| ავტორი: ტინნე ჟანრი: პროზა 7 მაისი, 2021 |
ჩვილი ბავშვივით მეძინა. ტვინი მთლიანად გაითიშა და უსიზმრო ძილმა ჩამითრია. დასვენებული აზროვნებით და მომატებული ენერგიით გამეღვიძა. შფოთსა და გადაღლილობას ვეღარ ვგრძნობდი. ყნოსვა ჭუჭყიანი საბნის სუნსაც თითქმის შეეგუა. ჭრილობა აღარ მაწუხებდა, მხოლოდ მხარი მტეხდა ოდნავ. სულიერი სიცარიელე მამძიმებდა უსაშველოდ. ემოციებმა ერთიანად დამტოვა. სტრესმა თითქოს თავი ამოწურა და გაქრა. ერთადერთი რაც მტანჯავდა, მარკოს არაფრის გამო გაღებული სიცოცხლე იყო. ვინატრე კიდეც, მეც ავარიის დროს დავღუპულიყავი. რა აზრი ჰქონდა ჩემს გადარჩენას თუ ისევ მტარვალთა ხელით უნდა დავღუპულიყავი?! წინააღმდეგობის გაწევა აღარ შემეძლო... აღარც მინდოდა... ვგრძნობდი, რომ შეცდომას ვუშვებდი და კიდევ ერთხელ უნდა მეცადა, თუნდაც მარკოს გამო… საუზმე მეორე მეთვალყურემ შემომიტანა. ბუტერბროდი და ხილის წვენი იყო. შევჭამე. ერთი საათის შემდეგ ისევ მომაკითხა და ნაცნობ დერეფანს გავუყევით. მზე მხიარულად კაშკაშებდა. ამჯერად ერთი ტერასით ქვემოთ ჩავედით. რამდენიმე წუთში დანარჩენებიც მოიყვანეს და კვლავ უსიტყვოდ დავიწყეთ მუშაობა. შვედი ანტონი, როგორც შემდეგ გავიგე მისი სახელი, მეტისმეტად ნელა მოძრაობდა და დაკვირვების შემდეგ, მისი ტუჩები არაბუნებრივად ლურჯი მომეჩვენა. თავიდან მზისგან თვალის მოჭრას დავაბრალე, მაგრამ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ხელი თავისდაუნებურად გულისკენ წაიღო. ქერა, რომლის სახელი ვერ გავიგე, კვლავ უჩუმრად, ჩვენგან ოდნავ მოშორებით მუშაობდა. ფრანგი სოფი, კაფანდარა გოგო, ჩემსავით ჟურნალისტი აღმოჩნდა. ცდილობდა ნაკლები ელაპარაკა, ასე მეგონა არავის ენდობოდა და თავის ნაჭუჭში იკეტებოდა. გუშინდელისგან განსხვავებით, ვეცადე ჩვენს მდგომარეობაზე მათგან რაიმე მაინც გამეგო. დაუჯერებლად მეჩვენებოდა, ამდენ ხანს იმისთვის მდევნიდნენ რომ მონად ვექციე და სიცოცხლის დარჩენილი დრო აქ გამეტარებინა. გარემოზე კარგად დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე, სურვილი რომც მქონოდა, მაინც ვერსად შევძლებდი გაქცევას. პირველი მიზეზი ჩვენს სიახლოვეს მუდმივად მყოფი შეიარაღებული ადამიანი იყო. რამდენიმე ათეული მეტრის გარბენას ვერც მოვასწრებდი, უმალ მისი ცხელი ტყვია დამეწეოდა. მეორე მიზეზი კი, თვალუწვდენელი, ერთფეროვანი ტერიტორია იყო. გუმანი მკარნახობდა რომ ეს ადგილი დანარჩენი, ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტილი იყო. სხვა შემთხვევაში ვერ გაბედავდნენ, აქ ჩვენს ასეთ მონურ პირობებში გაჩერებას. მიუხედავად ასეთი უიმედო მდგომარეობისა, ოქროს სამი უმცირესი მარცვალი შეუმჩნევლად მოვიპარე და მარჯვენა წინდის საყელოში დავმალე. საყელო რამდენჯერმე გადავკეცე, მეტი უსაფრთხოებისთვის. თუ გაქცევას მოვახერხებდი ნამდვილად გამომადგებოდა, თუ არა და დასაკარგიც არაფერი მქონდა... უკვე თითქმის იმაშიც დავრწმუნდი რომ, ეს არ იყო ჩემთვის ცნობილი საბადო „სუპერ პიტი“. მას ყოველდღიურად უამრავი ტურისტი სტუმრობდა, მე კი, აქ ჩვენს გარდა, არავინ შემიმჩნევია. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით რომ ვიმყოფებოდით ეს ნამდვილად ვიცოდი. მხოლოდ ამ მხარეს მოიპოვებოდა ძვირფასი მეტალები. ეს ალბათ სხვა, შედარებით მცირე საბადო იყო. გაქცევა რომც მომეხერხებინა, ცოცხალი დიდხანს ვერ გავატანდი. საკვებისა და ტრანსპორტის გარეშე, თითქმის გაურკვეველ ტერიტორიაზე გადარჩენის ძალიან მცირე შანსი მექნებოდა. აქ ნამდვილად ვერ ვიპოვიდი კიდევ ერთ ღვთისნიერ ქართველს. მეორედ ასე ნამდვილად აღარ გამიმართლებდა. თანაც, თავის დაღწევა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დანარჩენები არ შეეცდებოდნენ?! ასე, უსიტყვოდ შეეგუებოდნენ მონობას?! სოფისთან ახლოს მივიჩოჩე. რაიმე უნდა დამეცდენინებინა. -იცი სადაც ვართ? -ჩურჩულით ვკითხე. -რათქმაუნდა, მაგრამ აზრი?! -გაგონილისგან გაკვირვებულმა ამომხედა. -გაქცევა არ გიცდიათ? ასე მშვიდად როგორ ხართ? -და მერე, ვინ გითხრა რომ მშვიდად ვართ?! შენ გგონია მოვახერხებთ?! -სცადეთ მაინც? -ვერ ვისვენებდი. -ირგვლივ მიმოიხედე, აქედან თავი როგორ უნდა დააღწიო? -ხელები გაშალა. -აბა, ასე უმოქმედოთ ვიჯდეთ და ოცდამეერთე საუკუნის მონებად ვიქცეთ? -და... შენ გგონია ასე დიდხანს გაგრძელდება? -უცნაური ტონით მკითხა. კითხვის შებრუნება ვეღარ მოვასწარი რომ ტერასების თავზე მანქანის ხმა გაისმა. ყველას მზერა იქით გაექცა. შავი, მაღალი გამავლობის ჯიპი გაჩერდა და სამი ადამიანი გადმოვიდა. მანქანის მარკა მეცნო... მძღოლი, გალეული ბიჭი იყო. მეორეც მაშინვე ვიცანი, მორიელი გემიდან... მესამე მაღალი და ძალიან ლამაზი ქალი აღმოჩნდა. გრძელი, სწორი და შავი თმა კეფაზე „ცხენის კუდად“ შეეკრა და თავაწეული ამაყად გადმოგვყურებდა. საჯირითო ჩაცმულობა ჰქონდა. შარვალი მიმზიდველ, შოლტივით სხეულზე მჭიდროდ ეკვროდა და მუხლამდე ჩექმაში ჰქონდა ჩატანილი. რამდენიმე წუთს სათვალით გვიმზერდა მაგრამ შემდეგ მოიხსნა, მისი სახის მშვენიერი ნაკვთები უფრო თვალსაჩინო გახდა. ვუყურებდი და რატომღაც მეგონა რომ ისიც მხოლოდ მე მიყურებდა. რამდენადაც მანძილი საშუალებას მაძლევდა, თვალი არ ამირიდებია. გონებაში საყურიანის სიტყვები ამოტივტივდა, ბოსი და მისი ბრძანება რომ ახსენა ჩემთან დაკავშირებით. მამაკაცები უკან ამოსდგომოდნენ და მის უპირობო ლიდერობას თითქოს ასე გამოხატავდნენ. ჩემი ფიქრის პასუხად, მათი დანახვისას, ჩვენი მეთვალყურეც ელვის უსწრაფესად ფეხზე წამოხტა და დაფასთან გასული მოსწავლესავით გაიჭიმა. ჩვენი უსიტყვო ომი თვალებით ალბათ ათ წუთს გაგრძელდა, ან მე მომეჩვენა ასე. ჯიუტად ფეხი არ მომიცვლია და გამართული ვიდექი. ინტუიცია მკარნახობდა რომ სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი. რატომ?! ვერ ვიტყოდი. სხვებს მუშაობა გაეგრძელებინათ. გასაგები იყო რომ მათთვის ამ ქალის ხილვა სიახლეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ამ წუთას თვითონაც არ ვიცი რატომ, დარწმუნებული ვიყავი რომ ის ზუსტად ჩემს სანახავად მოვიდა. სტუმრები უსიტყვოდ შებრუნდნენ და წავიდნენ. საქმეს მივუბრუნდი. რომ დავფიქრდი, საკუთარ სიჯიუტეზე მწარედ გამეცინა: ტყვედ მყოფს რომ კიდევ საკუთარი სიამაყე მადარდებდა... მაგრამ ვერ ვხსნიდი იმ გრძნობას, რომ სწორად მოვიქეცი. უსაშველოდ დაცხა. მზე შუბისტარზე დაეკიდა და მიდამო სარკესავით აბრჭყვიალდა. სულის მოთქმა გაჭირდა. ჩემი ყურადღება სოფის მოძრაობამ მიიპყრო. ხშირ-ხშირად იხრებოდა და სპორტული კედების თასმებს ისწორებდა. ხოლო ანტონის გამომეტყველებამ უარესად შემაშფოთა. სახეზე ოფლის წვეთები ღვარად ჩამოსდიოდა მაგრამ მაინც ჯიუტად აგრძელებდა მუშაობას. ჩემს კითხვას, ნამდვილად კარგად იყო თუ არა, თავის დაქნევით გაეპასუხა. ისევ სოფისთან გადავინაცვლე. გაჩენილი კითხვები მოსვენებას მიკარგავდა. -ვინ იყო ის ქალი? -შენ, ვფიქრობ საერთოდ არაფერი იცი სად მოხვდი არა?! -წელში გასწორდა და გამომცდელად დამაკვირდა. -არა! -მგონი, ჯობს შეეგუო ჩვენსავით მდგომარეობას და გაქცევაზე ფიქრი თავიდან ამოიგდო! ვერაფერი გავიგე. -კი, მაგრამ რატომ? -იმიტომ რომ მალე არცერთი ჩვენგანი ცოცხალი აღარ იქნება! თვალები გამიფართოვდა და ხმა ვეღარ ამოვიღე. -ნუ, თუ გაგვიმართლა, შესაძლოა რაღაც პერიოდი დანაწევრებულებმა ვიცოცხლოთ. -ღმერთო, რას ამბობ?! -ხო, ასეა! ჩვენ ორგანოებით მოვაჭრეთა ტყვეები ვართ... მანამდე ვიცოცხლებთ და ვიმუშავებთ, სანამ ვინმესთვის საჭირო დონორი გავხდებით. იქამდე კი, მათთვის უბრალოდ უფასო მუშახელი ვართ. მოსმენილისგან თავბრუ დამეხვა. -შენთვის ანალიზები ჯერ არ აუღიათ? უარის ნიშნად თავი გავიქნიე. -აჰა, გასაგებია! ამიტომაც ვერ მიხვდი ვის ხელში ჩავარდი. მუხლებში ძალა გამომეცალა და იქვე ჩავჯექი. ამ წუთას გასაგები გახდა მარკოს თავგანწირული ბრძოლა, გადავერჩინე და ამ ქვეყნიდან გავეყვანე. მან მშვენივრად იცოდა ის საფრთხე რაც მელოდა. მეთვალყურეს ჩემი უმოქმედობა არ გამორჩენია და ხმადაბლა შემიღრინა, ავმდგარიყავი და მუშაობა გამეგრძელებინა. წელი ძლივს ავითრიე და საქმეს შევუდექი. თავში ყველაფერი ამერია, თითქოს ტვინს ვიღაცამ ხელი მოურიაო, აზრებს ვეღარ ვალაგებდი. სწორედ ამიტომ ცდილობდა მარკო ჩემს გადარჩენას... წარმოვიდგინე, რამდენი ადამიანი იყო ასე უგზოუკვლოდ დაკარგული. რამდენი უდანაშაულო შეიწირა უსისხლო და უგულო ბოროტმოქმედების სიხარბემ. შოკური მდგომარეობიდან ანტონის წაბორძიკებამ და მიწაზე დაშვებამ გამომიყვანა. მისი ნელი მოძრაობით გაღიზიანებულმა მეთვალყურემ ფეხი ამოუქნია და ხმამაღლა შეაგინა რომ ყოჩაღად ემოძრავა. მამაკაცის თავმოყვარეობამ მეტი ვეღარ აიტანა... ფეხზე უმალ წამოვხტი და მისკენ გავექანე. დანარჩენები გაოგნებული სახით გვიყურებდნენ, ვერ მიმხვდარიყვნენ რა მოხდა. სწრაფად მივვარდი და უკვე მიწაზე ჩაჩოქილი, ხელით შევაკავე. სოფის ვუყვირე რომ მოსულიყო და დამხმარებოდა, თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, მაშინღა ამოძრავდა და წამში ჩვენთან გაჩნდა. ვთხოვე, ავადმყოფს ზურგს უკან დასჯდომოდა და მისი სხეული მჯდომარე პოზიციაში შეეკავებინა. ანტონს მარჯვენა ხელით გულის მხარეს პერანგი მთელი ძალით ჩაებღუჯა. სახეზე ოფლის მსხვილი წვეთები ჩამოსდიოდა, ნაცრისფერი ედო და ტუჩები გალურჯებოდა. უმალ მივხვდი, გულის შეტევასთან მქონდა საქმე. ჩემი უსაყვარლესი ბაბუაც სწორედ ასე დაიღუპა, პირველადი დახმარების გაწევაც მაშინ ვისწავლე. თვალწინ მისი კეთილი სახე დამიდგა და გაშეშებულ მეთვალყურეს ბოლო ხმით ვუკივლე, ასპირინის აბები ეშოვნა ჩემთვის და სასწრაფო გამოეძახებინა. იმ წუთას ნამდვილად ვერ გავიაზრე რაოდენ სისულელე ვთხოვე, აქ სასწრაფოს ვინ მოგვიყვანდა?! ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და სადღაც დარეკა. ქერა შორიახლოს იდგა და უემოციოდ გვიყურებდა, თითქოს სრულებით არ ადარდებდა მის თვალწინ რაც ხდებოდა. ანტონს სახე ტკივილისგან მოღრეცოდა და ხმადაბლა გმინავდა. მისი მუხლები შევაერთე, პერანგი და ქამარი შევუხსენი. მაჯა გავუსინჯე, პულსი სწრაფად და ძლივსგასაგონად ფეთქავდა. რამდენიმე წუთში საყურიანმა ქშენით მოირბინა და ხელში ასპირინის ორი აბი ჩამიდო. ღმერთს გულში მადლობა შევწირე, რომ ამ გადაკარგულში საჭირო წამალი აღმოაჩნდათ. ანტონს პირი გავაღებინე და რადგან აბები დაბალდოზიანი იყო, ორივეს გაღეჭვა ვაიძულე. მის მაჯას ისტერიულად ვიყავი ჩაფრენილი და პულსს მთელი გულისყურით ვუსმენდი. მძიმედ, მაგრამ ცოტა ხანში სახეზე ოფლის წვეთები გაუქრა, გულისცემა ნორმას უბრუნდებოდა. შვებით ამოვისუნთქე. ჩვენს ზემოთ მანქანა შეჩერდა და ვიღაც ქვემოთ დაეშვა. ექიმის ხელჩანთიანი მამაკაცი სწრაფად მოგვიახლოვდა და განზე გაგვწია. მისმა შესახედაობამ შემზარა. შეშუპებულმა თვალებმა და ირონიულმა გამოხედვამ მაფიქრებინა რომ სასმელთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. არაბუნებრივად შეწითლებულმა ცხვირის წვერმა სხვა აზრი არ გამიჩინა. თვალწინ ნამდვილი ყასაბი მედგა. პაციენტი სხარტად გასინჯა და მისი შენობაში გადაყვანა ბრძანა. უმალ შეასრულეს და ჩვენც მის გზას გაგვიყენეს. მარტოდ დარჩენილმა უცნაური, შვების სიხარული ვიგრძენი. ჩემმა სწრაფმა რეაქციამ ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მქონდა. სჭირდებოდა თუ არა, მაინც განწირულ ანტონს, ჩემი დახმარება ამაზე არ მინდოდა მეფიქრა. გონებაში გამამხნევებელი ფიქრი გაჩნდა. იქნებ რაღაც გარკვეული მიზნით მოვხვდი ამ კონტინენტზე. იქნებ ჩემი ამოჩემება რაიმე მიზანს ემსახურებოდა და ეს მიზანი სწორედ ადამიანის დახმარება იყო. თუ ამ კუთხით მივუდგებოდი პირად ტრაგედიას, შესაძლოა აღსასრული არც თუ იმდენად მტკივნეული ყოფილიყო. დღის განმავლობაში გადატანილი, დაღლილობისა და დაძაბულობის შედეგად მხარმა თავი შემახსენა და ყრუდ დამიწყო ტკივილი. მივწექი და თვალები მივლულე. ალბათ ჩამეძინა, რადგან კარის ხმაურზე ფეთიანივით გამოვფხიზლდი. სანამ აზრზე მოსვლა მოვასწარი, ყასაბი-ექიმი უკვე ჩემს წინ იდგა. გამჭოლი მზერით მბურღავდა და მის შემხედვარეს შიშის არსებობა კიდევ ერთხელ გამახსენდა. ჩემს წინ ჩაიმუხლა და ჩანთიდან ინსტრუმენტების ამოლაგება დაიწყო. ჩემდაუნებურად უკან დავიხიე მაგრამ იმასაც კარგად ვხედავდი, ვერსად გავექცეოდი. მისი მოსვლის მიზეზიც სრულიად ნათელი იყო. მას ჩემი სისხლი სჭირდებოდა, რომელსაც უამრავ დაავადებაზე შეამოწმებდნენ და თუ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა, შესაფერისი პაციენტის ლოდინიღა გახდებოდა საჭირო. სასიკვდილოდ განწირული ადამიანი, რომელიც მსუყე თანხას გადაიხდიდა ჩემს რომელიმე ორგანოში. თუ იმდენად გაუმართლებდათ რომ პირველი ორგანო ჩემთვის სასიკვდილო არ იქნებოდა, შემდეგ პაციენტს დაუწყებდნენ ლოდინს და ჩემგან ორმაგ თანხას იშოვიდნენ. ალბათ სწორედ იმ წამს მივიღე გადაწყვეტილება, როდესაც ჩემი სისხლით სავსე მომცრო კონტეინერი დავინახე. სწორედ იმ წამს მივხვდი, რომ ასე უბრძოლველად ვერ დავტოვებდი საომარ ველს და გაქცევა კიდევ ერთხელ უნდა მეცადა. თუ არ გამომივიდოდა და დამიჭერდნენ, არაფერს ვკარგავდი, საკუთარ თავთან მაინც ვიქნებოდი მართალი რომ უკანასკნელადაც ვცადე. გაქცეულს თუ ზურგში ტყვიას მომაყოლებდნენ, ამ ჯოჯოხეთში ამაზე ნეტარ დასასრულს ვერც ვინატრებდი. ასეთ შემთხვევაში სწრაფი სიკვდილის შანსი მაღალი იყო და ის მაინც მომცემდა შვებას, რომ ჩემს სხეულს მხოლოდ გვამურ დონორად თუ გამოიყენებდნენ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამიმართლებდა, რისიც თავადაც არ მჯეროდა, მარკოს მიმართ სინდისის ქენჯნას ოდნავ მაინც შევამსუბუქებდი. ჰო, იმას კარგად ვიაზრებდი რომ ჩემი გაქცევით, რამდენიმეს თუ არა, ერთ განწირულ ადამიანს მაინც ვართმევდი სიცოცხლის უფლებას, მაგრამ იმის წარმოდგენა რომ, მტრები გაიმარჯვებდნენ და მე ვერაფრის გაკეთებას შევძლებდი, მაცოფებდა. ამ წუთას ზუსტად ვიცოდი, შუა უდაბნოში ველური ცხოველის მიერ მოსწრაფებულ სიცოცხლეს უფრო მარტივად შევეგუებოდი, ვიდრე საოპერაციო მაგიდაზე, ადამიანების ყასბის სკალპელის ქვეშ. ამდენად, გაქცევა გადავწყვიტე... უფრო სწორად, ცდა. მომდევნო ორი დღე ამის არანაირი შანსი არ მომეცა. ანტონიც ჯერ ისევ სუსტად იმყოფებოდა და ჩვენი, ანუ დარჩენილი სამი ადამიანის მეთვალყურეობა ძალზედ მარტივი იყო. ინსტიქტი მკარნახობდა რომ ჯერ ამის დრო არ დამდგარიყო. იმას კი ვერაფრით ვარკვევდი, ეს უცნაური შეგრძნება ინსტიქტი იყო თუ რადიკალური ნაბიჯის გადადგმის შიში. მხოლოდ ის მოვახერხე რომ, საკვების ყოველი ულუფიდან მცირეოდენის გადამალვა შევძელი. სამუშაოდ გასვლის წინ მის შენახვას სპორტული მოსაცმელის შიგნით გაჭირვებით ვახერხებდი. გაქცევის შანსი როდის მომეცემოდა არ ვიცოდი, ამიტომ ყველაფერი თან უნდა მქონოდა. გულმა არ მომითმინა და სოფის გავენდე. ვიცოდი ვრისკავდი, მაგრამ მაინც... გაოგნებული სახით შემომხედა. რამდენიმე წამს დამაშტერდა, თითქოს პირველად მხედავდა. -იცი, რამდენად საშიშია?! -ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო. -იმაზე საშიში, რაც აქ დარჩენის შემთხვევაში გველის?! -კითხვა შევუბრუნე. -არ მინდა შენს არჩევანში ჩავერიო, მაგრამ... აქ ერთი 20 წლის ბიჭიც იყო, იგივე სცადა. ამ ტერიტორიიდან გასვლაც კი ვერ მოასწრო რომ მორიელის ტყვიამ ადგილზევე გამოასალმა სიცოცხლეს. ჩემს თვალწინ დაიღუპა და მას შემდეგ გაქცევაზე ფიქრიც კი ავუკრძალე საკუთარ თავს. ვიცი რასაც მეტყვი, რომ უმოქმედობის შემთხვევაშიც სიკვდილი მელის, მაგრამ აქედან თავის დაღწევა ერთია და უდაბნოს ცოცხალი გადაურჩე-მეორე. -მაინც უნდა ვცადო! -გავიმეორე ჯიუტად. -მესმის, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ უდაბნოში უწყლოდ, იარაღისა და საკვების გარეშე, გადარჩენის შანსი თითქმის ნულია. დანამდვილებით ისიც არ ვიცით ზუსტად სად ვიმყოფებით... - აქ დარჩენას უდაბნოში სიკვდილი მირჩევნია! -მტკიცედ გავიმეორე. - კარგი, შემიძლია რამით შენი დახმარება? -დანებების ნიშნად ამოიოხრა. - არ მგონია, მაგრამ მაინც... როცა დრო დადგება, ეცადე ეს მხეცი როგორმე შეაკავო. - მეთვალყურისკენ მივანიშნე. თავი უხმოდ დამიქნია. ჩემდა სასიხარულოდ, მეორე დღეს ანტონი შევნიშნე. მისმა დანახვამ ორმაგად გამახარა. მადლობის ნიშნად, ოდნავ გამიღიმა და თავი დამიკრა. მთელ დღეს უსიტყვოდ ვიმუშავეთ. თანდათან საღამოს ბინდი ჩამოწვა. ჩემი ხელსაწყო გასაფილტრი მიწით ნახევრამდე ავავსე და მეთვალყურეს ჩემსკენ მოვუხმე. უნიათოდ წამოდგა და მომიახლოვდა. თავით, ჩემს ხელებში მოთავსებული მიწისკენ ვანიშნე და ხმადაბლა რაღაც ჩავიბურტყუნე. რადგან ნათქვამი ვერ გაიგო, იფიქრა რომ კარგად უნდა დაკვირვებოდა და ოდნავ დაიხარა. დრო ვიხელთე, ხელები ზევით ავიქნიე და მთელი ნაშალი ქვიშა სახეში შევაყარე. ხმამაღლა დაიღრიალა და თვალებზე ხელები იტაცა. წამის უსწრაფესად, მის საქამრეში ჩამაგრებულ იარაღს დავწვდი, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და საბადოსა და უდაბნოს გამყოფი მესერისკენ, მთელი მოკრებილი ენერგიით გავიქეცი. ზურგსუკან შენობიდან გამოვარდნილი, მეორე მეთვალყურეს ყვირილი რამდენიმე წამში გავიგონე. ყვირილს გასროლის ხმაც მოჰყვა. შუა გზაში უკან მოვიხედე. დავინახე რომ ტყვეები გამომყოლოდნენ, მაგრამ სროლის ხმას სამივე ადგილზე გაეშეშებინა. მათი გაქცევის მცდელობა რატომღაც ინსტიქტს დავაბრალე, რადგან სოფის გადაწყვეტილება მეტისმეტად კატეგორიული მომეჩვენა. გაოცებულმა ისიც შევნიშნე, რომ არავინ მესროდა. ზედამხედველი პისტოლეტს ერთ ადგილას გაშეშებულ, მაღლა ხელებაწეულ სამეულს უმიზნებდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნიკი, მადლობა დიდი :) ნამდვილად ერთიანად ჯობს კითხვა, მაგრამ უდროობის გამო შეფერხებებით ვწერ და მომიტევეთ :)) ნიკი, მადლობა დიდი :) ნამდვილად ერთიანად ჯობს კითხვა, მაგრამ უდროობის გამო შეფერხებებით ვწერ და მომიტევეთ :))
3. წავიკითხე ესეც თავის დროზე ერთად მირჩევნია წაკითხვა ხოლმე ზოგადად, მაგრამ სხვა გზა არაა იცვლება და იცვლება სიტუაციები და სულ დაძაბულ მომენტზე წყდება :))
5 ჩემგან და ველოდებით გაგრძელებას წავიკითხე ესეც თავის დროზე ერთად მირჩევნია წაკითხვა ხოლმე ზოგადად, მაგრამ სხვა გზა არაა იცვლება და იცვლება სიტუაციები და სულ დაძაბულ მომენტზე წყდება :))
5 ჩემგან და ველოდებით გაგრძელებას
2. ქ-ნო მზია მადლობა, სხვათაშორის მასე იყო და შემდეგ ჩავასწორე. როგორც ჩანს, შევცდი.. ქ-ნო მზია მადლობა, სხვათაშორის მასე იყო და შემდეგ ჩავასწორე. როგორც ჩანს, შევცდი..
1. 5 ასე შეიძლება დაიწეროს: „რატომღაც ვიფიქრე, რომ სასმელთან მეგობრობდა“. აღარ იქნება ორჯერ ზედიზედ სიტყვა „ჰქონდა.“
5 ასე შეიძლება დაიწეროს: „რატომღაც ვიფიქრე, რომ სასმელთან მეგობრობდა“. აღარ იქნება ორჯერ ზედიზედ სიტყვა „ჰქონდა.“
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|