 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 11 მარტი, 2025 |
ნინო დარბაისელი
ტბისპირობა
ჩვენწინ ტბაა, კარგ ამინდში წყვილად ჩანან იხვები. ადგილობრივ მეთევზეებს შენც ანკესით მიჰყვები. გაცილებ და გეუბნები, აირიდე ბრიყვები, მაინც ფრთხილად! დანარჩენებს მთლად ნუ გაერიყები!
რიყეზე კი მორებია, წყალდიდობის ნაყოფი, კაშხალიდან - ნაგუბარის მეჩხერი განაყოფი იმხელაა, - ბოსტნისათვის მოსარწყავად სამყოფი, სხვისგან ვიცი, თორემ თავად ბოსტნად არც ვარ ნამყოფი.
აქ საშრომი ბევრიაო, სათეს-დასარგავი და გასაფურჩქნიც, არ არსებობს სოფლად რამ ნაგავი და რაღაცაში გამოდგება რკინაც - ნაჟანგავი და… ესეც ჩვენი ტბისპირობა, როგორ მალე გავიდა!
ოთხდღიანი დასვენება, ძილი გვიანობამდე, ბავშვის გარეთ გატაცება, ვიდრე ხელ-პირს მობანდე, ან საუზმეს ყველასათვის ვიდრე თავს მოაბამდე. საშიშიო?! აქ შორია კრიმინალი, მობანდე.
დილით ადრე დავცლით კოტეჯს, ასეთია პირობა, სხვა გეგმების არსებობამ ასე განაპირობა, გვხიბლავს ადგილობრივული სიტყვის პირდაპირობა. ესეც ჩვენი ზაფხულური ყოფა და ტბისპირობა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|