ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2009


დაგაგვიანდა

შენ მოხვალ ალბათ...
გაგიღიმებს თბილი საწოლი,
შენი ლოდინით დაქანცული სევდის თარეში,
ქანცგაწყვეტილი უშენობის მზერა გამჭოლი,
კვალი უმიზნოდ არეული, წყეულ ღამეში.


დაგხვდება ყავის გაბნეული, შავი მარცვლები,
ფინჯანზე ობლად აღბეჭდილი 
ტუჩების კვალი,
ვადაგასული მარტოობის ყრუ ღრიანცელი,
ხორცგამოცლილი მოლოდინის ხრტილი და ძვალი...


გაიგებ მხოლოდ განშორების უდარდელ კისკისს,
ნაგლეჯებს ბოღმით გაწყვეტილი ცხოვრების ლენტის!
სინანულს ვეღარ დაგიამებს წვეთები ვისკის,
ვერც ძველ კოლოფში ჩარჩენილი ღერები "კენტ"ის!..


არც სატანური ემოცია, აღარც ღვთიური...
არც ერთგულება, ერთ დროს ნაზი გრძნობით ნაქები...
საწოლზე სევდით გათოშილა ძველი დღიური,
მინაზე - მტრულად მომზირალი სისხლის ლაქები.


შენც ჩემს კვალდაკვალ სიგიჟისკენ გადმოიხრები,
იგრძნობ, რომ ჩემში ყველა გრძნობა დანაგვიანდა,
უკვე უდიდეს ბარიერად იქცნენ ტიხრები,
უკვე წავედი! მაპატიე,
დაგაგვიანდა!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები