ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პროზა
8 აპრილი, 2009


მათხოვარი და ზეთისხილის რტო

                                                                 
      ჩემს ქალაქს უამრავი დასამახსოვრებელი პიროვნება ჰყავდა, მაგრამ ის მაინც სულ სხვა იყო, მოხუცი მათხოვარი...ყოველდღე რომ გეჩხირებოდა თვალში და მაინც გაკლდა.
ვიდრე ჯანი ერჩოდა, ჯამბაზივით ფრთხილად გადი-გამოდიოდა ცხოვრების იმ საბედისწერო ბაგირზე, რომელიც უდაბნოსფერი საათის ქანქარასავით გამუდმებით ქანაობდა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე.
    მოხუცს ყველ კუთხე-კუნჭულში მოჰკრავდით თვალს, თითქოს ეს ვეებერთელა ქალაქი თავის იმ ძირგამომპალ ხელანში ჰქონდა დატეული,რომელსაცაკანკალებული მიუშვერდა ხოლმე გამვლელ-გამომვლელს.
    მათხოვრის დამღიერებულ სახეს გამომწვარი აგურისფერი გადაჰკრავდა, გათოშილი ბაგეები გალურჯებოდა და ისე დახეთქვოდა, გეგონებოდათ,ტუჩზე უამრავი ტუჩი გამოზრდიაო და ასე, ერთიანი ძალისხმევით უფრო ადვილად უმკლავდებიანო შიმშილს.  მათი საცოდაობის შემყურე მათხოვარს ხშირად აუწყლიანდებოდა ჩასისხლიანებული თვალები, მაგრამ ბედნიერი დღე  თუ გაუთენდებოდა,რაც მცირეოდენი ულუფის ხელში მოგდებას ნიშნავდა,პირველ რიგში უამრავი ტუჩი ახსენდებოდა,რომელიც სიცივეს გამოერეკა მტაცებელი ფრინველებივით მოხუცის სიბინძურისგან გაუხეშებულ, ნაცრისფერ წვერში.  მოხუცი, რათქმაუნდა,თავაზიანად გაუწვდიდა აცქმუტებულ ტუჩებს მოხარშული თევზის ყუათიან კუდს, ან ღორის ხორცის ნაჭერს,მაგრამ აქ ტუჩებს ავიწყდებოდათ თავაზიანობა, ჯერ მოხუცის ჟანგისფერ თითებს დაეძგერებოდნენ, რომელიც დროზე რომ არ გამოერიდებინა შეიძლებოდა სიმწრით ნაშოვნ ულუფასთან ერთად აღმოჩენილიყო სტომაქში, შემდეგ ტუჩები ერთმანეთს დაუნდობლად გლეჯდნენ და წიწკნიდენ, კბენდნენ და ღეჭავდნენ, ვიდრე სისხლისფრად არ შეიღებებოდნენ. ამ დროს კუჭიც ბევრი მაქვსო, ასე ეგონა მოხუცს, ეს უკანასკნელიც ისე ერთვებოდა არსებობისათვის გაჩაღებულ ორომტრიალში და ისე სწრაფად სტაცებდა გაცოფებულ ტუჩებს, ჯერ კიდევ დაუღეჭავ, სისხლისგემო შერეულ ლუკმას. მოხუცის ჩაშავებული ორიოდე მოქანქალე კბილი ხშირად თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა..  მოგვიანებით, როცა ულუფა თავდებოდა, მათხოვარი დამწუხრებული აღმოაჩენდა,მაინც მშიერი რომ დარჩენილიყო თავისი უმადური მეგობრების წყალობით, თთუმცა  ბოლოს  მაინც საკუთარ თავს ტუქსავდა, როგორც შვილების ცუდად აღმზრდელი მამა და ყოველი ტუჩის ნაპრალიდან თანაგრძნობით იწმენდდა სისხლს.
      მათხოვარს განსაკუთრებით, ცირკის კიბის ერთი პატარა და ბოლო საფეხური უყვარდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც სადღესასწაულო ტანსაცმელში, ბრჭყვიალა ნიღბებსა და ფერად ბუშტებში გაპრანჭული ბავშვების ჟივილ-ხივილით ივსებოდა სივრცე. დადგებოდა საცოდავად, უფრო დაბლა დახრიდა თავს, უფრო მოიკუნტებოდა და იდგა ასე გარინდული მოწყალების მოლოდინში, როგორც მადლობის სათქმელად გამზადებული ბალაგანის უხუცესი მონაწილე. შემდეგ კი როდესაც ცხოვრების სიმძიმემ კიდევ უფრო მოხარა და სახიდან ჩამოურეცხა ღიმილისა და  იმედის პატარა სხივიც, ნიჟარიდან გამობობღებული ლოკოკინასავით მიეტმასნა ყველაფერს, რასაც ხედავდა და ეხებოდა. ახლა წონასწორობას მხოლოდ იმ უჩვეულო აღკაზმულობით ინარჩუნებდა, რომელიც ყოველ დღე კალენდრის ფურცელივით ეკვროდა მის დასვრილ და აშმორებულ სხეულს. ნაგვის ბუნკერში ნაპოვნი სარკის ნამსხვრევები, ნეფე-დედოფლის ფერხთით დამტვრეული თეფშის ნატეხები, , გაფუჭებული კომპასი, უდაბნოსფერი საათის ისრები, წეროს უზარმაზარი ფრთები და მათხოვრის  ყველაზე ძვირფასი ატრიბუტი--- ---------------ზეთისხილის რტო---- უტყუარი საბუთი ბიბლიური ნოეს შთამომავლობისა...
  იწვა სიმყრალით გაჟღენთილ კიდობანში, ხშირ, ჭუჭყიან წვერში გაბლანდული, აშმორებულ სამოსელში გახვეული, რომელიც დიდიხანია ვეღარ უფარავდა სხეულის მოშიშვლებულ ადგილებს და გრძნობდა, როგორ მოჟონავდა თავისივე სხეულიდან სისხლისა და ჩირქის  ნაზავი. ყურთასმენა ერთმეოდა, ვეღარც შენობების მსუყე ქადისმსგავს ქონგურებს ხედავდა მკაფიოდ, თუმცა, უფრო მძაფრად შეიგრძნობდა მაღალი კედლების საბედისწერო ნაპრალებსა თუ ბზარებს. ხველებაც უფრო უხშირდებოდა და ნახველიც უფრო სისხლისფერი და ბლანტი უხდებოდა.სწორედ ამიტომ სიცარიელემ ამოავსო მოხუცი მათხოვრის მიერ მიტოვებული ცირკის კიბის პატარა საფეხური, საკუთარი ნახველით შეშინებული ბავშვებს განერიდა და მდინარეზე გადაჭიმული ერთ-ერთი ხიდის კუთხეში გაწვა ბებერი ლოკოკინასავით.
  დღითიდღე უფრო შორიდან ჩაესმოდა ეკლესიის ზარების რეკვა, რადგან უფრო მეტად შმორდებოდა და ყროლდებოდა, ხოლო მის გარშემო კი იზრდებოდა ფურთხისა და ტალახის ჭაობი,რომელიც ნელნელა ქვევით ეზიდებოდა მათხოვრის გამომშრალ სხეულს.
    ფურთხსა და წყევლასაც მოწყალებად მიიჩნევდა, რადგან მოხუცის ცნობიერებაში წაშლილიყო ზღვარი ფულსა და წყევლას შორის. უკვე რამდენიმე დღეა ვეღარც სამადლოდ გამოწვდილი ლუკმა გალოღნა და ვეღარც ბუნებრივი მოთხოვნილებებისათვის ჩაიზლაზნა მდინარისაკენ. უფრო აშმორდა და აყროლდა, ადამიანებიც მოწყალებას გასცემდნენ ტალახით, ფურთხით წიხლით, ქვებით,როგორც "ღირსეულ" მათხოვარს შეეფერებოდა. მოხუცს უკვე აღარაფრის შეცვლა აღარ შეეძლო, უკან ვეღარაფერს შემოაბრუნებდა, გარდა ზამთრის სუსხით გათოშილი გვერდებისა, რისთვისაც ისე ზანტად და მოშვებულად ირჯებოდა, რომ ყველაზე ხნიერ ლოკოკინასაც კი აუჩუყდებოდა გული. თუმცა ასეთ უსიცოცხლო ადამიანსაც კი დაუდგებოდა ხოლმე ერთადერთი მშვენიერი წამი, ესეც მაშინ, როცა ერთი ულამაზესი ქალბატონის მოხდენილი კაბის შრიალი ზღვის ტალღასავით გადაუვლიდა მკერდზე და შეისუნთქავდა მდედრის მომაჯადოვებელ სურნელს. ამ დროს, მიწის ზედაპირის ყველაზე ცივი ადგილებიც კი ღუმელივით ცხელი ეჩვენებოდა, შეშინებული შეიმალებოდა თავის აშმორებულ ნიჟარაში, რათა არ დაეფრთხო და უნებურად არ ჩაექრო ეს ერთადერთი გამოცხადება, მერე კი ხელის კანკალით გულდასმით იფარავდა სხეულის ყველა მოშიშვლებულ ადგილს.
    ერთ მზიან დილით კი, ჩვენი ქალაქის არცერთი კენჭი რომ არ მოსწრებია, ისეთმა ქარიშხალმა ფეხზე წამოაგდო ხვრინვის მაღალფარდოვნებაში გარინდული ადამიანების გუნდი. ქარბორბალა ყოველი ფანჯრის წინ თეთრი ბაირაღივით დაატარებდა მოხუცი მათხოვრის უჩვეულო აღკაზმულობას:---სარკის ნამსხვრევებს, კალენდრის ჩამოხეულ ფურცლებს, კომპასის ისრებს,კონვერტებს, ქაღალდებს, რომელზეც მათხოვარს გაურკვეველი სიმბოლოები აღენიშნა, როგორც აღსარება საიდუმლოდ თქმული საკუთარი მოძღვრისადმი,ზეცას წეროების უზარმაზარი გუნდი მიაპობდა...  სიკვდილი კი ზეთისხილის რტოთი უახლოვდებოდა მოხუცს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები