ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2009


მოსე

ეგვიპტემ კალთა გადაგაფარა,
ამოგაბრძანა წყლიდან დუმილით.
და ფარაონის პირქუშ დარაბებს,
შემოაქსოვა ღმერთის სურვილი...

რწმენას გალავნად შემოიშენებ,
უდაბნოს სიცხეს მხრებით აზიდავ,
და გაუყვები გზას ფეხშიშველი
ცეცხლმოდებული მაყვლოვანიდან.

წმინდა ბაგიდან ისმის ოსანა,
ლოცვად უფალმა რომ შეიწირა
და მარჯვენაში, ვით გამოცანა
კვერთხი და გველი ერთად გიჭირავს.

კლდედ შეიკვრება ტალღის სიმკაცრე,
იღაღადებენ ფეხქვეშ ხნულები
და ფარაონის რისხვის წინაშე
აღსდგები დიდი სასწაულებით.

ღვთიურ მანანას მოელი ოდენ,
რწმენით მიიკვლევ ფერდობს ნისლიანს
და ბილიკებზე ტანჯვად რომ მოგდევს
შენი გვარტომის ცხელი სისხლია.

ყველა ნიშანი მკაცრად სრულდება,
ყოველ მაღლობზე უფლის ხელია
და წინ მიგიძღვის მტრედის გუნდებად,
რაც ცაში ლოცვად აღგივლენია.

ღმერთს ემსგავსები ასე თანდათან
და სახე, წვერით შემობურული,
სათნო გაქვს, როგორც პურის მანანა
და ჟღალი, როგორც მწყერის ბუმბული.

ზეცა ენთება, მიწა ზანზარებს,
სიტყვა ბუბუნებს, როგორც გრიგალი
და სინას მთიდან ღმერთის ანარეკლს
ძირს ჩამოიტანს თეთრი ფიქალით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები