ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2024


აღარ მღერიან სირინოზები

აღარ მღერიან სირინოზები

დაავიწყდათ სიმღერა სირინოზებს?
სიმღერა დაავიწყდათ სირინოზებს?
აღარ უშვებენ სახიფათო ძაფებს ზღვის ფსკერისკენ
ფსკერი სავსე და ცარიელი
ვისთვის სავსე და ცარიელი
არიადნეს ძაფებს გაყოლილი
ლაბირინთებს შეჭიდებული
გამოუვალი გამოსავლებით
კედლები სავსეა გველებით
კედლები სავსეა ენებით
ჭერი კი ძალიან დაბლაა
დრო კი სულ ცოტა და ცოტაა
გული ვებერთელა ქვაბია
შხამით და გესლით სავსეა
და იხარშება და იხარშება
ოხშივარს აჰყვება ფიქრები
ნალექი კაცობრიობის სევდაა
ქაფი - მეგობრობა და სიყვარული
- მოხდი და არცერთია მუდმივი
დაშრობამდე ფეთქავს - სიცოცხლის იმიტაცია
ყველგან ჯვარედინი კარია
ყველგან არჩევანი მარხია
- ამოთხარე და რაც შეგხვდება ეგაა.
მაცდურება გამოუსადეგარია
სივერაგე აღარ გვარგია
ცბიერება - დავიწყებას მიცემული ფანდია
ყველა გზა ისედაც სავსეა გამოუვალობით.
ერთ ბწკარში გადის გზის დასაწყისი და დასასრული
ზოგს ლაყუჩები ჩაზრდიათ
ზოგი ჰაერს უბერავს სულს -
აღარ მღერიან სირინოზები!
ვინც სჭირდებოდათ ყველა ფსკერზე ვყავართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები