხვათა შორის, ერთ-ერთ თავადს, სახელი არ მახსოვს, − ასტერონმა ისე წარმოთქვა, თითქოს თავს იმართლებსო, − საპირისპირო სურდა, ტინარშუჰიდან შემოტანილ ნელსაცხებლებზე ქირის გაუქმება, − ასტერონს ლივზინეურად ჩაეღიმა. − თუმცა ყველა დიდებული დარეთში ერთი წონისა არ არის, არა, უფლისწულო?! − მრავლისმეტყველად წარმოთქვა არგოტმა, რომლის სიტყვებში მუქარის ბგერებიც გამოსჭვიოდა. − მართალი ბრძანდებით, თავადო, − ასტერონი წამოიმართა და ხმაში შეპარული სიმკაცრით განაგრძო, − უფლისწული სამეფო თავადის წოდებას ატარებს, შესაბამისად, თქვენ, ჩემი თანასწორი ვერ იქნებით, − მეფისწულმა სტუმარს მკლავი გაუწოდა, − ნახვამდის, თქვენო ბრწყინვალებავ! თავადმა უფლისწულს მკლავი ჩამოართვა და საჩქრილვო ოთახი უსიტყვოდ დატოვა.
ასტერონმა სტუმარს თვალი გააყოლა, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ მართლა წავიდა. შემდეგ სულჰანს მიუბრუნდა და ხელის მოძრაობით მასთან იხმო. სახლმმართველი უფლისწულთან სწრაფად მივიდა და თასბოშის მითითებებს მოთმინებით დაელოდა.
− გამომყევი, დროა მოცემული პირობა შეასრულო! − ამღვრეული სახით, თინჩი მზერითა და ბოხი ხმით მიმართა. სულჰანი მეფისწულს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ასტერონმა მთავარ დარბაზში ასასვლელი კიბე აიარა და სვეტებთან შეჩერდა. − ამათ შესახებ მიამბე, სულჰან! − ასტერონი შემობრუნდა და ღიმილიანი სახით უთხრა.
სახლმმართველმა ჩაიღიმა და სვეტის ყველაზე მაღალ წერტილზე, რომელსაც ჭერი ებჯინებოდა, მიუთითა და მასწავლებლის ხმაჟღერადობით დაიწყო: − ცეცხლისმფრქვეველს ხედავთ? − ასტერონმა თავი დაუქნია, − ის თქვენი წინაპარია, ლელა, ერთ-ერთი რვა თრაჟალონთაგანი, რომელმაც ვერიჰიონი დაიპყრო; ქვემოთ, − მცირედით სვეტის მარჯვენა მხარეს გადაინაცვლეს, − კალას დაპყრობაა, ეს კი, − მუხლებზე მდგარ მამაკაცზე მიუთითა, − საბო დარიელი გველეშაპის მბრძანებელ ლელას ხელს სთხოვს და ევედრება, ქალაქი დაინდოს. − დარიელი ვინმეს რამეს ევედრება?! − ლივზინეურად ჩაიღიმა ასტერონმა, − ამ ამბავს არ გვიყვებიან... − არც მე ვიცი ზუსტად ეს ლათაიები, − სულჰანმა თავი მოიკატუნა, − ერთი მეზღაპრეა ქალაქში, ის ყველაფერს დაწვრილებით მოგითხრობს. − „დაწვრილებით“ მოგვიანებით იყოს, შენ ის მიამბე, რაც აქაა გამოსახული, ეს ბოძები რას გადმოგვცემენ. − კეთილი თქვენო უდიდებულესობავ, − აჩარელს ხმა დაუწვრილდა და სვეტზე გამოსახულ ყრილობაზე მიუთითა, რომელზეც ექვსი ადამიანი ერთად, ხოლო ერთი ქალი განცალკევებით იდგა, − ეს სარაჰის გაერთიანებაზე მიგვითითებს, ეს ქალი კი მიტჰეჲა, ჩრდილოეთის დედოფალია, რომელმაც გველეშაპი მამას მოჰპარა და ვერიოსი დაიპყრო, გინეკაიას დაჯდა და მარტო მართავდა... − ჭკვიანი ქალი ყოფილა, − მხიარული ხმით წარმოთქვა უფლისწულმა, − ზღვათაშუამიწის მოზრდილი ნაწილი დაისაკუთრა. − სარაჰის მმართველები ასე არ ფიქრობდნენ, − თავი გააქნია სულჰანმა, − ამიტომაც ჩრდილოეთთან გამუდმებით ვომობთ. − სარაჰის მმართველები არც ისე ჭკვიანები ყოფილან, ეს ომი არაფრის მომტანია, ტანჯვისა და ტკივილის გარდა, − ნაღვლიანად მიუგო უფლისწულმა. სულჰანს არაფერი უპასუხია, თასბოშს მდუმარედ უცქერდა.
ასტერონი მიხვდა, კაცს თხრობის გაგრძელება არ სურდა. მიუბრუნდა და ლმობიერი ხმით უთხრა: − კეთილი, მიმასწავლე ის მეზღაპრე, მას ვკითხავ ლათაიებს. სასახლის მმართველმა შვებით ამოისუნთქა და ღიმილიანი სახით უპასუხა: − თუ ქალაქში გახვალთ, ვერაფრის დიდებით გვერდს ვერ აუვლით, ჭიანჭველების უბანში თავისუფალი სასწავლებელი აქვს მოწყობილი და მსმენელებს ყველაფერს უყვება. − მშვენიერია, მაშინ დროა ქალაქი დავათვალიერო, − ასტერონმა თითქოს თავისთვის თქვაო, სულჰანს ზურგი აქცია და გასასვლელისკენ გაემართა.
უფლისწულმა ჯერ ქვემო ქალაქი დაათვალიერა.
კალას ზეცა იშვიათად იღრუბლებოდა, თუმცაღა დღეს, რაჰის ამინდის მსგავსად, მზე ხან გამოანათებდა, ხანაც ღრუბლების სქელ შართქვინს მოიფარებდა და დაიმალებოდა. მოღრუბლული ამინდის გამო ცოტათი ბნელოდა, თითქოს მოსაღამოვებულიყო. ჰაერი კი დილის წვიმის სუნით გაჯერებულიყო და გარეთ გამომსვლელს ნოტიო შეგრძნებას ჰგვრიდა.
ასტერონი ქვემო ქალაქში სეირნობის შემდეგ გალავნისკენ გაემართა. თასბოში იქ მივიდა, სადაც კედელი ნახევრად დანგრეულიყო და აკრას ებჯინებოდა. ოღროჩოღრო საფეხურებით იგი ნანგრევებზე ავიდა. ასტერონს სიპ ქვებზე ტალღების ხმაურიანი ცეკვის ხმა, გამალებული ღრიალი ესმოდა. მეფისწულს ზღვის შხუილი სიამოვნებდა. ასტერონს ბავშვობის ოცნების ახდენა გულუბრყვილოდ უხაროდა. ციხიონის ქონგურებიდან კინკროს გაჰყურებდა და ფიქრობდა; მარტო იყო − საკუთარ ფიქრებთან ეულად მყოფი; სიამოვნებდა ერთგვარი სიმშვიდე, რომელსაც კალა ქალაქის დანგრეული გალავნის კედლებთან ჰპოულობდა. სიოს მოტანილმა ზღვის სურნელმა რაჰი გაახსენა, სახელმწიფეოსა და დარეთის დედაქალაქები ამით ერთმანეთს მიამსგავსა.
გონების ბანდილებში მოგზაურობა უფლისწულს ნაცნობმა ხმამ შეაწყვეტინა. ჯერ საკუთარ ყურებს არ ენდო, ეგონა ეჩვენებოდა, ეგონა, ფეტიჶშური და ივარი ერთად დასცინოდნენ, თუმცა როცა შემოტრიალდა დარწმუნდა, ბედის ჩამქრალმა ნათებამ სხივები შემოისხა, მის წინ გაზაფხულის ნაზი სურნელივით იგი შემოპარულიყო, ვისზე ფიქრიც ამ კვირების განმავლობაში გულს უთრთოლებდა − ასტერონის წინ მეწამულ, ყურთმაჯიან ხავერდის ბეწვშემოცლილ ტოლომაში გამოწყობილი ნატა იდგა.
ქალს ძვირფასი, ზურმუხტებისგან გაწყობილი ყელსაბამი და ოქროს სამაჯური ეკეთა. თავზე ჰაეროვანი ჩიქილა ეხურა და აწეულ თმას ოქროს, მარგალიტებით გაწყობილი სარჭი უმაგრებდა.
ნატას სამკაულებმა ასტერონის ყურადღება მიიპყრო − მისმა აღკაზმულობამ თასბოში გააკვირვა კიდეც, მაგრამ არაფერი თქვა; ამისთვის არ ცხელოდა, ბედნიერებისგან გული სწრაფად უფეთქავდა და სხვა ვერაფერზე ფიქრობდა; ნატა უღიმოდა, ხოლო უფლისწული მისი ღიმილით, რომელიც მასზე მომნუსხველად ზემოქმედებდა, ნეტარებას განიცდიდა, თითქოს ასტერონს დარანა დაელიოს, მათრობელას კი კაცის სისხლძარღვები დაეპყრო და ახლა სხეულის ყველა უჯრედს ეუფლებოდა.
დაბნეულ ბიჭს სურდა მისალმებოდა, ხმა ამოეღო, მაგრამ გახევდა; ვერაფერი თქვა, თითქოს ჯადოქარმა შეულოცაო, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ნატამ უფლისწულის ლიჯვირი შეამჩნია და საუბრის დაწყება თვითონ ითავა: − ვიცი, მოულოდნელია ჩემი აქ გამოჩენა, − გაიღიმა. − მართალია, − ასტერონმა თავს ძალა დაატანა და წაილუღლუღა, შემდეგ სიმხნევე მოიკრიბა და მტკიცედ განაგრძო, − როგორ მიპოვე? ნატას ჩაეღიმა, თვალი მოარიდა − უფლისწულს ეარშიყებოდა. − რთული არ ყოფილა, თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, − თავი გვერდით გაიქნია, − სამეფო ქეშიკი მუდამ თან დაგყვებათ. ასტერონმა თავი გულუბრყვილოდ იგრძნო, რის დამალვასაც უხერხული გაღიმებით შეეცადა. − მოდი, სამეფო წოდებების გარეშე მივმართოთ ერთმანეთს... − როგორც გენებოს, ისე მომმართე, მე სამეფო წოდება არ მაქვს, − ნატამ მეფისწულს ღიმილიანი სახით სიტყვა გააწყვეტინა. − ეგეც მართალია, − დაეთანხმა ასტერონი, − მაშინ დაივიწყე ჩემი წოდებები და ისე მომმართე, − ასტერონს რბილი და სასიამოვნო ხმაჟღერადობა ჰქონდა.
ნატამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. − რისთვის მოხვედი? − უფლისწულმა ჰკითხა და მაშინვე ინანა, იფიქრა, ჩემი გამოკითხვებით არ დავაფრთხოო. − არ გაგიხარდა? − ნატამ ნაბიჯი უკან გადადგა.
ასტერონი შეკრთა, მისკენ გაიწია: − მოიცა! – ჯერ შეჰყვირა, შემდეგ მშვიდი ხმით განაგრძო, − გამიხარდა, რა თქმა უნდა, გამიხარდა...
ნატამ ასტერონს დაეჭვებით შეხედა, აგრძნობინა, რომ არ ენდობოდა.
− უბრალოდ ცქვირინი მკლავს, რისთვის მოხვედი, − უფლისწილმა ქალის იჭვნეულობის გასაფანტავად დაამატა. − შენი ნახვა მინდოდა, − მოკლედ უპასუხა გოგომ. − რატომ? − ასტერონი არ ცხრებოდა, სურდა, ის სიტყვები გაეგონა, რასაც თვითონ ეტყოდა. უნდოდა, ნატას ეთქვა, რომ მისთვის მოვიდა და უყვარდა. − არგოტმა გამომგზავნა, − უდრტვინველი ხმაჟღერადობით მიუგო ქალმა, − მითხრა, ქალაქში გასეირნება გსურდა და მე კარგ მეგზურობას გაგიწევდი. − ეჰ, − ასტერონმა სიტყვას იმედგაცრუების სუნთქვა ამოაყოლა, − თავადი არ ცხრება, ხომ?! − რას გულისხმობ? − ნატას გაკვირვებული სახე ჰქონდა. − რას და დღეს ჩემთან იყო, საკუთარი აზრები გამანდო. ვფიქრობ, შენი გამოგზავნით, ჩემს მოთაფვლას ცდილობს! − მოთაფვლას? − კი, − უფლისწულმა ნატას დაუდასტურა, − აქ რომ გნახე, შენი მოსვლა ჯერ არ დავიჯერე, ხოლო მერე მეგონა იმას მეტყოდი, რასაც მე განვიცდი, მეგონა იმავეს გრძნობდი, რითაც ჩემი გული ფეთქავს და სული ზეიმობს. − უფლისწულმა გადაწყვიტა, ნატასთან მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ესაუბრა. − რას გრძნობ, ასტერონ? − ნატა უფლისწულს თვალებში ჩააცქერდა, თითქოს მისი სულის ამოკითხვას ცდილობსო. − ამოუცნობ ლტოლვას, ივარის სასჯელს, სამყაროულ გრძნობას, რომელიც გვაგიჟებს და გვატყვევებს. ამას ვგრძნობ პირველივე წამიდან, როცა სასახლის დარბაზში შემოხვედი, თითქოს ნათელი შემოიტანე, სული ამიფორიაქე... − ხომ იცი, გლეხის ქალს მსგავს გრძნობებზე უფლება არ აქვს! − ნატამ ხმაჟღერადობაში ნაღველი ჩააქსოვა და ამოისუნთქა. − სიყვარულზე უფლება ყველას გვაქვს, − ასტერონმა ქალის გამხნევება სცადა. − სიყვარულზე? − ნატამ ჩაიცინა, − ჩემი ბედი დაწყევლილია, ასტერონ, მე ვერ შევიყვარებ მას, ვისთანაც ფეტიჶშურის ნაქსოვი ხიდი დამაკავშირებს და ვერ ვიქნები მასთან, ვისთანაც ივარის სხივქარგული ბილიკი შემახვედრებს. − რატომ? ღმერთებმა გაუწყეს? − მცირედით ლივზინეური ხმაჟღერადობითა და ღიმილიანი სახით ჰკითხა. − არა, ცხოვრებამ მაჩვენა... დედაჩემს მამაჩემი არასდროს ჰყვარებია, მაგრამ სიკვდილამდე უერთგულა, ხოლო ვინც უყვარდა იმასთან ერთად ვერასდროს იქნებოდა. ასეა ჩვენი საქმე, უფლისწულო, ჩვენ სხვადასხვა სამყაროებში ვცხოვრობთ... როგორც ღმერთები ზეციდან დაგვცქერიან, დიდებულებიც მსგავსად გვიყურებენ. ჩვენ ჭიანჭველები ვართ, ჭიაყელები, რომელთა გასრესა მარტივია, ხოლო პასუხს, ალბათ, მხოლოდ ზეცა მოჰკითხავს. − მშვენიერი სიტყვებია, − მოწონებით წარმოთქვა უფლისწულმა, − საოცრად საუბრობ, რაც უფრო მეტად მატყვევებს და მიზიდავს შენში, − ასტერონი გაკვირვებული ხმაჟღერადობით საუბრობდა და თან ნატას უახლოვდებოდა: უნდოდა, როგორც კი ხელსაყრელი დრო მიეცემოდა, მისთვის ეკოცნა. ქალმა თითქოს იგრძნო მამაკაცის წადილი და ორი ნაბიჯი უკან გადაგა. − ამ დიდებულ ქალაქში შეიძლება ბევრმა რამემ გაგაკვირვოს, უფლისწულო! − ნატას მრავლისმეტყველი ხმა ჰქონდა. − მჯერა, ნამდვილად მჯერა ამის, უკვე ვოცდები, მაკვირვებს შენი განსწავლულობა, ნატა, − ასტერონმა განზრახვაზე ხელი აიღო, − რაჰში გლეხის ქალები ასე ვერ საუბრობენ. − გლეხის ქალები კალაში ყველაფერზე საუბრობენ, მეზღაპრეს თუ მოუსმენ, − ნატამ ნიშნისმოგებით მიუგო. − მეზღაპრეს? − თინჩად ჰკითხა ბიჭმა. − კი, მეზღაპრეს! − მტკიცე ხმით დაუდასტურა ქალმა. − იცი, სად ცხოვრობს? − ასტერონს სიხარულის ღიმი გამოესახა. − რა თქმა უნდა, მთელმა ქალაქმა იცის. − კარგია, − უფლისწულს სიამისგან თვალები აუკიაფდა, ნატასთან ერთად მეზღაპრეს ნახავდა, ორ სურვილს ერთდროულად აისრულებდა, საყვარელ ქალთან ცქვირინისეულ ადამიანს ეწვეოდა, მთელ დღეს ერთად გაატარებდნენ, ამიტომ ფართე გაღიმებული ნატას თხოვნის ხმაჟღერადობით მიმართა მეზღაპრესთან მიეყვანა და წინ გაძღოლოდა. − კეთილი, − კვერი დაუკრა ქალმა, − აქვეა, სანაპიროზე ცხოვრობს, თუმცა ვერ შეგპირდები, რომ ამ დროს „ცოდნის ბაღში“ ადგილს ვიპოვით. − ხმას გავიგონებთ?
ნატამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
− მაშინ წავედით!
დანგრეულ გალავნიდან საცალფეხო კიბით ქუჩებს დაუბრუნდნენ. ქალი წინ მიდიოდა, ასტერონი ბავშვივით მიჰყვებოდა. სანაპიროს ქუჩას მიუყვებოდნენ, ვიდრე ნავსადგურის სასახლემ არ დააბრკოლა.
− აქეთ, მეორე მხარეს უნდა გავიდეთ, − ნატამ ასტერონს ისე უთხრა, მისთვის არ შეუხედავს და შენობისკენ გასწია.
მაღალთაღოვანი კარიბჭე გაიარეს, დიდი დარბაზის მოჩუქურთმებული სვეტები, გუმბათოვან ჭერს რომ უდრეკად იჭერდა, უკან ჩამოიტოვეს და ფერადი ქვებით მოკირწყლული იატაკი გადასერეს. შენობის მეორე მხარეს ტალღების ნაპირებზე ცემის ხმა ისმოდა, რასაც თან მარილიანი წყლის სუნი მოჰყვებოდა.
− აქვთ, მომყევი! − ნატამ გეზი სამხრეთისკენ აიღო, − მოკლეზე მოვჭრით, − განუმარტა.
ასტერონიც გაჰყვა და თან წინ მიმავალი ქალის თმასთან სიოს ცეკვას უცქერდა. მის სურნელს, ვარდის ნელსაცხებლის სურნელს გრძნობდა.
− თითქმის მოვედით! − ნატა ჩრდილოეთით, სანაპიროს მიმართულებით გაემართა, − აქვეა! − ხელი ქვის ღობისაკენ გაიშვირა, რომელიც ხმელეთიდან ზღვის მიმართულებით განფენილიყო და წყალში მდებარე მცირე კუნძულებს ეჭიდებოდა.
ნატა ასტერონს აშთაში შეუძღვა.
ქალი მართალი აღმოჩნდა, მწვანე ბაღნარი ხალხით გადაჭედილიყო; ზოგი შადრევანთან ისხდა, ზოგიც ფეხზე იდგა და სახლის შემაღლებულ აივანზე მდგარ კაცს უსმენდნენ.
− ეს არის! − ნატამ თავი მეზღაპრისკენ გაიქნია. − მეგონა, გრძელი თეთრი წვერი ექნებოდა, როგორც ტაძრის ბერებს, − ასტერონმა გაკვირვებული წარმოთქვა. − სიბრძნეს გარეგნობა არ აქვს, უფლისწულო, − ნატას ჩაეღიმა, − იგი ღმერთებივით მრავალსახა და ყოვლისმომცველია. − ღმერთებივით... − ასტერონმა მრავლისმეტყველად გაიმეორა და თანამგზავრს ლივზინეური მზერით გადახედა. − კი, ღმერთებივით, − მტკიცედ გაიმეორა ნატამ, − ღმერთები ჩვენს შორისაც არიან, ამიტომაც ვერ ვხედავთ მათ. − კეთილი, − უხალისოდ დაეთანხმა ასტერონი, − თუმცა მე ღმერთები არ შემხვედრიან. − ჩუუ, − წინ მდგომი ქალი უფლისწულსა და ნატას შემოუბრუნდა და საუბარი შეაწყვეტინა, − პრაედონს ვუსმენთ!
პრაედონის ხმა შორიდან, სუსტად მოისმოდა. სახელმწიფოზე, მამფონებსა და მათ მოვალეობებზე საუბრობდა. ჰყვებოდა ძველ ამბებს. ამბებს, რომლებიც ვერიჰიონის ზღვათაშუამიწამ ძველ დროებაში გადაიტანა.
− ...დედოფალი ლელა საზარცხოველზე ამხედრებული ჩრდილოეთიდან მოფრინდა, − პრაედონმა ხელი ზღვისკენ გაიშვირა, − მაშინ კალა თავისუფალი დარეთის დედაქალაქი იყო. სჰეოტერიას კუნძულიდან მოსულ თრაჟალონებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, უძველესი წინასწარმეტყველებისთვის ხორცი შეესხათ და მთელი ვერიჰიონი დაეპყროთ. რვა მხედარი, ექვსი გველეშაპით ზღვათაშუამიწაზე შემოიჭრა და სამეფოები შექმნეს. ომი გველეშაპის გამხედნავებსა და ვერიჰიონელებს შორის დიდხანს გაგრძელდა; ლელამ კალას კედლები დაანგრია და ქმრად დარეთის მეფე შეირთო, გარუთმა და ჟაჰმა შუა მიწები დაისაკუთრეს, ათრამ და თრაგომ რაჰის სამეფო დაიპყრეს, იქრისმა აისის სამეფო იგდო ხელთ, ურასმა მეფობა სამხრეთის მიწებზე დაამყარა, მიტჰეჲას მამამისმა დაავალა, ჩრდილოეთის სამეფო დაეჩოქებინა, როგორც ამას ძველი ლექსიდან ვიგებთ, ჟაჰმა გარუთს უთხრა: „...მიტჰეჲას მივცემ გველეშაპს ჩემსას და ჩრდილოეთში გადაფრინდება, შემოგვიერთებს მხედრებს ვერიოსს და ხმლების ჟღერა გაირინდება. ჩემს ქალიშვილსვე დავსვამთ ხელმწიფედ, მით ეს სიავე გაიწმინდება, ვითარ ყველანი ცალკ-ცალკე ვიყვეთ, ამპარტავნება გაიკმინდება“.
− თითოეულმა თრაჟალონმა დაპყრობილ სამეფოებს საკუთარი სახელი უწოდა, მხოლოდ დარეთმა შეინარჩუნა ის რაც ერქვა, რადგან ლელას დარეთელი მეფე შეუყვარდა და დარიელის გვარი მიიღო...
− გველეშაპის მხედართა შთამომავალი ყოფილხარ, ასტერონ, − შენიშნა ნატამ, − შენს ძარღვებში ლელა დედოფლის სისხლი ჩქეფს. − ეგ ხომ ლათაიებია, გველეშაპები არ არსებობენ, − მტკიცედ მიუგო უფლისწულმა.
ნატას არაფერი უპასუხია, მრავლისმეტყველად ჩაიღიმა.
ასტერონმა თანამგზავრის მდუმარე პასუხი შეამჩნია, ვერ მოითმინა და ნატას ჰკითხა: − შენ ისინი გინახავს? − უფლისწულო, − ქალს იმედგაცრუებული ხმაჟღერადობა ჰქონდა, − ქვეყნიერება დიდია, მიპასუხე, შენ მთელი სამყარო გინახავს? − არა, რა თქმა უნდა, − კვერი დაუკრა ასტერონმა. − მაშინ როგორღა ამბობ, რომ ისინი არ არსებობდნენ. − რომ ყოფილიყვნენ, მათ ნიშანს ხომ ვიპოვიდით? − იქნებ ხედავ კიდეც და ვერ ამჩნევ, რადგან ვნებებით ხარ შეპყრობილი. თავი დააღწიე გრძნობათა მდინარეს და დაინახავ სისრულეს. − რას გულისხმობ? − დაიბნა ასტერონი. − დღეს ხომ სეირნობდი კედლებზე?
მეფისწულმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
− მერე, გინახავს ისეთი დანგრეული გალავანი, როგორიც კალაშია? − კი, რაჰში, − მტკიცედ მიუგო ასტერონმა და ჩაიღიმა, − ისინი დრომ დაანგრია. − იქნებ ეგ არის გველეშაპთა ნიშანი, მათი ძლიერების კვალი... პრაედონმა ხომ თქვა, ლელამ კედლები დაანგრიაო... − შესაძლოა, − ჩაფიქრდა ასტერონი, − თუმცა ვფიქრობ, დასავლელები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ ხალხმა ისინი გველეშაპებს შეადარა.
ნატა შეიჭმუხნა, ასტერონს არაფერი უპასუხა და მეზღაპრის სმენა განაგრძო.
− დაპყრობის შემდეგ შეიკრიბნენ თრაჟალონები რაჰში, სადაც ათრამ მოიწვია. გადაწყვიტეს მთელი ზღვათაშუამიწა გაეერთიანებინათ. მხოლოდ ჩრდილოეთის რექსვასილისო, მიტჰეჲა არ შემოუერთდა დიად, ღვთაებრივ საქმეს და ასე უპასუხა შეკრებილებს, − კვლავ მოიხმო ნაკვესი შანდორ ისერის ლერსიდან: „...ადგა და ამბობს ბრაზმორეული: „მე არ ვაპირებ, რომ ვიყო ლანდი, ჩრდილი მამისა და ბიძაშვილის, ვიცი, გინდათ, რომ იხმაროთ ფანდი, თუმც ვერ დამიჭერს წესთა ხაფანგი, ვერც სიტყვიერი თქვენი ქამანდი, ჩრდილოეთს შევქმენ მე ვერიოსი და არ გეგონოთ თეთრი დოლბანდი, დღეგრძელი არის მისი არსება, გველეშაპი მყავს მამის, გავქანდი, რადგანაც მელის სამეფო ჩემი, მე არ მჭირდება ეს შეჭამანდი, რომ ვუმკურნალო ვერიოსის ხალხს, ეს ნათელია და მეტად ცხადი, თვითონ მივხედავ ვერიოსელებს, თქვენ დაიხურეთ ჩალმა-ნაბადი, მე ვარ აზატი ქვეყნის ხელმწიფე, თუმც თრაჟალონად ვარ დანაბადი, თუ სტუმრად მოხვალთ, მაშ, მასპინძელი მე იქ დაგხვდებით თქვენ გულითადი, თუ მტრად მეწვიეთ, მაშინ მიხვდებით, რა არის ძალა, მართლაც, დიადი.“
შეკრებილებმა ტაშს შემოჰკრეს. პრაედონს სიამოვნების ღიმი გამოესახა.
− წავედით, − უკმაყოფილოდ თქვა ასტერონმა, − პრაედონი მართლა მეზღაპრე ყოფილა. სამეფო სასახლის წიგნსაცავში შანდორ ისერის ლერსის ხელნაწერი მეც მაქვს და მის შემოქმედებას მეც ვიცნობ. − მე დავრჩები, − ნაძალადევად გაუღიმა ნატამ. − როგორც გენებოს, − გულნატკენი ხმაჟღერადობით წარმოთქვა ასტერონმა და სასახლისკენ გაემართა.
გზად ფიქრობდა, რომ ქალი მარტო არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა მეზღაპრის მოსმენით იმედგაცრუება იმდენად დიდი იყო, ერჩივნა იქაურობა დაეტოვებინა.
*** აღელვებული ასტერონი ოაშის მოსასვენებელთან იდგა და კარზე გამალებით აბრახუნებდა.
უფლისწული სასახლეში როცა დაბრუნდა უკვე მოსაღამოვებულიყო. მზე ჩრდილო-დასავლეთისკენ იწეოდა, თითქოს ერთი სული ჰქონდა როდის დაიძინებდა, რათა დილით მყარმიწას აღზევებული ძალაშინით დაბრუნებოდა.
პრაედონის აშთიდან წამოსვლის შემდეგ თასბოში კალას ბაღებში დასეირნობდა, შემდეგ აკრაზე გავიდა, უნდოდა ზღვიდან მონაბერი ნოტიო ქარი ჩაესუნთქა − სიამოვნებდა როდესაც გრილი სიო ელაქუცებოდა; სანაპიროდან იგი კინკროს გასცქეროდა, თითქოს ზეციერთა ნიშანს ელოდებაო, შემდეგ უეცრად, სწრაფი ნაბიჯით სასახლისკენ გაემართა.
შეზარხოშებულმა ოაშიმ განცვიფრებული გამომეტყველებით კარი გააღო.
− რა მოხდა, მეგობარო? − ასტერონის სახის დანახვისას, ოაშის გულმა თითქოს ფეთქვა შეწყვიტა, ბიჭი გაფითრდა, − ხომ ყველაფერი რიგზეა? − არ ვიცი, ოაში, არ ვიცი! − ასტერონი კანკალებდა. − შემოდი, არავინ დაგინახოს, − აღელვებული ხმით ოაშიმ ასტერონს ხელი მხრებში ჩაავლო და ოთახში შეიყვანა, შემდეგ დერეფანს თვალი მოავლო, დარწმუნდა, რომ იქ არავინ იყო და კარი საგულდაგულოდ ჩარაზა. − რამ შეგაშფოთა, რა მოგივიდა? − ვერ ვხსნი, ოაში, მეც არ ვიცი რა მჭირს, − ასტერონი დაბნეული ჩანდა, − რაღაც მაწუხებს, შიგნიდან მებრძვის, ვერ ვხდები, ვერ ამომიხსნია რა არის, ასტერონი ოაშის აშლილ საწოლზე დაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ლომივით დაიღრიალა. შემდეგ ნაღვლიანად წარმოთქვა: − ახ, არ ვიცი, რა მემართება, თითქოს მრავალსახა მიწის ღვთაება ვიყო. − მაშინებ ასტერონ, − ოაში მეგობართან ჩაიმუხლა, ხელი მუხლზე დაადო და მშვიდი ხმაჟღერადობით მიმართა, − თავიდან მოჰყევ, ყველაფერს მომიყევი!
ასტერონმა უსუსური, ხიდან გადმოვარდნილი ბარტყის უიმედო მზერით მეგობარს მიაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და ოაშის თავს რაც გადახდა უამბო...
− ...ნაპირზე ვსეირნობდი, როცა მივხდი, ნატა მიყვარს, სიცოცხლეზე მეტად. ზღვის მარილიანმა ქარმა თითქოს ჩემს აზრებს გზა გაუხსნა, ღვთაებრივი მადლივით ყველაფერს მიმახვედრა. − აღელვებული ხმაჟღერადობით დაასრულა.
ოაში დამშვიდდა, ფეხზე წამოიმართა და ღიმილიანი სახით კარგა ხანი მეგობარს მიაჩერდა, სიტყვების პოვნას ცდილობდა, არ უნდოდა, ლივზინეური რამ ეთქვა, სურდა, მეგობრული რჩევა მიეცა.
− გული გამისკდა, − ოაშიმ სიტყვებს შვების სუნთქვა ამოაყოლა, − მე კი მეგონა, რაჰიდან ცუდი ამბები მოუვიდა-მეთქი. − რაჰიდან, − გაიკვირვა ასტერონმა, − ეგ რამღა გაფიქრებინა? − აბა, მე რა ვიცი, − ოაშიმ მხრები აიჩეჩა, − სახელმწიფეო დიდია, გასაგისს ვარსკვლავთოდენა მტერი ჰყავს.
უფლისწულმა მეგობარს მზერა მოარიდა და თავი გაიქნია.
− არა, რაჰიდან არაფერი მსმენია: არც კარგი და არც ცუდი. მთავარია რაჰს კალადან არ მიუვიდეს ხმები, − ასტერონმა გადაიხითხითა. − ხომ იცი, რომ იქ ყველაფერი იციან! − რა თქმა უნდა, − დაეთანხმა უფლისწული, − ჩემი გრძნობების ამიტომაც მეშინია, დარიელთა გასაგისი ნატასთვის სახიფათო ოჯახია. − გეთანხმები მეგობარო, თუმცა, ვფიქრობ ამას ნატაც ხვდება. − კი, ხვდება, რაც იმედს მაკარგვინებს, უსასოო მხდის... ნატამ კარგად იცის ჩემგან რას უნდა ელოდოს, ჩემთან ერთად რა სიძნელეებს გადააწყდება. ეს დაბრკოლებები ჩვენს ურთიერთობას ჩანასახშივე მოსპობს, − ასტერონმა თავი მტევნებში ჩარგო და კვლავ დაიღრიალა, ხმას განცდილი მწუხარებაც ამოაყოლა. − კარგი, მეგობარო, ეგრე ნუ განიცდი, − ოაში უფლისწულის დამშვიდებას შეეცადა, − ფეტიჶშურის გზას ვერავინ განსაზღვრავს, გარდა თვით ღვთაებისა.
ასტერონმა ოაშის ახედა და საწოლიდან უეცრად წამოიმართა, თითქოს რაღაც მოიფიქრაო.
− მართალი ხარ, − თითი დაიქნია, აზრთა შეკოწიწებას ლამობდა, შემდეგ მოულოდნელად ოაშის თხოვნის ხმაჟღერადობით მიმართა: − ვიდრე დღეს ვარსკვლავებით დაწინწკლული მაზარა შემოუსხამს, პრაედონთან გამყევი, − სიტყვებს სწრაფად ამბობდა. − ვისთან? − მეზღაპრესთან.
ოაში ასტერონის თხოვნამ გააკვირვა, თუმცა მეგობარს უსიტყვოდ გაჰყვა.
ღამის პირბადის ქვეშ, შავმაზარა მოსხმული მეგობრები, თავზე ჭყვერთმოხურულნი, რათა ვინაობა დაემალათ, პრაედონის „ცოდნის ბაღისკენ“ მიემართებოდნენ. ოაშიმ მეგობარს სანაპიროსკენ მიმავალი მოკლე გზა აჩვენა. ასტერონი თავადიშვილს გაჰყვა. მართლაც, სასახლიდან პრაედონის სახლთან გაცილებით მალე აღმოჩდნენ, ვიდრე დასწავლული ბილიკებით უფლისწული მივიდოდა.
− უკეთ გისწავლია ქალაქი, − მოწონებით შენიშნა ასტერონმა. − სხვა საქმე არც არაფერი მქონია, − ხალისიანი ხმაჟღერადობით განუმარტა ოაშიმ.
მეგობრები „ცოდნის ბაღის“ კართან შეჩერდნენ. შესვლამდე ოაშიმ ასტერონს თინჩი გამომეტყველებით ჰკითხა: − ნატა თუ გიყვარს მეზღაპრესთან რაღა გინდა?
ასტერონი ოაშის ისე მიაცქერდა, საკუთარი გამომეტყველებით თითქოს საყვედურობდა.
− ნატა პრაედონის ხშირი სტუმარია. იქნებ იცოდეს მის გულთან მისასვლელი გზა, − იმიედგადაწურულივით წარმოთქვა უფლისწულმა. − იქნებ თვითონ გეპოვა ეს გზა? − შესთავაზა მეგობარმა, − არ ჯობია, თვითონ გაარკვიო, ნატას რა სურს? − არ ვიცი, მეგობარო, სიყვარულში ადამიანს ყველა ხერხი გამოადგება, ასე არ არის? − დაეჭვებით წარმოთქვა ასტერონმა, თითქოს საკუთარი ნათქვამის არ სჯერაო. − შესაძლოა, − ჩურჩულით უპასუხა ოაშიმ და აშთას კარი შეაღო, − წამოდი ვეწვიოთ, იქნებ დაუპატიჟებელი სტუმრები მიგვიღოს. აივანზე ფეხაკრეფით ავიდნენ. სარკმლიდან სანათის შუქი იატაკს ელაციცებოდა. ასტერონს გაუხარდა, რომ პრაედონი ფხიზლად იყო. კარზე მორიდებით, თუმცა თავდაჯერებით დააკაკუნა და მასპინძლის გამოსვლას დაელოდა. პრაედონმა კარი გააღო. − თქვენო უდიდებულესობავ, − განცვიფრებით წარმოთქვა და თავი დაუკრა.
მეზღაპრის ქცევამ ასტერონი გააკვირვა, არ ეგონა, რომ იცნობდა.
− ბოდიშს გიხდით, თქვენო ბრწყინვალებავ, ამ საათს რომ გეწვიეთ. იმედია, მნიშვნელოვან საქმეს არ მოგაცდინეთ. − ოჰ, თქვენო უდიდებულესობავ, რას ბრძანებთ, მხოლოდ გონების ბანდილებიდან გამოქცეულ აზრებს ქაღალდს ვუზიარებდი. − კეთილი, თქვენო ბრწყინვალებავ, − გაიღიმა ასტერონმა, − ჩემს მეგობარსა და მე გვსურდა თქვენთან გასაუბრება. მრავალი რამ გვსმენია თქვენზე. − მაპატიეთ, თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, სულ დამვიწყებია სტუმარმასპინძლური თავაზიანობა, − მრავლისმეტყველად ჩაიღიმა, გვერდით გაიწია, ხელით სახლისკენ მიუთითა და შეიპატიჟა, − თავი თავისუფლად იგრძენით!
ოთახი ვრცელი იყო. ზღვის მხარეს, კუთხეში უზარმაზარ ბუხარში მცირე ცეცხლი ცეკვავდა. შემოსასვლელიდან მარცხენა მხარეს, ერთი საფეხურის სიმაღლეზე, ხის მოჩუქურთმებული სვეტებითა და თაღით გამოყოფილი მისაღები მდებარეობდა, მარჯვნივ, ბუხრის გვერდით საწერი მაგიდა, მაგიდის უკან კი გრაგნილებისა და ჭილფურცელთაგან აკინძულ წიგნთა თარო თითქმის ჭერამდე ამაყად აღმართულიყო.
ასტერონმა ოთახს თვალი მოავლო და მასპინძელს მისაღებისკენ გაჰყვა.
− დაბრძანდით, ტინარშუჰულ დარანას, ახლავე მოგართმევთ! − თქვა და სამზარეულოსაკენ სასწრაფოდ გაემართა.
უმალ ლანგრით ხელში უკან დაბრუნდა. სამი ჭიქა და დოქით სასმელი მოჰქონდა. ლანგარი მაგიდაზე ფრთხილად დადო, სასმისები ჯერ სტუმრებს დაუდო და შეუვსო, შემდეგ თვითონაც დაისხა და მაგიდას მიუჯდა.
ასტერონი საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა. სასმისი ტუჩებთან სიფრთხილით მიიტანა და სწრაფად გადაჰკრა.
მეზღაპრე სტუმრებს ღიმილიანი სახით უცქერდა. გადაწყვიტა სადავეები საკუთარ ხელში აეღო.
− გისმენთ, ბატონებო, ამ უჩვეულოდ გრილ ღამეს რამ შეგაწუხათ? − თავაზიანად ჰკითხა. − დღეს ვიყავი აქ, − ასტერონმა დაიწყო და ოაშის გადახედა, − მე და ნატა, ის თქვენს შეკრებებს ხშირად სტუმრობს. − ნატა, − გაეღიმა პრაედონს, თითქოს ასტერონს ჩანაფიქრს მიუხვდაო, − ვიცნობ, გამჭრიახი გონების ადამიანია. − ნამდვილად, − დაეთანხმა ასტერონი და პრაედონის მიერ კვლავ შევსებული სასმისი გამოცალა. − ხშირად ვსაუბრობთ, ზოგჯერ მეხმარება კიდეც: მე ვკარნახობ, ის კი იწერს. − პრაედონმა ასტერონს საწერი მაგიდისკენ წამუყო, − ყველაფერს სწრაფად ითვისებს. − მშვენიერია, − საუბარში ოაში ჩაერთო, − რაზე საუბრობთ? შეამჩნევდით, უფლისწული მეტად ცქვირინისეულად თვლის თქვენს საჯარო ბაასს. − ბევრ რამეზე, თქვენო ბრწყინვალებავ, − პრაედონი ცდილობდა თავაზიანობა არ დაეკარგა, − სახელმწიფეოზე, ღმერთებზე, სიყვარულზე... − სიყვარულზე? − ასტერონმა მეზღაპრეს სიტყვა გააწყვეტინა. − რა თქმა უნდა, − მასპინძელმა საკუთარი ნათქვამი დაუდასტურა, − სიყვარულზეც. − როგორც შევნიშნე, შანდორ ისერის ლერსიდან ჰყვებით, − მრავლისმეტყველად ჩაიღიმა უფლისწულმა. − სწორად შეგიმჩნევიათ, თქვენო უდიდებულესობავ, შანდორ ისერის ლერსი დარეთში არც ისე ცნობილია, ხალხს კი გალექსილი ამბები უფრო უამებს სმენას, თან მობეზრებულიც თუ არ აქვთ, მით უმეტეს; მე ვცდილობ, ზუსტად გადმოვცე ის, რაც ჩემს გონებაში ტრიალებს, ამისთვის ლათაიებს, ლერსებს, ზღაპრებს ვიყენებ... მხატვრულად ნათქვამი სიტყვა მეხსიერებაში უფრო მარტივად იბეჭდება, ვიდრე მეცნიერული წინადადებები, ასე არ არის?
ასტერონმა და ოაშიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს.
− ცხადია, ყველაფერს არ ვამბობ, ხალხს იმას ვუყვები, რაც მათ ყურებს უხარია, ასე მარტივად ვაღწევ მათ გულებამდე. − განა თქვენი ბაასის მიზანი, ხალხისთვის ცოდნის გადაცემა არაა? − გაიკვირვა ოაშიმ. − ცოდნის გადაცემა, − ჩაიცინა მასპინძელმა, − შესაძლოა ადამიანს ცოდნის მიცემის წყურვილი გამოძრავებდეს, მაგრამ თუ მსმენელს მისი მიღება არ სურს, საუბარიც უსაგნოა. სიმართლე ზოგჯერ მტკივნეულია და ყოველთვის ვერ იწვევს შესაფერის ყურადღებას. მიუღებელი ჭეშმარიტება ისეთივე ზღაპრად იქცევა, როგორც ყველასთვის მოსაწონი გამოგონილი ამბავი. ამიტომაც საუბრისას სხვადასხვა ხერხებს ვიყენებ, ზოგჯერ ვთხზავ, ზოგჯერ შეთხზულს ვიშველიებ. წარმოიდგინეთ, ხალხი მიიღებს სიმართლეს, სადაც ნათქვამია, რომ ლელა, დარიელთა გასაგისის სიძლიერის წყარო, გველეშაპით შემოიჭრა კალაში, ციხიონის კედები დაანგრია და ქალაქი ალს მისცა?! მე ასე არ ვფიქრობ, მათ ურჩევნიათ შანდორის ლექსში მოთხრობილი სიყვარულის სჯეროდეთ; მათ სჯერათ კიდეც, რომ ლელასა და საბოს ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს. სინამდვილეში ხომ ვიცით, ლელამ დარეთის მეფე ცოცხლად დაწვა, თასბოშები, ვინც ეურჩებოდა, ყველა დახოცა და დარეთის მემკვიდრედარჩენილი უმრწესი აიძულა ცოლად შეერთო. − ჩვენი მატიანის ეს მხარე არსად მსმენია, − გაიკვირვა ოაშიმ. − ბუნებრივიცაა, − პრაედონმა ტინარშუჰული დარანა მოთქვა, − ეჭვიც არ მეპარება, რომ სარაჰის საბუთები ამის შესახებ სდუმს, ეს ყველაფერი ტინარშუჰის სამამფონო წიგნსაცავში წავიკითხე, როდესაც დადიას მონა ვიყავი. − მონა? − ასტერონი პრაედონს გაოცებული თვალებით მიაცქერდა. − დიახ, − დაუდასტურა მეზღაპრემ, − ქალიოპე როდესაც გარდაიცვალა და მისმა ქალიშვილმა დაიკავა ტახტი, გამოვიქეცი, სწრაფმავალ გემზე დავიმალე და დარეთისკენ გამოვწიე.
ოაშიმ ასტერონს გაკვირვებით გადახედა და მეგობრის განცვიფრებული მზერა ამოიკითხა. უფლისწული ფეხზე წამოდგა, გაიარ-გამოიარა.
− ვიცი, გიკვირთ ჩემი საქციელი, − პრაედონი უფლისწულს თვალს ადევნებდა. − სიმართლე ითქვას, − თინჩი ხმით დაიწყო ასტერონმა, − აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამბედაობით. თუმცა დარეთში რატომ ჩამოხვედით, რაჰში უფრო აისრულებდით მიზნებს, არა? − თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, − პრაედონი ფეხზე წამოდგა, − დაბადებიდან მონა ვიყავი, დიდებულებსა და მამფონებს ვემსახურებოდი. თორმეტი წლიდან დადიას გადამწერად ვმუშაობდი, ყველაფერი ვნახე, სამეფო ხლართები, სამამფონო საქმეები, ქალიშვილის მიერ დედის ღალატი, შეთქმულებები. ვცდილობდი, მსგავს ამბებს მოვრიდებულიყავი, ამიტომაც კალა, სამამფონო საქმისგან მშვიდი და წყნარი ქალაქი, ავირჩიე. არ მინდოდა იმავე ქსელში გავბმულიყავი, რომლიდანაც თავი დავაღწიე. − გასაგებია, − ჩაილაპარაკა თასბოშმა. − უკვე თხუთმეტი წელია მშვიდად ვცხოვრობ, ვაკვირდები ხალხს, დაგროვილ ცოდნას ვუზიარებ და ისინიც ყურს მიგდებენ. ეს ის არის რისთვისაც ღირს ცხოვრება, ჩემო ბატონო. − მეც ვისურვებდი მსგავს ცხოვრებას, − ნაღვლიანად წარმოთქვა ასტერონმა. − მერე რა გიშლით ხელს? შენი ცხოვრების გზას შენვე აგებ! − ცდებით, თქვენო ბრწყინ... − ასტერონი შეჩერდე, ვერ გარკვეულიყო როგორ მიემართა.
პრაედონს უფლისწულის ყოყმანმა ღიმილი მიჰგვარა, სცადა ეს საკითხი თვითონ გადაეჭრა: − სახელით მომმართეთ.
ასტერონმა ძლივსშესამჩნევად, თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და განაგრძო: − ჩემი ცხოვრება სახელმწიფეოს ხელშია. ისიც ვერ გადამიწყვეტია, ვინ მიყვარდეს. − თქვენი უდიდებულესობავ... − თუ შეიძლება, შენც სახელით მომმართე! − ასტერონმა გაიღიმა. − კეთილი ასტერონ, ვხვდები, რისთვისაც მოხვედი აქ, იმასაც ვხვდები ვინ გიყვარს, − მრავლისმეტყველი მზერა ესროლა, − ნატა, არა?! ასტერონმა თანხმობის ნიშნად, თავი ოდნავ დაუქნია. − მაშ, თუ გინდა გადაწყვიტო ვინ გიყვარდეს, რატომ იმრუდებ გზას? − ვერ მიგიხვდი, პრაედონ! − უფლისწულს გაკვირვებული ხმაჟღერადობა ჰქონდა. − ის დრო, რაც ჩემთან მოსვლისთვის დახარჯე, არ ჯობდა, ნატასთან მისულიყავი და საკუთარი გრძნობები გაგემხილა, მის ჭეშმარიტებაში დაგერწმუნებინა?
ასტერონ გაეღიმა, თუმცა მისი გამომეტყველება საკუთარი თავის დაცინვას ჰგავდა. ახლახანს მიხვდა, რომ ოაში მართალი იყო.
− მეტიც, − განაგრძო პრაედონმა, − სიყვარული ნაპერწკალივითაა, თუ გამოკვებავ, ცეცხლად გადაიქცევა, თუ ყურადღებას მოაკლებ, უკვალოდ გაქრება. − რისი თქმა გინდა?
პრაედონი წამოდგა და ბუხრისკენ გაემართა. ხელი ცეცხლისკენ გაიშვირა. უეცრად ალი მკლავზე მოედო.
ოაშიმ მეზღაპრეს შეშინებული მზერით შეხედა. ლაპარაკის უნარი წაერთვა. ვერ წარმოიდგენდა, რომ მის წინ ჯადოქარი აღმოჩნდებოდა. ასტერონი ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. უდრტვინველი იდგა და პრაედონს უცქერდა.
მეზღაპრე აალებული მტევნით უფლისწულთან მივიდა, ცეცხლმოკიდებული თითები მკერდის სიმაღლეზე აღმართა და თინჩი ხმაჟღერადობით ასტერონს მიმართა: − როგორც ეს ალი, შენი გულიც მხურვალებითაა გაჟღენთილი, სიყვარულის მხურვალებით, − სათქმელი დააზუსტა, − ცდილობ, ისე მოიქცე, როგორც შენს ლილატს მოეწონება, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. შენმა ლილატმა ისეთი უნდა მიგიღოს, როგორიც ხარ და არა ისეთი, როგორც მას სურს, რომ გხედავდეს. თუ აირჩევ გზას, მიჰყევი ბოლომდე, რადგან ხანგრძლივ მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება. ამდაგვარად, თუ თვითონ არ გადადგი ნაბიჯი, მაშინ ნავკოსალარის გარეშე დარჩენილი ხომალდივით ილივლივებ უკიდეგანო ზღვაში და ქარი საითაც დაბერავს, შენც იქითკენ წახვალ, − პრაედონმა ხელი დაწია და ცეცხლიც ჩაქრა, − მე ჩემი ბედის მესაჭედ ვიქეცი, უარი ვუთხარი მონობას. შენც შეგიძლია მსგავსად მოიქცე... არა აქვს მნიშვნელობა კანონით ხარ მონა, თუ სურვილით. მონობა − მონობაა. უნდა გათავისუფლდე. დაანგრიე ბორკილები, გაწყვიტე ჯაჭვი. − ვხვდები, რასაც მეუბნები პრაედონ, − ასტერონი გასასვლელისკენ გაემართა, მას ოაში დაედევნა, თუმცა უფლისწულმა იგი შეაჩერა, − მარტო უნდა წავიდე, − თქვა და ღამის საბურველში გაუჩინარდა.
*** დარეთის ჰავას ზამთრის ბოლო თვეს ხასიათი წაუხდა. ხშირად იღრუბლებოდა. მეფისწულს ნავკოსალარმა ურჩია რაჰში გამგზავრება არ გადაედო, რათა ჰალტელეის დასაწყისში ჩასულიყვნენ, თორემ შემდეგ ქარბუქიანი ამინდების დროება დგებოდა, ზღვაც აბობოქრდებოდა და მოგზაურობაც გაჭირდებოდა.
ივარსოეჰის ცხრამეტში, ფეტიჶშურისის დღეს ასტერონი, ნატა და ოაში გასამგზავრებლად გემზე ავიდნენ. მათი მისვლისას მეგემსართავენი აფრებს შლიდნენ და ხომალდს ბორკილებისგან ათავისუფლებდნენ: გემმისადგომიდან ბაგირებს, გემსართავებსა და გემსაბელებს ხსნიდნენ. ხუთი კაცი კიჩოზე წრიულას ატრიალებდა, რათა ღუზა ამოეზიდა. ზეციერებმაც მადლი მოჰფინეს, ზურგის ქარი მოუვლინეს და გემმაც გეზი აღმოსავლეთისკენ აიღო.
ივარსოეჰის ბოლო ღამეს, ახალ წელს, გემზე შეხვდნენ. რაჰული წეს-ჩვეულებების მიხედვით მოილხინეს. ოაშიმ მეკვლეს მოვალეობა ითავა. მთელი ღამე დარანას სვამდნენ და ხალისობდნენ.
ჰალტელეის მესამე ღამეს ნავკოსალარი უფლისწულს ეწვია და მოახსენა, რომ გამთენიისას უკვე რაჰში იქნებოდნენ.
ვიდრე მზის სხივები ზღვას მოეფინებოდა, ხარიპარიას კი დღის ნათელი შთანთქავდა, ასტერონს გამოეღვიძა. გადაწყვიტა გემბანზე გასულიყო და სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა. გემის ქიმზე გავიდა და ალისფრად შეღებილ, სიღრმეში მკრთალი ანარეკლივით განფენილი მთები შეათვალიერა.
− ღელავ? − ნატას იჭვნეულ ხმაზე ასტერონი შემობრუნდა.
უფლისწულმა ჩაიღიმა, უნდოდა ეჩვენებინა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა მისი გამომეტყველება ღალატობდა.
ასტერონი ნატას მიუახლოვდა. ხელი თმაში შეუცურა. მოეფერა. მშვიდი ღიმილი გამოისახა და აკოცა.
− შენ თუ ჩემ გვერდით იქნები, ყველაფერს მოევლება, − გაბზარული ხმაჟღერადობით უთხრა უფლისწულმა, − შენ ჩემი მეუღლე, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ხარ. − ასტერონ, − თინჩი ხმით დაიწყო ნატამ, − რაც უფრო ვუახლოვდებით დედაქალაქს, მღელვარება მეტად გეტყობა; ვიცი, ჩემი ცოლად შერთვა, სამეფო ადათებს ეწინააღმდეგება, ვხვდები, რომ შეცდომა მოგვივიდა... − თვალი მოარიდა ქმარს და დააზუსტა, − მე მომივიდა, არ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი. − მრავალჯერ ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე, − გაღიზიანებული ხმაჟღერადობით დაიწყო ასტერონმა, − ჩემი არჩევანი ჩემი პასუხისმგებლობაა... − მართალია, მაგრამ ხომ იცი, ხალხი ჩემნაირს დედოფლად არასდროს მიიღებს, მე დედოფალი ვერასდროს გავხდები, − თავდაჯერებით წარმოთქვა ნატამ, − არავინ მიიღებს გლეხის ქალს დედოფლად, ეს შენც კარგად იცი. − მაშინ, არც მე გავხდები მეფე!
რაჰის მთებიდან მზე დაისის დიაზღვისკენ ამაყად მოემართებოდა. ნათელს ჰფენდა სამეფოს დედაქალაქს, რომელიც გემის მიახლოებასთან ერთად თანდათან იზრდებოდა. ბეღურას საყვირმაც არ დააყოვნა, რომელიც გემზე მყოფთ მიწის სიახლოვეს ამცნობდა.
− ნუ ღელავ, ძვირფასო, − მშვიდად დაიწყო ასტერონმა და რაჰს გახედა, − ყველაფერს დღეს მოევლება, − ნელი ნაბიჯით ქიმისკენ გაემართა, თითქოს სურდა, ქალაქისთვის თვალი ახლოდან შეევლო.
საყვირის ხმაზე ხორეუდან ოაში გამოვიდა. ნატასთან ფრთხილად მივიდა და მიესალმა.
− რა სჭირს? − გაკვირვებული ხმაჟღერადობით ჰკითხა. − საკუთარი ოჯახის ეშინია და თავს არ უტყდება, − ნაღვლიანად უპასუხა ქალმა და ხორეუსკენ გაემართა.
ვიდრე ხომალდი ნავსაყუდელში არ შევიდა, ასტერონს ქიმიდან ფეხი არ მოუცვლია. ღუზის წყალში ჩაშვების ხმამ და ჯაჭვების ხრიალმა თითქოს სიზმრებიდან გამოარკვიაო. შემოტრიალდა. ჩასასვლელთან ნატა და ოაში ელოდებოდნენ.
− წავედით? − შეპარვით ჰკითხა ნატამ.
ასტერონმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაუღიმა. უხალისოდ ჩაიარა კიბე და მისთვის გამოგზავნილ სამეფო მაკოროფალთან მივიდა. ეტლთან ქეშიკნი შეკრებილიყვნენ. უფლისწულს ზურა დახვდა. ასტერონს მწიგნობარ-უხუცესის დახვედრა არ გაჰკვირვებია, ოაშის სიტყვები გაახსენდა, დედაქალაქმა ყველაფერი იცის.
− ხელმწიფე გელოდებათ, უფლისწულო! − თინჩი და შეშფოთებული ხმით მიმართა ზურამ. − ვეახლები, − ასტერონს ზურასთვის არც კი შეუხედავს მაკოროფალში ასვლაში ნატას ხელი გაუწოდა და თვითონაც ავიდა.
ასტერონი ნატას სიყვარულით აღსავსე მზერით უცქერდა. ნატა ქალაქს ათვალიერებდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. განცვიფრებული სახით, ქალი უფლისწულს შემოუტრიალდა და უთხრა: − კალა ყველაზე დიდებული ქალაქი მეგონა, რაჰი მასზე მრავალჯერ აღმატებულია, − კვლავ ფანჯარაში გაიხედა. − სილამაზეს როდესაც ეჩვევი, ის ჩვეულებრივი ხდება, − ასტერონმა ნატას მტევანი ხელში მოიქცია, თითქოს იჭერდა, არ უნდოდა დაეკარგა, კაცს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ნატა ბაბუაწვერას ბულული იყო და სიოს სუსტ დაბერვაზეც კი ჰაერში გაუჩინარდებოდა.
მაკოროფალი სასახლის კართან გაჩერდა.
− ეს სასახლე დარიელებმა ააშენეს, − გადმოსვლისას მიუთითა სახელმწიფეო სრა-სახლზე და ხელი გაუწოდა. − დიდებულია, − გაკვირვებისაგან ნატა ჰაერს გამალებით ისუნთქავდა, − საოცარია. − გარედან მართლაც დიდებულია, − ჩაიცინა უფლისწულმა, − შიგნიდან ყარს...
ასტერონმა სასახლეს ახედა, სახე შეეჭმუხნა, შემდეგ გაღიმება სცადა და ცოლს მიუბრუნდა: − ქალაქს მოგვიანებით დაგათვალიერებინებ, ახლა მოსასვენებელში წავიდეთ, შენ დაისვენე, მე მამა-ხელმწიფე სამხედრო საბჭოზე მიწვევს. ნატა მეუღლეს ჩუმად დაეთანხმა და ორივენი სასახლის კარიბჭის მიღმა გაუჩინარდნენ. გეზი მოსასვენებლისკენ აიღეს. გრძელი სადარბაზოს გავლისას ასტერონმა დაინახა, მისი პატარა და კისკისით უკან-უკან ცქერით მისკენ მოიწევდა და ძმას ასტერონს ვერ ამჩნევდა. როცა ლეჲე უფლისწულს მიუახლოვდა შეჩერდა.
ასტერონმა მხიარული ხმით უთხრა: – ძიძას ისევ აწვალებ ხომ?
უფლისწულის ხმაზე მეფისასული გახევდა. ლეჲემ ასტერონს გაუღიმა. ძმისკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ შეჩერდა.
– გამარჯობა, – ცივად მიესალმა ლეჲე – ვხედავ მარტო არ ხარ. – როგორც ყოველთვის, ცნობისმოყვარეობა ქცევის წესებს გავიწყებინებს, ძვირფასო დაო, – ასტერონი დას მიუახლოვდა, ჩაიმუხლა და შუბლზე აკოცა. – სწორად შენიშნე, ძვირფასო ძმაო, თუმცა, როგორც ვხედავ, არც შენ გამოირჩევი, ქცევის წესების ცოდნით, − ლეჲემ ნატასკენ გაიხედა, −¬ არადა მომავალი ხელმწიფე ხარ. – მადლობა, პატარა ყვავილო, ჩემი დარიგებისთვის, – ასტერონს დის სიტყვები ბავშვურ ოხუნჯობად მოეჩვენა, – მაგრამ, ვფიქრობ, დღეს შენ გარდა ჭკუას ბევრი დამარიგებს, – ასტერონი თანამგზავრისკენ შებრუნდა. ხელკავისგან თავი გაითავისუფლა. გოგოს მარჯვენა ხელის მტევანი საკუთარში მოიქცია, ეამბორა და გაუღიმა, – ეს ნატაა, ჩემი თვალის ჩინი, ჩემი ცოლი. – ცოლი? – მეფისასულმა გაკვირვება ვერ დამალა, – მართალს ამბობ? – დიახ, – ასტერონმა მტკიცედ დაუდასტურა.
ლეჲე ასტერონს მიუახლოვდა, სტუმარს არც კი უყურებდა, მისი სახელი წარმოთქვა: – ნატა, – უნდოდა მისთვის ენიშნებინა, რომ საკუთარი ყურადღების ღირსადაც არ თვლიდა, – ცნობისმოყვარეობა მკლავს, უფლისწულო, რომელ გვარს ეკუთვნის ნატა, – ხმაში დაცინვა იგრძნობოდა, – დარეთიდან უნდა იყოს, არა?!
– ნუ ეჭვიანობ, – ასტერონმა გაიცინა, – ისევ ისე მიყვარხარ, როგორც ადრე. – და მაინც, ჩემს ეჭვიანობას ყურადღება რომ არ მივაქციოთ, – ნატასკენ გაიხედა, – რომელ გვარს ეკუთვნით, საიდან ბრძანდებით? – თქვენო უდიდებულესობავ, – ნატას სიტყვები უწყდებოდა, ათრთოლებული ხმით გამოსცრა, – მესტვირის. – მესტვირის? – უფლისასულს თვალები დაუწვრილდა, წარბები კუშტად შეკრა, – არ მსმენია ამ გვარის შესახებ. – მართალია, – თავი დაუქნია ასტერონმა, – არ გსმენია, რადგან წარჩინებულთა გვარს არ მიეკუთვნება! – გასაგებია, – ჩაიღიმა ლეჲემ, – ეგ შევნიშნე, – საჩვენებელი თითი მოაკაუჭა და ნატას მიმართულებით ჰაერში აატარ-ჩამოატარა – ასტერონს სამოსზე მიანიშნა, – მაგრამ ჩემი ეჭვების დადასტურება მინდოდა.
რამდენიმე წამის შემდეგ ღიმილიანი სახით ლეჲემ ძმას ახედა და მხიარული ხმით უთხრა: – მართლა გამიხარდა შენი ჩამოსვლა. წავედი, ისევ ძიძას გავაწვალებ, – ნევის გახედა.
უფლისასული თვალს მოეფარა თუ არა, ნატა ასტერონს მიუბრუნდა და მღელვარე ხმით უთხრა: − ვიცოდი, რომ შენი ოჯახი არ მიმიღებდა, თუმცა შიშს თუ შთამინერგავდა, არ მოველოდი. − ლეჲე ჯერ ბავშვია, − ასტერონს გაეცინა, − რა შიში უნდა შთანერგოს? − გაკვირვებული ხმაჟღერადობა ჰქონდა. ნატას არაფერი უპასუხია.
მოსასვენებლამდე მისასვლელი გზა ორივემ მდუმარებით გაიარა. უფლისწული ნატას დაემშვიდობა და სამხედრო საბჭოს დარბაზისკენ გაემართა. დარბაზობას ყველა ხუცესი ესწრებოდა. თუმცა მაგიდაზე გაშლილ რუკასთან მხოლოდ მეფე და მხედარმთავრები იდგნენ.
შემოსულ ასტერონს ალთიონმა თვალი შეავლო და საუბარი ჩვეულად განაგრძო: − ჩვენი ჯარი მდინარე ვენტეჶინეს სამხრეთით დაბანაკდება, ხოლო გარუთ-ჟაჰის ლერთქემის მოსვლისთანავე პეტროკალას ველზე გადახვალთ? − დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, − მაღალ მხარბეჭიან სარდალს ბოხი ხმა ჰქონდა, − თუმცა უნდა აღვნიშნო, პეტროკალას ველი გარს მთებითაა შემოზღუდული, ამიტომ ჯერ პათომონში, მდინარე ვენტეჶინესთან შევიკრიბებით და მთავარსარდლის მოსვლის შემდეგ, ვერიოსის საზღვარს გადავკვეთ. უნდა შევნიშნო, რომ „ვერიოსის ხახა“ კი კარგადაა დაცული. ნიშუობის დახმარების გარეშე, ვფიქრობ, ვერას გავხდებით. − ნიშუობა, − ალთიონს ჩაეღიმა, − მამაჩემმა იზრუნა, რომ სარაჰს სამხედრო ხომალდები აღარ ჰყოლოდა. − მეფე უფლისწულს მიუბრუნდა და თინჩი, ცქვირინისეული მზერით ჰკითხა, − შენ რას იტყვი, ასტერონ?!
ყველა ასტერონისკენ შებრუნდა. უფლისწულს გამომცდელი მზერით უცქერდნენ, თითქოს მისგან რაიმე ღვთაებრივს, გადამჭრელსა და დიდებულ პასუხს ელოდნენ. თასბოშს დიდებულთა ყურადღება არ ეხამუშა, უნდოდა, იქაურობას გასცლოდა, სამეფო კარის ფაცი-ფუცი და ხვანჭები უკან მოეტოვებინა, თუმცა იცოდა, მეფის შეკითხვა უპასუხოდ არ უნდა დარჩენილიყო, რამე უნდა ეთქვა.
− ვფიქრობ, სარაჰს თექვსმეტი წელი ჰქონდა მოეგვარებინა ის საკითხი, რაც გიორგის არ გამოუვიდა, − უფლისწულმა ალმაცერად ჩაიღიმა, უხუცესებისა და სამხედრო სარდლების გაოგნებულ გამომეტყველებას ყურადღება არ მიაქცია, მაგიდასთან მივიდა და თითი დაისის დიაზღვისკენ გაიშვირა, − თუმცა ნიშუობა არაფერში გვარგია თუ გინეკაიას აღება არ გვინდა, − ასტერონმა თითით რუკის ჩრდილოეთისკენ გააყოლა და ვერიოსის დედაქალაქზე მიუთითა, − თუ სამხრეთის მიწების შემოერთებას ვცდილობთ, ნიშუობით დაისის სანაპიროებზე ძალებს გადავსხამდით, შესაძლოა გაგვემარჯვა კიდეც, მაგრამ უკან გამოვბრუნდებოდით თუ არა, ვერიოსელები დაკარგულ მიწებს უმალ დაიბრუნებდნენ. საერთოდ კი სარაჰელების მიერ ჩრდილოეთი სამეფოს სრული დაპყრობა შეუძლებელია, ამისთვის არც ძალა გვეყოფა, არც ხალხი გვყავს საკმარისი და არც ერთიანობა გვაქვს. − ცქვირინისეულია, − მრუმედ და უხეში ხმაჟღერადობით წარმოთქვა ალთიონმა და სარდლებს მიუბრუნდა.
ასტერონი სამხედრო საბჭოს მსჯელობას ყრუდ უსმენდა და ფიქრობდა, რომ დროის ამაო ხარჯვაა. ბოლოს, როგორც იქნა, განხილვა დაასრულეს. ხელმწიფემ ყველა დაითხოვა, ხოლო ასტერონს დარჩენა სთხოვა.
მეფე მკაცრი იყო. მისი გამოხედვა, ხმის მუგვობა მრისხანებას თუ არა, სიბრაზეს მაინც გამოხატავდა. თუმცა ცდილობდა მშვიდი გამომეტყველება ჰქონოდა.
− ზურამ შემატყობინა ცოლი შეგირთავს?! − უჩვეულოდ მშვიდი ხმით დაიწყო და შვილს მიუახლოვდა. უფლისწულმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია; შეეცადა, სიმტკიცე გამოეჩინა. − გლეხის ქალი შეირთე ცოლად, მშობლების თანხმობის გარეშე, − მამა საყვედურობდა, − ირისტელებთან გვირგვინის მოლაპარაკებები არად ჩააგდე, ოჯახს უღალატე, − ალთიონს თვალებში მრისხანება თანდათან უღვივდებოდა, − თანაც კარგად იცი, რომ სახელმწიფეოს დედოფალი უგვარო ვერ გახდება. − საბედნიეროდ, გვირგვინს კიდევ ერთი მემკვიდრე ჰყავს, ტეონს შეუძლია ჩამანაცვლოს. თუ საჭირო გახდება, ტახტზე უარს ვიტყვი, − ასტერონის სიტყვებში სითინჩე ჩანდა, დინჯი ხმაჟღერადობა ჰქონდა, − ჩემს სიყვარულს, გრძნობებს სახელმწიფეოს სამსხვერპლოზე ვერ დავდებ. − როგორც გადაწყვეტ, უფლისწულო! − უხალისოდ უთხრა ალთიონმა და გასასვლელისკენ გაემართა, − ჯერ ომი უნდა დავასრულოთ, ამ საუბარს მოგვიანებით განვაგრძობთ, − ხელით ანიშნა, რომ გაჰყოლოდა. ასტერონიც ხელმწიფეს მორჩილად გაჰყვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დროის ამ მონაკვეთში ელენი აისისკენ მოგზაურობს :) დროის ამ მონაკვეთში ელენი აისისკენ მოგზაურობს :)
4. მეგონა პერსონაჟები აღარ მახსოვდა. თურმე ტყუილად მეგონა. ელენი სად გავუშვით? წარმატებები მეგონა პერსონაჟები აღარ მახსოვდა. თურმე ტყუილად მეგონა. ელენი სად გავუშვით? წარმატებები
3. წარმატებები! 5 წარმატებები! 5
2. წარმატებები! 5 წარმატებები! 5
1. რა უცნაურად წერთ. რა რთულია, ალბათ, ასე წერა. კითხვას იწყებ, გგონია, ვერ გაიგებ, არადა კითხულობ და ყველაფერი გესმის. :))) „მტვერის“ გაგრძელებას 5 ქულით შევხვდეთ.
რა უცნაურად წერთ. რა რთულია, ალბათ, ასე წერა. კითხვას იწყებ, გგონია, ვერ გაიგებ, არადა კითხულობ და ყველაფერი გესმის. :))) „მტვერის“ გაგრძელებას 5 ქულით შევხვდეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|